კახი კავსაძე: "ბიძინა რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, ვიქნებოდი თუ არა ცოცხალი!"

კახი კავსაძე: "ბიძინა რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, ვიქნებოდი თუ არა ცოცხალი!"

გინახავთ კახი კავსაძეზე ნანა ჯანელიძის ფილმი - "ნეტავ, იქ თეატრი არის?!"... სრული ვერსია არ გექნებათ ნანახი, რადგან ტელეეკრანებზე ჯერ არ გამოსულა... აუცილებლად უნდა ნახოთ!!! აი, თუ რატომ უნდა ნახოთ, როცა ნახავთ, მაშინ მიხვდებით... მე ამის სიტყვებით ვერ გადმოგცემთ და არც მოვინდომებ...

კახი კავსაძესთან ინტერვიუზე მისულებს, მე და გიორგი აბდალაძეს, ბატონი კახი სწორედ ამ ფილმს გვაჩვენებს და სწორედ ამის შემდეგ ვიწყებთ ინტერვიუს ჩაწერას...

კახი კავსაძე:

ერთი ფრაზა მაქვს იმ ფილმში, - "ძველი წავიდა და მოდის ახალი. ის ახალიც ისევე მტკივნეული იქნება, როგორიც ძველი იყო... ახალი იქნება ისეთი, როგორებიც ჩვენა ვართ"...

- და მზად ვართ ამ ახლისთვის?

- ცხოვრება ითხოვს, რომ ყოველთვის ახალი შეიქმნას. ახლისკენ სწრაფვა, ეს არის სწრაფვა პროგრესისკენ. თუმცა ახლის მოლოდინი რომ გაუთავებლად იყოს, ესეც არ შეიძლება.

- ჩვენ ერთი ცუდი ტრადიცია გვაქვს, ბატონო კახი - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ ხელისუფლება არჩევნების გზით არ შეგვიცვლია. ახლა ვდგავართ ახალი გამოწვევის წინაშე, ეს იქნება არჩევნები, რომელსაც აღიარებს ყველა მხარე, თუ იქნება ახალი დაპირისპირება. სწორედ ამის ეშინია ხალხს.

- ალბათ, ისევ ისაა - "ეს მომავალიც ისეთივე იქნება, როგორებიც ჩვენა ვართ". ნუთუ ჩვენ ასეთები ვართ?!. თავს ვდებთ ცივილიზებულებაზე, ყველაზე განათლებულები ვართ, ყველაზე ჭკვიანები ვართ, ყველაზე ინტელექტუალები ვართ, ყველაფერი ვიცით, დიდი პრეტენზიები გვაქვს და ნუთუ არ უნდა ვიცოდეთ, რომ რაღაცა ცივილიზებულად უნდა მოხდეს? ეტყობა, რაღაცაში გვეჭოჭება... როგორ შეიძლება ასე? ან რაღაცა უნდა ვისწავლოთ, ან გავთავდებით ასე.

- თქვენს ოთახში შემოსვლისას მაშინვე მთელს კედელზე შევნიშნე ძალიან ბევრი სურათი - შვილების, შვილიშვილების, მეუღლის, მეგობრების და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სურათი...

- მე ბიძინას უსაზღვრო მადლიერი ვარ. ბიძინა რომ არ ყოფილიყო, ჯერ ერთი, არ ვიცი, ვიქნებოდი თუ არა ცოცხალი. ძალიან რთული და ძვირადღირებული ოპერაციები დამიფინანსა. ჩემი მოდგმა და ჯიში რომ ვერასდროს ვერ გადაიხდიდა. ერთ-ერთ ოპერაციაზე ექიმმა მითხრა, ეს უნდა გავაკეთოთო. დამიხატა რაღაც. იქ ასე იციან, ჯერ გეუბნებიან, მერე გიხატავენ. მერე მითხრა, - ძალიან ძვირადღირებული ოპერაციააო და, ვინც თქვენ გაფინანსებთ, ისინი გადაიხდიან ამასო? დავრეკე "ქართუში". გოგონა არის, ვინც ჩემს მკურნალობას კურირებდა. იმას ვკითხე, - აქ ასე მეუბნებიან-მეთქი და მიპასუხა, - ბატონო კახი, თქვენ გენაცვალეთ, ეს აღარ იკითხოთ, საერთოდ, და არ გაიგოს ჩემმა უფროსმა, თორემ აქედან გამაგდებსო. კაი ბატონო, არ ვიკითხავ არასდროს-მეთქი.

- რადგან დაფინანსებები და ოპერაციები ახსენეთ, აქვე გკითხავთ, - დღეს ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ხნის განმავლობაში აფინანსებდა ადამიანებს, ეხმარებოდა იმისთვის, რომ შემდეგ პოლიტიკაში მოსულიყო და ამ ადამიანების პოზიცია და ხმები ეყიდაო.

- ბიძინასგან პირველი დახმარება მივიღე 1991 წელს. თუ 91 წელს, ანუ 21 წლის წინათ, მან განსაზღვრა, რომ 2012 წელს ჩემი პოზიცია და ხმა დასჭირდებოდა, გენიოსი ყოფილა!.. მაგრამ ბიძინა რომ პოლიტიკაში მოვიდა, სულ სხვა მიზეზი იყო. ეს უკვე ჩემი საქმე არ არის, მე ამაზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მაშინ რომ ამაზე არ ფიქრობდა, ამის თქმა ნამდვილად შემიძლია.

- დიდი ხანია, იცნობთ ბატონ ბიძინას?

- სახელი და გვარი ვიცოდი მარტო, როცა დამეხმარა. მერე, პირველად მოსკოვში ვნახე, რუსთაველის თეატრის გასტროლები დააფინანსა. მაშინ არ იყო ფინანსურად ასე ძლიერი, მაგრამ დააფინანსა და დილის საუზმე გააკეთა. მე ვიყავი, რამაზ ჩხიკვაძე, რობიკო სტურუა, მედიკო ჩახავა... ეს იყო სრულიად ახალგაზრდა კაცი, რომელიც ჩვენ რაღაც განსაკუთრებულად, აღფრთოვანებით გვიყურებდა. მერე, მაგის სიმამრი რომ გარდაიცვალა, პანაშვიდზე მივედი... შემდეგ მამამისის გასვენებაში ვნახე. ყველანი ვიყავით იქ რუსთაველის მსახიობები. მთხოვა, ქელეხზე დავრჩენილიყავით. ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და სულ ვფიქრობდი, როგორ ახერხებს ერთ რამეს, - თუ ვინმეს რამეს გაუკეთებ ან ვინმე რამეს გაგიკეთებს, შეიძლება თავმდაბლურად იქცევა, მაგრამ მაინც გრძნობ, რომ რაღაც გაგიკეთა. თუნდაც ხელს ისე ჩამოგართმევს, ან ისე დაჯდება... შეიძლება უნდა რომ დამალოს, მაგრამ მაინც იგრძნობა. ბიძინა როგორ აკეთებს, რომ ამხელა საქმეს გვიკეთებს ჩვენ და აბსოლუტურად ვერ იგრძნობ ამას.

- თქვენ ასე და ამას საუბრობთ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც, როგორც მისი ოპონენტები ამბობენ, საქართველოში იბრძვის წარსულის დაბრუნებისთვის, ქურდული მენტალიტეტის აღდგენისთვის, რუსეთის შემოყვანისთვის...

- ეგ ეხლა ვიღაცა რაღაცას ლაპარაკობს... იცით, რა არის? როდესაც ორი მოწინააღმდეგე ერთმანეთს ელაპარაკება, იტყვიან ხოლმე, - ნახე, რა უთხრაო... ყველაფერი მოდის ამ დროს, ალბათ... ამაზე ყურადღების მიქცევა არ შეიძლება, იმან იმაზე ის თქვა, ამან იმაზე ის თქვა...

- მაშინ ის მითხარით, თქვენი აზრით, რისთვის შეიძლება პოლიტიკაში მოდიოდეს ბიძინა ივანიშვილი?

- ალბათ მან ჩათვალა, რაღაც ასე უნდა გაკეთდეს და არა ისე. ასე უფრო უკეთესი იქნება ხალხისთვის და არა ისე. ყველას უნდა, გაიმარჯვოს, ყველა ეცდება, რაღაცნაირად მეტი ხმა მიიღოს...

- მიხეილ სააკაშვილს თუ იცნობთ ახლოს?

- საკმაოდ ახლოს. სულ მეუბნება, - გენიალური არტისტი ხართ, ბატონო კახი... გენიალური არტისტი ხართ..

- იმის შემდეგ თუ შეხვედრილხართ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა?

- არა, არ შევხვედრივარ...

- კარგით, სხვა თემაზე გადავიდეთ. თეატრიდან რობიკო სტურუას გაშვებაზე უნდა გკითხოთ...

- რობიკოს ნათქვამი აქვს, - ერთი რამე მაკლია, რომ დიდი რეჟისორი ვიყო, არტისტებმა უნდა გამაგდონ თეატრიდანო. არტისტები არ ვაგდებდით და დიდ რეჟისორად მთავრობამ აქცია. აი, არტისტები ხომ დარტყმულები ვართ, არა?.. რეჟისორები ჩვენზე დარტყმულები არიან. რაში ვერ გვჯობნიან, იცი?.. ჩვენ უფრო "ჩათლახები" ვართ, მაგრამ რეჟისორი არტისტებს რომ კარნახობს, - შენ ასე გააკეთე, შენ ისე გააკეთო, მერე გადის დრო, ეტყობა, თავის თავში რწმუნდება. და აი, მაშინ ენძრევა. რობიკომ ერთი გენიალური სცენა გააკეთა "მეფე ლირში", - მეფე ლირი ამოიღებს დანას და მასხარას შეურჭობს მუცელში. ის შეხედავს, - რას შვრებიო?.. მეფე ლირი მეორედაც შეურჭობს ძალიან მშვიდად, მერე მესამედ და მასხარას მოკლავს. ამით რა თქვა იცით, რობიკო სტურუამ? - მე მეფე ლირი ვარ და არ მჭირდება მასხარაო. როგორც მე ვამბობ ამ ფილმში, ყველა არტისტი მასხარაა. მასხარა კი რას ნიშნავს იცით? თუ შენ მართალს არ ამბობ, მაშინ არტისტი არა ხარ. სიმართლის თქმა კი მოსასმენად ძალიან ძნელია. შენ ძალიან ჭკვიანი უნდა იყო, რომ მართალი მოისმინო.

- ეს არ ვიცი, მაგრამ როგორც თქვა, თუ ხელისუფლება შეიცვლება, მხოლოდ ერთი სპექტაკლის დადგმას აპირებს რუსთაველის თეატრში, დაბრუნებას - არა...

- მაინც შენი თეატრია და დაბრუნდები და დადგამ ერთსაც და სამსაც-თქო!.. ცოტა უნდა დაისვენოს... შეუძლებელია ზედიზედ დადგა ოთხი-ხუთი სპექტაკლი და ყველა შედევრი...

- ბატონო კახი, როდესაც თქვენ გესაუბრებით, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ გივი ბერიკაშვილზე...

- აი, გივის თუ ნახავთ ქუჩაში მოკლულს, ან სახლში მოკლულს, მკვლელი არ ეძებოთ არსად, მოდით ჩემთან, მაგრად მაბრაზებს და თანაც რაზე ბრაზდება, იცით?! მე რომ ვბრაზდები. ცუდად იქცევა. აი, ბავშვი რატომ იქცევა ცუდად, - რატომ ტირიხარ, გამდის და ვტირივარო. ეტყობა, მაგას გასდის ცუდი საქციელი ჩემთან. არ მომიდია მაგისთვის ერთი კარგად. ერთი რაღაცაა, კაცო... საქართველოში ცხოვრობს სამი მილიონი კაცი - ერთი მილიონი ბავშვია, ერთი მილიონი მოხუცია და ერთი მილიონია, რომელსაც სმა-ჭამა კიდევ შეუძლია. აი, იმ ერთ მილიონს უნდა, რომ გივისთან ერთი ჭიქა ასწიოს. ეს კიდევ უარს ვერავის ეუბნება, წარმოგიდგენია?!. კაი კაცია, კეთილი კაცია, მაგასთან ერთად სუფრასთან ჯდომას არაფერი სჯობია, ყველასთვის ანგარიშის გაწევა ხომ არ შეიძლება?..

- გივი ბერიკაშვილი თელავში ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ აქციაზე გამოვიდა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, - კახი არ არის საქართველოში, თორემ ისიც აქ იქნებოდაო. აპირებთ ასე ღია მხარდაჭერით აქციაზე გამოსვლას?

- იცით რა?.. მე თუ გამოვედი აქციაზე და სიტყვა ვთქვი, ვერ ვიარტისტებ. სცენაზე ვეღარ გამოვალ. მე აუცილებლად მივალ და დავდგები იქ, სადაც ხალხი დგას. "თავისუფლების მოედანზეც" ვიყავი და მცხეთაშიც, მაგრამ რომ გამოვიდე და სიტყვა ვთქვა, დამთავრებულია ჩემი საქმე... მაგრამ ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, - ბიძინა ივანიშვილი ჩემი მეგობარია, ჩემი უმცროსი მეგობარი... იცით, რა მაკვირვებს? ბიძინამ როგორ აღზარდა თავისი შვილები. მილიარდერის შვილები არიან, წარმოგიდგენიათ? ვიღაცა რაღაცა ორ კაპიკს იშოვის და მის შვილს ვეღარ იცნობ, კაცო... მე ბერასაც ვიცნობ, უტასაც და გვანცასაც. ასეთი თავმდაბლები რანაირად არიან, არ ვიცი. როგორ მოახერხეს, კაცო?!. ერთხელ საკუთარი ყურით მოვისმინე, სადღეგრძელოს უებნებოდა ბიძინა უტას. უტას დაბადების დღე იყო და ასეთი რაღაცა უთხრა, - უტა, შვილო, შენ ჩემი შვილი ხარ და მე შენი მამა ვარ. როგორც მამას, სულ მინდა შენით ვიამაყოო. ყველა შენი საქციელი საამაყო იყოს. როგორც კი მე შემრცხვება შენი საქციელის და არ ვიამაყებ შენით, შენ ჩემი შვილი არა ხარო. უტა ფეხზე იდგა და ამას უსმენდა.

სხვათა შორის, ბიძინამ ეს ფილმი რომ ნახა, დამირეკა, - ჩემს სიცოცხლეში პირველად ვნახე ფილმი ორჯერ ზედიზედო. ნანას ეს ფილმი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცე ჩემგანო.

- "ნეტავ, იქ თეატრი არის?!"

- არის... თეატრიც არის, სიყვარულიც არის და სიძულვილიც არის... ოღონდ სიძულვილი ძალიან ცოტაა. სიძულვილიც არის იმიტომ, რომ სიყვარულს ფასი დაედოს. იქ წასული არც ერთი კაცი უკან მობრუნებული არ მინახავს, ყველა იქ დარჩა. ცუდი რომ ყოფილიყო, ვინმე ხომ მაინც გამოიქცეოდა უკან?..

- დაბოლოს, ბატონო კახი, - "გვეშველება რამე"?!

- (იცინის) ერთხელ მანქანით მივდიოდი გადაღებაზე, გოდერძი ჩოხელი იღებდა "სამოთხის გვრიტებს". აი, მცხეთასთან ხიდის ქვეშ რომ გზა გადის, კარგი ასფალტი იყო ყოველთვის, როგორც სარკე. მივდივარ ჩემი მანქანით და გამისწრო ერთმა მანქანამ. ყურადღება მივაქციე იმიტომ, რომ უკანა "პარპრიზზე" ორი ძალიან კარგი ბავშვი იყო მომდგარი, ხელებს იქნევდნენ. უცბად ამ მანქანიდან, ამ არაჩვეულებრივ მოსრიალე ასფალტზე გადმოვარდა ქაღალდის პარკი, დავარდა, გაიხა, გადმოცვივდა იქიდან ვაშლის ნაფცქვენები, კვერცხი, ხილი, ქაღალდები და ასე გაიშალა. გავეკიდე მანქანას, გავუსწორდი. კაცი ზის საჭესთან და გვერდით ძალიან სიმპათიური ქალბატონი უზის. ამ კაცს გავხედე, იმანაც შემომხედა. მიცნო, გაიღიმა და თავი დამიქნია, მეც თავი დავუქნიე და იქიდან მეძახის, - ბატონო კახი, გვეშველება რამე?!.. - ბატონო, ვერ გავიგე?.. - ვითომ ვერ გავიგე... - გვეშველება რამე?!. - ისევ გამიმეორა. ავდექი და მანქანა გადავაყენე. დავუყენე წინ, გადმოვედი მანქანიდან და დავინაზე, ძალიან შეშფოთდა ის კაცი, - რაღაცა შემეკითხა, ვერ გავიგე, ვუთხარი, არადა მეხუმრა, მე გადმოვდივარ, რომ ვკითხო, - რა მკითხე-თქო... მივედი მანქანასთან, - ვაიმე, რა კარგი ბავშვები არიან, გამარჯობა ქალბატონო... დედა, რა ლამაზი ბავშვები ხართ, - გავახურე ახლა მე, - რა მშვენიერი ქალბატონი ბრძანდებით, რა ლამაზი ბავშვები ხართ, ვისი ხართ თქვენ ბავშვებო?.. რომელმა გადმოაგდეთ ის პარკი? დედა, რა ლამაზი ბავშვები ხართ... ვინ გადმოაგდო ის პარკი, ჰა?.. არ გრცხვენიათ?!. ხომ კარგი ბავშვები ხართ, რატომ გადმოაგდეთ?!. დედა, რა ლამაზები ხართ!.. მერე მივუბრუნდი ამ კაცს, - რაღაცა მითხარით თქვენ, პატივცემულო, და ვერ გავიგე-მეთქი!.. და გაჩერდა... დიდი პაუზა იყო. არ გვეშველება-მეთქი, - და ვუთხარი, - ვიდრე რაღაცას არ ვისწავლით, არაფერი არ გვეშველება!.. თუ ვისწავლით, რომ პარკის გადაგდება არ შეიძლება, მაშინ გვეშველება!.. რაღაცა უნდა ვისწავლოთ, კაცო, ისე არაფერი არ გამოვა...

დიმიტრი ტიკარაძე

გაზეთი "კვირის ქრონიკა"

(შემოკლებული ვერსია)

ასევე იხილეთ: "აქ არიან ყველანი და მეც აქ ვარ, ჩემო ბატონო" - კახი კავსაძე "ქართული ოცნების" აქციაზე

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"