ტრაგიკული ამბავი, რომელიც 47 წლის წინ თვითმფრინავის ბორტზე მოხდა

ტრაგიკული ამბავი, რომელიც 47 წლის წინ თვითმფრინავის ბორტზე მოხდა

დილით ადრე ადგა. თავი მოიწესრიგა და ბარგის ჩალაგებას შეუდგა. ბათუმს უნდა დამშვიდობებოდა და მშობლიურ სოხუმში გამგზავრებულიყო. შვილს წითელი კაბა, პალტო, კოლჰოტი და ფეხსაცმელი ჩააცვა. ბაბთაც წითელი დააბნია თმაზე და იქვე, ეზოში მდგარ ბიძას გასძახა, - წავედით, დროა უკვე! რა იცოდა ლია მამარდაშვილმა, რომ რამდენიმე საათში ის და მისი მცირეწლოვანი შვილი, ლოლიტა მილორავა საშინელი ამბის თვითმხილველები თუ გახდებოდნენ...

წლების შემდეგ ქალბატონი ლია ცდილობს, გაიხსენოს, თუ რა მოხდა ბათუმიდან სოხუმში მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე, შემოდგომის ერთ, თითქოსდა ჩვეულებრივ დღეს:

- 1970 წლის 10 ოქტომბერი იდგა. მე, ჩემი მეუღლე და მისი მეგობრები, ჩვენს შვილთან - ლოლიტასთან ერთად, ბათუმში ჩავედით. ბიჭებს სავაჭრო სასწავლებელში ჩაბარება განეზრახათ. ბიძაჩემთან დავბინავდით. ჩაბარებიდან მეორე დღესვე, სოხუმში დასაბრუნებლად მოვემზადეთ, მაგრამ სასტიკ უარზე დავდექი. მეუღლესა და მის მეგობრებთან, ერთი მანქანით მგზავრობას მერჩივნა, ცალკე, თვითმფრინავით გავფრენილიყავი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ გზად რამდენი რესტორანიც შეხვდებოდათ, ყველგან გააჩერებდნენ. ეს კი, მე და ბავშვს, დისკომფორტს შეგვიქმნიდა. მეორე დღეს, დილით, 12 საათზე, მე და ჩემი შვილი, ბიძაჩემმა, ბათუმის აეროპორტში წაგვიყვანა. იმ დროს ჩემი ბიძაშვილი იქ ადმინისტრატორად მუშაობდა და ბილეთების საკითხიც უმალ მოგვიგვარა. დღე ღრუბლიანი აღმოჩნდა და ფრენა დროებით გადაიდო. 15 წუთში კი გამოაცხადეს, სოხუმისკენ მიმავალი მგზავრები თვითმფრინავში ჩასასხდომად მოემზადეთო. ყველანი ტრაპისკენ დავიძარით, მაგრამ ისევ შეგვაყოვნეს. იმ დროს ჩემი ყურადღება შუახნის მამაკაცმა და მისმა თანმხლებმა, ასე 13-14 წლის ბიჭმა მიიქცია, რომლებიც ტრაპზე პირველები ავიდნენ და პილოტის კაბინის უკან, წინა ადგილები დაიკავეს.

- ესე იგი, ეჭვი ტრაპზე ასვლამდე გაგიჩნდათ?

- იმ დროს არანაირი ეჭვი არ გამჩენია. მაშინ ტერორისტულ აქტებს კინოში თუ ნახავდი და ისიც, იშვიათად. უბრალოდ, იმ ადამიანების აქტიურობამ და ფაციფუცმა გამაოცა. პირველები ავიდნენ. პირველ სკამზე დასხდნენ. თან, ქართველები არ იყვნენ, არც აფხაზები, არც რუსები... ეჭვი უკვე ტერორისტული აქტის შემდეგ გამიჩნდა. ტერაქტი რატომღაც, წინასწარ კარგად დაგეგმილი მომეჩვენა. თუნდაც ის ფაქტი, რომ მათ თვითმფრინავში იარაღი აიტანეს, დიდ ეჭვს იწვევდა. მოკავშირეები ხომ არ ჰყავდათ აეროპორტში ან თვითმფრინავში? ან მარტო სოხუმის თვითმფრინავი რატომ დაუშვეს გასაფრენად? აფრენიდან 5 წუთში, კაცმა ბორტგამცილებელი მოიხმო. ალბათ ცუდად გახდა და ცელოფანის პარკს ითხოვს-მეთქი, - გავიფიქრე. ხანმოკლე საუბრის შემდეგ, ბორტგამცილებელს სახეზე შეშფოთება შევატყვე, მაგრამ საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო. მან მგზავრებს კანფეტები დაურიგა და პილოტის კაბინაში შევიდა. ამის დანახვაზე, მამაკაცი ფეხზე წამოხტა და უკან გაჰყვა. ცოტა ხანში, გასროლის ხმა გაისმა. როგორც მერე გავიგე, ბორტგამცილებელს, ხომალდის ეკიპაჟი შეიარაღებული თავდასხმის შესახებ გაუფრთხილებია. პირველმა ტყვიამ იმსხვერპლა ის. აფორიაქდა ხალხი, ვიღაც პილოტის კაბინაში შესვლას შეეცადა. იმ დროს იმ კაცის შვილი წამოხტა. მას ხელში ორი ყუმბარა ეკავა და ხალხს, პანიკის შემთხვევაში მათი აფეთქებით დაემუქრა. ჩემს შვილს შეეშინდა და კანფეტი ყელში გაეჩხირა. დღემდე ვერ ამიხსნია, რა ძალამ განაპირობა, ბავშვს ჩემი მღელვარება არ დავანახვე და მის დაწყნარებას შევუდექი. ზუსტად არ მახსოვს რამდენჯერ, მაგრამ კიდევ გაისროლეს. ესროლეს რადისტს, ინფორმაცია რომ არ გადაეცა ცენტრისთვის. არ გაუმართლა პილოტ გიორგი ჭახრაკიას. ტყვია ხერხემალში მოხვდა და სამუდამოდ მიეჯაჭვა ინვალიდის ეტლს. მეორე პილოტი, რომლის სახელიც სამწუხაროდ არ მახსოვს, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. მისკენ გასროლილი ტყვია, სავარძლის საზურგის რკინის დეტალს მოხვდა. დაიჭრნენ ბორტმექანიკოსი და რადისტი. ამბობენ, მამაკაცი დაჭრილებს ფეხითაც უსწორდებოდაო. თავიდან ისინი ჩვეულებრივი მძარცველები მეგონა. ამიტომაც ყველა სამკაული მოვიხსენი და ფეხსაცმელში ჩავდე. ტერორისტმა მამა-შვილმა, გადარჩენილ პილოტს თვითმფრინავის თურქეთში დასმა უბრძანა. ჩვენ დაშვებულ ზოლზე დაბლა მივფრინავდით, ფანჯრიდან გავიხედე და დავინახე, რამდენად ახლოს ვიყავით მიწასთან, შემეშინდა. მერე ამიხსნეს, ასე იმიტომ ვიქცეოდით, ბაზას რომ არ დავეფიქსირებინეთ, თორემ საბჭოთა ხელისუფალნი მაშინვე ჩამოგვაგდებდნენო, საიდუმლო ინფორმაცია რომ არ გადასულიყო "რკინის ფარდის" მიღმა. როგორც იქნა, ტრაბზონში ჩავფრინდით. უნდა გენახათ, იქ რა ხდებოდა. პანიკაში მყოფი ხალხი, ტრაპის მიდგმას არც ელოდებოდა, პირდაპირ ღია კარიდან ხტებოდა.

- რა ბედი ეწიათ ტერორისტებს?

- ტრაპის მიდგმისთანავე, პირველი გარდაცვლილი ბორტგამცილებელი ჩამოასვენეს. მას უკან მამა-შვილი მიჰყვა. ახლაც თვალწინ მიდგას ტერორისტი მამაკაცის უზარმაზარი, ოქროსდისკოიანი ჯაჭვი, რომელიც გადაღეღილ გულმკერდზე უბზინავდა. როგორც გავიგე, მეორე პილოტს, სოს სიგნალის გადაცემა მოუსწრია და ტერორისტები ტრაპიდან ჩამოსვლისთანავე აიყვანა პოლიციამ.

- თქვენ სად წაგიყვანეს?

- სასტუმროში დაგვაბინავეს. მე და ლოლიტა უკრაინელ ქალთან ერთად ერთ ოთახში მოვხვდით, რომელსაც კატია ერქვა. მეორე დილით, მოლას ხმამ გამაღვიძა. ფანჯრიდან გავიხედე და გავოცდი. უამრავი ადამიანი შეკრებილიყო სასტუმროს წინ, რათა ჩვენ, რკინის ფარდაგადალახულები ვენახეთ. ჩვენზე მთელი ქალაქი ლაპარაკობდა. გვიღებდნენ ფოტოებს და თითქმის ყველა გაზეთში ჩვენზე წერდნენ. რადგან ჩემი შვილი თვითმფრინავში ერთადერთი ბავშვი იყო, ყველა მას ეფერებოდა. მახსოვს, ჩვენს პატივსაცემად გამარულ სადილზე ის, თურქ გენერალსა და საბჭოთა კავშირის წარმომადგენელს შორის იჯდა. შუადღით თვითმფრინავის მგზავრებმა, დაჭრილი ეკიპაჟის წევრებისათვის სისხლი გავიღეთ. მახსოვს, იქ ერთ თურქ ექთანს უთქვამს, თქვენი სისხლი ჩვენც გვიწილადეთო, რაზეც ერთ ბათუმელ აფხაზს მკაცრი პასუხი გაუცია, ჩვენ, საბჭოთა ხალხს, სათქვენო სისხლი არა გვაქვსო. ჩამოსვლის წინ სასტუმროს მეპატრონემ, სახელად ჰიკმეტმა ლოლიტას ზურმუხტისთვლიანი ძვირფასი ბეჭედი აჩუქა.

- საბჭოთა კავშირში დაბრუნებულებს, ალბათ სერიოზული დაკითხვა მოგიწყვეს...

- ბათუმში დაგვკითხეს. იმის გამო, რომ ბავშვი მახლდა, პირველი შემიყვანეს. ჩვეულებრივი, ფორმალური დაკითხვა იყო. მყავდა თუ არა ადრე ნანახი ტერორისტები და უამრავი ასეთი კითხვა დამისვეს.

- როგორც რკინის ფარდაგადალახულებს, არ გქონიათ იმის შეგრძნება, რომ მუდმივი თვალთვალის ქვეშ იმყოფებოდით?

- პირიქით, მთელი აფხაზეთის რაიკომი დაგვატარებდა სიამაყით, როგორც გადარჩენილებს და დიდ პატივში ვყავდით.

ამონარიდი ინტერნეტსივრციდან:

"ხავერდოვანი სეზონის" დასრულებისთანავე, 1970 წლის 15 ოქტომბერს, ბათუმიდან, თვითმფრინავი, AH-24 გამოფრინდა და გეზი სოხუმისკენ აიღო. ოფიციალური მონაცემებით, მასში 46 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის: 17 ქალი და 1 ბავშვი. აფრენიდან ხუთიოდე წუთში, 800 მეტრ სიმაღლეზე, წინა სავარძელში მჯდომმა მამაკაცმა, ბორტგამცილებელი თავისთან მიიხმო და ფურცელი გადასცა. მამაკაცი, 45 წლის, ლატვიელი ებრაელი, პრანას ბრაზინსკასი იყო, რომელსაც 15 წლის შვილი - ალგირდასი ახლდა. ისინი ამ გზით, საბჭოთა კავშირისგან თავის დახსნასა და რომელიმე დემოკრატიული სახელმწიფოსთვის თავშესაფრის თხოვნას ცდილობდნენ. ბორტგამცილებელმა დაინახა რა, მამაკაცის ტანზე მიმაგრებული ყუმბარები, უმალ პილოტებს აცნობა, - შეიარაღებული თავდასხმააო. ატყდა სროლა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. მამა-შვილმა თვითმფრინავის ერთადერთ გადარჩენილ პილოტს, სულიკო შავიძეს კურსის შეცვლა და თვითმფრინავის თურქეთში დასმა სთხოვა. გადარჩენილი პილოტი პრანასის გადარწმუნებასა და თვითმფრინავის, ქობულეთის სასწავლო აეროდრომზე დასმას შეეცადა, მაგრამ ტერორისტი მას თვითმფრინავის აფეთქებით დაემუქრა (შემდეგ გაირკვა, რომ ბრაზინსკასი თვითმფრინავს ვერ ააფეთქებდა, რადგანაც ტანზე, სასწავლო ყუმბარები ჰქონდა მიმაგრებული). საბჭოთა მგზავრებსა და თვითმფრინავის ეკიპაჟის გადარჩენილ წევრებს, თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში დარჩენა შესთავაზა, რაზეც ყველა მგზავრმა უარი განაცხადა. საბჭოთა კავშირმა თურქეთს, ტერორისტების გადმოცემა მოსთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. თურქეთმა, 45 წლის პრანას ბრაზინსკასს 8 წლით, ხოლო მის შვილს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 1974 წელს, თურქეთში საყოველთაო ამნისტია გამოცხადდა და ბრაზაუსკასს პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს. სტამბოლში, ფეშენებელურ ვილაზე დაასახლეს. შემდგომში ერთ-ერთმა "კაგებეშნიკმა" აღიარა, მამა-შვილს ამერიკისთვის რომ არ ეთხოვა თავშესაფარი და დროზე არ გაესწროთ, თურქული სპეცსამსახურები მათ ფიზიკურ ლიკვიდაციას გეგმავდნენო.

1983 წელს მამა-შვილმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო და მამა - ალბერტ-ვიკტორ, ხოლო შვილი - ფრენკ უაიტებად იქცნენ. ისინი, კალიფორნიის შტატში, სანტა-მონიკაში დასახლდნენ და მღებავებად დაიწყეს მუშაობა. მოგვიანებით წიგნიც გამოსცეს, სადაც თავიანთი საქციელი, სოციალისტური, მანკიერი წყობილებიდან, თავის დახსნის სურვილით გაამართლეს. თუმცა მათი "ამერიკული ოცნება" სულაც არ აღმოჩნდა "საოცნებო". მამა-შვილი ხშირად ჩხუბობდა და ერთ-ერთი მორიგი ჩხუბის დროს, ფრენკ ალეგირდასმა 77 წლის მამა მოკლა.

თითქოსდა ერთი ჩვეულებრივი, ტერორისტული ამბავია, მაგრამ არის მასში უამრავი დაუზუსტებელი რამ. ტრაბზონში დაკითხვისას, პრანას ბრაზაუსკასმა, თავი დამნაშვედ არ ცნო ბორტგამცილებლის, ნადეჟდა კურჩენკოს გარდაცვალებაში. მისი მტკიცებით, თვითმფრინავში ორი, შეიარაღებული და სამოქალაქო ფორმაში გადაცმული საბჭოთა მოხელე იჯდა, რომელთა მიერ ნასროლმა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა ბორტგამცილებელი. ეჭვს ბადებს ის ფაქტიც, რომ ოფიციალურად დადასტურებული 18 გასროლის ნაცვლად, თვითმხილველები ამბობენ, 24 გასროლა მოხდაო. რასაც მხოლოდ მამა-შვილი გადაჭრილი, სანადირო თოფებით ვერ მოახდენდნენ, მაშინ მათ იარაღი 12-ჯერ მაინც უნდა გადაეტენათ. იმასაც ამბობენ, ნადია ბორტგამცილებლად კი არა, ბუღალტრად მუშაობდა სოხუმის ავიახაზებში და მისი ამ ამპლუაში ხილვა, ცოტა უცნაურიაო. უამრავი ვერსიაა. ფაქტი ერთია: ნადია კურჩენკო მაშინ 19 წლის იყო და 3 თვეში უნდა ექორწინა. გარდაცვალებიდან მცირე ხანში, ის სოციალიზმის გმირად შერაცხეს და სოხუმში, მაგნოლიების სურნელში ჩაფლულ პარკში დაასაფლავეს (პარკს შემდგომში მისი სახელი ეწოდა). ჩემი აზრით, ის მამა-შვილ ბრაზაუსკასების კი არა, იმ დიდი და დამანგრეველი მანქანის მსხვერპლი გახდა, რომელსაც "სოციალიზმი" ერქვა.

ქეთი ნიკოლავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)