როგორ გახდა ქართველი ქალბატონი ბოშების რძალი

როგორ გახდა ქართველი ქალბატონი ბოშების რძალი

ტოლერანტული საქართველოს ნაწილს ბოშებიც წარმოადგენენ. ოფიციალური მონაცემებით, მათი რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში 1500-ია; მათ კახეთში, ქუთაისში, ბათუმში, გურიასა და თბილისში შეხვდებით... ისტორიული წყაროების თანახმად, საქართველოში ბოშათა ბანაკი XIX საუკუნეში შემოსულა... თბილისში ძირითადად, ე.წ. ლოტკინის მთაზე ცხოვრობენ. უმეტესად, ხელზე მოვაჭრეები არიან. თბილისში ბოშათა სხვა დასახლებებიც არსებობს, ერთ-ერთი - ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე. რაც იქ მისულმა ვნახე, მართალია, XXI საუკუნის ყოფას არ ჰგავს, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობაა: პატარა ეზოში, ვაგონის მსგავს სახლში, რომელშიც 8 ოთახია, უამრავი ადამიანი ცხოვრობს. თითოეული ოთახის ფართობი დაახლოებით 8-10 კვადრატული მეტრია, სახლს კი სულ 60 მობინადრე ჰყავს, რომლებიც საერთო საპირფარეშოთი სარგებლობენ. კარები და ფანჯრები შეუმინავია. ბავშვები ეზოში დედიშობილა დახტიან... მშობლები საშოვარზე არიან გასულები: დედები სამათხოვროდ ან სამკითხაოდ, მამები - ჯართის შესაგროვებლად, მაგრამ მათი ყოველდღიური შემოსავალი მიზერულია...

"ბოშათა ბანაკის" ბარონი 58 წლის მიშა იუნენკოა, რომელსაც 5 შვილი, 13 შვილიშვილი და ქართველი მეუღლე - ვენერა მარტყოფლიშვილი ჰყავს. ეს კი ბოშებში იშვიათობაა, რადგან ბოშა მხოლოდ ბოშაზე ქორწინდება... მეთვალყურეების გარეშე დარჩენილ მოზარდებს დღის განმავლობაში სწორედ ვენერა და მიშა ადევნებენ თვალყურს.

- ქალბატონო ვენერა, როგორ მოხვდით ბოშებთან?

- 44 წელია, ბოშების რძალი ვარ. დავიბადე დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში. მყავდა დედ-მამა, 6 დედმამიშვილი, ნორმალურ, შეიძლება ითქვას, შეძლებულ ოჯახში ვიზრდებოდი. 14 წლის ვიყავი, როცა სოფელში ბოშათა ბანაკმა ჩამოიარა. მათ შორის ერთი ჩემხელა, ჟღალთმიანი და ცისფერთვალება ბიჭიც იყო. მისმა თვალებმა გადამრია და ის ბიჭი მაშინვე შემიყვარდა. მასაც მოვეწონე და ბოშებს გავეკიდე. ჭკუა სად მქონდა მაშინ, თორემ ასე ხომ არ მოვიქცეოდი...

- როგორ შეგხვდნენ ბოშები ქართველ რძალს?

- ძალიან ცუდად მიმიღეს. არც დედამთილს ვუნდოდი და არც - ქმრის და-ძმას. მლანძღავდნენ და შეურაცხყოფას მაყენებდნენ... ჩემები ჩემი საქციელის გამო დარდით კინაღამ დაიხოცნენ... ბოშური ენა მალე შევისწავლე და იცით, რატომ? დედამთილი სულ რომ მლანძღავდა, მაინტერესებდა, რა სიტყვებს მკადრებდა... ახლა 5 შვილი და 13 შვილიშვილი მყავს. შვილები რომ გამიჩნდა, ჩემებიც შემირიგდნენ.

- ბოშურისა და ქართულის გარდა, კიდევ რომელ ენაზე ლაპარაკობთ?

- რუსული ვიცი და ინგლისურ ენასაც ვსწავლობ. გათხოვებიდან 14 წლის შემდეგ დავამთავრე სკოლა, ტექნიკუმი და პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაუსწრებელი ფაკულტეტი... ბოშები სამ დიალექტზე საუბრობენ. ეს დიალექტებია: ლახი, პრიშუნი და კრიმი. საქართველოში მცხოვრები ბოშები და ინდოელები ლახურ დიალექტზე ლაპარაკობენ. ინდურ ფილმებს რომ ვუყურებ, დიალოგები ჩვეულებრივად მესმის.

- ბოშებმა ხელისგულზე მკითხაობაც იციან. თქვენც შეისწავლეთ მათგან?

- ეგეც ვისწავლე. შეიძლება, ბოშასავით ვერ ვმკითხაობ, მაგრამ შემიძლია, ხელისგულს დავხედო და ადამიანს ბევრი რამ ვუთხრა...

- ბოშების ცხოვრება საინტერესო და თავგადასავლებით აღსავსეა. ალბათ მოვლილი გაქვთ ბევრი ქვეყანა, არა?

- ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქვეყანა მაქვს მოვლილი. ყველაზე მეტად, უკრაინა და აზერბაიჯანი მომეწონა. ხალხი ამ ორ ქვეყანაში ჩვენდამი კეთილგანწყობილი იყო.

- საქართველოში როდის დაბრუნდით და დამკვიდრდით?

- აქ ეროვნული მოძრაობის დაწყებამდე ჩამოვედით და კახეთში დავიწყეთ ცხოვრება. სახლებიც ავიშენეთ, მაგრამ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს ისე მოხდა, რომ ბოშები კახეთიდან წავიდნენ. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, სოფელ მუკუზანში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა როგორ გაასწორეს მიწასთან სახლები ტრაქტორებით... ბოშები გაყარეს გურჯაანიდან, მაღაროდან და კარდანახიდან. ჩვენ გურჯაანში ვცხოვრობდით და სახლი იძულებით გავყიდეთ. მე როგორც ქართველს, იქიდან არავინ მაგდებდა, მაგრამ ჩემს ქმარ-შვილს რა ეშველებოდა?! ჩემებმა რაც კი მომცეს, ყველაფერი გზადაგზა დავკარგეთ...

- აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები ბოშები მართლმადიდებელი ქრისტიანები ყოფილხართ...

- მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან ის ბოშები, რომლებიც ცხოვრობენ: კახეთში, გარდაბანში, რუსთავში, თელავსა და დედოფლისწყაროში. დასავლეთ საქართველოში კი ვინც ცხოვრობს - მუსლიმანები არიან. ბევრი მუსლიმანი ბოშა ევანგელისტების სექტაში გადავიდა.

- ეკლესიაშიც დადიხართ?

- როგორც ქართველები, ასევე ბოშები მივყვებით მართლმადიდებლურ წეს-ჩვეულებებს. მხოლოდ მცირედი სხვაობაა: ბოშები ყველა რელიგიურ დღესასწაულს (აღდგომას, შობას, წყალკურთხევას და სხვა დღეებს) აღნიშნავენ, ოღონდ აღდგომის მეორე დღეს "მშობლების დღეს" ეძახიან და საკურთხი, ეკლესიის ნაცვლად, საფლავებზე გააქვთ. იქ იშლება სუფრა და ზეიმობენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ყველა ოჯახს პურმარილისა და საჭმელების მომზადების უფლება არა აქვს - ეს პრიორიტეტი მხოლოდ ბარონის ოჯახს ენიჭება. ვინაიდან ბარონის ცოლი ვარ, საეკლესიო დღესასწაულებისთვის საჭმელებსაც ვამზადებ.

- როგორც გავიგე, არასამთავრობო ორგანიზაცია დაგიფუძნებიათ. ბოშებს იურიდიული საკითხების მოგვარებაში ეხმარებით?

- კი, როგორც შემიძლია, ვეხმარები. ერთ-ერთ პროექტზე ვმუშაობდით, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა და ხელფასიც აღარ მაქვს, რომ დავეხმარო. არადა, პრობლემა უამრავია. საქართველოში სულ 1500 ბოშა ცხოვრობს, მათი შვილებიდან სკოლაში მხოლოდ 50 ბავშვი დადის. დიახ, ასეთი მცირე რაოდენობა იღებს განათლებას. დედოფლისწყაროში უკვე კარგი საქმე გაკეთდა - ბავშვებს "ევროპულმა ცენტრმა" ავტობუსი დაუნიშნა და სკოლაში სიარულსაც ახერხებენ. სოფელ გაჩიანში კი ისევ არის პრობლემა, ვინაიდან შორი მანძილის გამო პატარები რუსთავის სკოლაში ვერ დადიან - მშობლებს საშუალება არა აქვთ, ყოველდღე ატარონ... დაბადებისა და პირადობის მოწმობების არარსებობის გამო, პრობლემები ექმნებათ. შარშან ჰოლანდიის საკონსულოს პროექტით ბოშებისთვის პირადობის მოწმობები გააკეთეს; დიდი მადლობა მათ ამისთვის! იქნებ ეს სტატია ვინმე მადლიანმა წაიკითხოს და დაგვეხმაროს, რომ პასპორტიზაცია ჩავატაროთ. პირადობის მოწმობის გარეშე, სახელმწიფო თუ სხვადასხვა სოციალური პროექტით მათი დახმარება ვერ ხერხდება... ტელევიზორი კი გვაქვს; ჰოდა, თუ დენი არის, მოვლენებს ვადევნებთ თვალყურს. რაღაცებში ვერკვევით, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობას ვერ ვიღებთ შესაბამისი დოკუმენტების არარსებობის გამო. ძალიანაც გვიჭირს. არის ისეთი შემთხვევებიც, პურის ფულიც რომ არა გვაქვს. ბოშებს ეს ოთახებიც დაქირავებული აქვთ და ქირის გადახდაც უჭირთ.

- თუ ახერხებენ ბოშები ტრადიციების დაცვას?

- სამწუხაროდ, ყველაფერი დავიწყებას ეძლევა. მუსიკალური ინსტრუმენტები აღარ აქვთ, აღარც ის დროა, მომთაბარე ცხოვრებას მისდიონ, ცხენებითა და ეტლებით ტყისა და მდინარის პირას გავიდნენ, აანთონ კოცონი, გაშალონ კარვები და აახმიანონ გიტარაზე რომანსები. მათი ცეკვები ფილმებში თუ შემორჩა. ყველაფერი ისტორიის ნაწილი ხდება. საზღვრები წლებია, დაიკეტა, ამიტომ ბოშებს ურჩევნიათ, ერთ ადგილას იყვნენ, მაგრამ იმ ერთ ადგილზე ყოფნითაც არაფერი გამოდის. როგორც აღვნიშნე, მათთვის არც სწავლაა ხელმისაწვდომი და არც - სამსახური... ბოშების ყოფა-ცხოვრება ქართულ მწერლობაში, პოეზიაში, თეატრსა და კინემატოგრაფშიც აისახა, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ბოშათა კოლორიტი წარსულს ჰბარდება...

გიორგი ბერიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"