საარჩევნო პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და, როგორც ჩანს, "ნაციონალურ მოძრაობას" იმედი აქვს, საარჩევნო ურნებში 5-ნომრიან ბიულეტენებს უცხოელებიც ჩაყრიან, ის უცხოელები, რომელთათვისაც უცხოა საქართველოს ეროვნული ინტერესები და მათი ერთადერთი მიზანი კომფორტული გარემოს შექმნა და მატერიალური სიკეთის მიღებაა.
კომფორტული გარემოც შეიქმნეს და მაღალანაზღაურებადი სამსახურებიც იშოვეს ჩინელებმა იმ ქვეყანაში, საიდანაც მილიონზე მეტი ადამიანი უცხოეთში მხოლოდ იმიტომაა გადახვეწილი, რომ სამშობლოში სამუშაო ვერ იშოვა. ხარაგაულში, მოლითი-მარელისის გზის მონაკვეთის მშენებლობაზე, ჩინური წარმოშობის საქართველოს არაერთი მოქალაქეა დასაქმებული, რომლებიც "მე მიყვარს საქართველოს" 5-იანით გაფორმებულ წითელ და თეთრ მაისურებში არიან გამოწყობილი. პარტია "თავისუფალი საქართველოს" ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გია ყრუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების წინ ასეულობით ჩინელს საქართველოს მოქალაქეობას იმ პირობით აძლევენ, თუ მხარს "ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერენ:
- მოგეხსენებათ, იმერეთი ყოველთვის იყო გამორჩეული იმით, რომ აქ ძირძველი ქართველები, მართლმადიდებლები ცხოვრობდნენ, ახლა კი აქაურობა სავსეა ათასი ჯურის სექტანტებით. თანაც, საგრძნობლად მომრავლდნენ ჩინელები - როგორც ვიცი, მარტო ხარაგაულში 110 ჩინელია ჩაწერილი და კიდევ აპირებენ მათ ჩამოსახლებას. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამი ათასი ბავშვის ჩამოყვანაა დაგეგმილი. თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში იმერეთში ისინი უფრო მეტნი იქნებიან, ვიდრე ჩვენ.
ჩინელების შემოსვლა და მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება საარჩევნო წელს გააქტიურდა. მათ მასობრივად აძლევენ ქართულ გვარებს, ასაქმებენ სხვადასხვა ობიექტზე და ა. შ. სანაცვლოდ, ხელისუფლება მათ ჩართავს "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო აგიტაციაში. საქართველოს მალე ეყოლება ჩინელი გამგებლები, პოლიციელები და შეიძლება ქვეყნის მართვის ამბიციაც კი გაუჩნდეთ. გაქართველებული ჩინელები ხელისუფლების მხრიდან დარიგებულნი არიან: იციან, ვის უნდა გამოელაპარაკონ და ვის - არა. აქვთ ინფორმაცია, ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს და ა.შ. სხვათა შორის, თავდაპირველად თავმდაბლად იქცეოდნენ, ახლა კი ისე დაქრიან "კამაზებითა" და ჯიპებით, გეგონება, თავიანთი სახელობის ქუჩაზე დადიან. შეიძლება ვინმე არ დამეთანხმოს, მაგრამ მე ვხედავ და ვგრძნობ რეალურ საშიშროებას, რომ შეიძლება ქართველები საკუთარ მიწა-წყალზე უმცირესობაში აღმოვჩნდეთ.
- ამბობთ, რომ მათ ქართული პირადობის მოწმობები აქვთ და ზოგიერთი უკვე ქართულ გვარსაც ატარებს...
- ასეა! უკვე გვყავს ჩინელი დურმიშხან გელაშვილი და გიორგი გელაშვილი, როგორც ამბობენ, რამდენიმემ წერეთლის გვარიც მიიღო. ძველ ქართულ გვარებს ეტანებიან და მალე, ალბათ, ჩინელი ილია ჭავჭავაძე და დავით აღმაშენებელიც გვეყოლება!
საკითხავია, ეს ხალხი ვის მისცემს არჩევნებში ხმას? - რა თქმა უნდა, სააკაშვილს და ნაციონალებს. რატომ აზერბაიჯანში ან სომხეთში ვერ შედიან? აქ კი, ვითომდა გვირაბს აშენებენო, სპეციალურად შემოიყვანეს, თითქოს ქართველები ვერ ააშენებდნენ ამ გვირაბს. მაშ, ვინ ააშენა წიფის გვირაბი, რომელიც უკვე ასი წლისაა? ეს არის ძალიან საშიში თამაში, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სამშობლოს სიყვარულთან და პატრიოტიზმთან. ადამიანი, რომელიც 1-ელ ოქტომბერს ხუთიანს შემოხაზავს, არც ქართველია და არც მართლმადიდებელი, ის გაყიდულია ოცდაათ ვერცხლად, მას გათხოვილი კაცებისა და გეიაღლუმების ბედი უფრო აინტერესებს, ვიდრე თავისი ქვეყნისა.
ხარაგაულში მცხოვრებთა განცხადებით ჩინელები იქ რამდენიმე თვეა, მუშაობენ, თუმცა ადგილობრივებთან ურთიერთობას თავს არიდებენ.
"ხარაგაულში მოსახლეობის უმეტესობა უმუშევარია, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება მაინც ჩინელებს ასაქმებს. უცხო ადამიანს ეგონება, საქართველოში დასაქმების პრობლემა გადაჭრილია და მუშახელს საზღვარგარეთ ეძებენ", - ამბობს ხარაგაულის მკვიდრი დოდო გაგუა.
"მაშინ, როცა ყოველწლიურად ემიგრანტი ქართველების რიცხვი კატასტროფულად იზრდება, საქართველოში ჩინეთის ათეულ ათასობით მოქალაქე ჩამოსახლდა. თუ ჩვენს ქვეყანაში "ნაციონალურ მოძრაობაზე" არ აბოდებ, ვერც სამსახურს ეღირსები და ვერც ნორმალურ მომავალს, რისი ნათელი მაგალითიც ჩინელებია: მხარს უჭერენ "ნაციონალებს", მათი მაისურებიც აცვიათ და სამსახურიც აქვთ და ხელფასიც", - განგვიცხადა ხარაგაულის მკვიდრმა ჯემალ მაისურაძემ.
P.S. ხარაგაულში დასაქმებული ჩინელების სამუშაო ადგილზე ჩინური დროშა ფრიალებს.
სტატია: "მალე საქართველოს ეყოლება ჩინელი გამგებლები, პოლიციელები და შესაძლოა, მათ ქვეყნის მართვის ამბიციაც კი გაუჩნდეთ"
ირაკლი ვაჩიბერაძე, ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
ასევე იხილეთ: "We like Saakashvili" - "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი აფრიკელები