პროვოკაციული ნახატების ავტორი ორივე ხელით ხატავს

პროვოკაციული ნახატების ავტორი ორივე ხელით ხატავს

თუ კარგად დააკვირდებით, მის ნახატებში, რომელზეც ქალია გამოსახული, თითქმის ყველგან ავტორი ამოიცნობა. ტილოზე ზეთით მუშაობს და რაც უნდა შეეცადოს სხვა დახატოს, მაინც საკუთარ თავს ხატავს. მისი ნახატები ბევრს მოსწონს, ბევრსაც - არა. ზოგს მიაჩნია, რომ ქალის შიშველი ფიგურებიდან სექსის დიდი მუხტი მოდის, მეორე ნაწილი კი უბრალოდ უყურებს და ვერ იგებს, ნახატი დადებით განწყობას უქმნის, თუ უარყოფითს. ფაქტია ისაა, რომ მხატვარს განსხვავებული სტილი და ხელწერა აქვს. სამომავლოდ პერსონალური გამოფენის გამართვას გეგმავს. თათა ბლიაძეს სურს, საზოგადოებას თავი უკეთ გააცნოს...

-  24 წლის ვარ. იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის ფაკულტეტი დავამთავრე. შემდეგ ბიზნესის აკადემიაში საბანკო-საფინანსო საქმე შევისწავლე. იმავდროულად რუსთავში ფიროსმანის სახელობის სამხატვრო სკოლაში ოთხი წელი ვსწავლობდი. ოჯახში არავინ ხატავს. დედას მხოლოდ ხაზვის ნიჭი აქვს. შეიძლება ითქვას, გვარშიც არავინ მყავს მხატვარი. ხატვის ნიჭი მე და ჩემს ძმას აღმოგვაჩნდა - ჩემი ძმაც მხატვარია. საერთოდ კი, ხატვა 4 წლის ასაკში დავიწყე. ბაღის პედაგოგებმა დედას უთხრეს, რომ კარგად ვხატავდი. მახსოვს, იმ პერიოდში დედას მისალოცი ბარათი დავუხატე, რომელზეც იები იყო გამოსახული. მაშინვე ჩანდა, რომ ნიჭიერი ვიყავი, რადგან ფერები კარგად მაქვს "დასმული". ვხატავდი იმ საყოფაცხოვრებო ნივთებს, რომელიც მომწონდა და ყოველთვის დამოუკიდებლად ვწყვეტდი, რა დამეხატა. ბევრი მხატვარი მომწონდა და პატივს ვცემდი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რომელიმეს ვბაძავდი.

-  მუზა, განწყობა, გარემო - რა ვითარებაში ხატავ?

-  მუზა ყოველთვის მაქვს, ნებისმიერ დროს შეიძლება ფილმი, ამინდი ან მუსიკა ხატვის მუზა გახდეს. შეიძლება შუაღამესაც ავდგე და ხატვა დავიწყო (იღიმის). ახალი დაოჯახებული ვარ და ახლაც შეიძლება ღამით ლოგინიდან წამოვდგე და ხატვა დავიწყო.

-  მეუღლეც გაგვაცანი, რა პროფესიისაა?

-  ჩემი მეუღლეა ბექა ჩაჩანიძე, სტუდენტია და ბიზნესის განხრით სწავლობს. დაოჯახებამდე ორი წელი შეყვარებულები ვიყავით. ის ყოველთვის ძალიან მეხმარებოდა. როცა დიდ ტილოებზე დავიწყე მუშაობა, მასალის თბილისიდან რუსთავში ტრანსპორტირება მიჭირდა და ამას ბექა აკეთებდა. სულ უკვირდა, როგორ ვხატავდი ორ მეტრამდე ტილოებზე (იღიმის). სანამ ბექა ჩემი მეუღლე გახდებოდა, მისთვის ნახატი მიმიძღვნია და მიჩუქებია. სხვათა შორის, ჩემს რამდენიმე ნახატზე მისი სახეც ფიგურირებს. მაგალითად ერთ-ერთს "მოხუცი პალიტრა" ჰქვია და იქ ჩემი მეუღლის სახე ყველაზე კარგად ჩანს.

-  შენი ნამუშევრები რა სტილს მიეკუთვნება და რა ჟანრია?

-  კონკრეტულად ვერ გეტყვით, რადგან ეს ერთად შერწყმული სიმბოლიზმი და სიურრეალიზმია. თავიდან, როცა ნიკოლაძეში აკადემიურ სწავლებას გავდიოდი, ყველაფერს ვხატავდი: პეიზაჟებს, ნატურმორტებს, როცა ბიზნესის ფაკულტეტზე ჩავაბარე, ერთწლიანი პაუზა მქონდა და საერთოდ არ მიხატია. შემდეგ ხატვის დიდი სურვილი გამიჩნდა, ვიგრძენი, რომ რაღაც მაკლდა, თითქოს სულიერად ცუდად ვიყავი. დავიწყე ხატვა იმ სტილში, რაც უკვე იცით და გითხარით.

-  ნამუშევრები სოციალურ ქსელში გაქვს გამოქვეყნებული. ყველაზე დიდი გამოხმაურება რომელს მოჰყვა?

-  გამოხმაურება ყველა ნამუშევარზეა, მაგრამ პროვოკაციული ნახატი გამოვიდა "დედა სულის მზეა" და მას ბევრი კომენტარი მოჰყვა. ქალს ხელში ახალშობილი უჭირავს და თან მეორეზეა ორსულად. მის უკან, თავთან მითოლოგიური მზეა. საერთოდ, ჩემს ნამუშევრებში ხშირადაა ასეთი მზე. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს იყო შარავანდედი ღვთისმშობლის თავზე და მკრეხელობად მიიჩნიეს. არ მოეწონათ ისიც, რომ ის მეორე ბავშვზე ოყო ორსულად. რასაკვირველია, ხალხს ავუხსენი, რომ ეს მხოლოდ მზე იყო და არა შარავანდედი. სხვათა შორის, შემდეგ ერთ-ერთი ხატი ვნახე, სადაც მარიამ ღვთისმშობელი იესო ქრისტეთია ხელში და ბავშვს ხელში შროშანი უჭირავს. ჩემს ნახატზე პატარა ორქიდეათია გამოსახული. ეს უბრალოდ დამთხვევაა და ალბათ ხალხს ასეთი ასოციაცია ამიტომ გაუჩნდა.

-  ჩარლი ჩაპლინზე მიამბე. რატომაა ის წითელი თმით? ჩარლია, მაგრამ იმავდროულად ქალიცაა...

-  ეს არის ქალი, რომელსაც ჩარლის ცხოვრებით ცხოვრება სურს, ან ქალი, რომელიც ბუნებით ჰგავს. სანამ ამ ნახატს დავხატავდი, წავიკითხე წერილი, რომელსაც მსახიობი თავის ქალიშვილ ჯერალდინას სწერდა. შეიძლება ეს ჩარლის ქალიშვილიც იყოს, გააჩნია, ვინ როგორ აღიქვამს.

-  რამდენიმე ნახატს ერთდროულად ხატავ, თუ მხოლოდ ერთზე მუშაობ?

-  ვცდილობ, სანამ ერთ ნამუშევარს არ დავამთავრებ, არ მოვეშვა. ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს, ანუ მანამ, სანამ მეორე იდეა გამოჩნდება. ახლა დავასრულე მუშაობა ნახატზე, რომელზეც პატარძალია გამოსახული, ალბათ, ესეც ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე (იღიმის).

-  კრიტიკას როგორ იღებ?

-  ჩვეულებრივად, ვფიქრობ, რომ საჭიროა. ბავშვობიდან ჩემი მთავარი კრიტიკოსი დედაა, მის მითითებებს ყოველთვის ვითვალისწინებდი და ვითვალისწინებ.

-  პირდაპირ გეტყვი, შენი ნამუშევრები რომ ვნახე, თითქოს შიშის გრძნობაც გამიჩნდა...

-  მესმის, ხშირად მეც მეშინია ხოლმე (იღიმის). როცა ხატვას ვიწყებ, სულ მგონია, რომ გამოუცდელი ვარ და არაფერი გამოვა, თუმცა შედეგის მიღებისას მიკვირს, ისინი მე როგორ დავხატე. ორივე ხელით ვხატავ. ცაცია ვიყავი, მაგრამ ბავშვობაში კალმის მარცხენა ხელში დაჭერას პედაგოგმა გადამაჩვია. მოგვიანებით ეს ჩვეულება ისევ გავიხსენე და ახლა მარცხენა და მარჯვენა ხელით შემიძლია როგორც ხატვა, ასევე წერაც.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"