ილია მეორე - საქართველო აუცილებლად გადარჩება

ილია მეორე - საქართველო აუცილებლად გადარჩება

საქართველო აუცილებლად გადარჩება, გავა სამშვიდობოზე და ქართველი ხალხი გაიხარებს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი სადღესასწაული წირვის შემდგომ ქადაგებაში ბრძანა.

როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ბევრს შურს საქართველოსი, მაგრამ სამშობლო და მისი სიყვარული არის ღვთის ჯილდო და ყველაზე დიდი სათნოება.

უწმინდესმა მრევლს მირქმის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომლის დროსაც ერთმანეთს ხვდებიან ძველი და ახალი აღთქმა. როგორც უწმინდესმა ბრძანა, ამ დღეს ძველი აღთქმა თავის მისიას ასრულებს და ახალი იწყება.

"ეს არის დღე, როდესაც მართალი სვიმეონი სული წმინდით მივიდა ტაძარში და იქ დახვდა იესო. ამის შემდეგ ის უკვე სიხარულით აღესრულა. ეს არის სანატრელი ყოველი ადამიანისთვის, რომ უფალმა იგი მშვიდობით წაიყვანოს. ამისთვის საჭიროა რწმენა, სიყვარული, კეთილი საქმეები და სულიერი მოღვაწეობა. შრომის გარეშე არაფერი გამოდის, ამიტომ სულიერ ცხოვრებაშიც საჭიროა შრომა", - ბრძანა უწმინდესმა და ისურვა ღვთის წყალობა და სულიწმინდის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, საქართველოს უამრავი განსაცდელი ხვდება, თუმცა ღვთის მადლით მისი მომავალი მშვიდობიანია.

"ეს არის ჩვენი გამოცდა. საჭიროა მოთმინება და სულგრძელობა. არავინ უნდა იფიქროს, რომ თუ ადამიანი ქართველია, მას საქართველო უფრო მეტად უყვარს, ვიდრე სხვას. ჩვენ ყველას გვიყვარს სამშობლო. ქართველი ადამიანი სიცოცხლეს სწირავდა და წირავს სამშობლოს კეთილდღეობისთვის, საქართველო აუცილებლად გადარჩება, გავა სამშვიდობოზე და ქართველი ხალხი გაიხარებს", - ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა და ასევე დალოცა ავღანელთა კავშირი და მისი თავმჯდომარე ნუგზარ კახნიაური. პატრიარქმა ასევე გაიხსენა, რომ წლების წინ ავღანეთიდან ჯარის გამოყვანა ძალიან რთული პროცესი იყო.

"როდესაც ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი ვიყავი და რუსეთის დღევანდელი პატრიარქი კირილი იყო ცენტრალური კომიტეტისა და აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, საერთო კრებაზე დადგა საკითხი, ვინ უჭერდა ავღანეთიდან საბჭოთა კავშირის ჯარის გამოყვანას, ამას ყველამ მხარი დაუჭირა, მაგრამ ეს იყო ფაქტობრივად ხელისუფლების საწინააღმდეგო აქტი და მაშინ მიტროპოლიტ კირილეს ამის გამო ბევრი განსაცდელი შეხვდა", - ბრძანა უწმინდესმა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"