რუსეთში დაპატიმრებული ქართველი მზვერავის, ზაზა ხერკელაძის დედასთან, ქალბატონ ზეინართან საუბარი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი ინტერვიუ. ეს უფრო დატანჯული, თუმცა ჯერ კიდევ გაუტეხელი დედის გულისნადების, შიშისა და იმედის ამოთქმა იყო.
- ქალბატონო ზეინარ, როდის შეიტყვეთ ვლადიკავკაზში თქვენი შვილის დაკავების ამბავი?
- 28 ივნისს ჩემი ქალიშვილის, მზიას დაბადების დღეა. 2008 წლის 28 ივნისს ზაზამ დას რომ არ დაურეკა მისალოცად, ყველას გაგვიკვირდა. ჩვენ რომ დავურეკეთ, ტელეფონი გათიშული ჰქონდა. შემდეგ მისი სამსახურის ხალხი დამეხმარა ვიზის მიღებაში, ვლადიკავკაზში სასწრაფოდ რომ წავსულიყავი. იყო რეალური საშიშროება, რომ ზაზას მეუღლე, რომელიც ასევე დაკავებული იყო, ჯაშუშად გამოეცხადებინათ, ხოლო ერთი წლის ტყუპი - ანი და ნიკოლოზი - "პრიუტში" ჩაებარებინათ.
- ზაზას მალე შეხვდით?
- მეორე დღესვე დამიბარეს იქაურ უშიშროებაში. გამოვცხადდი, ბავშვებიც წავიყვანე. ზაზა რომ შემოიყვანეს, გამომძიებელს მიუბრუნდა და სთხოვა, ჩემთვის მისი ცოლ-შვილის საბუთები დაებრუნებინათ და გამოვეშვით. გამომძიებელმა კი პასპორტი გამომართვა და განუცხადა, შენს ცოლს დედაშენიც დაემატება, ბავშვებს კი "პრიუტში" გავუშვებთო.
- გასაგებია, ეს თქვენს შვილზე ზემოქმედების ხერხი იყო. შემდეგ რა მოხდა?
- მე, ჩემი რძალი და ბავშვები გამოგვიშვეს, საბუთები კი დაიტოვეს. რამდენიმე დღეში დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი. ვლადიკავკაზის ქუჩებში მანქანები რომ დადიოდნენ, რადიო მაღალ ხმაზე ჰქონდათ ჩართული და ყველა მხრიდან ისმოდა, დააკავეს საქართველოს დაზვერვის თანამშრომელი, ახალგაზრდა ოფიცერი ესა და ესო. დღესაც არ ვიცი, იქ, სადაც ვცხოვრობდით, სპეციალურად აკეთებდნენ ამას, თუ მთელ ქალაქში ასე ხდებოდა. შიშის ზარმა აგვიტანა. ჩემი რძალი ნერვიულობისგან ცუდად შეიქნა და სასწრაფოდ საავადმყოფოში დააწვინეს. ერთხელ მაღაზიაში ჩავედი ბავშვებისთვის რძის საყიდლად, გამყიდველი ოსი ქალი იყო. იცოდა, ვინც ვიყავით, დანას ხელი დაავლო და გარეთ გამოგვყარა, - თქვენი ხალხი ტანკებით ხოცავენ ცხინვალში ჩვენებსო. ამის შემდეგ გარეთ ვერ გავდიოდით. თუმცა ყველა ასე არ გვექცეოდა. ოსი ბიჭი, რომელსაც დედა მოხევე ჰყავდა, გვერდით დაგვიდგა და გვპატრონობდა - ღამით ჩუმად მოდიოდა და საჭმელი მოჰქონდა. დაბინდებისას შიშით შუქსაც ვერ ვანთებდით, ვითომ სახლში არ ვიყავით. თითქმის ორი თვე ასე გავატარეთ.
- ზაზასგან რა ისმოდა?
- არაფერი. ისევ მე დავუკავშირდი ზაზას სახაზინო ადვოკატს და ვთხოვე, წერილს დავწერ, რუსულად თარგმნე და პროკურატურაში შეიტანე-მეთქი. მან თავისი ტელეფონით ჩემი საცოდავი შვილიშვილებიც გადაიღო, შიმშილით რომ მეხოცებოდნენ. მისი წასვლიდან ნახევარ საათში დამიბარეს გამომძიებელთან, რომელმაც მითხრა, თქვენი შვილი ვერ გადმოვიბირეთ და საბუთებს გიბრუნებთო. თან დამამშვიდა: ასე ნუ განიცდით, ეს პოლიტიკური დაკავებაა, საქართველოში ჩვენი ხალხიც ჰყავთ დაკავებული და გაიცვლებიანო. არადა, თურმე ზაზა უკვე მოსკოვში ჰყავდათ გადაყვანილი. ჩემი რძალიც გამოვიყვანეთ საავადმყოფოდან და საქართველოში დაბრუნება მოვინდომეთ. ქალაქ მინვოდის აეროპორტში საბუთები ჩამოგვართვეს, ჩვენი თანმხლები ოსი ბიჭი კი დააკავეს, - იცი, ვის ეხმარებიო? თუმცა მალე გაუშვეს. მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ შევძელით ერევანში ჩაფრენა და იქიდან საქართველოში ჩამოსვლა.
- ვიცი, რომ ზაზა სამსახურის საქმეებზე შინ არაფერს ლაპარაკობდა. თქვენ თუ ხვდებოდით რას საქმიანობდა?
- ზაზა არის ხევის წესებით გაზრდილი ვაჟკაცი, რომელმაც თვითონვე მიაღწია ყველაფერს. ზაზა თავისი "მეგობრებივით" ლაჩარი არ არის, რომლებმაც უღალატეს, გაუშვეს და თან "ჩაუშვეს".
- ქალბატონო ზეინარ, საქართველოს წინა ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფდა ზაზა ხერკელაძის კავშირს სახელმწიფო სტრუქტურებთან?
- ჩემი შვილი არის საგარეო დაზვერვის ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, უფროსი ლეიტენანტი. ამიტომ 2008 წლის სექტემბერში, ვლადიკავკაზიდან ჩამოსვლის შემდეგ, შევხვდი ამ უწყების უფროს გელა ბეჟუაშვილს, რომელიც დამპირდა, ყველაფერს გავაკეთებთ და თქვენს შვილს ვუშველითო. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შეხვედრა მასთან.
ამის შემდეგ რეგულარულად ვითხოვ გელა ბეჟუაშვილთან შეხვედრას, მაგრამ ის სხვადასხვა მიზეზით თავს მარიდებს. წერილი გადავეცით საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს. ერთხელ, როცა მიხეილ სააკაშვილი დუშეთში იყო ამოსული, როგორღაც მოვახერხე, დაცვას ხელიდან დავუსხლტი და პირადად გადავეცი მას ჩემი განცხადება. სააკაშვილის მთავრობამ იცოდა ჩემი შვილის ამბავი, მაგრამ მეუბნებოდნენ ჩუმად ვყოფილიყავი - კედლებმაც კი არ უნდა გაიგონონ რამე, ამით ზაზას მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდებაო. ასე მეუბნებოდნენ თითქმის ხუთი წლის განმავლობაში და არაფერს აკეთებდნენ.
- ახლა რას აპირებთ?
- თხოვნით მივმართე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, ოფიციალური განცხადება გავუგზავნე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს. საქმის კურსში არიან ეკა ბესელია, თეა წულუკიანი, არჩილ კბილაშვილი და ბევრი პოლიტიკოსი. რა ვიცი, ყველას ვთხოვ დახმარებას. თუმცა ჯერ არაფერი ჩანს საიმედო: მთავრობის კანცელარია ჩემს განცხადებას იუსტიციის სამინისტროს უგზავნის, ის - საგარეო საქმეთა სამინისტროს. ის კვლავ იუსტიციას უბრუნებს და უკვე სამი თვეა "ჯადოსნურ წრეზე" ვტრიალებთ. თუ ეს ბიუროკრატია კიდევ გაგრძელდა, შიმშილობას დავიწყებ.
თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა მივმართო ბატონ ბიძინა ივანიშვილს:
ბატონო ბიძინა, იმედია, თქვენც არ ეცდებით ჩემს გაჩუმებას. არ მაიძულებთ, გავჩუმდე. სახელმწიფო ვალდებულია, დაეხმაროს ჩემს შვილს. ის ამ განსაცდელში სამშობლოს გამო აღმოჩნდა! გაწუხებთ თქვენ, რადგან ქართველ ხალხს მხსნელად მოევლინეთ და იქნებ თქვენ მაინც უშველოთ ჩემს შვილს და ჩემს ოჯახს! მე ვიცი, რომ არიან საქართველოში დაპატიმრებული რუსეთის მოქალაქეები და იქნებ მოხდეს გაცვლა.
ამ ზაფხულს ხუთი წელი შესრულდება, რაც ზაზა ხერკელაძე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით (ჯაშუშობა) რუსეთში იხდის სასჯელს. წინა ხელისუფლების ლიდერები და მათდამი დაქვემდებარებული სპეცსამსახური კი დამალობანას თამაშს განაგრძობენ. მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ მაშინ გაახსენდა რუსეთის ციხეებში მყოფი ჩვენი მოქალაქეები, როცა პოლიტპატიმრების გათავისუფლების საწინააღმდეგო არგუმენტები შემოელია. 2013 წლის 16 იანვარს მისმა მორიგმა ცინიკურმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს ადამიანების ტანჯვა არაფრად უღირს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით: "საქართველოს პარლამენტმა გაუშვა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, მათ შორის, გევორქიანი, სკრილნიკოვი, ბევრი სხვა და გაუშვა ყოველგვარი პირობის გარეშე. არის საქართველოს რამდენიმე მოქალაქე და რამდენიმე ადამიანი, ვინც გასამართლებულია რუსეთის ფედერაციაში, როგორც საქართველოს მზვერავი და იხდის იქ სასჯელს. ჩვენ არ ვაღიარებთ, რომ ისინი არიან მზვერავები, მაგრამ ისინი არიან გასამართლებულები ამ მუხლით. ვიცი, რომ არსებობდა გეგმები შესაბამისი სამსახურების, იმ პირობებშიც კი, როდესაც ისინი არ არიან აღიარებულები ჩვენს მიერ, როგორც მზვერავები, მაგრამ არიან ჩვენი მოქალაქეები, მომხდარიყო მათი გაცვლა რუსეთის ფედერაციის კარგად დადასტურებულ ჯაშუშებზე საქართველოს შიგნით, რომლებიც ჩვენ გვყავდა დაპატიმრებული. ამით საქართველოს პარლამენტმა, პრაქტიკულად, უარი თქვა ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებაზე რუსეთში, იმიტომ, რომ ცალმხრივად, უპირობოდ გაათავისუფლა ეს ხალხი ჩვენი ციხეებიდან. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი. ისტორია განსჯის მათ, ვინც ეს გააკეთა". ეს განცხადება ნათლად გვიჩვენებს, რომ პრეზიდენტს და პირადად მას დაქვემდებარებულ სპეცსამსახურების ხელმძღვანელებს ხუთი წლის განმავლობაში ვერ ჩამოუყალიბებიათ პოზიცია 2008 წელს რუსეთის ტერიტორიაზე დაკავებული ქართველი მოქალაქეების მიმართ. თუ იმხანად ოფიციალური კომენტარები მხოლოდ გაცვეთილი ფრაზებით შემოიფარგლებოდა: "ეს არასერიოზულია", "ეს რუსეთის მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციაა" და ა.შ. ახლა აღმოჩნდა, რომ რუსეთში დაკავებულ ქართველ მოქალაქეებს მზვერავებად არ ვაღიარებთ, თუმცა გაცვლა გვინდოდაო. უცხოეთში გასაჭირში მყოფ საქართველოს მოქალაქეს ან თუნდაც ეთნიკურ ქართველს უპატრონოდ რომ მიატოვებს, რად გვინდა ასეთი ხელისუფლება? 2008 წლის 28 ივნისიდან დღემდე რა გააკეთა სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ზაზა ხერკელაძის დასახმარებლად? იურისტმა სააკაშვილმა კარგად უნდა იცოდეს საქართველოს კონსტიტუცია და ძირითადი კანონები. შეიძლება დაავიწყდა, ამიტომ შევახსენებთ:
"საქართველოს კონსტიტუცია", მუხლი 13.
"საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა".
საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
მუხლი 6. საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს, თავისუფლებებსა და კანონიერ ინტერესებს თავის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ იცავს საქართველო".
"საქართველოს კანონი სადაზვერვო საქმიანობის შესახებ":
მუხლი 11. პუნქტი 6. "საქართველოს დაზვერვის სისტემის იმ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო საქმიანობისათვის დააკავეს ან დააპატიმრეს საზღვარგარეთ, უნარჩუნდება ყოველთვიური ფულადი ანაზღაურება სრული ოდენობით და დაკავების ან პატიმრობის ერთი დღე ეთვლება ნამსახურობის სამ დღედ. საქართველოს საზღვრებს გარეთ სადაზვერვო საქმიანობისთვის საქართველოს სადაზვერვო სისტემის სამხედრო მოსამსახურის და - /ან მისი ამ საქმიანობისთვის ოჯახის წევრების დაკავების, დაპატიმრების ან გასამართლების შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია ყოველმხრივ ხელი შეუწყოს მათ სრულ გათავისუფლებას".
P.S. კონსტიტუცია და ზემოაღნიშნული კანონები პირდაპირ ავალდებულებდა სააკაშვილის ხელისუფლებას, გაეტარებინა ქმედითი ღონისძიებები დაკავებულების და, უპირველესად, საქართველოს მოქალაქის, ზაზა ხერკელაძის უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად. ამასთანავე, პირდაპირ უნდა განვაცხადოთ: სააკაშვილმა კარგად იცის, რომ ის პიროვნება, ვისზედაც ზაზა ხერკელაძის გაცვლას რუსეთი ჯერ კიდევ 2011 წლის ზაფხულიდან გვთავაზობდა, "პოლიტპატიმრების სიაში" არ არის და საქართველოს პარლამენტს არ გაუთავისუფლებია! ამ პიროვნების შესახებ ჩვენ გვაქვს დოკუმენტური მასალა, რომელსაც "ყველა სიახლის" შემდეგ ნომერში გაგაცნობთ.
ბესიკ ალადაშვილი,
უშიშროების გადამდგარი
პოლკოვნიკი, ექსპერტი
ეროვნული უსაფრთხოების
საკითხებში
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)