"ძნელი იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების შორიდან ყურება. იმდენად ძნელი, რომ ყოველი მნიშვნელოვანი თუ მტკივნეული მოვლენა მძიმედ მახსენდება. მახსოვს, მე და ჩემმა მეგობარმა კიევის ერთ-ერთ რადიოში გადასაწერად ჰამლეტ გონაშვილის სიმღერები მივიტანეთ, მინდოდა მთელი კრებული მქონოდა, როცა მომენატრებოდა, მომესმინა. მე თავი შევიკავე, ჩემი მეგობარი კი ატირდა... ჩემი აზრით, ყველა ქართველი ერთი წელი მაინც უნდა აცხოვრო თავისი ქვეყნისგან მოშორებულად, რათა მიხვდეს და განიცადოს სამშობლო", - ამბობს ჩვენთან საუბარში მწერალი გურამ პეტრიაშვილი, რომელიც კენჭს "ლეიბორისტული პარტიის" სიით იყრის, თუმცა ამბობს, რომ არასდროს პარტიული არ ყოფილა და არც იქნება. ის ინტერვიუზე მხოლოდ იმ პირობით დაგვთანხმდა, თუ მის ინტერვიუს შეუცვლელად დავბეჭდავდით. პოლიტიკაში წასული მწერალი არც ისე შორეულ, მძიმე წარსულსაც იხსენებს...
- მაშინ, როცა შევარდნაძემ თავის დამქაშებთან, კიტოვანთან, სიგუასთან, იოსელიანთან და ვითომ ეროვნულ გია ჭანტურიასთან ერთად იარაღით ხელში სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა, ეროვნული ხელისუფლება იძულებული გახდა დაფანტულიყო. მე უკრაინაში მომიხდა გაქცევა, რადგან ჩემ წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული. "პუტჩი" რომ დაიწყო, იმ დღეს მივმართე მათ, მოგელანდებით-მეთქი. ამ სიტყვით დავამახსოვრდი ქართველ საზოგადოებას... შეიძლება ახალგაზრდა თაობამ არც იცის, სინამდვილეში რა მოხდა, რადგან სიმართლე ბოლომდე ისტორიაშიც არ იწერება. ჩემზე იმასაც ამბობენ, თითქოს მშვიდად გადავსახლდი კიევში, არადა ჩემი მოკვლა ჰქონდათ დავალებული და იმ ადამიანმა პირადად მითხრა, თავს უშველე, შენს ცოდვას ნუ დამადებო. მას შემდეგ, რაც საქართველო დავტოვეთ, მათ ათასობით ჩვენი მომხრე ქართველი მოკლეს. ისინი, ვინც მაშინ ეროვნული ხელისუფლების მომხრეებს ხოცავდა, დღეს მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციაში უდგანან, მართალივით უყვირიან, ანტისახელმწიფოებრივ საქმეებს სჩადიხარო და ამ დროს თავად რა აქვთ გაკეთებული... რა თქმა უნდა, არც მიხეილ სააკაშვილი გამოირჩევა მათგან, ისიც ბოროტების განსახიერებაა, მაგრამ მე ის მაკვირვებს, რომ ამათ ჰგონიათ, თითქოს ხალხს არაფერი ახსოვს. სამეგრელოში სოფელს ვერ იპოვით, ბოროტება არ ჰქონდეთ გაკეთებული, ყველგან მისწვდა ამათი ხელი, ისეთი სისასტიკეები აქვთ ჩადენილი, ერთი პერიოდი შემეშინდა კიდეც, მეგრელებს ქართველობაზე უარი არ ეთქვათ... იცით, რაზე ვგიჟდები, ეს ხალხი, ახლა ვითომ დემოკრატიისთვის რომ იბრძვიან, რა სინდისით ლაპარაკობენ უსამართლობაზე, როცა არცთუ დიდი ხნის წინ თავიანთი ხალხის წინაშე უდიდესი დანაშაული აქვთ ჩადენილი.
- კონკრეტულად ვის გულისხმობთ ბატონო გურამ?
- კონკრეტულად, ვითომ ჭეშმარიტ ოპოზიციას, თუნდაც გია ყარყარაშვილს, რომელზეც ასე ვიტყვი და მინდა ზუსტად ასე დაწეროთ, - ახია მასზე, რომ ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული...
- ძნელი მოსასმენია ეს სიტყვები, ვის მიმართაც უნდა იყოს ნათქვამი...
- რა არის ძნელი მოსასმენი?! გეტყობათ, მისი "საგმირო" საქმეების შესახებ არაფერი გსმენიათ, თქვენ არც გოგა ხაინდრავას ბოროტ წარსულზე გეცოდინებათ ალბათ, ისე კი, ისიც ღირსია, ყარყარაშვილის დღეში იყოს. ეს ძალიან სამართლიანი იქნებოდა, რადგან მან მეტეხის ხიდთან ერთი ავტობუსი ხალხი დახვრიტა, მაშინ "დევიატკა" ჰყავდა და თავის ცხრაკაციან ჯგუფთან ერთად მივარდა იქ. ამას მე კი არ ვიგონებ, ჯაბა იოსელიანიც წერს თავის მოგონებებში. მაშინ დახოცილებს შორის იყო ერთი ძალიან კარგი ქართველი, სამაჩაბლოს ომის გმირი, "ვეფხვოს" ეძახდნენ იმ ბიჭს... მე მესმის თქვენი, ძნელი მოსასმენია ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს, ნებისმიერმა ქართველმა უნდა იცოდეს, ვინ გვიკითხავს მორალს დემოკრატიაზე, მშვიდობაზე, სამართლიანობაზე. ამ აბუნტებულ მოძალადეებს ამის მორალური უფლება არ აქვთ. ყარყარაშვილს ნამუსი რომ ჰქონდეს, მისი მიერ დაღვრილი სისხლი უნდა ტანჯავდეს და წინა პლანზე კი არ უნდა იქაჩებოდეს, დანაშაულის გამო მკაცრად უნდა ისჯებოდეს... არც ერთ ქართველს, ვისაც ტყვიას გვესროდნენ, საამისო არაფერი დაგვიშავებია. ამიტომ ვამბობ, როცა მას ესროდნენ, უნდა მოეკლათ და ახი იქნებოდა-მეთქი.
- ბატონო გურამ, თქვენ პირადად მოესწარით და ნახეთ, რა მოგვიტანა სამოქალაქო დაპირისპირებამ, ამიტომაც განსაკუთრებით მძიმეა თქვენგან ამ სიტყვების მოსმენა...
- ძალიან გთხოვთ, მაღალი იდეალებიდან ნუ მელაპარაკებით. თქვენ, ეტყობა, საკუთარ ტყავზე არ გამოგიცდიათ უსამართლობა. საკმარისია, ვინმემ იოტისოდენა რამე დაგიშაოთ უსამართლოდ და მაშინვე შეიცვლით აზრს... ასეთია ადამიანის ბუნება. ახლა ძალიან ადვილია შერიგებასა და ხვევნა-კოცნა-მტლაშა-მტლუშზე ლაპარაკი, მაგრამ ჯერ ისინი, გია ყარყარაშვილი, გოგა ხაინდრავა, გურამ გეგეშიძე და სხვები უნდა მოვიდნენ ჩემთან და ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ჩემსავით მოექცნენ და ბოდიში უნდა მოგვიხადონ. მაშინ, როცა გურამ გეგეშიძემ "ხმა მღაღადებლისა" - ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი საუკეთესო რომანი დაწერა, ლექსი მივუძღვენი, მერე კი სიგუას გვერდით მხოლოდ იმიტომ დადგა, რომ მასთან ერთად დაუმთავრებია თურმე სკოლა. ამიტომაც ვუთხარი, მოგელანდები-მეთქი... ასეთ ადამიანებზე თქვა ზვიად გამსახურდიას ნათლიამ, აკაკი გაწერელიამ, თქვენ ქართველი ხალხის ზიზღს იმსახურებთო... ახლა, როცა ეს ხალხი მათსავით ბოროტ სააკაშვილს ეუბნება, ხალხს არჩევანის უფლებას ართმევენო, თავის დროზე თავად რა გააკეთეს. "რესპუბლიკელებს" თავი მამა აბრამის ბატკნებად რომ მოაქვთ, მათ ერისთვის სიკეთე არაფერი მოუტანიათ... ჩვენს ახალგაზრდობაში ერთი ანეკდოტი იყო, ვითომ პუტჩისტები დამარცხდნენ და მათ სასამართლოზე სჯა-ბაასია გამართული, რა უნდა მიუსაჯონ. ამ დროს ზვიად გამსახურდიას უთქვამს, სამაგალითოდ უნდა დავსაჯოთ, უნდა ვამხილოთო... ეს იყო მისთვის მათი სამაგალითო დასჯა. არც მე ვითხოვ რაიმე განსაკუთრებულს, ისინი უნდა ვამხილოთ. რად მინდა ედუარდ შევარდნაძე, ჩემზე ბევრად უფროსი კაცი ციხეში რომ ჩასვან? მაგრამ მთელმა საქართველომ უნდა იცოდეს, რომ მან ერს თავისუფალი არჩევანი წაართვა. აწი რაღა აზრი აქვს მის მონანიებას, სიცოცხლის ბოლოს რომ მიხვდა, ზვიადი ვინ იყო ერისთვის?..
- "ლეიბორისტულმა პარტიამ" რით დაიმსახურა თქვენი ნდობა?
- იმით, რომ, ჯერ ერთი, არის მუშათა პარტია და მშრომელ ადამიანებს ემხრობა. მეორეც, ფულს არ არიან დახამებულები. აბა, ვის მხარეს უნდა დავდგე, კახა ბენდუქიძეს მხარეს? კაცი, რომელსაც ეშინია ხორცი არ ჩამოსცვივდეს... ილია ჭავჭავაძემ თავის ერთ-ერთ საპროგრამო ნაწარმოებში თქვა, შრომის ახსნა ეს არის ტვირთი, ძლევამოსილი ამ საუკუნისო. ამით ჩვენმა გენიოსმა გვითხრა, შრომა თავისუფალი უნდა იყოსო. მარტო "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და ედუარდ შევარდნაძის თანაგუნდელებს უნდა ჰქონდეთ შრომისა და შემოსავლის მიღების საშუალება?.. ოდესმე ხომ უნდა დამთავრდეს ეს ძალადობა ქვეყანაში?..
- დამკვიდრებული ტენდენციის თანახმად, ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის მიმართ ლოიალურად არიან განწყობილი, რადგან მათთვის შევარდნაძის შემცვლელთან ასოცირდება...
- ვერ დაგეთანხმებით. როგორ შეიძლება სააკაშვილის მხარეს იყო, როცა მისმა რეჟიმმა მოკლა სანდრო გირგვლიანი, ვაზაგაშვილი და რომელი ერთი ჩამოვთვალო. გარდა ამისა, შუა ქუჩაში, დღისით-მზისით, თავში ტყვია დაახალეს გურამ შარაძეს. თუ მკვლელებს ხელისუფლება არ უჭერდა მხარს, ღამე რატომ არ მოკლეს?.. ეს იყო კაცი, რომელიც იცავდა ენას, მამულს, სარწმუნოებას იცავდა და ზნედაცემულ იეღოველებს ებრძოდა. გაბედონ და დამაპატიმრონ ამ სიტყვებისთვის. სხვათა შორის, ასევე ზნედაცემულები არიან ჯიპებით მოგრიალე ჩვენი სასულიერო პირები, თავიანთი წონა ოქროს ჯვრები რომ ჰკიდიათ და იეღოველებს არ ებრძვიან. სად სცალიათ მათთვის, ფული როგორ აკეთონ, იმაზე ფიქრობენ. ყველა საეკლესიო რიტუალზე ოფიციალური ტარიფი აქვთ დაწესებული. მღვდელი ჯიპით კი არ უნდა დადიოდეს, ძველი და გახუნებული ანაფორით უნდა დაფართხუნებდეს და თავისი მრევლის სულიერ გადარჩენაზე უნდა ფიქრობდეს. აი, მაშინ იქნება ის ჭეშმარიტი მორწმუნე და სულიერი მამა. ქართული ეკლესია ყოველთვის ღარიბი, მაგრამ სულიერად მტკიცე იყო. ეკლესიის პრესტიჟულობა იქ არსებული მომსახურების ფასების მიხედვით ფასდება და არა სიწმინდეებით. ყოველ ნაბიჯზე აშენებენ ეკლესიებს, რომ ფული გააკეთონ, თორემ რა ეტყობა ამ ერს ასეთი თავგადაკლული რწმენის? სად მიდის ამდენი რწმენა და სასოება?.. ვიღაცამ ხომ უნდა თქვას სიმართლე?.. სხვებისგან განსხვავებით, მე არ შემიძლია ფარისევლობა. მაპატიოს ერმა, თუ ძალიან უხეშად მიწევს მისი გამოღვიძება. ვიცი, ამ სიტყვების გამო ანათემას გადამცემენ, მაგრამ მე ის კაცი ვარ, ვისაც სამშობლოსა და თანამებრძოლების გულწრფელი სიყვარული არ აპატიეს. უარესებიც მინახავს, უფრო მძიმე დღეებიც გამომივლია და ავიტან როგორმე.
- ბიძინა ივანიშვილის გუნდი რატომ არის თქვენთვის მიუღებელი?
- ქართულ პოლიტიკაში პირადად ბიძინა ივანიშვილის მოსვლას მივესალმე. გამიხარდა, რომ სომეხი, გერმანელი, რუსი ან ებრაელი მილიარდერი კი არა, ქართველი კაცი ხარჯავდა ფულს საქართველოსა და ქართველებისთვის. ვერც იმაში შევედავები, რატომ და რა პრინციპით ანაწილებდა ინტელიგენციისთვის დასახმარებელ თანხას. ეს მისი ფული იყო და ვისაც უნდოდა იმას მისცემდა, მაგალითად, რატომ ერთხელაც არ გაახსენდა გურამ პეტრიაშვილი, რომელიც უკრაინაში კინაღამ მოკვდა შიმშილით და რა დამსახურებისთვის ეხმარებოდა თუნდაც "პუტჩისტ" ოთარ მეღვინეთუხუცესს, ან რამაზ ჩხიკვაძეს, ან გაზულუქებულ რობიკო სტურუას, რომელთაც ძალიან გაუმართლათ და მთელი ცხოვრება უზრუნველად იცხოვრეს.
- ისინი ერისთვის ფასეულ კულტურას ქმნიდნენ, ბატონო გურამ...
- დიახ, ბატონო, გაუმართლა სტურუას, ნიჭი უდავოდ აქვს, მაგრამ რამდენი ნიჭიერი ვიცით, შიმშილისგან სულს რომ ღაფავს?.. ამიტომაც ვამბობ, გაუმართლა-მეთქი. გარდა ამისა, სტურუას ჩემს ზღაპრებზე ღირებული არაფერი შეუქმნია. თავს არ ვიმდაბლებ, სიმართლეს ვამბობ. დრო გაივლის და მისი სპექტაკლები ყველას დაავიწყდება, ჩემი ზღაპრები კი დიდხანს იქნება. ისე, ცნობისთვის, სტურუას სიტყვებია - რუსთაველი სულელია, სულელები არიან მისი გმირებიც, რომლებიც თან ტირიან, თანაც ვეფხვებს ხოცავენ, ამაზე მთელი საქართველო უნდა ვახარხაროო, - სპექტაკლის დადგმას აპირებდა, მაგრამ ეტყობა, არ ეყო ვაჟკაცობა...
- 20 წელი საქართველოს ფარგლებს გარეთ მოგიწიათ ცხოვრებამ. როგორ გყავთ საკუთარი თავი წარმოდგენილი ქართულ პოლიტიკაში?
- ქართულმა პოლიტიკამ და ე.წ. პოლიტიკოსებმა კეთილი ინებონ და თავად წარმომიდგინონ თავის გვერდით. მათგან განსხვავებით, მე ის ადამიანი ვარ, ვისაც ცხოვრებაში ცუდი არავისთვის და არასდროს გაუკეთებია. ერთი კაციც ვერ იტყვის, გურამ პეტრიაშვილს ერთი თეთრი მაინც უშოვია დაუმსახურებლად და ფულზე დახამებული ყოფილაო. ამიტომაც არავისთვის ხვეწნას არ ვაპირებ, კეთილი ინებოს ყველამ და აქეთ მომერგოს.
- თქვენი აზრით, როგორი იქნება ოქტომბრის არჩევნებში საზოგადოების მხარდაჭერა იმ პარტიის მიმართ, რომელმაც თქვენ წარმოგადგინათ?
- ვერ გეტყვით, ეს საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს. წინასწარ რაიმე შედეგზე ლაპარაკი გამიჭირდება, თუმცა იმედი მაქვს, "ლეიბორისტულ პარტიას", როგორც ერთ-ერთ ყველაზე სუფთა პოლიტიკურ ორგანიზაციას, ხალხი ღირსეულად შეაფასებს.
ლალი პაპასკირი
(გამოდის ორშაბათობით)