განათლების დონე საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

განათლების დონე საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2012 წლისთვის იმ ქვეყნების საუკეთესო ათეული, რომელსაც ყველაზე მეტი უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქე ჰყავს, ასე გამოიყურება: კანადა, ისრაელი, იაპონია, აშშ, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, დიდი ბრიტანეთი,ფინეთი, ავსტრალია, ირლანდია. ამავე ორგანიზაციის მოხსენებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებს უმუშევრობა სხვებზე ნაკლებად ემუქრებათ... რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით საქართველოში? - განათლების სფეროს ამ და სხვა ყურადსაღებ საკითხებზე ახლად არჩეული პარლამენტის წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი გია ჟორჟოლიანი გვესაუბრება.

- ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, კანადაში მოსახლეობის 51%-ს აქვს მიღებული უმაღლესი განათლება, ისრაელში - 46%-ს, იაპონიაში - 45%-ს.

- საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 22%-ია უმაღლესი განათლების მქონე ანუ ეს მაჩვენებელი წამყვან პოზიციებზე მყოფი ქვეყნების მაჩვენებლებს ორჯერ და მეტად ჩამოუვარდება, რაც, ცხადია, არასახარბიელოა. საქართველოში ყოველ 10000 მოსახლეზე მოდის 234 სტუდენტი (აღსანიშნავია, რომ 2003 წელს მოდიოდა 355 სტუდენტი), მაშინ როცა, მაგალითად, ლატვიაში ყოველ 10 000 მცხოვრებზე 492 სტუდენტია, ანუ საქართველოზე 2,1-ჯერ მეტი! მით უმეტეს, რომ განვითარებულ ქვეყნებში სტუდენტების რიცხვი განუხრელად იზრდება. სტუდენტები და უმაღლესი განათლების მქონე პირები განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის 65 პროცენტს შეადგენენ.

- უმაღლეს განათლებაზე კანადა მთლიანი შიგა პროდუქტის 7,5%-ს ხარჯავს, ისრაელი - 7,2-ს... რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში?

- საქართველოში განათლებაზე მთლიანი შიგა პროდუქტის 2,4% გამოიყოფა, მაშინ, როცა საშუალო ევროპული მაჩვენებელი 5-6 პროცენტია; რაც შეეხება საბიუჯეტო ასიგნებებს, განათლების სფეროსთვის ბიუჯეტის 8 პროცენტია გამოყოფილი, საშუალო ევროპული მაჩვენებელი კი 11-12 პროცენტია. როგორია ეს ციფრები სხვადასხვა სახელმწიფოში? საბერძნეთში განათლებისთვის გამოყოფილი სახსრების წილი მთლიან შიგა პროდუქტსა და ბიუჯეტში, შესაბამისად, 3,1% Dდა 6,4%-ია, ლიტვაში - 5,8% და 15,5% და ა.შ. ევროგაერთიანების ქვეყნების ხარჯების ყოველი მეცხრე ევრო განათლებაზე იხარჯება, ჩვენთან კი - მხოლოდ ყოველი მეთორმეტე, ამასთანავე, თუ ევროკავშირის ქვეყნებში მოსახლეობა განათლების ხარჯების მხოლოდ 13 პროცენტს ფარავს, საქართველოში ეს მაჩვენებელი თითქმის 70%-ია, (!) ყველაზე კატასტროფული ვითარება მეცნიერებაშია, რომელზე დანახარჯიც მთლიანი შიგა პროდუქტის მხოლოდ 0,2 პროცენტს შეადგენს. საქართველოში მეცნიერების დაფინანსება რამდენჯერმე უნდა გაიზარდოს, ეს სისტემა, ფაქტობრივად, განადგურებულია და მეცნიერული კვლევის ორგანიზება თავიდან არის აღსადგენი. საიდან უნდა მოვიტანოთ საჯარო თანხები? ჩემი აზრით, უნდა შემცირდეს მმართველობის ორგანოებისა და ძალოვანი სამინისტროებისთვის გამოყოფილი თანხები. ეს დაფინანსება აქამდე, ქვეყნის ბიუჯეტის თითქმის ნახევარს, 49%-ს მოიცავდა. როცა ევროპულ ორიენტაციაზე ვსაუბრობთ, მთავარი მიზანი ევროპული პოლიტიკური წესრიგის, თავისუფალი საზოგადოების დაფუძნება უნდა იყოს, რომლის ქვაკუთხედი მაღალი დონის განათლების მიღების საყოველთაობა იქნება. ეკონომიკის, მრეწველობის, მაღალი ტექნოლოგიების განვითარება გააჩენს მოთხოვნას ახალ სპეციალობებზე და არა მხოლოდ იურისტებსა და ფინანსისტებზე, ბანკირებზე.

- უფასო უმაღლესი განათლების შემოღება შესაძლებლად მიგაჩნიათ?

- დიახ, უფასო უმაღლესი განათლების შემოღება შესაძლებელია, ანუ გადასახადი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, როგორც ეს ევროპის სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების აბსოლუტურ უმრავლესობაშია, მაგალითად, საფრანგეთში სემესტრში გადასახადი 300-500 ევროა, როცა იქ საშუალო წლიური ხელფასი 40 000 ევროა. საქართველოში კი ამჟამად გადასახადი საშუალოდ 1000 ევროა, მაშინ როცა წლიური საშუალო ხელფასი ქვეყანაში 3 000 ევროა. პირველ ეტაპზე გადასახადი შესაძლოა, განახევრდეს მაინც, ასევე, მეტი შეღავათი უნდა მიეცეთ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს.

რა თქმა უნდა, განათლების მინისტრის პროფესიულ და პიროვნულ თვისებებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, ქვეყანაში თავისი საქმის არაერთი პროფესიონალია. თუმცა, განათლების კონცეფციის, პოლიტიკის შეცვლაში მინისტრი მნიშვნელოვან, მაგრამ არა გადამწყვეტ როლს თამაშობს.

ცნობისთვის

მსოფლიოში საუკეთესო 10 უნივერსიტეტი

ბრიტანეთის ყოველკვირეულმა ჟურნალმა "The Times Higher Education" ტრადიციული, მსოფლიოს ათი საუკეთესო უნივერსიტეტის რეიტინგი გამოაქვეყნა: აი, როგორ გამოიყურება საუკეთესო ათეული:

1. კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი: 2. ჰარვარდის უნივერსიტეტი 3. სტანფორდის უნივერსიტეტი; 4. ოქსფორდის უნირვერსიტეტი; 5. პრინსტონის უნივერსიტეტი; 6. კემბრიჯის უნივერსიტეტი; 7. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი; 8. ლონდონის იმპერიული კოლეჯი, 9. ჩიკაგოს უნივერსიტეტი; 10. კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტი.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"