"შეამხანაგებულები", "ნავი", "პატარა", "დიდი" და "უფრო დიდი", ანუ რა ხდება გლდანის საშაურმეში

"შეამხანაგებულები", "ნავი", "პატარა", "დიდი" და "უფრო დიდი", ანუ რა ხდება გლდანის საშაურმეში

ქუჩაში კვების მოყვარულებს აშკარად არ მივეკუთვნები, მაგრამ ბოლო დროს იმდენმა ადამიანმა მიხსენა გლდანის საშაურმე, რომ ჟურნალისტურმა ინტერესმა გადასძლია ჩემს გასტრონომიულ მიდრეკილებებს და ერთ დილასაც ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას მივადექი.

ერთი შეხედვით, დიდი არაფერი, შუშებიანი საცხობია, თავზე კოკა-კოლას წითელი ბანერი აქვთ დადმული და შიგნითაც ჩვეულებრივი დახლები დგას. შუშის შიგნიდან თეთრ ქაღალდზე წარწერაა, - "გლდანის შაურმა". ოღონდ მის წინ იმხელა ცოცხალი რიგია, შეიძლება ეს წარწერა ვერც შეამჩნიოთ. რიგში კი ყველანაირი ასაკის და აღნაგობის ადამიანებს შეხვდებით, თუმცა უფრო მძიმეწონოსნები სჭარბობენ, შაურმაც შესაბამისი ზომის აქვთ შეკვეთილი, სტაჟიანი შაურმადაგემოვნებულები "მხარზე გადებულს" რომ ეძახიან... - ბოლო ვინ არის, - ვიკითხე რაც შემეძლო ზრდილობიანად, - ვიღაც ახმახი მომიტრიალდა, მაგრამ პასუხი არ გამცა, ჟესტიკულაციით მივხვდი, ის იყო. საათს დავხედე, 9-ს 20 წუთი აკლდა და რიგში 20-ზე მეტი ადამიანი იდგა. უმეტესობა მამაკაცები, ამიტომ ჩემი დანახვა ძალიან გაუკვირდათ. ერთ-ერთმა ვერ მოითმინა, მკითხა, - ეს ღიპიანი ხალხი კიდევ ჰო და შენ მაინც რამ გადაგრია ამ შაურმაზე, გეტყობოდეს მაინცო... - ნაძლევზე ვარ წამოსული, მეგობრებს ვუთხარი, აუცილებლად გავსინჯავ-მეთქი. არადა, ბერძნული შაურმა მაქვს გასინჯული და მივხვდი, რომ არ მყვარებია. - დაუჩქარე, კაცო, რა, სამსახურში მაგვიანდება, - აროხროხდა ჩემ შემდეგ მოსული კაცი. ღიპი ხელს უშლის, რიგი - ნერვებს. - დიდი ხანია აქ დადიხართ? - ვკითხე ენაწყლიან და ცნობისმოყვარე მოსაუბრეს. - კვირაში ერთხელ მაინც აქ ვარ. მივხვდი, რომ რიგში მდგომები უკვე იცნობდნენ ერთმანეთს. - ამას ერთ ცალს შეჭამ და მთელი დღე გყოფნის, არა, მაგარი გამოგონება კი არის ეს ოხერი, - გამოგვძახა შაურმიანმა, ნავივით მიჰქონდა უკვე მოკბეჩილი კერძი. რიგი სწრაფად მიიწევდა წინ. - არსად, არც ერთ რიგში არ არის ასეთი წესრიგი, ეტყობა ჭამა გვაერთიანებს, - იღიმებოდა ჩემი თანამეშაურმე და თანდათან საყვარელი ადგილისკენ მიიწევდა. საშაურმეში სულ ორი ოსტატი ჩანდა, ერთი შეკვეთებს იწერდა, მეორე ახვევდა.

"შეამხანაგებულებიიი" - გამოსძახა თეთრქუდიანმა და კიდევ ერთმა "ნავმა" ჩამიარა გვერდით. ეს 8-ლარიანია, ორი კაცი ერთად ყიდულობს და მერე შუაზე იყოფენ, - ამიხსნეს. - ეს კაცი ყველა შეკვეთას სახეების მიხედვით იმახსოვრებს, - უკვე მთელი რიგი მიხსნიდა სიტუაციას. - როგორ ახერხებთ? - ვკითხე მუშაობაში გაქაფულ კაცს. - რამდენი ხანია უკვე აქ დადიან და მათ დამახსოვრებას რა უნდა, ვის რამდენი ჩასდის, ისიც კი ვიცი, - ფართოდ გაიღიმა მეშაურმემ. - ერთი ბიჭი დადიოდა, რაც უფრო დიდს ვაკეთებდით, უფრო დიდს ითხოვდა. მგონი, მთელი თვის ხელფასს აქ ტოვებდა. ერთ დღესაც მოვიდა და მეც ყველაზე დიდი გავუმზადე. არა, ეგ არა, უფრო პატარაო, მითხრა დაღონებული სახით. იმ "პატარა შაურმას" ორი ძალიან მადიანი და სამი უბრალოდ კარგად მჭამელი კაცი იყოფდა. ვიფიქრე, ვაა, კლიენტს რომ შევხედავ, სახეზე ვხვდები უკვე, ვის რამდენის ჭამა შეუძლია და შევრცხვი კაცი-მეთქი. - მან თავი მოიფხანა, - ბიჭო, ცუდად ვიყავი ეს დღეები და ექიმმა მითხრა, წყლული თუ რაღაც გაქვს და დიეტა დამინიშნაო. გადავირიე, მერე რას შვრები, შე ოხერო, ეს ნახევარი კილო ხორცია და მოგკლავს-მეთქი. ხელი აიქნია, რა შიმშილს მოვუკლივარ და რა შაურმასო... არ ვიცი, რატომ მოსწონთ ასე, მაგრამ რამდენიმე მცხეთიდანაც დადის. თან სამსახური დილას 9-ზე ეწყებათ და 7-ზე აქ არიან, რომ რიგი დაიკავონ და სამსახურშიც არ დააგვიანდეთ. ჩვენც რა ვქნათ, ვცდილობთ მათ გრაფიკს მოვერგოთ და დილას 5-ზე ვიწყებთ მუშაობას. ალბათ იმიტომ უყვართ ეს შაურმა, რომ ხელს არ ვიფუჭებთ. ამასობაში ჩემი რიგიც მოვიდა. ახლაღა შევნიშნე, გოგონებიც შემოგვმატებოდნენ. ცხელოდა, მაგრამ ხალხი მოთმინებით იდგა რიგში.

ნინო აფხაზავა

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"