ილია მეორე - შეგიძლიათ ბევრი ილაპარაკოთ პროგრამაზე, მაგრამ არ უნდა ესროლოთ ერთმანეთს ტალახი

ილია მეორე - შეგიძლიათ ბევრი ილაპარაკოთ პროგრამაზე, მაგრამ არ უნდა ესროლოთ ერთმანეთს ტალახი

შეგიძლიათ ბევრი ილაპარაკოთ პროგრამაზე, კონცეფციაზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ესროლოთ ერთმანეთს ტალახი, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა მოუწოდა დაპირისპირებულ მხარეებს, საარჩევნო პერიოდში ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენონ.

პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, რომ დღეს ძალიან დიდი დღესასწაულია. მან მრევლს კიდევ ერთხელ შეახსენა წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ცხოვრებისეული ეპიზოდები. უწმინდესმა ბრძანა, რომ წმინდა მოციქულები ფაქტობრივად, ერთმანეთის მტრები იყვნენ, თუმცა ორივე მათგანი ეძიებდა ჭეშმარიტებას. წმინდა პავლე მოციქული მართლმადიდებლობაში მისვლამდე მართლმადიდებლებს დევნიდა. იგი უფალმა სასწაულებრივად მოაქცია, რადგან იცოდა, რომ დიდი მოღვაწე გახდებოდა.

უწმინდესმა ბრძანა, რომ ასე ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც ხდება. პატრიარქმა ბრძანა, რომ ხშირ შემთხვევაში ერთი ადამიანი მეორეს ვერ უგებს, მისი გონება დახშულია და ისინი სხვადასხვანაირად ფიქრობენ. უწმინდესის თქმით, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ადამიანი სიყალბეს ამბობს და ვისაც ესაუბრება, მან იცის ამის შესახებ, თუმცა პირდაპირ სიმართლეს ვერ ეუბნება, რადგან მისი ეშინია.

"რთული პერიოდი გველოდება საქართველოში. ოქტომბრის თვეში ხალხი საპარლამენტო არჩევნებზე უნდა გავიდეს და ხმა მისცეს. დგება ის დრო, როდესაც შესაძლოა, ადამიანს შეურაცხყოფაც კი მიაყენონ, ტალახი ესროლონ ერთმანეთს. მინდა ვთხოვო ერთ მხარესაც და მეორესაც, რომ შეურაცხყოფა არ მიაყენოთ ერთმანეთს, არ უნდა გაბედოთ, არ უნდა იკადროთ ისეთი სიტყვების თქმა, რომლისაც შემდეგ შეგრცხვებათ. თქვენ შეგიძლიათ ბევრი ილაპარაკოთ თქვენს პროგრამაზე, კონცეფციაზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ესროლოთ ერთმანეთს ტალახი. უნდა გაიგოს მთელმა მსოფლიომ, რომ ჩვენ ვართ დიდი კულტურის ქვეყანა და ვისწრაფით დემოკრატიისაკენ. მე იმედი მაქვს, უფალი მომადლებს საქართველოს მშვიდობას. ეკლესია არის დედა, როგორც დედას არ ემატება ცუდი შვილისთვის, ისეა ეკლესიაც. ჩვენ ძალიან ხშირად გვსაყვედურობენ, რომ არ ვართ ერთ ან მეორე მხარეს. ჩვენ არავის მხარეს არ ვართ, ჩვენ ქვეყნის მხარეს ვართ", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ასევე ბრძანა, რომ ვინც არ უნდა იყოს ადამიანი - რომელიმე პარტიის წევრი და თუნდაც მკვლელი, ის ეკლესიის შვილია. მან სთხოვა უფალს, რომ მოგვცეს საღი გონება და გული.

უწმინდესმა დღესვე სამების საკათედრო ტაძარში სასულიერო პირები დააჯილდოვა და "დავითიანის" წევრი ბავშვები დალოცა. კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე ბრძანა, რომ ხვალ 12 მოციქულის ხსენების დღესასწაულია და სვეტიცხოველში დღეს 19:00 საათზე ლოცვას აღასრულებს, ხოლო ხვალ 09:00 საათზე წირვას ასევე სვეტიცხოველში დაიწყებს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"