ვახტანგ რჩეულიშვილის პირველი მეუღლე: "ვახოს, კარგი რომ ყოფილიყო, მაია ვერ ეღირსებოდა"

ვახტანგ რჩეულიშვილის პირველი მეუღლე: "ვახოს, კარგი რომ ყოფილიყო, მაია ვერ ეღირსებოდა"

ქართველი ქალბატონი მარინა ცხონდია 26 წელია შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ცხოვრობს. იგი საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის, ვახტანგ რჩეულიშვილის პირველი მეუღლეა. ქალბატონი მარინა შვედეთში ცხოვრებაზე, დღევანდელ საქართველოზე და ყოფილ მეუღლეზე გვესაუბრება:

- საქართველოდან 1984 წელს გავემგზავრე. დედა ფრანგი მყავს და ნათესავებიც მხოლოდ ევროპაში არიან. ირლანდიაში ვცხოვრობდი, ბებიასთან, 1986 წლიდან კი შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გადავედი - აქ შესანიშნავად ვარ. საქართველოშიც ხშირად ჩამოვდივარ. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ მაქვს საშუალება, სატელიტური თანამგზავრის მეშვეობით ქართულ ტელეარხებს ვუყურო.

- რას საქმიანობთ?

- რამდენიმე ფირმის დირექტორთა საბჭოს წევრი ვარ.

- საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს თვალყურს ადევნებთ?

- რასაკვირველია. საქართველოს გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია ნელ-ნელა შენდება და ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს. საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რუსეთთან მეზობლური კავშირის დამყარება.

- რატომ გგონიათ, რომ საქართველოში დემოკრატია შენდება?

- როდესაც საქართველოში ყველა ადამიანს აქვს განათლების მიღების საშუალება, ქვეყანაში არის კანონის უზენაესობა, ვითარდება ინფრასტრუქტურა - ეს უკვე დემოკრატიაა.

- საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ასე არ ფიქრობს...

- რატომ გიკვირთ? ბოლოს და ბოლოს, 73 წლის განმავლობაში საქართველოში კანონი არ არსებობდა. ნელ-ნელა ყველაფერს მივაღწევთ. ეს პროცესი ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ გაიარა.

- ვიცი, რომ მიხეილ საკაშვილის ბებიასთან მეგობრობთ...

- მე და მზია წერეთელი დიდი ხნის მეგობრები ვართ. მიმაჩნია, რომ მზიამ კარგი შვილიშვილი გაზარდა. მიშას მინუსი მხოლოდ ის არის, რომ ძალიან პროგრესულია და ბევრი ამიტომ ვერ უგებს. მიშასაც ვიცნობ. 30 წლის განმავლობაში ვერავინ შეძლო შევარდნაძის მარაზმის დამხობა, მიშამ კი ეს საშინელება მოგვაშორა.

- თუმცა საქართველოში სააკაშვილი ბევრს არ უყვარს.

- არც რეიგანი უყვარდათ, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი იყო, მაგრამ დღეს ამერიკის ისტორიაში ყველაზე პოპულარული პრეზიდენტია.

- თქვენს ყოფილ მეუღლესთან, ვახტანგ რჩეულიშვილთან თუ გაქვთ ურთიერთობა?

- 1998 წლის შემდეგ მასთან კონტაქტი არ მქონია. ერთხელ მოსკოვში ვნახე და ერთხელაც თბილისში, ახლობლის პანაშვიდზე. არ მიყვარს ბავშვობის შეცდომასთან ურთიერთობა...

- ვახტანგ რჩეულიშვილის საოჯახო ბიზნესით, კერძოდ, სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" მუშაობით საქართველოში უამრავი ადამიანი, რბილად რომ ვთქვათ, უკმაყოფილოა...

- ისინი დამნაშავეები არიან ამ ხალხის წინაშე. მათ 6.200 ოჯახი ლტოლვილად აქციეს. ქართველები საზღვარგარეთ გადაიხვეწნენ, იმუშავეს, კაპიკები შეაკოწიწეს, ბინები რომ შეეძინათ, ამ სამმა პიროვნებამ კი ისინი უსახლკაროდ დატოვა. "ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულებმა მათ მიზანმიმართული ბრძოლა რომ გამოუცხადონ, გამართონ აქციები, პიროვნულად გააკოტრებენ და მერე სახელმწიფო დაასრულებს ობიექტებს... როგორც ჩანს, ვახტანგ რჩეულიშვილმა და დებმა კერვალიშვილებმა ამ საცოდავი ხალხის თანხებით მოიხვეჭეს მილიონები. მაგრამ ვახოს ეს ყველაფერი აღარ გაუვა, რადგან მისი "კრიშა" ცოცხალი აღარ არის...

- ვის გულისხმობთ ვახტანგ რჩეულიშვილის "კრიშაში"?

- მამამისს - შალვა რჩეულიშვილს, რომელიც ძალიან ჭკვიანი კაცი იყო. როგორც კი ამ ქვეყნიდან წავიდა, ვახოს საქმიანობაც ჩაიძირა. მაია კერვალიშვილი კი ვახოს ფინანსებთან არ აკარებდა. სხვათა შორის, ვახოს მამაც ყოველთვის ცოლის, ლიდიას ჭკუაზე დადიოდა, მაგრამ ლიდიას ჭკუასთან მაიას ჭკუა ვერასდროს მივა. ვიცოდი, რომ მათი ბიზნესი აუცილებლად გაკოტრდებოდა, რადგან მთელი საქმიანობა ბლეფზე ჰქონდათ აგებული.

- თავის დროზე რატომ დაშორდით ვახტანგ რჩეულიშვილს, მესამე პიროვნების გამო ხომ არა?

- თუ მესამე პიროვნებაში ნარკოტიკებს გულისხმობთ, სწორია. ჩვენი დაშორების მიზეზი სწორედ ნარკოტიკია. უამრავი ჭორი მსმენია, თითქოს ვახოს მაიას გამო გავშორდი. არადა, ვახოს 1998 წელს დავშორდი, მაია კი იმხანად ვიღაც ბათუმელის ცოლი იყო. ისე, სიმართლე გითხრათ, არავისი არაფერი მაინტერესებს, მით უმეტეს, არ მაინტერესებს, ჩემზე მოგონილი ჭორები, რადგან ისედაც საინტერესო ცხოვრება მაქვს... მაიამ ისიც მოიგონა, თითქოს დავურეკე და ვუთხარი, ვახო კარგი ბიჭია და ცოლად გაჰყევი-მეთქი. ვახოს, კარგი რომ ყოფილიყო, მაია ვერ ეღირსებოდა. სხვათა შორის, მაია მე ვახოს პირველ მეუღლედ არ მიმიჩნევს (იცინის), ალბათ, იმიტომ, რომ ვახოსთან ხელი არ მქონდა მოწერილი. არც ვახოს მშობლებს ჰქონდათ ხელი მოწერილი და რა, ვახო მათი შვილი არ არის?

- ვინ არის თქვენი ამჟამინდელი მეუღლე?

- ჩემი მეუღლე არის მამუკა გიორგაძე - პროფესით ქირურგი. მამუკა ჩემს გვარზე გადმოვიყვანე და სახელიც შეიცვალა, რადგან შვედეთში თავისი ნამდვილი სახელითა და გვარით სამსახურის შოვნა გაუჭირდებოდა. ასე რომ, ჩემი მეუღლეა მატს ცხონდია, რომელიც რუსულად იყო გაზრდილი, მაგრამ გავაქართველე. მყავს ერთი ვაჟი - ნიკუშა, შვილიშვილი სტეფანი და ერთიც იორკშირული ტერიერი - სახელად გუჩი (იცინის).

- საქართველოში თუ დაბრუნდებით საცხოვრებლად?

- ნატოსა და ევროკავშირში თუ შევალთ - დიდი სიამოვნებით!..

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ვინ იყო 28 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმში, მშენებლობაზე დაიღუპა

გორში ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა