დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო

დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო

საქართველოს საჯარო სკოლებში და ძირითად უმაღლეს სასწავლებლებში დღეიდან ახალი სასწავლო წელი დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროდან აცნობეს, 2012-2013 წლის სასწავლო სეზონი 2082 საჯარო სკოლაში დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანის ახლად გახსნილ სკოლებს ესტუმრება.

წლევანდელი სასწავლო წელი ორსემესტრიანია. მოსწავლეები იანვარში და აღდგომის დღეებში დაისვენებენ. I და XII კლასელები სწავლას მაისში, ხოლო დანარჩენი კლასების მოსწავლეები ივნისის შუა რიცხვებში დაასრულებენ. ამასთან, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის სარეაბილიტაციო სამუშაო წელს 527 საჯარო სკოლაში განხორციელდა. ასევე, იხსნება სკოლები კახეთში, სამეგრელოსა და გურიაში.

დღესვე, 140 ათასი მოსწავლე, პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით, სახელმწიფოსაგან საჩუქრად სასკოლო სახელმძღვანელოებს მიიღებს. სახელმძღვანელოები გადაეცემათ სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს (70001-ზე ნაკლები ქულით); იმ ოჯახების მოსწავლეებს, სადაც ერთდროულად სამი ან მეტი და-ძმა სწავლობს სკოლაში; 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილებს. სულ ამ სამი კატეგორიის მოსწავლეებზე მილიონამდე წიგნი გაიცემა. გარდა ამისა, 17 სექტემბერს, ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს სკოლაში დახვდება ნეტბუქი "ბუკი".

წელს პირველად, სასკოლო სახელმძღვანელოები საქართველოს მასშტაბით 400 სკოლაში გაიყიდება. სკოლებში სახელმძღვანელოები ისე გადანაწილდება, რომ წიგნების შეძენას მომიჯნავე სკოლების მოსწავლეებიც შეძლებენ. ამ ობიექტებზე სახელმძღვანელოს მაქსიმალური ფასი 10 ლარი იქნება. წიგნების შეძენის შესაძლებლობა მოსწავლეებს 10 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით მიეცემათ. სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულია ამ სკოლების ჩამონათვალი.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"