რას ნანობს ცოტნე გამსახურდიას ყოფილი ცოლი?

რას ნანობს ცოტნე გამსახურდიას ყოფილი ცოლი?

ცოტნე გამსახურდიას ყოფილ ცოლ სოფო ჩიკვილაძეს ბოლო დროს პოლიტიკურ აქციებზე ხშირად ნახავდით. ჯერ კიდევ მაშინ ვთხოვე, ახალ გატაცებაზე "რეიტინგში" ესაუბრა, მაგრამ არჩევნების დამთავრებამდე თავი შეიკავა. პოლიტაქტივობის პარალელურად, სოფო ცოტნეს ციხეში ყოფნას აპროტესტებდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვდა. 24 ოქტომბერს, პატრიარქის თხოვნით, პრეზიდენტმა ცოტნე გამსახურდია შეიწყალა და მან საპატიმრო დატოვა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი იმავე საღამოს "მაესტროზე" გადაცემა "პოლიტმეტრს" ესტუმრა. ნინო ჟიჟილაშვილი და ცოტნე გამსახურდია მთელი ეთერის განმავლობაში ფეხზე იდგნენ, რადგან ცოტნეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, ხერხემალი აწუხებს და სკამზე დაჯდომას ვერ ახერხებდა.

-  სოფო, ბოლო დროს აქტიურად იყავი ჩართული "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში...

-  დიახ, საბურთალოს რაიონში დავით უსუფაშვილის საარჩევნო შტაბში ვმუშაობდი, სადაც შტაბის უფროსის, ბექა მიქაუტაძის თანაშემწე ვიყავი. პოლიტიკურ პროცესებში ირაკლი ალასანიას პარტია "თავისუფალ დემოკრატებში" ჩავერთე. "ქართული ოცნება" უკვე გამოსული იყო პოლიტიკურ ასპარეზზე, მაგრამ შტაბი ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული. იმ პერიოდში ძირითადად თბილისიდან გასვლა გვიწევდა და წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოკითხვებს ვატარებდით. დავდიოდით აქციებზე, მერე შტაბი ჩამოყალიბდა და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად ბატონი დავითი დასახელდა.

-  იცნობდი მანამდე დავით უსუფაშვილს?

-  არა, არანაირი შეხება არ მქონია, მაგრამ ძალიან საინტერესო პიროვნებაა, თბილი, ყურადღებიანი. საოცარი დიპლომატია და დადებითი აურა აქვს. ყველაფერს გასაგებად გიხსნის, თავისი საქმის პროფესიონალია. სასიამოვნო იყო მასთან მუშაობა. საარჩევნო შტაბში ჩემმა მუშაობამ დიდი გამოცდილება მომიტანა. კრიტიკულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილების მიღებას მიმაჩვია, რაც ძალიან დამეხმარება მომავალი ცხოვრების დაგეგმვაში.

-  როგორც ვხვდები, პოლიტიკური ამბიციები გაქვს.

-  ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ცხოვრებაში ჩემი მიზნები მაქვს, რასაც ეტაპობრივად განვახორციელებ. არჩევნების მეორე დღეს ჩვენი შტაბი დაიხურა, ახლა მოლოდინის რეჟიმში ვარ. ჩემს მეგობრებთან - ქეთი ჯალაღანიასა და ანა კაპანაძესთან ერთად მრავალპროფილიანი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებას ვაპირებ.

-  სოფო, გარდა შენი პოლიტიკური აქტიურობისა, ბოლო დროს ციხეში მყოფი ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობას აპროტესტებდი და მის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდი.

-  დიახ, რადგან ციხე ადამიანისთვის გამოსასწორებელ დაწესებულება უნდა იყოს. ციხეში გადაღებული უმძიმესი კადრების გავრცელების შემდეგ ახალგაზრდებმა აქციები მოვაწყვეთ. გლდანის ციხესთან ყოფნისას სიმწრის ცრემლები მომდიოდა, პატიმრები შიგნიდან გვანიშნებდნენ, რომ გვხედავდნენ. სინათლეს ანთებდნენ და აქრობდნენ, რკინის გისოსებზე აბრახუნებდნენ. მაშინ გავიაზრე ის საშინელება ბოლომდე, თითქოს მე ვიყავი პატიმარი.

-  ცოტნე სად იყო ამ დროს?

-  მე მგონი, რუსთავიდან უკვე გლდანში იყო გადმოყვანილი. საერთოდ, გლდანის ციხე დიდი ხნის განმავლობაში სისასტიკით იყო განთქმული. ყველა ცდილობდა თავისი პატიმარი სხვაგან გადაეყვანა, მაგრამ არ ვიცი, ცოტნე რატომ დააბრუნეს უკან. რუსთავის ციხიდან ჯანმრთელობის გაუარესების გამო, შეიძლება გლდანის ციხის საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

-  ციხეში მის ყოფნას სწორედ ავადმყოფობის გამო აპროტესტებდი.

-  დიახ, ცოტნე დიდხანს შიმშილობდა, ცუდად იყო. მინდოდა ჩემი სიტყვებით დავხმარებოდი, რამე გამეკეთებინა, ადამიანურად დავუდექი მხარში.

-  რამდენად მოულოდნელი იყო ციხიდან მისი გამოსვლა?

-  მოულოდნელი არ ყოფილა, შინაგანად ველოდი, რომ გამოვიდოდა. ცოტნეს გათავისუფლების შესახებ, როგორც სხვებმა, მეც ტელევიზიით გავიგე.

-  მანამდე ცოტნე შენს პოლიტაქტივობას ხომ არ გამოხმაურებია?

-  ერთხელ და სამუდამოდ გავუსვამ ხაზს, ჩვენ ოდესღაც გვქონდა ურთიერთობა და მერე ჩვენი გზები გაიყარა. ახლა სხვადასხვა გზა გვაქვს. ცოტნეს არაფერი უთქვამს, არც შემხმიანებია.

-  ციხიდან გამოსვლის შემდეგაც არ გქონია მისი ნახვის მცდელობა?

-  არა, თუ ბავშვების ნახვა მოუნდება, არანაირი პრობლემა არ არის. პირველი ნაბიჯის გადადგმას მე არ ვაპირებ. თუ დარეკავს, ნახავს, თუ არადა, ჩვეულებრივად გავაგრძელებ ცხოვრებას, როგორც აქამდე...

-  რა ასაკის არიან ბავშვები?

-  თამარი 5 წლის არის, ცოტნიკო - 2-ის. თამარი უკვე სკოლაში დადის, პირველ კლასშია. საკმაოდ კარგად ართმევს თავს დავალებებს, ნიჭიერი ბავშვია.

-  მამის გამოსვლას როგორ შეხვდა?

-  თავიდან არ მინდოდა, რომ გაეგო, არ ვიცოდი, გარეთ რამდენად ექნებოდათ ურთიერთობა და მერე გული არ დასწყვეტოდა. ცოტნე ტელევიზიით ნახა, გადაცემაში. მამიკო - თქვა და გაიღიმა, შემდეგ წერა გააგრძელა. გაუხარდა, რადგან საზღვარგარეთ ეგონა წასული. არასოდეს მითქვამს, რომ ცოტნე ციხეში იყო. ეგონა, რომ ჩამოვიდა და მორჩა. ერთხელ ბაღში უთხრეს, მამაშენი ციხეშიაო და ძალიან განიცადა.

-  ცოტნე დღეს მძიმე მდგომარეობაშია, მაყურებელმა ის გადაცემა "პოლიტმეტრში" ნახა.

-  ციხიდან გამოსულის ფოტოები რომ ვნახე, სადაც პატრიარქთან ერთად იყო გადაღებული, საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ საღამოს რაც ვნახე, ეტყობა, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.

-  თუ იცი, დღეს სად ცხოვრობს?

-  მე ვიცოდი, რომ ბიძაშვილთან იყო, მაგრამ სატელევიზო კადრები კოლხურ კოშკთან იყო გადაღებული.

-  რას ფიქრობ, ახლა როგორ გაგრძელდება შენი ცხოვრება, იყო პერიოდი, როდესაც ამბობდი, რომ ცოტნეს გამოსვლის გეშინოდა.

-  ალბათ მოვა დრო, შეიძლება ერთი წლის შემდეგ ან უფრო ადრე, და ერთ დღეს მე და ცოტნე დავსხდებით და გავივლით იმას, რაც ამ წლების განმავლობაში გავაკეთე. ყველაფერს გავაანალიზებთ და ორივე მხარე ჩვენს სიმართლეზე ვისაუბრებთ. მეშინოდა იმიტომ, რომ არ გაბრაზებულიყო, მაგრამ როდესაც ჩემს გადადგმულ ნაბიჯებს გადავხედე, დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში და შიშის განცდა აღარ მაქვს. ჩემი შვილების უკეთესი მომავლისთვის სერიოზული მიზანი დავისახე, ვნახოთ, რა გამომივა.

-  თუ ნანობ რომელიმე ნაბიჯს, რაც ცოტნესთან ურთიერთობისას გადადგი?

-  "სიმართლის დროსთან" დაკავშირებით თუ მეკითხებით, შეიძლება ეს არ უნდა გამეკეთებინა.

-  წარსული რომ დააბრუნონ, ისევ ისე მოიქცეოდი?

-  ეს ჭკუა რომ მქონდეს, არა.

-  დღეს, როდესაც პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა, ადამიანები ღიად ლაპარაკობენ ადრე განხორციელებულ ზეწოლაზეც. მაშინ შენზეც ამბობდნენ, რომ ცოტნეზე ლაპარაკი გაიძულეს...

-  შეიძლება პირდაპირ არ მოვიდნენ და იარაღი არ დაგადონ, მაგრამ ფსიქოლოგიური, მორალური დაშინება ყოველთვის იყო. ეს არასოდეს დამიმალავს და ამაზე ხშირად ვლაპარაკობდი. ამ წლების განმავლობაში ჩემს ცხოვრებას თუ გადახედავთ, ბავშვების გატაცებაც უნდოდათ და ჩემი მოწამვლაც სცადეს. არ ვიცი, ამას ვინ უკვეთდა. მეუბნებოდნენ, მაფრთხილებდნენ. შეიძლება ადამიანი ვერ გატეხონ ფსიქოლოგიურად და ბავშვით დააშანტაჟონ.

-  აღიარებ, რომ ამ ფაქტორებმა მოახდინა გავლენა, რომ გადაცემაში მისულიყავი?

-  მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი, ჯერჯერობით ვერ ვგრძნობ თავს იმდენად დაცულად, რომ ამაზე ვისაუბრო. მკითხველი ბევრ რამეს ვერ იგებს, ხშირ შემთხვევაში არ გიცნობენ და გამტყუნებენ.

-  მაშინ საზოგადოების გარ­კვ­ეული ნაწილი აგიჯანყდა.

-  დიახ, ჯერ უნდა გაიცნო ადამიანი, იქნებ რა უჭირს და ამას რის გამო აკეთებს. მერე ხშირად უთქვამთ, გადაცემაში სხვანაირი იყავი და ცხოვრებაში სულ სხვა ყოფილხარო.

-  ყველა სათითაოდ ვერ გაგიცნობს, საზოგადოებისთვის საინტერესო სახე ხარ და შენს ნაბიჯებს იმიტომ აფასებენ.

-  თუ უარყოფით მხარეებს უყურებენ, დადებითი მხარეებიც დამიფასონ.

-  დღეს როგორ ფიქრობ, ის გადაცემა ცოტნეს დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული?

-  ბევრი მიზეზი იყო, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნაბიჯი ფულის გამო არ გადამიდგამს, მე მგონი, ეს სახეზეც მეწერა. დანარჩენი ისე დავტოვოთ, როგორც არის. ოდესმე ამაზე ვისაუბრებ. შეიძლება, ცუდი ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ იმიტომ გავაკეთე, რომ შვილები დამეცვა.

-  როგორ ფიქრობ, შეიცვალა ცოტნე?

-  ერთი შეხედვით ვერ ვიტყვი, სანამ არ ვნახავ, მაგრამ მისი კომენტარებიდან მომეჩვენა, რომ დაწყნარებულია. ფოტოებიდან მეგონა, კარგად იყო, მაგრამ საღამოს რაც ვნახე, საშინელება იყო, ბოლომდე არ ვუყურე, თან ბავშვებზეც იმოქმედებდა. ცუდად რომ არის ადამიანი, ეტყობა.

-  რას ეტყოდი ცოტნეს ჟურნალის ფურცლებიდან?

-  პირველ რიგში, გამოჯანმრთელდეს და მერე, თუ რაიმე მიზნები აქვს, ბოლომდე მიიყვანოს.

-  ბავშვები...

-  თამარს მამა ენატრება, ცოტნიკო საერთოდ არ იცნობს. თამარს სამი წელია არ უნახავს, ცოტნე რომ დაიჭირეს, ძლივს ლაპარაკობდა. ალბათ რაღაც ეტაპზე გაუჭირდებათ მასთან ურთიერთობა, მაგრამ შეეჩვევიან.

-  შენს კარიერაში სიახლეებს როდის ველოდოთ?

-  უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ. ჩემი ცხოვრება უინტერესოდ ვერასოდეს წარმომიდგენია.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"