ბალტიის ქვეყნებში საბჭოთა ეპოქის ძეგლები არ დაუნგრევიათ, ყველას ერთად მოუყარეს თავი და ღია ცის ქვეშ მუზეუმი მოაწყვეს, რადგან შეუძლებელია საკუთარი ისტორიდან ფურცლები ამოგლიჯო... კულტურული მემკვიდრეობის პრობლემებსა და თბილისის დღევანდელ არქიტექტურულ სივრცეზე თვალსაზრისს დაგეგმარებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელი, კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი გამოხატავს.
- გავრცელებული ინფორმაციით, რიყის რეაბილიტაცია 2012 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, ახლა იქ მუსიკისა და დრამის თეატრი და საგამოფენო ცენტრი შენდება.
- როცა რიყის რეაბილიტაციის პროექტზეა საუბარი, მთავარი მაინც ის არის, როგორ ეწერება ესა თუ ის შენობა გარემოში. აქედან გამომდინარე, იმან, რაც რიყეზე ხდება, საბაგიროს მთავარი ნაგებობა იქნება, შუშის ხიდი თუ მუსიკალური ცენტრი, თვითონ ლანდშაფტს დააკარგვინა მასშტაბურობა, რაც თბილისისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. თბილისი მსოფლიოს სხვა ქალაქებისგან განსხვავდება არა მარტო თვითმყოფადი ურბანული ქსოვილით, არამედ იმით, რომ აქ ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო და არის ლანდშაფტი. სწორედ იმით გამოირჩეოდნენ ძველი არქიტექტორები თანამედროვე არქიტექტორებისგან, რომ ისინი ნაგებობებს ლანდშაფტს უსადაგებდნენ. დღეს კი ახალი შენობების დაპროექტებისას გარემო ფაქტორს ანგარიშს არ უწევენ. ასე რომ, რიყის კომპლექსის მშენებლობას დადებითად ვერ შევაფასებ.
- შუშის ხიდის მსგავსად, ამ შენობების არქიტექტორიც იტალიელი ფუქსასია?
- ფუქსასი საკმაოდ ცნობილი არქიტექტორია, მაგრამ არქიტექტორს დავალებას აძლევს დამკვეთი; თუ ამ დავალებაში არ არის ხაზგასმული, რომ ახალმა ნაგებობამ ისტორიული გარემო არ უნდა დაარღვიოს, დაჩრდილოს და მისი მასშტაბი, სილუეტი ტრადიციულ ლანდშაფტს უნდა მიესადაგოს, ნიშნავს, რომ უცხოელ არქიტექტორს სრულ თავისუფლებას ვანიჭებთ და ამბიცია თავისას აკეთებს.
- როგორ აფასებთ აღმაშენებლის გამზირზე ჯერ კიდევ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს? დიდი ხმაური მოჰყვა თეატრის შენობის თაბაშირ-მუყაოს ფასადის ჩამოშლას.
- რაც შეეხება თაბაშირ-მუყაოს თემას, სპეციალისტებმა ვიცოდით, რომ აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია დაჩქარებული, სტახანოვური ტემპებით მიმდინარეობდა, 26 მაისისთვის მის საზეიმო გახსნას ვარ ასწრებდნენ და ამიტომაც გამოიყენეს თაბაშირ-მუყაოს ბუტაფორია. უფრო დიდი პრობლემა კი ის არის, რომ ეს ე.წ. რეაბილიტაცია ქრესტომათიულ მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ, როგორ არ უნდა გაკეთდეს რესტავრაცია, სხვათა შორის, თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებიც გაურბიან ტერმინ "რესტავრაციას", ამბობენ, რომ მიმდინარეობს რეაბილიტაცია. რესტავრაცია მხოლოდ ისტორიულ გარემოში ხდება, სადაც ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე შენობებია და მისი ჩატარების ზუსტი მეთოდოლოგიაც არსებობს; ამ მეთოდოლოგიის არც ერთი პრინციპი ქალაქის ხელისუფლებას აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციისას არ გაუთვალისწინებია: მთლიანად შეცვალეს და ფასადებიდან მოხსნეს ნალესობები; აღდგენის შემდეგ კი გამოიკვეთა, რომ ძალზე დიდი განსხვავებაა ძველსა და ახალს შორის, როგორც გამოყენებულ მასალაში, ისე არქიტექტურულ იერსახეში - ჩუქურთმები, პროფილები შეცვლილია. ასევე მოიხსნა ხისა და ლითონის ელემენტები, ყველა სადარბაზოსთვის ახალი კარი დამზადდა, მაშინ, როცა ძველი კარები უკეთესი იყო, როგორც შესრულების, ისე ხის სიჯანსაღის თვალსაზრისით. შენობების ფასადებზე მნიშვნელოვანი დეტალები შეცვლილია, კედლების გარდა იქ ძველი აღარაფერი შემოგვრჩა, კულტურული ავთენტურობა დაიკარგა.
- რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დაუმთავრებელი და ჯერაც დაუწყებელი მშენებლობაა, მათ შორის, "იმელის" ტერიტორია, ყოფილი მხატვრის სახლი... როგორ შეაფასებთ ამ პროცესებს?
- ამ ნგრევა-შენების ეპოპეიდან ჩვენთვის ყველაზე დიდი ტკივილი არის "იმელი". მხატვრის სახლი თავის დროზე, შეგნებულად დაანგრიეს, ახლა იქ ცარიელი ტერიტორიაა. "იმელის" შენობას კანონდარღვევით მოეხსნა კულტურული ძეგლის სტატუსი, დაირღვა კანონი "კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ". ინვესტორმა "დაბი ჯგუფმა" საკმაოდ ოდიოზური პროექტი წარმოადგინა, რის წინააღმდეგაც არასამთავრობო ორგანიზაციამ "ტფილისის ჰამქარი" საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, თბილისის მერიამ ეს პროექტი აღარ დაამტკიცა; თუმცა ამ ხნის განმავლობაში ინვესტორი დღემდე მიზანმიმართულად ახორციელებს "იმელის" შენობის დემონტაჟს ისე, რომ თბილისის მერიას ნებართვა გაცემული არ აქვს. თუმცა, არც ქალაქის ზედამხედველობის სამსახური რეაგირებს შესაბამისად და როცა ამის თაობაზე ოფიციალურად მივმართეთ, ასე გვიპასუხეს: ჩვენი სპეციალისტები ადგილზე გავიდნენ და იმ მომენტში დემონტაჟი არ მიმდინარეობდაო(?!), არადა, შენობის შიდა ინტერიერი განადგურებულია - ჭერის მხატვრობა დაზიანებულია, დასუსტებულია მზიდი კონსტრუქციები, სვეტები ჩათლილია იატაკის დონეზე. "იმელი" დღემდე მხოლოდ იმიტომ დგას, რომ 1930-იან წლებშია აშენებული და მის მშენებლობას პირადად ლავრენტი ბერია კურატორობდა. როგორ შეიძლება ქვეყანაში კონსტრუქტივიზმისა და სტალინური ამპირის ნაზავის ასეთი თვალსაჩინო ნიმუში გქონდეს, რომლის ავტორიც დიდი არქიტექტორი ალექსანდრე შუსევია და მას შეგნებულად ანგრევდე? გვინდა, ამ შენობის ფასადი მაინც შევინარჩუნოთ, რადგან ტურისტებს აინტერესებთ არა მარტო შუა საუკუნეების ქალაქი, არამედ სტალინური არქიტექტურის ნიმუშები.
- პარლამენტის შენობას თუ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი?
- ამ შენობას აქვს როგორც მხატვრული ღირებულება, ისე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რომელიც მისთვის არავის ჩამოურთმევია. არ ვიცი, რა განთავსდება იქ მომავალში - სასტუმრო თუ ბიზნესცენტრი, მაგრამ ის საბჭოური სიმბოლიკა, რომელიც ამ შენობაზეა და რაც არქიტექტურული თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია, უნდა შენარჩუნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ შენობას ფასი აღარ ექნება. დანაშაულია ისიც, რომ პარლამენტის მიერ "თავისუფლების ქარტიის" მიღების შემდეგ, მიადგნენ და ვარსკვლავი ჩამოხსნეს მეცნიერებათა აკადემიის შენობიდან, რამდენიმე კვირის წინ მთლიანად მოანგრიეს სტალინისა და ლენინის ბარელიეფები ორთაჭალის ჰიდროელექტროსადგურის შენობაზე. რატომ უნდა ვექცეოდეთ ასე კულტურულ მემკვიდრეობას? 21-ე საუკუნეში ამგვარი ქცევა დანაშაული და უმეცრებაა.
ნინო კვიტაშვილი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)