ვირთხების შემოსევა ქუთაისში

ვირთხების შემოსევა ქუთაისში

ქუთაისის მრავალსართულიანი სახლების მაცხოვრებლები ვირთხების შემოსევას ებრძვიან. ადგილობრივი მერიის მიერ კორპუსებში ნაგვის ბუნკერების გაუქმების შედეგად მშიერი ვირთხები მოსახლეობას შეესივნენ. მოსახლეობა ამბობს, რომ ვიდრე მერია ბუნკერებს გააუქმებდა, მანამდე ვირთხების მოსასპობად შესაბამისი ღონისძიებები უნდა გაეტარებინათ. ვირთხები განსაკუთრებით ღამით აქტიურობენ. ისინი საცხოვრებელ სახლებში შედიან და სადარბაზოებში ადამიანებს კბენენ. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სამსახურის მიერ სადეზინფექციო სამუშაოები გატარდა, მოსახლეობა ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის და ადგილობრივ ხელისუფლებას ვირთხებისგან თავდასაცავად სასწრაფო შველას სთხოვს. ხარებავას ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ვირთხები უკვე იმდენად თავისუფლად გადაადგილდებიან, რომ სადარბაზოში ღამით გასვლა საშიში გახდა.

ნანა გოლეთიანი: "გაუსაძლისი მდგომარეობა გვაქვს. შიშისგან სადარბაზოებში ვეღარ გავდივართ. თუმცა სადარბაზოს რომ თავი დავანებოთ, ვირთხები მეზობლებთანაც შედიან სახლში. ერთი ადამიანი უკვე დაკბინეს. სერიოზულად ვართ შეშინებულები. ღამით საერთოდ არ გამოვდივართ სახლებიდან. ყველას ვთხოვთ დახმარებას,  ვისაც ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლია."

ქუთაისელები უკვე ხუმრობენ კიდეც, ვინ რამდენი ვირთხა დახოცა საკუთარ სახლში. ყველაზე კარგი შედეგი ცირა ყურაშვილს აღმოაჩნდა. სოფლიდან დაბრუნებულმა, 15 ვირთხა "იმსხვერპლა". ქალბატონი ამბობს, რომ მღრღნელები ტანსაცმლისა და წიგნის კარადებშიც კი იყვნენ შესული. დაზიანებული დახვდა ტელეფონისა და ინტერნეტის კაბელები.

ცირა ყურაშვილი: "სოფლიდან რომ ჩამოვედი, საშინელი მდგომარეობა დამხვდა. ვირთხების მთელი ჯოგი იყო სახლში. წარმოიდგინეთ, ერთ ვირთხას რომ ნახავ, როგორი რეაქცია უნდა გქონდეს და ჩემთან 15 ვირთხა აღმოვაჩინე. ოთხი ჩექმებიანი ფეხით მე თვითონ მოვთელე, ოთხი საწამლავით მოვკალი და დანარჩენი სიმწრით გავდევნე სახლიდან. სრულიად განადგურებული იყო ყველაფერი. წიგნები და ტანსაცმელი დახრული, გადაღრღნილი იყო ინტერნეტისა და ტელეფონის კაბელები. მოკლედ, ყველაფერი დააზიანეს, რაზეც კი კბილი მიუწვდებოდათ".

მოსახლეობა ამბობს, რომ ვიდრე მერია ნაგვის ბუნკერებს გააუქმებდა, მანამდე ვირთხების მოსასპობად შესაბამისი ღონისძიებები უნდა ჩაეტარებინათ.

"ძალიან მარტივად შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება. ვიდრე ბუნკერები გაუქმდებოდა, მანამდე რაიმე ხსნარით უნდა შეეწამლათ და ეს უბედურებაც აღარ დაგვატყდებოდა თავს. ხომ შეიძლებოდა, თავიდანვე გაეთვალისწინებინათ, რომ ბუნკერების გაუქმება ასეთ შედეგს გამოიღებდა. ვირთხები საჭმელს რომ ვეღარ პოულობენ, უკვე სახლებში შემოდიან. "

რამდენიმე დღის წინ, მოსახლეობის თხოვნით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვირთხების დასახოცად ნაგვის ბუნკერები შეწამლა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ქუთაისელებს ვირთხებთან ერთად ახლა მკვდარი მღრღნელების სუნიც აწუხებთ.

"როდესაც ვირთხებმა აგვიკლეს, ჩვენი უბნის მუნიციპალიტეტს მივმართეთ. იმათაც გამოუშვეს შესაბამისი სამსახური და ბუნკერები შეწამლეს, მაგრამ ახალა უკვე მკვდარი ვირთხების სუნი გვაწუხებს. მღრღნელებმა იკლეს, მაგრამ ამ სიცხეში სუნმა იმატა. "

ქუთაისის მერიაში აღნიშნულ პრობლემაზე კომენტარს არ აკეთებენ. "ვერსიასთან" საუბარი არც პრესსამსახურს სურს. ვირთხების შემოსევით შეწუხებული ქუთაისელები კი პრობლემას საკუთარი ძალებით უმკლავდებიან.

თორნიკე ხურციძე

გაზეთი "ვერსია"

ასევე იხილეთ ვიდეო: ქუჩა თბილისში, სადაც კომფორტულად მხოლოდ ვირთხები და ქვეწარმავლები ცხოვრობენ

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"