ირინა ელიზბარაშვილი - "სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად ბაგრატის ტაძარმა ავთენტურობა დაკარგა "

ირინა ელიზბარაშვილი - "სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად ბაგრატის ტაძარმა ავთენტურობა დაკარგა "

სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად ბაგრატის ტაძარმა ავთენტურობა დაკარგა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ხელოვნებათმცოდნე ირინა ელიზბარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მიეკუთვნება იმ ხელოვნებათმცოდნეებისა და სპეციალისტების ჯგუფს, რომლებიც ბაგრატის ტაძრის აღდგენის წინააღმდეგნი იყვნენ. ხელოვნებათმცოდნე მიიჩნევს, რომ ტაძარს მსოფლიო მნიშვნელობა რომ არ დაეკარგა, საჭირო იყო მისი მხოლოდ კონსერვაცია.

"ბაგრატის ტაძარი აღდგენის შემდეგ უკვე 21-ე საუკუნის ტაძარი იქნება და მას ის ღირებულება დაეკარგება, რის გამოც "იუნესკოს" მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლების ნუსხაშია შეყვანილი. იმდენად ბევრი ახალი მასალაა გამოყენებული, რომ ტაძარს ავთენტურობა სრულიად დაკარგული აქვს", - აცხადებს ირინა ელიზბარაშვილი.

მისივე თქმით, წაკითხული აქვს ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით "იუნესკოს" ანგარიშები და ყველა ანგარიში უარყოფითია.

"არც შეიძლება, სარეკონსტრუქციო სამუშაოები "იუნესკომ" დადებითად შეაფასოს. როდესაც ტაძარი შეჰყავთ ნუსხაში, მას საერთაშორისო საკაცობრიო ღირებულება უნდა ჰქონდეს. ეს მათი პოზიციაა. როდესაც ასე აქტიურად იჭრები ძველ სხეულში, ნიშნავს, რომ იკარგება ის ძველი, ღირებული. ამიტომ სრულიად არ გამიკვირდება, ტაძარი ნუსხიდან რომ ამოიღონ. თუ ამოიღეს, ეს ჩვენი სირცხვილია", - აღნიშნა ელიზბარაშვილმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა უწმინდესმა გუშინდელი ქადაგებისას ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციის დაუყოვნებლივ შეჩერება მოითხოვა. უწმინდესმა ბრძანა, რომ ბევრი რამ არასწორედ კეთდება და ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ რესტავრაცია თვითნებურად და საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს.

"ამიტომ გავეცი ბრძანება, დროებით შეწყდეს სარესტავრაციო საქმიანობა ბაგრატის ტაძარში, ვიდრე არ გავერკვევით დეტალურად, რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა გაკეთდეს. ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ისტორიული და კულტურული ძეგლია და მას ასე უბრალოდ ხელი არ უნდა მოვკიდოთ", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, საპატრიარქო გამართავს შეხვედრებს "იუნესკოს" წარმომადგენლებთან, ასევე, იმ მშენებლებთან, რომლებიც სარესტავრაციო სამუშაოებს აწარმოებდნენ და ამ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს საპატრიარქოსთან არსებული სპეციალური კომისიაც.

"ეს უნდა იცოდეს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემაც და ბაგრატის ტაძარში უნდა შეწყდეს სარესტავრაციო სამუშაოები, ვიდრე არ იქნება გარკვეული ყოველი დეტალი. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ბაგრატის ტაძარი "იუნესკოს" ყურადღებიდან იქნას ამოღებული. იმედია, ყველაფერი კარგად დამთავრდება და ჩვენ მივიღებთ ისეთ ტაძარს, როგორიც ჩვენთვისაა საჭირო. "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია", სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე და მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისთვის", - ბრძანა უწმინდესმა.

ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია 2009 წელს დაიწყო და მისი საზეიმო გახსნა 2012 წლის შემოდგომაზე იყო დაგეგმილი. პროექტი, რომლის ავტორი არქიტექტორი ივანე გრემელაშვილია, საპატრიარქომ მოიწონა. თუმცა არსებული ინფორმაციით, შემდეგ ტაძრის რესტავრაცია ისე წარიმართა, რაც პროექტით არ იყო გათვალისწინებული. კერძოდ, ტაძრის რესტავრაცია თანამედროვე ელემენტების გამოყენებით მიმდინარეობს, რაც ექსპერტების შეფასებით, ძეგლს მხატვრულ-ისტორიულ ღირებულებას უკარგავს.

ამასთან, არქიტექტორი ივანე გრემელაშვილი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ვაჩეიშვილმა განაცხადა, რომ ტაძრის რესტავრაცია დროებით შეჩერებულია.

მისი თქმით, სიამოვნებით შეასრულებენ პატრიარქის თხოვნას და ტაძრის რეაბილიტაციის დეტალებს როგორც საზოგადოებას, ისე საპატრიარქოს წარმომადგენლებს გააცნობენ.

ამასთან, ვაჩეიშვილმა აღნიშნა, რომ ტაძრის რესტავრაცია გრემელაშვილის პროექტით გაგრძელდება.

კითხვაზე, რატომ მიმდინარეობს ტაძართან ლიფტის და ზოგიერთი ისეთი მშენებლობა, რომელსაც გრემელაშვილის პროექტი არ ითვალისწინებდა, ვაჩეიშვილმა განაცხადა, რომ "არის ცალკეული მოდიფიცირება უკვე "იუნესკოს" მოთხოვნით".

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"