სწრაფი გადახდის კომპანიები 4 %-იან საკომისიოს "დანახარჯებს" უკავშირებენ

სწრაფი გადახდის კომპანიები 4 %-იან საკომისიოს "დანახარჯებს" უკავშირებენ

სწრაფი გადახდის კომპანიები სატელეფონო მომსახურების ბალანსის შევსებაზე აბონენტებისთვის 4 %-იანი საკომისიოს დაწესებას "დანახარჯებს" უკავშირებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თიბისი ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მაია ძირკველიშვილმა განუცხადა, მათი სწრაფი გადახდის კომპანიის, "თიბისი ფეის" მიერ შესაბამისი მომსახურების გაწევა გარკვეულ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.

"თიბისი ფეის" შემთხვევაში საკომისიო 4 %-ით განისაზღვრება. არ უნდა ვიფიქროთ ისე, რომ აქამდე საკომისიო არ არსებობდა და ის ახლა დაწესდა, უბრალოდ, ამ ხნის განმავლობაში, მას იხდიდნენ მობილური კომპანიები, რადგან სურდათ მაქსიმალურად შეეწყოთ ხელი მობილურის ბალანსის სწრაფი გადახდის აპარატებით შევსების პრაქტიკა დანერგილიყო, თორემ თავისთავად ეს მომსახურება, რომელსაც სწრაფი გადახდის აპარატები უწევენ ადამიანებს, გარკვეულ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, გარკვეული საკომისიო, ისე როგორც ნებისმიერ სხვა მომსახურებაზე, აქაც არსებობს", - განაცხადა მაია ძირკველიშვილმა.

მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საკომისიოს გადახდა დღეიდან მობილური კომპანიების ნაცვლად აბონენტებს უწევთ, კომპანიას მისი შემცირება გაუჭირდება.

"ფიზიკურად, ამ მომსახურების გაწევა დანახარჯებთანაა დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, საკომისიოს რაოდენობა არის ის თანხა, რაც ფარავს იმ ხარჯებს, რასაც მომსახურების გაწევის დროს სწრაფი გადახდის აპარატები ეწევიან. რა თქმა უნდა, აბონენტებისთვის ეს სასიამოვნო არ იქნება, მაგრამ მათ რჩებათ ბალანსის შევსების ალტერნატიული, უფასო საშუალებებიც", - აღნიშნა ძირკველიშვილმა.

სწრაფი გადახდის კიდევ ერთი კომპანიის, "ნოვა ტექნოლოჯის" განცხადებით, საკომისიოს აბონენტების მიერ გადახდის გადაწყვეტილება უშუალოდ მობილურმა კომპანიებმა მიიღეს.

"ცვლილება მოხდა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით. მათ უარი თქვეს, რომ აბონენტებს გადაუხადონ საკომისიო და ამიტომ საკომისიო ეჭრება აბონენტებს", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" "ნოვა ტექნოლოჯში".

სწრაფი გადახდის აპარატებით სატელეფონო მომსახურების ბალანსის შევსების პირობები იცვლება. მომხმარებლები დღეიდან თავად გადაიხდიან ბალანსის შევსების საკომისიოს, რაც 4 %-ით განისაზღვრება. ამასთან, ანგარიშის შევსება საკომისიოს გადახდის გარეშე კვლავაც შესაძლებელი იქნება სხვა ალტერნატიული გადახდის საშუალებების გამოყენებისას (სასაუბრო ბარათები, ოპერატორების სერვის ცენტრები და ოპერატორების ვებ გვერდები).

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"