პატრიარქი კირილი - "მეფეთა ნეშტების თბილისში გადასვენებაზე გადაწყვეტილება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული "

პატრიარქი კირილი - "მეფეთა ნეშტების თბილისში გადასვენებაზე გადაწყვეტილება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული "

რუსეთის პატრიარქი მოხარულია, რომ "მშვიდობიანად და ხალხის თავისუფალი არჩევანის გზით საქართველოში ხდება ცვლილებები, რომელზეც ბევრი იმედებს ამყარებს", - ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.

"დაე, ამ ვიზიტმა თავისი მაცოცხლებელი წვლილი შეიტანოს ჩვენს ქვეყნებსა და ერებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში", - განაცხადა პატრიარქმა კირილმა მოსკოვში, ილია მეორის საკუთარ რეზიდენციაში მიღებისას.

მისივე თქმით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ძმური და მეგობრულია და მასთან მოსკოვის საპატრიარქო მრავალი წლის განმავლობაში სულიერ კანონიკურ ერთობას ინარჩუნებს.

რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს ქართველი ერის სულიერი ლიდერი უწოდა, რომელმაც, მისივე თქმით, განსაკუთრებით ბევრი იშრომა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გარდაქმნის წლებში.

"ჩვენ ვიცით თქვენი როლი საქართველოში მართლმადიდებლობისა და რწმენის გაძლიერებაში, ისევე, როგორც გვესმის თქვენი მშვიდობისმყოფელი როლი, რომელსაც ასრულებთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს შორის მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შესანარჩუნებლად", - აღნიშნა პატრიარქმა კირილმა.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ქართველი მეფეების, ვახტანგ VI-სა და თეიმურაზ II-ის ნეშტების საქართველოში გადასვენების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის შედეგად უნდა გადაწყდეს.

მისივე განმარტებით, რუსეთის ეკლესია გაგებით ეკიდება ქართული მხარის სურვილს ნეშტების თბილისში გადასვენების შესახებ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

როგორც რუსეთის პატრიარქმა აღნიშნა, ამ საკითხზე მომუშავე კომისიამ უნდა შეაგროვოს აუცილებელი ინფორმაცია, გაერკვეს რთულ საკითხებში, გაიტანოს ეს თემა საჯარო განხილვაზე და გამოიკითხოს საზოგადოებრივი აზრი რუსეთში.

"მიმაჩნია, რომ ამგვარმა ქმედებამ საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე შესაძლოა, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობაც დააზარალოს. დარწმუნებული ვართ, კომისია მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს. სამუშაოს ეფექტურობის ზრდის მიზნით, მზად ვართ მასთან თანამშრომლობისთვის და ვილოცებთ, რომ მათ მუშაობა სწრაფად დაასრულონ", - აღნიშნა პატრიარქმა კირილმა.

ამასთან, როგორც "ინტერფაქსი" წერს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსკოვში ვიზიტისგან რუსულ-ქართული ურთიერთობების განვითარებას ელოდება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში გუშინ გაემგზავრა. იგი მოსკოვში სპეციალური ჯილდოს გადაცემის ცერემონიისთვის ჩავიდა.

პატრიარქი 23 იანვარს ვლადიმერ პუტინს შეხვდება, საქართველოში კი 26 იანვარს დაბრუნდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"