მეუფე საბა ისრაელის შსს-ს მიერ მომლოცველთათვის ვიზებზე უარის თქმას ისრაელში ქართველების არალეგალურად დარჩენის ფაქტებს უკავშირებს

მეუფე საბა ისრაელის შსს-ს მიერ მომლოცველთათვის ვიზებზე უარის თქმას ისრაელში ქართველების არალეგალურად დარჩენის ფაქტებს უკავშირებს

საქართველოს საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი საბა ისრაელის შსს-ს მიერ მომლოცველთათვის ვიზებზე უარის თქმას ქართველი მომლოცველების ისრაელში არალეგალურად დარჩენის ფაქტებს უკავშირებს.

ამის შესახებ მეუფემ დღეს, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მეუფე საბამ კომენტარი გააკეთა "ინტერპრესნიუსის" მიერ პილიგრიმებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე.

მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქო მომლოცველებისთვის ვიზების მიღებას ისრაელში მათი შუამავლების მეშვეობით ახერხებდა. ისრაელის შსს-ს გადაეგზავნებოდა პილიგრიმთა მონაცემები და ჯგუფურ ვიზებს ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრო გასცემდა. მეუფის ცნობით, ზოგჯერ პრობლემები იყო, რადგან ვიზებს ყოველთვის არ გასცემდნენ, მაგრამ კატეგორიული უარი მომლოცველებზე არ ყოფილა.

"კატეგორიული უარის თქმა მომლოცველებისთვის არ ყოფილა, ყოველთვის გვარდებოდა ეს პრობლემა. ამჯერად საშობაოდ გადაგზავნილი იყო სია 40 ადამიანზე. იქიდან მოგვივიდა უარი, ქართველებზე ამ ეტაპზე ვიზებს ჩვენ არ გავცემთო. ამის შესახებ ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. მიმართეთ ადგილზე საკონსულოს და მათ განიხილონ თითოეული ადამიანის მდგომარეობა და ვისაც ჩათვლიან საჭიროდ, მასზე გაიცემა ვიზაო", - აღნიშნა მეუფემ.

მეუფემ ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც ქართველები ისრაელში არალეგალურად რჩებოდნენ. კერძოდ, მისი განმარტებით, არსებობს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ზოგიერთი ტურისტული კომპანია საქართველოდან ისრაელში ახორციელებდა ჩარტერულ რეისებს და შემდეგ იქ ქართველები არალეგალებად რჩებოდნენ. მეუფე საბამ აღნიშნული ტურისტული კომპანიები არ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ თავად არაფერი იცის.

კითხვაზე - უკავშირდება თუ არა გაერო-ში საქართველოს მიერ პალესტინისათვის ხმის მიცემის საკითხი მომლოცველებისთვის ვიზებზე უარს, მეუფე საბამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისაგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ ეს მისი მხრიდან პოლიტიკური განცხადება იქნებოდა.

მანვე დასძინა, რომ ამჯერად ისრაელის საკონსულოს 40-მდე ადამიანმა მიმართა და მათი ვიზები დააკმაყოფილეს.

საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კი მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, ისრაელში მომლოცველად ყოფნის დროს იქ დარჩენისაგან თავი შეიკავონ, რადგან ამით საქართველოს იმიჯს ლახავენ.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"