თემურ ბაბლუანი - ქართველი პარიზელი

თემურ ბაბლუანი - ქართველი პარიზელი

- აუჰ, ეს რა ჭირი გვჭირს, ტო!!!

- არისტოტელე მომიკვდა!

- მალიარი ხარ, ბიჭო?!

არ მეგულება ქართველი, რომელისთვისაც ეს ფრაზები ფილმებიდან ახლობელი და გულის ამაჩუყებელი არ იყოს...

პარიზი - თემურ ბაბლუანი და სოსო ახალკაცი... ორი ქართველი პარიზელი... ორი მეგობარი... ერთი სვანი, მეორე - ქართლელი...

საღამოს 6 საათი. მასპინძლებმა სასტუმროში გამოგვიარეს.. სად წავიდეთ? - ეკითხება ბატონი სოსო ბატონ თემურს.. ხაშურში, - პასუხობს ბატონი თემური... ჩვენი გაკვირვებული სახეები... ბატონი სოსო გვიხსნის, რომ აქ შერჩეული ადგილები აქვთ, რასაც ქართულ სახელებს ეძახიან. ხაშურიც ერთ-ერთი ასეთი რესტორანია ქალაქგარეთ, რომელსაც სახელი ხაშურის პატივსაცემად დაარქვეს (ხაშურში, რკინიგზის სადგურთან რესტორანი ყოფილა, სწორედ იმას აგონებთ თურმე პარიზული "ხაშური").

პიკის საათია და მასპინძლებმა გეზი შეცვალეს. გადაწყვიტეს შორიახლოსვე, საყვარელ რესტორანში წავსულიყავით. მანქანა სენის სანაპიროზე მდებარე პარკინგზე დავაყენეთ (საბედნიეროდ, ერთი თავისუფალი ადგილი აღმოვაჩინეთ) და კუნძულზე ფეხით გადავედით. გზადაგზა ფოტოებს ვიღებ. პრესტიჟულ ადგილას მდებარეობს რესტორანი "ნოს ანცეტრეს ლეს გაულოის," რომელიც ასე ითარგმნება - ჩვენი წინაპარი გალები.. სწორედ გალებს უკავშირდება პარიზის დაარსების ისტორია.

რესტორნის მფლობელი უდიდესი პატივისცემით ხვდება ჩვენს მასპინძლებს. ისინი ხომ აქ მრავალი წელია დადიან... და საპატიო სტუმრებადაც ითვლებიან... ინტერიერი ისეთი შთამბეჭდავია, დიდხანს ვათვალიერებ...

აპერიტივი... შემდეგ ამ რესტორნის მშვენება - ბოსტნეულის ულამაზესი კალათა. გვერდით კი, ღვინით სავსე კასრები და ძეხვეულია. ყველა სტუმარს შეუძლია სასურველი ძეხვეული მოიჭრას... ეს რესტორნის მთავარი ხიბლია.. ხალხის ნაკადი არ წყდება.. ჩვენ პირველივე მაგიდასთან ვსხედვართ, ამიტომ ყველა შემომსვლელს უდიდესი ინტერესით ვაკვირდები...

პარიზულ-ქართული ლხინი ეშხში შედის. პირველი სადღეგრძელო უფლის სადიდებელი, შემდეგი, რა თქმა უნდა, საქართველოსი! გემრიელია ბორდო, ქართულ ღვინოს მაგონებს...

ბატონი თემური ბევრ ისტორიას გვიყვება. ბატონი სოსო თამადაა, თანაც სანაქებო. ისინი ხომ პარიზში, ოჯახებთან ერთად, ქართული ტრადიციებით ცხოვრობენ, ბატონი თემური სვანეთზე შეყვარებული პარიზელი სვანია. მთელი შეგრძნებითა და შეგნებით... ძნელია სვანობა, თან ძალიან საპატიო.

მუსიკოსები უკრავენ სხვადასხვა სიმღერას ფრანგულად, ესპანურად, იტალიურად... და უცებ გიგა გიტარას სთხოვს ერთ-ერთ მუსიკოსს... ჩვენი სუფრიდან 1500-კაციან ფრანგულ რესტორანში ქართული სიმღერა ისმის!! ყველა ვმღერით. სიამაყით ლამისაა ვიტირო. ყველა აღფრთოვანებით იხედება ჩვენი სუფრისკენ...

პარიზში წლების წინ ყოფილა ორი ქართული რესტორანი და დახურულა, თუმცა ჩვენი მასპინძლები ქართული კერძების დეფიციტს არ განიცდიან, რადგან ხომ ვთქვი, "ქართულად ცხოვრობენ პარიზში".

"ნოს ანცეტრეს ლეს გაულოის" - ის შემდეგ "როტონდაში" მივდივართ.. გზადაგზა კი სენას გადავყურებთ ხიდიდან. "როტონდა" - მოდილიანისა და ჰემინგუეის საყვარელი ადგილი. სწორედ აქ იყრიდა თავს მაშინდელი "ბომონდი". მას შემდეგ აქ არაფერი შეცვლილა. ზუსტად ისეთია ყველაფერი, როგორც მაშინ, მოდილიანის დროს....

გვიანია. ღამის სამი საათი. თუმცა არ იგრძნობა. ვსხედვართ და ვსაუბრობთ კინოზე, ლიტერატურაზე, მხატვრობაზე... საკმაოდ გრილა, ბატონი თემური თავის ჟაკეტს მთავაზობს. თბილია, რაც მთავარია, საპატიო. "როტონდაში" მარტო ჩვენ ვრჩებით, ქართველები... ალაგებენ, თუმცა არავინ გვეუბნება, ვიკეტებითო...

უბედნიერესი ვარ! თემურ ბაბლუანი... და მახსენდება გელა ექიმი, რომელიც მისი მამის პროტოტიპია... რიმტარიროო... პარიზელი ქართველის გულიდან ამოხეთქილი ნაღვლიანი მელოდია.

თეა აგლაძე

ყოველთვიური ჟურნალი "ბომონდი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"