არის შემთხვევები, როცა გვარის დალოცვაში მრევლს ფულს ახდევინებენ, რაც სინამდვილეში სრულიად უფასოა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დღეს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
"თითქმის ყოველ კვირაში ვლოცავთ გვარებს, მაგრამ ჩემამდე მოვიდა ასეთი ამბავი, რომ ვიღაცები, საერო პირები ამ დალოცვაში ფულს ითხოვენ. ეს ყოვლად დაუშვებელია. არავითარი ფული, არც ერთი თეთრი არ უნდა იყოს გაღებული და ეს სრულიად უფასოდ უნდა ხდებოდეს. ასე რომ, ვინც გეტყვის, რომ ამისთვის ფულია საჭირო, ეს არ არის სწორი. ასევე, თქვენ ახატვინებთ ხატებს და საკურთხეველში შემოგაქვთ. ხატის დახატვა არაა იაფი, თუ გაქვთ ამის საშუალება, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, მაგრამ თუ არ გაქვთ საშუალება, არავითარი ხატი არაა საჭირო. ჩვენ ისედაც ყველას დაგლოცავთ", - აღნიშნა ილია მეორემ.
ქადაგების ბოლოს პატრიარქმა ორი ქართული გვარი - მხეიძეები და აბულიძეები დალოცა.