ფილარმონიაში პატრიარქის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

ფილარმონიაში პატრიარქის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

ფილარმონიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. გუშინდელი კონცერტის დასაწყისში ქართველმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ სცენაზე პატრიარქის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სცენაზე მიიხმო, რომელმაც პატრიარქს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ უწმინდესმა ბიბლია ხელახლა თარგმნა ქართველებისთვის და ერი ქრისტიანულ ჭეშმარიტებას კიდევ ერთხელ აზიარა.

"იმ პერიოდის შემდეგ, როდესაც ათეიზმი იყო გამეფებული საქართველოში, ერს დაუბრუნდა სულიერება და შეავსო ის სიცარიელე, რომელიც კომუნისტური პერიოდის შედეგად იყო დატოვებული ჩვენში. პატრიარქმა ხელახლა გაათბო ქართველთა სულები", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და დასძინა, რომ სწორედ ეს არის ქართველების ბიბლიასთან ხელახლა ზიარება.

პარლამენტის თავმჯდომარემ უწმინდესის ღვაწლზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ პატრიარქს უფალმა მძიმე ტვირთი არგუნა, მან მოახერხა სამოქალაქო ცნობიერების გაღვიძება და დიდი როლი შეიტანა სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაშიც.

ფილარმონიაში საიუბილეო კონცერტი მრავალჟამიერით დაიწყო, რომელსაც მოჰყვა უწმინდესის საგალობელი "წმინდაო ღმერთო". ის ლიზა ბაგრატიონმა შეასრულა. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სწორედ ამ დროს შებრძანდა უწმინდესი, რომელსაც შეკრებილი საზოგადოება ტაშით, ფეხზე ადგომით შეეგება.

საიუბილეო კონცერტზე იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, ასევე, თითქმის მთელი მინისტრთა კაბინეტი და პარლამენტის წევრები, ცნობილი პიროვნებები, საზოგადო მოღვაწეები. ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენიდან უწმინდესს იუბილე მიულოცეს სპეციალურად ამ მიზნით საქართველოში ჩამოსულმა ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა. კერძოდ, ცნობილი ოპერებიდან არიები შეასრულეს ზურაბ სოტკილავამ, მაყვალა ქასრაშვილმა, იანო ალიბეგაშვილმა, ბადრი მაისურაძემ, ნინო სურგულაძემ, ლადო ათანელმა, გია ონიანმა, ნანა ქავთარაშვილმა, გიორგი გაგნიძემ, მარიკა გულორდავამ და სხვა მომღერლებმა. ასევე, შესრულდა უწმინდესის საგალობელი "ავე მარია". ლიანა ისაკაძემ უწმინდესს სიურპრიზი მოუმზადა და სცენაზე ლიანა ისაკაძის მიერ გაორკესტრებული "ავე მარია" ჟღერდა ორკესტრთან ერთად.

გარდა ამისა, "ავე მარია" შეასრულეს პაატა ბურჭულაძემ, იანო ალიბეგაშვილმა, ნატო მეტონიძემ, ანსამბლ "მძლევარის" ბიჭებმა კაპელასთან და ორკესტრთან ერთად.

დარბაზში უწმინდესის გვერდით იმყოფებოდა ასევე ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე შეიხ-ალ-უვ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადე. კონცერტის დასრულების შემდეგ შუქურ ფაშა ზადე სცენაზე ავიდა და პატრიარქს იუბილე მიულოცა. მანამდე კი ასევე სცენაზე წაიკითხეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მისასალმებელი სიტყვა უწმინდესისადმი. შუქურ ფაშა ზადემ კი პატრიარქს, კავკასიურ მუსლიმთა სამმართველოს გადაწყვეტილებით, უმაღლესი ჯილდო შეიხ ისლამის ორდენი გადასცა მეგობრობის სივრცეში, რელიგიებისა და ერებს შორის შეტანილი წვლილისათვის. მისი განცხადებით, იგი დიდ პატივს სცემს პატრიარქს და უყვარს ის, მუსლიმები კი ილია მეორეს მოძღვრად მიიჩნევენ.

კონცერტი გადაიცემოდა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში. კონცერტის მიმდინარეობისას იყო პირდაპირი ჩართვები პატრიარქის მშობლიური სოფელ სნოდან. ადგილობრივებმა უწმინდესს დაბადების დღე მიულოცეს, რამაც კათოლიკოს-პატრიარქი ძალიან გაამხიარულა და ყველაზე მეტად სწორედ ამ კადრებმა მოჰგვარა მას სახეზე ღიმილი და სიხარული. შედგა ასევე ჩართვა მახათას მთიდან, საიდანაც უწმინდესს იუბილე პოეტმა ლია სტურუამ მიულოცა. პირდაპირი ჩართვა განხორციელდა სამების ტაძრის ეზოდანაც, სადაც იმყოფებოდნენ უწმინდესის ნათლულები და მათი ოჯახის წევრები.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"