"ძალაუფლებისკენ სწრაფვას შიში ბადებს. ვისაც სხვების არ ეშინია, მას არც მათზე ბატონობა სურს". სიმართლე რომ გითხრათ, არ მახსოვს, ვინ არის ამ სიტყვების ავტორი, მაგრამ გულის სიღრმეში ვეთანხმები. მას შემდეგ, რაც საარჩევნო კამპანია "გახურდა", ეს გამონათქვამი მიტრიალებს გონებაში და რაც უფრო ახლოვდება პირველი ოქტომბერი, მით უფრო ვრწმუნდები მის ჭეშმარიტებაში. მეც ვხედავ და თქვენც, პატივცემულო მკითხველო, რომ ქვეყანა შიშს მოუცავს. ხელისუფლებას გავლენის, სკამების, ქონების, კანონისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობისა და მისი გადაწერა-გადმოწერის საშუალების, მოკლედ რომ ვთქვათ - ძალაუფლების დაკარგვის ეშინია. თავად შეშინებული, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსა თუ ზოგადად ხალხში შიშს თესავს. რომ არა შიში, ალბათ არც ერთი ადამიანი არ მიაბარებდა საკუთარ მიცვალებულს მიწას ყოველგვარი რელიგიური წესის, დატირების, ახლობლების მისამძიმრების გარეშე, ისე, როგორც ეს 3 სექტემბრის ღამეს დუისში მოხდა, როდესაც პანკისში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაღუპული ქისტი ახალგაზრდები დაკრძალეს: მიცვალებულები სახლშიც კი არ მიუსვენებიათ, ისე ჩაფლეს რამდენიმე დღით ადრე გათხრილ საფლავებში...
"ამას - სიკვდილი, იმას - ჩამოხრჩობა!"
ამას წინათ შევესწარი სცენას: გაჩერებაზე მდგარმა ერთმა ქალბატონმა მეორეს უთხრა, - ცოტა გვერდზე გავდგეთ, ამათთან არავის ვეგონოთო, - და იქვე მდგარ რამდენიმე ახალგაზრდაზე მიუთითა, რომლებსაც "ქართული ოცნების" მაისურები ეცვათ. - რა იყო, გეშინია? - ჰკითხა მეორემ. - რას ამბობ, ჩემს ქმარს ისედაც არ უყურებენ კარგი თვალით და ესღა მინდა?! დაიჭერენ და ციხეში უკრავენ თავს, "ოცნება" მიშველის მერე?!.
1937 წელი გამახსენდა, რადგან დღესდღეობით ხალხის დაშინების ძირითადი მეთოდი ციხეში მოხვედრის მუქარაა - რეპრესიის ახალი ტალღაა აგორებული ქვეყანაში.
რომელი პარტიის წარმომადგენელიც გინდა იყავი, რომელ პარტიასაც გინდა დაუჭირე მხარი და რომელზეც გინდა, იმ შეკრებაზე მიდი, თუნდაც "ქრისტიან-დემოკრატების", რომლებსაც პარლამენტში მოხვედრის რეალური შანსი აქვთ, ოღონდ - არა "ქართული ოცნების". ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ყველაზე მეტად სწორედ ამ პარტიის გამარჯვების ეშინია - როგორც ჩანს, მასში ხედავს რეალურ საფრთხეს.
რამდენიმე ხნის წინ "ფეისბუკზე" ასეთი ინფორმაცია გავრცელდა: "სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში "ოცნებამ" თავისი შტაბის განთავსება განიზრახა და საამისოდ, სოფლის ცენტრში, ბიძაჩემისგან ფართობი იქირავა. იმავე ღამეს მიადგნენ ოჯახს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული, პოლიციის თანამშრომლები და გააფრთხილეს, - თუ ხვალვე არ დაითხოვთ "ოცნების" ხალხს, ოჯახის ყველა წევრს, ქალია თუ კაცი, დაგიჭერთო. რა უნდა ექნა ბიძაჩემს? ადგა და უარი უთხრა".
შორს წაგვიყვანს იმ ადამიანების ჩამოთვლა, რომლებიც იმის გამო დააპატიმრეს ან დაემუქრნენ, რომ "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობდა. მაგალითად, მარნეულელი აბესალომ კუჭაშვილი ამ საარჩევნო ბლოკის აქტივისტია. ცოტა ხნის წინ ის პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობდა. მისი თქმით, მარნეულის სოფლების - მუღანლოს, ქუთლარისა და ბაიდარის რწმუნებული ფოლად ისმაილოვი კოალიციასთან თანამშრომლობის გამო ფიზიკური ანგარიშსწორებით არაერთხელ დაემუქრა. მისი მუქარისგან ოჯახის დასაცავად, კუჭაშვილმა ცოლ-შვილი სიდედრთან გახიზნა. "სამი ნიღბიანი ღამის 4 საათზე დაგვადგა თავზე. ჩემს მეუღლეს კითხულობდნენ", - ჰყვებოდა კუჭაშვილის ცოლი. მას შემდეგ, რაც ოჯახს, გახიზვნის მიუხედავად, მიაგნეს, კუჭაშვილმა საჩივრით მარნეულის პოლიციას მიმართა. პროკურატურაში ამავე საკითხზე სარჩელი სოზარ სუბარმა და კუჭაშვილის ადვოკატმა, თედო კობახიძემ შეიტანეს. საჩივარს უკურეაქცია მალევე მოჰყვა - კუჭაშვილი დასაკითხავად მარნეულის პოლიციაში ადვოკატის გარეშე დაიბარეს. "ჩემთვის უცხო ადამიანმა, რომელიც შემდეგ გავიგე, რომ მარნეულის პოლიციის უფროსი ყოფილა, ამიყვანა გამომძიებელთან. მითხრა, - სანამ ადვოკატი მოვა, პირადი მონაცემები შევავსოთო. იქ კი ზეწოლა დაიწყო. მითხრა, დაგიჭერო, მერე "ნარუჩნიკები" დამიდო წინ. მეუბნებოდა, მაგ საჩივრის გამო დაგიჭერო. რა დამიშავებია ამ ქვეყანაზე, მომიპარავს რამე, მომიკლავს ვინმე, ნარკომანი ვარ თუ რა ვარ?! ბოლოს მითხრა, - ვიცი, რა გაჭირვებული ოჯახი გაქვს, ამიტომ, თუ ჭკუაზე მოხვალ, შემიძლია 400-ლარიანი სამსახური გიშოვოო", - ჰყვებოდა კუჭაშვილი. "ქართული ოცნების" მარნეულის ოფისის აქტივისტის, აბესალომ კუჭაშვილის მიმართ ინტერესი ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც გამოიჩინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მიერ მომზადებულ წინასაარჩევნო ანგარიშებში კუჭაშვილის თემა აუცილებლად მოხვდება.
ჩემი ინფორმაციით, მარნეულის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი კი საქართველოდან იმის გამო გაიქცა, რომ მისი ძმა "ქართული ოცნების" აქტივისტია. ის რამდენჯერმე გააფრთხილეს, - შენც დაგიჭერთ და შენს ძმასაც, არ გეკადრება თანამდებობის პირს, ძმა რომ ოპოზიციაში გყავსო. როგორც ჩანს, ძმასთან ვერაფერი გააწყო და უცხოეთში გადახვეწა არჩია. მისი კერძო სახლი კრწანისის რაიონში დიდი ხანია, გამოკეტილია და არავინ არაფერი იცის ოჯახის შესახებ. როგორც ჩანს, გაქცევა ერთადერთი გამოსავალია, რომ არ დაგიჭირონ...
ამბობენ, საფრთხის შემთხვევაში, ბეჰემოთიც კი 100 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებსო...მსგავსი ფაქტის მოყვანა მრავლად შეიძლება. მე კი ეს ყველაფერი ზვიად გამსახურდიას ერთ იგავს მახსენებს, რომელსაც "ბრმების ქვეყანა" ჰქვია: ბრმათა ქვეყანაში ცხოვრობდა ერთი თვალხილული ექიმი, რომელმაც ბრმათა მკურნალობა იცოდა. ნაცვლად იმისა, რომ მისთვის კლინიკა მიეცათ, შინ ჰყავდათ დამწყვდეული და არ აძლევდნენ უფლებას, ხალხში გასულიყო და უსინათლოთათვის ემკურნალა, ვინაიდან ქვეყნის ხელმწიფე და დიდებულნი არწმუნებდნენ ხალხს: "თქვენ თვალხილულნი ხართ, ხოლო ის ერთი მეტიჩარა, რომელიც ვითომდაც თვალის ახელას გპირდებათ, თავად არის ერთადერთი ბრმა ჩვენს სამეფოში და სახლშიც იმის გამო გვყავს დამწყვდეული, რომ თვალხილულები არ დაგვიბრმაოს და გარდა ამისა, თავად არ გადაიჩეხოს სადმე და არ დაშავდესო".
"უკაცრავად, თქვენ გელით... უმუშევრობა!"
"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო პროგრამაში ხალხის დასაქმება პრიორიტეტად არის გამოცხადებული. ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ დასაქმების სამინისტროც კი შექმნა. ერთ-ერთი ჩემი ახლობელი (გვარს არ დავასახელებ, ისიც კვლავ უმუშევართა რიგებს რომ არ დაუბრუნდეს) პირველია, ვინც აღნიშნულმა სამინისტრომ, მართალია დროებით, მაგრამ მაინც დაასაქმა და უმუშევარი მოსახლეობის აღწერა დაავალა. წინასწარ ჩატარებული ტრენინგების დროს ყველა აგენტი გააფრთხილეს, რომ მოსახლეობასთან პოლიტიკურ დებატებში არ უნდა შევიდნენ; მხოლოდ ანკეტა უნდა შეავსონ და აუხსნან, რა მიზანს ისახავს მოსახლეობის ასეთი ფორმით აღწერა. აქვე გეტყვით, რომ ნებისმიერ მსურველს, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა, შეუძლია დარეგისტრირება იმ მოტივით, რომ თუ არსებული სამსახური არ აკმაყოფილებს, შესაძლოა, უკეთესი შესთავაზონ. იმის შანსი, რომ შემეძლო, საკუთარი თვალით მენახა, როგორ ხდებოდა უმუშევართა აღწერა და რა განწყობა ჰქონდა ხალხს პროცესის მიმართ, ხელიდან არ გავუშვი და ერთ დღეს, როდესაც ჩემი ახლობელი დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად მიდიოდა, ავედევნე.
თავიდანვე საინტერესო ფაქტი დავაფიქსირე: როდესაც კარზე აკაკუნებ და ხელში ფურცლები გიჭირავს, მაშინვე "ნაციონალური მოძრაობის" წევრად, მხარდამჭერად ან აქტივისტად აღგიქვამენ და უმეტესობა აგრესიულად გხვდება. კარს გვიჯახუნებდნენ, გვლანძღავდნენ, მთავრობის "პუტანკებიც" კი გვიწოდეს... წესის თანახმად, აგენტი ვალდებულია, ყველას აუხსნას მისვლის მიზეზი და მიზანი, ამიტომ ხელმეორედ დაკაკუნება გვიწევდა... ჭკუა ვისწავლეთ და კარის გაღებისთანავე ვეუბნებოდით (მე რა შუაში ვიყავი და - ვეხმარებოდი ახლობელს, თან მის გასაჭირსაც ვიზიარებდი), რომ არჩევნებთან დაკავშირებით არ ვიყავით მისული. თუმცა, როდესაც ჩვენი მისვლის რეალურ მიზეზს იგებდნენ, უკმაყოფილებას მაინც გამოხატავდნენ.
იმ დღეს ზუსტად 50 ოჯახი მოვიარეთ; აქედან 46 დარეგისტრირებას დათანხმდა, თან ყველა იმას იმეორებდა, - "მაგათი" ზღაპრების არ გვჯერაო. ერთი ქალბატონი კი თვალების დათხრითაც დაგვემუქრა, - თუ ასე წუხდა მთავრობა ჩემს დაუსაქმებლობაზე, სამსახური იმის გამო რად დამატოვებინა, "ქართული ოცნების" აქტივისტი რომ ვიყავიო?!
- სად მუშაობდით, ქალბატონო? - ხელიდან არ გავუშვი შანსი, რომ მეტი ინფორმაცია მიმეღო.
- პედაგოგი ვარ და სკოლაში ისტორიას ვასწავლიდი. აპრილში დამითხოვეს. მანდატური მოვიდა სახლში და მითხრა, ხვალიდან სკოლაში აღარ გამოცხადდე, დათხოვნილი ხარო. - კი, მაგრამ რატომ-მეთქი? - ჩემი თვალით დაგინახე "ქართული ოცნების" აქციაზე და ისიც ვიცი, ფიზიკის მასწავლებლის გადაბირებას რომ აპირებდიო. ასეთი რამე გაგიგონიათ?! სამსახურიდან დათხოვნასაც თავისი წესი აქვს. მანდატურები სკოლაში იმისთვის ჰყავთ, რომ მასწავლებლების პოლიტიკური შეხედულებები გადაამოწმონ!.. ჯერ გამათავისუფლეს, ახლა კი შინ მომადექით, - უმუშევართა სიაში შეგიყვანთ და დაგასაქმებთო. ნორმალურები ხართ თქვენ?! მეტი არ იქნა ჩემი მტერი, ვინმე დაასაქმოთ; სანამ თვალები არ დამითხრია თქვენთვის, აქედან გამეცალეთ!
პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტიც უხვადაა ჩვენს სინამდვილეში. ადამიანთა უმეტესობას კი (ვინც ჯერ კიდევ მუშაობს) უმუშევრად დარჩენის ისე ეშინია, საკუთარ პრინციპებსაც ღალატობს: მაგალითად, ზოგიერთი ექიმი ჰიპოკრატეს ფიცსაც კი არღვევს და დაშავებულ მომიტინგესა თუ ჟურნალისტს დახმარების გაწევაზეც უარს ეუბნება.
ვინც გამუდმებით შიშის ქვეშ ცხოვრობს, ის სიცოცხლის განმავლობაში რამდენჯერმე კვდებაო, - ნათქვამია. "ერთ სიკვდილსაც" ალბათ სწორედ ასეთ შემთხვევაში განიცდის ადამიანი. შიშს დიდი თვალები აქვს და ამ თვალებით, კაცი უმუშევრობასა და ციხის გისოსებს ხედავს.
სამსახურის დაკარგვის შიშმა აიძულა სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, გაჩუმებულიყვნენ, როდესაც არახელსაყრელი პირობები შესთავაზეს; როდესაც ავტომობილებში რადიოები გაუთიშეს და "ხუთნომრიანი" მაისურებით მუშაობას აიძულებენ... მათი უმეტესობა მხრებს იჩეჩს - რა ვქნა, 2 "კაპიკს" ვშოულობ და უმუშევარი ვერ დავრჩებიო...
სამსახურის დაკარგვის შიში აიძულებს პოლიციის მაღალჩინოსნებს, ზეწოლა მოახდინონ იმ ადამიანებზე, ვინც ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს არ იზიარებს და ოპოზიციის მიტინგებზე დადის; საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს - გზა გადაუკეტონ რაიონში მიტინგზე მიმავალ მანქანებს, გამოუწერონ რაც შეიძლება დიდი ჯარიმები; რაიონების რწმუნებულებს - ყველა ოპოზიციონერი მოსახლე აღწერონ და სიები, სადაც საჭიროა, იქ წარადგინონ; ხელი შეუშალონ პრეზიდენტთან იმ ადამიანების შეხვედრას, ვისაც პრეტენზიის გამოთქმა სურს და, თუ საჭიროა, ამ ადამიანებს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენონ, მიწაზე ათრიონ, სარდაფშიც გამოკეტონ, მიუხედავად იმისა, რომ ქალია და თანაც - მოხუცი...
ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ შიში აიძულებს ჩემს "კოლეგებს" - ე.წ. მედიაჯგუფების წარმომადგენლებს (რომელთაც ჩემი აზრით, ჟურნალისტიკასთან საერთო არაფერი აქვთ), კუდში სდიონ ამა თუ იმ არასამთავრობო ტელევიზიის ჟურნალისტებს და მუშაობაში ხელი შეუშალონ.
სამსახურის დაკარგვის შიში აიძულებს ზოგიერთ მინისტრს, პრეზიდენტს "მიშა მაგარია" უმღეროს, შემდეგ "ქართული ოცნების" შეხვედრაზე "გაიჩითოს" (მაპატიეთ, მაგრამ სხვას ვერაფერს დავარქმევ გარემოს დაცვის მინისტრის, ბატონი გოგა ხაჩიძის საქციელს) და იძახოს - მიმიშვით ბიძინასთან, გამატარეთ, მინისტრი ვარო...
შიში აიძულებს მსახიობებს, სპექტაკლის რეპეტიციებზე ჩაიცვან მაისურები, რომელსაც "ხუთიანი" აწერია, ხოლო ვარსკვლავებს (მე ამ სიტყვას ბრჭყალში ჩავსვამდი) აიძულებს - ასეთი მაისურები ხალხს დაურიგონ...
შიში აიძულებს გარე მოვაჭრეს, მთელი დღე სიცხეში იწანწალოს და იყვიროს - "აბა, იყიდეთ "ბანკის" ხუფი და შემოხაზეთ ნომერი ხუთი"...
შიშმა აიძულა ცესკოს თავმჯდომარე, "ოცნების" "შვიდიანი" "ორმოცდაერთიანად" გადაეკეთებინა, ქვეყნის "მთავარ აღმსრულებელი" - ბიძინა ივანიშვილის ქონება დაეყადაღებინა; მოსამართლეებს - ის გადაწყვეტილება (უკანონო, რა თქმა უნდა) მიეღოთ, რომელიც ხელისუფლებას, მმართველ გუნდს ან პროკურატურას აძლევს ხელს...
შიში აიძულებს "ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერს, ჩიორა თაქთაქიშვილს, აკეთოს მკვეთრი განცხადებები, ხალხს თვალებში ნაცარი შეაყაროს და არ გაუშვას ხელსაყრელი მომენტი, რომ თქვას "მაგიური სიტყვები" - "მეტი სარგებელი ხალხს"... კი, ნამდვილად შიში აიძულებს, თორემ როდესაც "ფეისბუკზე" მისი სალანძრავი პოსტები გამოქვეყნდა, მისი მეგობარი არ დაწერდა - "კარგი რა, ნუ ლანძღავთ, ჩიორას კარგად ვიცნობ, ჩემი ბავშვობის მეგობარია, სულ ასეთი კი არ იყო"...
შიში აიძულებს თითქმის ყველა მაღალჩინოსანს, ხმამაღლა, აუცილებლად ტელევიზიით დააფიქსიროს აგრესია "ქართული ოცნების" მიმართ და რაც შეიძლება მეტი სალანძღავი სიტყვა გამოიყენოს, რომ თავის პრეზიდენტს ერთგულება დაუმტკიცოს... და არ გაუშვას ხელსაყრელი მომენტი, თქვას იგივე "მაგიური სიტყვები", რასაც ჩიორა ამბობს ხოლმე... დაბოლოს, შიში აიძულებს პრეზიდენტს, რომ შიში დათესოს ხალხში და არჩევნები ისე მოიგოს!
შიში ვერ შეიქმს სიყვარულს... შიში კლავს გონიერებას...
მითები, რომლებიც ხალხს აშინებს ანუ - "მოვიდა ბუა!"
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი "შიშებისა", კიდევ არსებობს ხალხში გავრცელებული "საშიში მითები", რომლებიც იმავე მიზანს ემსახურება - დაზაფროს ხალხი და არჩევნებში ხმა მმართველ პარტიას მისცეს... თუ არა და... ხმის მისაცემ ოთახში დაყენებული კამერები ასახავს, რომელ ნომერს შემოხაზავ და მერე დედის რძეს არ შეგარჩენენ... დიახ, სწორედ ასეთი ჭორები დადის ხალხში... ეს დაშინების ერთგვარი მეთოდია...
ამას რომ მოისმენ, გინდა თუ არა, როდესაც ფარდის მიღმა მარტო დარჩები და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას დააპირებ, ზევით უნდა აიხედო, როგორც ქათამმა წყლის დალევის შემდეგ, და კარგად მოათვალიერო, კამერა ხომ არ "გიყურებს"... მაგრამ ჭორის თანახმად, კამერა ფარულია! ამიტომ, რა თქმა უნდა, ვერ დაინახავ... შიშის ჭია კი გღრღნის - ნეტავ, მართლა მიყურებენ თუ - არა?.. და ვინაიდან შიშს დიდი თვალები აქვს, შემოხაზავ იმ ნომერს, რომელიც მმართველ პარტიას ეკუთვნის... ეს ჭორიც ხომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება...
ამ ჭორის არ გჯერა? ხვდები, რომ ამდენი ადამიანის გაკონტროლება შეუძლებელია? და თუ გჯერა, მაგრამ მაინც შენი აზრის დაფიქსირებას აპირებ, რადგან არაფერი გაქვს დასაკარგავი, მაშინ აგერ, მეორე მითი, რომელიც ნამდვილად გაჭრის და შეგაშინებს, რადგან სიკვდილის ყველას ეშინია: თურმე მეცნიერებს გამოუგონიათ პრეპარატი, რომელიც ორგანიზმში ენდორფინის (სიყვარულის ჰორმონი გახლავთ) გამოყოფას აფერხებს; ეს პრეპარატი ხელისუფლებას საქართველოში ჩამოუტანია და სამხედრო მოსამსახურეებს, სპეცრაზმელებსა და პილიციელებს საჭმელში უყრის; გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი მიღება კი იწვევს სიყვარულის გრძნობის გაქრობას, ამიტომ, იმ ადამიანებს, ვინც ამ პრეპარატის გავლენის ქვეშ იმყოფება, აღარ ძალუძთ საკუთარი მშობლებისა და შვილების სიყვარულიც კი და შეუძლიათ, საკუთარი ოჯახის წევრებიც გაწირონ...
ნათქვამია - თუ გინდა, შიში დაამარცხო, ის უნდა ჩაიდინო, რისი ჩადენისაც გეშინია!
მარი ჯაფარიძე
(გამოდის ხუთშაბათობით)