სახელმწიფო უშვილო წყვილებს მკურნალობას დაუფინანსებს?

სახელმწიფო უშვილო წყვილებს მკურნალობას დაუფინანსებს?

მსოფლიოს არაერთი ქვეყანა დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას. გაეროს მონაცემებით, საქართველო იმ 20 სახელმწიფოს შორისაა, სადაც მოსახლეობის რაოდენობის შემცირება შეინიშნება. შობადობით, 196-დან 164-ე ადგილზეა. ჩვენს ქვეყანაში შვილების თაობა მათი მშობლების თაობის დაახლოებით 70-80%-ს განაახლებს. გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემათა განყოფილების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები საგანგაშოა. ამ კვლევის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში დემოგრაფიული პოლიტიკა არ შეიცვლება, პერსპექტივა შემდეგნაირია: დღეს ჩვენი მოსახლეობის რაოდენობა 4 მლნ 436400-ია, 2025 წლისთვის - 3 მლნ 917000-მდე, ხოლო 2050 წლისთვის - 2 მლნ 985000-მდე შემცირდება.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი - 104000 ბავშვი 1961 წელს დაიბადა. 1990 წლამდე ყოველწლიურად საშუალოდ, 93000 ბავშვი იბადებოდა. შობადობის მკვეთრი შემცირება 1992 წლიდან დაიწყო.

20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში 3 მარტს დედის დღეს აღვნიშნავთ. თავის დროზე ამ დღესასწაულის დაწესების ინიციატორი "საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება" იყო. "დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არც ერთმა ხელისუფლებამ არ გამოავლინა პოლიტიკური ნება და დემოგრაფიულ პრობლემებზე ზრუნვა პრიორიტეტად არ დაისახა", - ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ავთანდილ სულაბერიძე.

- საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა დიდი ხანია, არადამაკმაყოფილებელია. 1992 წლიდან კი შობადობის დონე ვერ უზრუნველყოფს თაობათა განახლებას. გარე მიგრაციამაც არნახულ მასშტაბს მიაღწია. 2008 წელს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს გავუზიარე იდეა, ოჯახებისთვის მესამე შვილის გაჩენის მოწოდების შესახებ. იდეა მოეწონა და დაამატა, - მესამე და შემდგომი შვილის ნათლია მე ვიქნებიო. პატრიარქს უკვე 15000-მდე ნათლული ჰყავს. ერთ-ერთის, მასთან ერთად, მეც ვარ და ძალზე მეამაყება.

- რატომ არ იქცა წლების მანძილზე სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ზრუნვა?

- სახელმწიფომ ვერასდროს მოიცალა ამ პრობლემის მოსაგვარებლად და არ გამოხატა პოლიტიკური ნება. 1990 წელს თბილისში დემოგრაფიის საკითხზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა, სადაც განვაცხადე, თუ ქვეყანაში დემოგრაფიული პოლიტიკა არ გატარდება, 2000 წლიდან დეპოპულაცია დაიწყება-მეთქი. შიშის საფუძველს კი 1960-იანი წლებიდან შობადობის სწრაფი ტემპით შემცირების ტენდენცია მაძლევდა. როცა ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, პოლიტიკურმა ქაოსმა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევამ გავლენა მოახდინა საზოგადოების მოთხოვნილებათა სისტემაზე. უკან გადაიწია ბავშვის ყოლის მოთხოვნილებამ. ბევრი ოჯახი ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძოდა. საზღვარგარეთ შრომისუნარიანი, რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობა წავიდა. მოხდა ქორწინებების გადავადება. ოჯახების უმეტესობას აღარ სურდა ჰყოლოდა არათუ 3 და მეტი შვილი, არამედ ხდებოდა მეორე შვილის ყოლის გადავადებაც. ბევრ ოჯახში შემომტანი გახდა ქალი, ამან კი შობადობის შემცირება განაპირობა. ამჟამად საქართველოში ქორწინების ასაკი გაზრდილია: ქალისთვის ქორწინების საშუალო ასაკად 27 წელი იქცა, მამაკაცისთვის - 29-30. სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდების უმეტესობა კარიერის აწყობაზე ფიქრობს. სწავლისკენ მიდრეკილება ვაჟებზე მეტად, გოგონებს აქვთ. ბევრი მათგანი უცხოეთში აპირებს წასვლას, უმეტესობა - სწავლის გასაგრძელებლად, მცირე ნაწილი - საცხოვრებლად. მერე იქვე თხოვდებიან, ცოლები მოჰყავთ. მაღალანაზღაურებად სამსახურს შოულობენ, კარიერას იწყობენ და ბოლოს ახსენდებათ ოჯახის შექმნა. როცა 30 წელს გადაცილებული გოგონები საქორწინო "ბაზარზე" გადიან, ამ ასაკის ბიჭების ნაკლებობაა.

- 3 მარტი ანუ დედის დღე ახლოვდება. თავის დროზე ამ დღესასწაულის დაწესების ინიციატორი თავად იყავით.

- დედის დღის დაწესების იდეა პარლამენტში "დემოგრაფიული საზოგადოების" სახელით შევიტანეთ. გვსურდა, გაზაფხულის პირველ შაბათს აღნიშნულიყო. ამ დღეს ყველა იმუშავებდა და გამომუშავებული თანხა ავტომატურად გადაირიცხებოდა დემოგრაფიულ ფონდში, რომლითაც მოხდებოდა მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, მაგრამ ასე არ მოხდა. ინიციატივა 1993 წლის 2 მარტს, პარასკევს განიხილეს. მეორე დღეს, შაბათი, 3 მარტი მოდიოდა და დარჩა ეს თარიღი დედის დღედ. მანამდე, 1990 წელს კომუნისტებს "გმირი დედის" წოდება "ქართვლის დედის" წოდებით შევაცვლევინეთ. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება რომ მოვიდა, ყველა წოდება გააუქმა, მხოლოდ "ქართვლის დედის" წოდება დატოვა. დებულებაში გვეწერა: "ქართვლის დედის" წოდება ეძლევა 5 და მეტშვილიან დედას, რომლის შვილებიც ლაპარაკობენ ქართულ ენაზე და ოჯახში არავინაა ნასამართლევი. ამ წოდების მქონე ქალს 3.000 ლარამდე ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადი არ უნდა დაქვითოდა. ეს მხოლოდ ფურცელზე დაწერილ კანონად დარჩა. "ქართვლის დედის" სტატუსი არავისთვის მიუნიჭებიათ.

- ბატონო ავთანდილ, გაეროს კვლევები საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ საგანგაშოა. მათი გათვლით, 2050 წელს მოსახლეობის რაოდენობა 1 მლნ 170000-ით შემცირდება. თქვენი პროგნოზიც ასეთია?

- პროგნოზი ყოველთვის არ მართლდება. შეიძლება, საქართველოში დაიწყოს ეკონომიკური აღმავლობა, მოიმატოს შობადობამ, ქვეყნიდან გასული ადამიანები დაბრუნდნენ და მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდოს.

- ბოლო წლებში შობადობა როგორია?

- პატრიარქის ინიციატივამ შობადობა დაახლოებით 20%-ით გაზარდა. თუ წინა წლებში საშუალოდ, 47000 ბავშვი იბადებოდა, 2008 წელს 56000 ბავშვი დაიბადა, მომდევნო წელს - 61000, ხოლო 2010 წელს - 63500. სულ, მესამე და მომდევნო შვილების დაბადების მაჩვენებელი 3-4%-ით გაიზარდა, მაგრამ ეს დამაიმედებელი არ არის. ჩემი გათვლით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 500-600 ათასით შემცირდება. რადგან საქართველოში შობადობა 1990-იან წლებში დაბალი იყო, 2015-2020 წლისთვის, დედობის ასაკში გაცილებით ცოტა ქალი შევა, ვიდრე 1980-იან წლებში იყო. როცა ქორწინების გარეშე დაბადებულთა მაჩვენებელს ვაქვეყნებთ, ეს ციფრი რეალური არ არის. მაგალითად, 2006 წელს ქორწინების გარეშე შობადობა 54% იყო. ეს დასაჯერებელია? რეალურად, ეს მაჩვენებელი 4%-დან 6%-მდე თამაშობს. უცხოელ დემოგრაფებსაც ავუხსენი, დიდ ციფრზე იმიტომ ადის, რომ ჯვრისწერას საქართველოში იურიდიული ძალა არ გააჩნია. ბევრი წყვილი ჯვარს იწერს და შვილს ისე აჩენს, რომ ხელი არ აქვს მოწერილი. მათი შვილები ქორწინების გარეშე დაბადებულებად ითვლებიან. გვინდა, რომ ჯვრისწერას იურიდიული ძალა მიენიჭოს. ქორწინების მინიმალურ ასაკად გამოცხადებულია 17 წელი. ეს "მკვდარი კანონი" რაში გვჭირდება? 16 წლის ასაკში რომ დაქორწინდნენ, დავსჯით, დავაპატიმრებთ თუ რა?! მრავალშვილიანად ითვლება 5 და მეტშვილიანი დედა, საშუალოშვილიანია

3-4 შვილის, ხოლო 1 და 2 შვილის დედა - მცირეშვილიანად. ვინ არის მარტოხელა დედა? საქართველოში ყველა ქალს, რომელიც მეუღლესთან არის გაშორებული ან ქვრივია და შვილებს ზრდის, მარტოხელა დედას ეძახიან. მე ვსვამ კითხვას, მაშინ განქორწინებული ან ქვრივი ვიღას ვუწოდოთ? მარტოხელად ითვლება ქალი, რომელმაც შვილი ქორწინების გარეშე გააჩინა. სტატუსების საკითხიც მოსაგვარებელია.

- ამ პრობლემებზე ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან თუ გქონდათ ლაპარაკი?

- მქონდა შეხვედრა, მაგრამ ჯერჯერობით ქვეყნის ბიუჯეტში 20 მილიონის გამონახვა ვერ ხერხდება, ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს ყოველთვიურად 20-30 ლარი რომ მივცეთ. წინა ხელისუფლებას ამ თემაზე ლაპარაკი საერთოდ არ უნდოდა. საოჯახო და დემოგრაფიულ პოლიტიკაზე დავიცავი დისერტაცია, დასახული მაქვს მიმართულებები, რა და როგორ უნდა გატარდეს.

- თქვენ რა მიგაჩნიათ მართებულად - როგორ უნდა გატარდეს სახელმწიფო პოლიტიკა?

- პირველ რიგში, დეპოპულაციის მქონე რაიონებს უნდა მიექცეს ყურადღება. მთიან რეგიონებში შობადობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. იქ მცხოვრებ ადამიანებს სტიმული უნდა ჰქონდეთ, რომ 3 და მეტ შვილზე იფიქრონ. ამ თემაზე ზაქარია ქუცნაშვილს და ზვიად ძიძიგურს ველაპარაკე და მხარდაჭერას დამპირდნენ. მეორე - ეს არის ჩვილთა სიკვდილიანობის პრობლემა. სამხრეთ საქართველოში შობადობის მაჩვენებელი დაბალი არ არის, მაგრამ ხშირია ჩვილთა სიკვდილიანობა. აღნიშნულ რეგიონში დემოგრაფიული პოლიტიკა ამ მიმართულებით უნდა გატარდეს.

- მშობიარობა რომ უფასო ხდება, ეს შობადობის მაჩვენებელზე თუ იმოქმედებს?

- ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია, მაგრამ არა - საკმარისი. ვთვლი, რომ დეკრეტული შვებულების პერიოდი 1 წლამდე უნდა გაფორმდეს. ბავშვი დედასთან ერთად უნდა გაიზარდოს. დედას უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ შვილის გაჩენის გამო სამსახურს არ დაკარგავს.

დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ახალი მთავრობისთვის პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა პრიორიტეტი უნდა გახდეს. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ სასიკეთო ნაბიჯები უკვე შეინიშნება. მზადდება ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე. 3 მარტს კი დაფუძნდა "საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდი", რომლის შესახებაც ერთ-ერთი დამაარსებელი, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრი, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" პიარ-მენეჯერი თამარ ჩიბურდანიძე გვესაუბრება.

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მსგავსი ფონდი საქართველოში პირველად დაფუძნდა. ჯანდაცვის სამინისტროში იყო დემოგრაფიის დეპარტამენტი, რომელიც წინა ხელისუფლებამ გააუქმა. ეს იმ ქვეყანაში, სადაც ბოლო 20 წელზე მეტია, დემოგრაფიული მდგომარეობა უარესდება.

- "დემოგრაფიული განვითარების ფონდის" დაარსების იდეა თქვენ გეკუთვნით?

- მე, ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს (პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე) და დემოგრაფ ანზორ თოთაძეს. ამ პრობლემაზე წლების მანძილზე ვმუშაობდი. როცა პარლამენტში ახალ პრიორიტეტებზე ვლაპარაკობდით, ერთ-ერთ პრიორიტეტად დემოგრაფიულ პრობლემაზე ზრუნვა დავასახელეთ. ველაპარაკეთ ქალბატონ მანანა კობახიძეს, ბატონ ზაქარია ქუცნაშვილს და ერთად დავიწყეთ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა. გაეროს დასკვნას წინა ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავდა.

- ქართველი დემოგრაფები ამბობენ, რომ პროგნოზი ისეთი საგანგაშო არ არის, როგორიც დასკვნაში წერია.

- ქართველი დემოგრაფების კომპეტენტურობაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ საქმე ის არის, რომ სტატისტიკის დასადგენად ფინანსებს ყოფილი ხელისუფლება გამოყოფდა, ის ხელისუფლება, რომელიც გაეროს მონაცემებს გვიმალავდა, რომელმაც მდგომარეობის შესამსუბუქებლად, წლების მანძილზე არ იზრუნა. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში, საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის შედეგებს მეტად ვენდობი. მათ ციფრებით გვითხრეს, რომ ქვეყანას 2050 წლისთვის დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება: საქართველოს მოსახლეობა 1 მლნ 170000 კაცით შემცირდება. აზერბაიჯანის მოსახლეობა 3 მილიონით მოიმატებს და 12 მილიონი გახდება, მატება იქნება ჩვენს მეზობელ სომხეთშიც. საქართველოში კი მოსახლეობის შემცირება ეთნიკური ქართველების ხარჯზე ხდება.

- თქვენი ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით როგორი მდგომარეობაა?

- მოსახლეობის რაოდენობის შემცირება ქვემო ქართლსა (ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებში) და მთიან აჭარაში (ეთნიკური ქართველებით დასახლებულში) არ შეინიშნება. არც სამცხე-ჯავახეთშია ცუდი მდგომარეობა. რაც შეეხება იმერეთს, კახეთს, გურიასა და სამეგრელოს - ამ რეგიონებში ძალიან ცუდი მაჩვენებელი გვაქვს. იქ არსებულ მდგომარეობას კატასტროფული შეიძლება ვუწოდოთ. ქართველი დემოგრაფების მონაცემებით, ზემო რაჭაში, 20-30 წლის შემდეგ, აღარავინ იცხოვრებს. 2009 წლის მანძილზე ონის რაიონში სულ 3 ახალშობილი დაიბადა და 30-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. თუ რამე არ ვიღონეთ, მალე რაჭა ისევე დაიცლება, როგორც - თუშეთი და ხევსურეთი.

- პრობლემის მოგვარებაში თანადგომას მთავრობის წევრები თუ დაგპირდნენ?

- არაერთი მინისტრი გამოგვეხმაურა და ეს ძალიან მახარებს.

- გაეროს მონაცემები პრემიერისთვის თუ არის ცნობილი?

- პროექტი, რომელზეც მე და ანზორ თოთაძემ ვიმუშავეთ, დიმიტრი ხუნდაძემ პრემიერ-მინისტრს პირადად გააცნო. შეხვედრას ესწრებოდა და პროცესში აქტიურად არის ჩაბმული დავით სერგეენკო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ერთადერთი რაიონი საქართველოში, სადაც შობადობის ციფრი სიკვდილიანობის მაჩვენებელზე მაღალია, არის საჩხერის რაიონი. ეს ვისი დამსახურებაა, კარგად ვიცით. ბატონმა ბიძინამ გვითხრა, რომ დასაკარგი დრო არ გვაქვს, პრობლემაზე ზრუნვა სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ. ის ყველაფრის საქმის კურსშია და თვალს ადევნებს ჩვენს საქმიანობას.

- პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას როგორი თანამიმდევრობით აპირებთ?

- მუშაობა რამდენიმე მიმართულებით არის ჩასატარებელი. პირველი, ეს არის დემოგრაფიული განვითარების ფონდის შექმნა; მეორე - დემოგრაფიული განვითარების კონცეფციის შემუშავება. კონცეფცია ბევრ დემოგრაფს ცალ-ცალკე აქვს შემუშავებული. ჩვენ ყველას შევკრებთ, მოხდება აზრების გაცვლა, შეჯერება და მივიღებთ საერთო კონცეფციას. საქმეში ჩართულები იქნებიან ფინანსისტები, განათლების და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები. არსებობს 15 დემოგრაფიული საფრთხე, რომელთა განხილვაც სათითაოდ უნდა მოვაწყოთ, აზრს ყველა პროფესიონალს ვკითხავთ.

- სხვა მცირერიცხოვანი ერების გამოცდილებას თუ გაითვალისწინებთ?

- რასაკვირველია, ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. ჩვენმა ინიციატივამ ხალხში დიდი ინტერესი გამოიწვია. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გვიკავშირდებიან. გამოგვეხმაურნენ კლინიკები, ექიმები და გამოთქვეს მზადყოფნა, უშვილო წყვილებთან უსასყიდლოდ იმუშაონ, ჩაუტარონ გამოკვლევები. ეს მხოლოდ დასაწყისია.

- რა იქნება დემოგრაფიული განვითარების ფონდის პრიორიტეტები და რით იქნება თქვენი საქმიანობა სახელმწიფოს ინიციატივებისგან განსხვავებული?

- ჩვენი პრიორიტეტი არის მოწოდება - ყველა ოჯახში იყოს მესამე შვილი. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივით გამოვდივართ. ჩვენი მიზანია, მესამე შვილი ოჯახში შემოსავლის ერთ-ერთი წყარო გახდეს. კონკრეტულ ციფრს ჯერჯერობით ვერ გეტყვით. ეს დამოკიდებული იქნება ფონდის ბიუჯეტზე, მაგრამ აუცილებლად იქნება კოეფიციენტი: ფონდი განახორციელებს რეგიონულ პოლიტიკას. საზღვრისპირა რაიონებში, მთიან რეგიონებში დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე - ბარში მცხოვრებთათვის. 2011 წელს ქვეყნის მასშტაბით 6700 ოჯახს მესამე ახალშობილი გაუჩნდა. ეს პატრიარქის მოწოდების წყალობით მოხდა. რაც შეეხება 4, 5 და მეტშვილიან ოჯახებს - მათ მიეცემათ დახმარება. წახალისებული იქნებიან მშობლები მეორე შვილის გაჩენისთვისაც. ამ მხრივ, მონაცემები მართლაც საგანგაშოა. 2011 წელს ქვეყანაში მხოლოდ 21000 მეორე შვილი გაჩნდა. ეს კატასტროფულად დაბალი ციფრია; 2010 წელთან შედარებით, 400 ბავშვით ნაკლებია. ფონდის საპატიო თავმჯდომარე იქნება დიმიტრი ხუნდაძე, დამფუძნებლები: მე, ანზორ თოთაძე, მოდელი თაკო ჩხეიძე. ეს რაც შეეხება ფონდის საქმიანობას. პრობლემის მოგვარებაზე ზრუნავს სახელმწიფო. ისინი სერიოზული ინიციატივებით გამოვლენ.

- ვცადე, ამ თემაზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ჩამეწერა; პრესცენტრს დავუკავშირდი, მაგრამ მან არათუ არ უზრუნველყო ეს შეხვედრა, ჩემს ზარს საერთოდ არ უპასუხა. თქვენთვის თუ არის ცნობილი, რა ინიციატივებით გამოდის ხელისუფლება?

- ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან სერიოზულ პაკეტს ამზადებს. უკვე ცნობილია, რომ მშობიარობა და 9 თვის მანძილზე კონსულტაცია უფასო იქნება. თუ არ ვცდები, სახელმწიფო დააფინანსებს უშვილო წყვილების მკურნალობის ხარჯსაც. რაც შეეხება დეკრეტულ შვებულებას - მოგეხსენებათ, შრომის კოდექსი იცვლება, იუსტიციის სამინისტრომ მოგვიმზადა კანონპროექტი. დეკრეტული შვებულებით ისარგებლებს როგორც ქალი, ასევე - მამაკაცი. რამდენხნიანი იქნება, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. მალე საზოგადოებისთვის სხვა ინიციატივებიც გახდება ცნობილი. ბედნიერი ვარ, რომ იმ გუნდის წევრი გახლავართ, რომელმაც დაიწყო ბრძოლა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ