თბილისის ზოოპარკის დათვები მოხალისეების იმედად დარჩნენ

 თბილისის ზოოპარკის დათვები მოხალისეების იმედად დარჩნენ

ადამიანების დაუდევარი და ბოროტი საქციელის გამო, თბილისის ზოოპარკში მოხვედრილი 16 მურა დათვი გაუსაძლის პირობებში იმყოფება. უკვე 2 თვეა, რაც 5 მათგანზე ახალგაზრდა მოხალისეები ზრუნავენ, რომლებიც ყოველდღე ერთმანეთს ენაცვლებიან: დათვებს აუზს უწმენდენ და სუფთა წყალს უსხამენ; დღის 3 საათზე, სიცხეში მოწყენილ ცხოველებს წყალს ასხამენ და "აცოცხლებენ". დათვების დასახმარებლად მისვლა ყველას შეუძლია...

ერთ დღეს ზოოპარკს მეც ვესტუმრე და ცხოველების დასახმარებლად მოკრძალებული წვლილი შევიტანე, თუმცა ჩემი "შრომა" არაფერია იმასთან შედარებით, რასაც იქ მყოფი მოხალისეები აკეთებენ: დათვებისთვის განკუთვნილი აუზი ისეთ ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ ახალგაზრდებმა შეიძლება ითქვას, თავიდან გათხარეს. თან საჭირო ხელსაწყოები არ ჰქონდათ და რაც ჰქონდათ, ისინიც ლამის ხელში უტყდებოდათ.

ირაკლი კიკალიშვილი:

- ამ ცხოველების პრობლემას ყურადღება შემთხვევით მივაქციეთ: დენის მავთულებით შემოღობილი ის მცირე ტერიტორია, სადაც დათვები ჰყავთ, ზოოპარკის გარედანაც კარგად ჩანს. ამბობენ, - ეს ევროპული სტანდარტებია: ცხოველს დენი ერთხელ რომ დაარტყამს, მეორედ ღობესთან აღარ მივაო. მიგვაჩნია, რომ ეს არაჰუმანურია: ცხოველი ვოლიერიდან თავის დაღწევას მაინც ცდილობს, შესაბამისად - ღობესთან მაინც მიდის.... დათვები საშინელ სიცხეში არიან. ჩრდილიც არ ჰქონდათ, რომ თავი შეეფარებინათ. ერთი პატარა ბეტონის მილია, რომელშიც ერთი დათვი ძლივს შეეტევა. ვოლიერში ქოლგის დადგმას თვე-ნახევარი მოანდომეს: ზოოპარკის ადმინისტრაციას ამ პრობლემის ყოველდღე შეხსენება სჭირდებოდა.

- დათვების დასახმარებლად მოხალისეები როგორ შეიკრიბეთ?

- ცხოველების ერთ-ერთი მოყვარული - ჟენკა თოდუა სოციალურ ქსელში აქტიურობდა. რამდენიმე ადამიანს მოგვწერა, - იქნებ ზოოპარკის ადმინისტრაციაში სალაპარაკოდ მივიდეთო (მანამდე ზოოპარკში სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა დარეკა, მაგრამ - უშედეგოდ). დირექტორის მოადგილემ თანამშრომლობაზე უარი გვითხრა, თავად დირექტორს კი კაბინეტში ვერ "ვიჭერდით" - სამსახურში მუდმივად არ არის ხოლმე: ქალაქში არ არისო, - სულ ასე გვპასუხობდნენ. მოადგილემ თანამშრომლობის ერთადერთი ფორმა შემოგვთავაზა: ცხოველებთან მოქცევის წესების შესახებ ფლაერები დაბეჭდეთ და დამთვალიერებლებს დაურიგეთო.

- ცხოველებთან მოქცევის წესებთან დაკავშირებული პრობლემაც არსებობს?

- კი, ბავშვები ცხოველებს ქვებს ესვრიან, მშობლები კი შენიშვნას არ აძლევენ.

- დათვებზე ზრუნვის უფლება როგორ მოიპოვეთ?

- თავდაპირველად, ცხოველებთან არ გვიშვებდნენ, მაგრამ მერე "უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოებამ" (თავმჯდომარე - მარიკა ჩხიკვიშვილი) ზოოპარკის ადმინისტრაციას ოფიციალურად მიმართა მოთხოვნით, რომ ცხოველებთან შევეშვით და საქმეს ჩვენ გავაკეთებდით, თუკი ზოოპარკის თანამშრომლები არ აკეთებდნენ. შემდეგ "ცხოველთა დამცველთა კავშირმა" აქციაც გამართა. ტელევიზიიდანაც მოვიდნენ... ამ ყველაფერმა შედეგი მოგვცა - დათვების დასახმარებლად შემოსვლა შევძელით. მოხალისეებს შორს, უმეტესობა ვეგეტარიანელია. ცხოველების დასახმარებლად ისინი ძალიან აქტიურობენ.

ლიკა გაგნიძე:

- დათვების მოსავლელად ირაკლი ყოველდღე დადის. მე მეოთხედ მოვედი. მანამდე გამოცდები მქონდა, თან - ვმუშაობდი. ახლა შვებულება მაქვს და დროს ასე მხიარულად ვატარებ (იღიმის)... ცხოველების რთულ ვითარებაში ნახვა ჩემთვის მძიმეა. ამ დათვებს ზრუნვა ახლა სჭირდებათ. მზისგულზე არიან. წყალს რომ ვასხამთ, გრილდებიან, თამაშობენ... ახლა შედარებით ნორმალურად გრძნობენ თავს - გამოცოცხლდნენ. საერთოდ, ზოოპარკის არსებობას არ მივესალმებით, მაგრამ რადგან არსებობს, ცხოველები კარგ პირობებში უნდა იყვნენ.

სანდრო ჟღენტი:

- ამ ვოლიერში 5 დათვია, მაგრამ ისეთი პატარა აუზი აქვთ, რომ 2 დათვი ძლივს ეტევა. აუზიდან წყალი არ გადის - ტაშტივითაა. შიგ ტალახი, ჭუჭყი ჩადის. მისი გაწმენდით არც ერთი თანამშრომელი თავს არ იწუხებს. მოხალისეები მოვდივართ და აუზს ხელით ვწმენდთ, ჭუჭყიანი წყალი ვედროებით ამოგვაქვს. შრომატევადი საქმეა, მაგრამ დათუნიები გვებრალება. ტალახში ვერ ცურავენ. თან, შეიძლება, უამრავი ვირუსი შეეყაროთ. მართალია, გარეული ცხოველები არიან, მაგრამ სისუფთავე მათაც სჭირდებათ. ახლა გვინდა, წყლის ამოსატუმბი დანადგარი შევიძინოთ.

- თქვენი ხარჯებით?

- კი. ძვირი არ ღირს. ალბათ, მოხალისეები საერთო ძალებით ყიდვას შევძლებთ. მერე აუზის წმენდა ვედროებით და ხელებით აღარ მოგვიწევს. უფრო ხშირადაც გავწმენდთ. ცხოველები სუფთად იქნებიან. ვოლიერში ერთი პატარა დათუნიაა, რომელსაც სულ რაღაცები ეფხანება (იღიმის), ეტყობა - ჭუჭყის გამო... ამხელა დათვები მცირე ტერიტორიაზე არიან. ელემენტარულად, გასართობი რაღაცები სჭირდებათ, თუნდაც - პატარ-პატარა აუზები.

- წყლის ამოსატუმბი დანადგარი ზოოპარკში არ აქვთ?

- აქვთ, მაგრამ თურმე ისეთი ვოლტაჟის ტუმბოა, რომ 220 ვოლტი არ კმარა, "მილიონ 700 000" სჭირდება! ჩვენ ალტერნატიული საშუალება ვიპოვეთ: პატარა ტუმბო, რომელიც დენზე არ მუშაობს, ბენზინი უნდა ჩაასხა.

ირაკლი:

- საშინელი ხელსაწყოები გვაქვს - ხელში გვიტყდება, ნიჩბებს თავები სძვრება... დირექტორს ელემენტარული რაღაცების გასაკეთებლად მივმართეთ, მაგრამ ყველაფერი რთულად კეთდება. მადლიერების ნაცვლად, ზოოპარკის თანამშრომლებისგან აგრესიას ვგრძნობთ. პირადადაც უთქვამთ: აქ სიარულს კიდევ დიდხანს აპირებთო?

ლიკა:

- რომ ამბობენ, - ზოოპარკს ფული არ აქვსო, არ მჯერა! რაც მოხალისედ დავდივარ, ვხედავ, რომ ჯერ მარტო დათვების ვოლიერებთან უამრავი ადამიანი იკრიბება. ფაქტია, აქ ხალხი დადის, შესაბამისად - ბილეთები იყიდება, რომელიც 2 ლარი ღირს. ცხოველების მოვლა შეუძლიათ... თუკი ფული მაინც არ აქვთ, მაშინ ზოოპარკი უნდა დაიხუროს. ამ ცხოველებს სხვა ქვეყანა შეიძენს და მიხედავს.

ირაკლი:

- ზოოპარკი ძვირად ღირებულ ცხოველებს ყიდულობს (რომლებზე ზრუნვაც ცხადია, ძვირი ჯდება). მიგვაჩნია, რომ უპირველეს ყოვლისა, იმ ცხოველებს უნდა მიხედონ, რომლებიც უკვე ჰყავთ და სხვა მერე შეიძინონ.

- როგორ ახერხებთ ცხოველებზე ზრუნვას? ბევრი თავისუფალი დრო გაქვთ?

- პირადად მე, ყველა საქმე გადადებული მაქვს. საადვოკატო სფეროში ვმუშაობ. იძულებული გავხდი, ახალი საქმეების აღებაზე უარი მეთქვა - ამ ცხოველებს ვერ მივატოვებ. ჩვენ რომ არ მოვიდეთ, დათვებს სასმელი წყალიც არ ექნებათ.

სანდრო:

- ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ზოოპარკს ეს ცხოველები ძალით ჰყავს "შეტენილი" და ვინმე აძალებს, - მოუარეო. თუკი თანამშრომლებს ამ საქმის გაკეთება არ შეუძლიათ, პოზიცია სხვას დაუთმონ, ვისაც ცხოველები უყვარს და მათ მოსავლელად მეტი ენერგია აქვს.

ლიკა:

- ამჟამად, ამ ცხოველებს ისედაც ვუვლი, მაგრამ რომ დამასაქმონ, ჩემს სამსახურს თავს დავანებებდი და მთლიანად ცხოველებზე ვიზრუნებდი. ვინც ზოოპარკში ოფიციალურად მუშაობენ, ფაქტია, რომ ცხოველებს არ უვლიან. კვებას რაც შეეხება, 4 დღის განმავლობაში არ მინახავს, დათვებს რას და რამდენს აჭმევენ. ჩვენ მიერ მოტანილი საკვების გამო, დათვებმა ლამის იჩხუბეს. ყველაფერი შეჭამეს და მაინც ჩემს ჩანთას უყურებდნენ - იქნებ კიდევ გვაჭამოსო. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ძალიან შიათ...

სანდრო:

- როცა დრო მაქვს, ყოველთვის ვცდილობ, რომ ზოოპარკში მოვიდე. ადამიანისთვის ცხოველებთან ურთიერთობა კარგია. ისინი ადამიანურ თვისებებსაც ავლენენ: ეს დათვები 2 ფეხზე დგებიან, "ხელებს" შლიან, თითქოს რაღაცის თქმა უნდათო. თათებით გვანიშნებენ, - წყალი დაგვასხითო.

ლიკა:

- ვისაც ცხოველები არ უყვარს, ის ადამიანებსაც ვერ შეიყვარებს. ხშირად ამბობენ, - რა დროს დათვია, ადამიანებს მიხედეთო, სისულელეა! ერთი მეორეს არ გამორიცხავს: რადგან დათვს ვეხმარები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაჭირვებულ ადამიანს არ დავეხმარები, თუკი შემიძლია. საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, ვის რაზე შესტკივა გული და პრობლემებზე ზრუნვა გაინაწილოს...

- დათვებს რამდენი მოხალისე ეხმარებით?

- 30-35 ადამიანი აქტიურობდა. ზოგი სოციალურ ქსელში წერს, - მოვალო, მაგრამ არ მოდის. ზოგი - შეიძლება, დასასვენებლადაა წასული...

სანდრო:

- ყველაზე რეალური მიზეზი სიზარმაცეა.

ირაკლი:

- თან, დათვებთან ყველაზე "ცხელ საათებში" მოვდივართ.

- დღეს დილით რატომ მოხვედით?

- როცა "ბასეინს" ვწმენდთ, დათვები ცალკე კონტეინერში უნდა იყვნენ. ეს ცხოველებისთვის წვალებაა - შუადღის მზე კონტეინერს საშინლად აცხელებს. ამიტომ მათში დათვების ჩაკეტვა დილით ვარჩიეთ - ნაკლები სიცხეა. აუზი მალე გაივსება და დათვებსაც გამოვუშვებთ...

- მოხალისეებს შორის რომელი სქესის წარმომადგენლები ჭარბობენ?

- გოგონები უფრო აქტიურობენ: მოდიან, გვეხმარებიან...

სანდრო:

- ...მაგრამ ბიჭები უფრო მეტი გვინდა: ფიზიკური ძალა გვჭირდება - ბოლოს და ბოლოს, დათვებთან გვაქვს საქმე (იღიმის)!..

მოხალისეებთან საუბრის შემდეგ, დირექტორთან შეხვედრა ვცადე, მაგრამ შვებულებაშიაო - მითხრეს. ზოოპარკში მეორე დღეს მისულს ირაკლისთან ერთად, ამჯერად სხვა მოხალისეები - გოჩა ჯანეზაშვილი, ასია მარქარიანი და როსტომ კალოიანი დამხვდნენ. მათი ზრუნვის შედეგად, დათვები უკეთ გამოიყურებოდნენ - აუზში გრილდებოდნენ ერთმანეთს ეთამაშებოდნენ... ზოოპარკის ადმინისტრაციას მივაშურე და დათვების მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ცხოველების კურატორს - გიორგი დარჩიაშვილს ვთხოვე. მისი თქმით, მოხალისეების ცხოველების ზრუნვასთან დაკავშირებულ ინიციატივას ზოოპარკის წარმომადგენლები დადებითად შეხვდნენ, მაგრამ დათვები მხოლოდ ზოოპარკის კი არა, ყველა მოქალაქის პრობლემა ყოფილა:

- მურა დათვი საქართველოს "წითელ ნუსხაშია" შეყვანილი. მასზე ბრაკონიერები მაინც ნადირობენ. ხშირად ბუნაგებს თავს ესხმიან, დედა დათვს კლავენ, ბელები კი თან მიჰყავთ. სანამ ბელები პატარები არიან, შინ ზრდიან, შემდეგ კი ავტოგასამართ სადგურებზე ან რესტორნებთან ვინმეს აძლევენ. იქ დათვები პატარა გალიებში ჰყავთ, ხალხის მისაზიდად. არის შემთხვევები, როცა დათვების მოვლას ვეღარ უმკლავდებიან და ზოოპარკში თვითონ მოჰყავთ ან გარემოს დაცვის ინსპექცია ჩამოართმევთ ხოლმე. ასეთ დროსაც ჩვენთან მოჰყავთ. ამ დათვების ისევ ტყეში გაშვება კატეგორიულად არ შეიძლება - საკვების მოპოვებას ვერ შეძლებენ და ადამიანთან, სოფელში დაბრუნდებიან, ვინმეს დააშავებენ... სხვათა შორის, არის მცდელობები, რომ დათვები კიდევ მოგვიყვანონ - საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, გალიებში კიდევ ჰყავთ. ზოგჯერ გვეუბნებიან, დათვებს ნუ ჰყიდითო. ნუ ვყიდით კი არა, ოღონდ ვინმემ წაიყვანოს, აღარ შეგვიძლია! ზოოპარკის ცხოველების მოსავლელად საკმარისი მუშახელი გვყავს, მაგრამ 16 დათვი არ გვინდა. ისინი საკუთარი ინიციატივით არ მოგვიყვანია - უბრალოდ, სხვაგან ვერსად წაიყვანეს. არც ვოლიერი შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც დათვებისთვისაა საჭირო. ესეც ერთ-ერთმა ორგანიზაციამ (რომელიც ჰოლანდიაში მდებარეობს) იმ პირობით გააკეთა, რომ ამ ვოლიერში დათვები რამდენიმე თვის განმავლობაში იქნებოდნენ, ამასობაში კი საქართველოში დათვების თავშესაფარს შექმნიდნენ და ცხოველებს იქ გადაიყვანდნენ, მაგრამ ეს ამბავი ჩაიშალა, დათვები კი ჩვენ შეგვრჩა...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"