ვინ ჩადიოდა მერაბიშვილთან კვარიათის აგარაკზე და რატომ ვარდებოდა ამ დროს სკუტერების ბიზნესი

ვინ ჩადიოდა მერაბიშვილთან კვარიათის აგარაკზე და რატომ ვარდებოდა ამ დროს სკუტერების ბიზნესი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკავების ერთ-ერთი მიზეზი კვარიათში ბიზნესმენ ზურაბ ლობჟანიძის აგარაკის უკანონოდ მითვისებაა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2009 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრ ვანო მერაბიშვილს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კვარიათში ზღვის პირას მდებარე შპს "საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის" კუთვნილი ფეშენებელური აგარაკი მოეწონა და 2009 წლის მაისში თვითნებურად დაიკავა. მერაბიშვილების ოჯახი აგარაკით თითქმის ოთხი წლის განმავლობაში უსასყიდლოდ სარგებლობდა.

"ამბები.გე" მერაბიშვილის კვარიათელ მეზობლებს და ლობჟანიძეების ახლობლებს ესაუბრა, რომლებიც იხსენებენ თუ როგორ შეიჭრა სპეცრაზმი აგარაკზე, სამთავრობო სტრუქტურების რომელი წარმომადგენლები სტუმრობდნენ მერაბიშვილების ოჯახს და რა რაოდენობის ელექტროენერგიის დავალიანება დაუგროვდა ყოფილ პრემიერს აგარაკზე ცხოვრების დროს.

ნელი ცივაძე, მეზობელი: "ლობჟანიძეები ძალიან კარგი მეზობლები იყვნენ, ველოდებით როდის დაბრუნდებიან. მათ სახლს ღამე დაეპატრონნენ. აქ ყველაფერი ხდებოდა ღამე ან გამთენიისას, ამიტომ, ბევრს ვერაფერს ვერ ვხედავდით. იყო მანქანების მოძრაობა, იყო დაცვა, მიდიოდნენ, მოდიოდნენ... ახლა უკვე ოჯახის ახლობლებს გადააბარეს აგარაკი. ნათქვამია, "დრონი მეფობენ და არა მეფენიო".

ინდირა ვანიძე, მეზობელი: ”მას შემდეგ, რაც მერაბიშვილების ოჯახი გადმოვიდა საცხოვრებლად, აგარაკს დაცვა მიუჩინეს და ვიდეო-კამერები დააყენეს. მათი პირველი მოსვლაც ძალიან კარგად მახსოვს... ლობჟანიძეები უკვე საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ. აგარაკს ოჯახის ახლობელი უვლიდა. ღამე 20 კაცი მიუვარდა მოხუც კაცს, თავს დაესხნენ, გატეხეს კარები და სახლს დაეპატრონენ. მოხუცმა თქვა, ასეთი ამბის ატეხა რა საჭირო იყო, წინააღმდეგობის გაწევას არც ვიფიქრებდიო... გასულ წელს აგარაკზე ძვირფასი რემონტიც გააკეთეს. მე პირადად, კონფლიქტი მქონდა, რადგან სანაპიროზე გასასვლელი გადამიღობეს, ზღვასთან გასასვლელ ბილიკი არ დამიტოვეს, შემდეგ მოვაგვარეთ საკითხი, მაგრამ, ძალიან რთულად გადავიტანეთ ის პერიოდი.

ორი დღის წინ, სამართალდამცველები მოვიდნენ, აგარაკის გადაბარების საკითხზე და როგორც მეზობელს, მეც დამიძახეს. კონდენციონერებზე შეიქმნა პრობლემა, სახელმწიფოს საკუთრებააო, ამიტომ, მოხსნეს და წაიღეს. დანარჩენი გაპარტახებულია. აუზი ცუდ მდგომარეობაშია, საუნა აღარ არის.

გარდა ამისა, ელექტროენერგიის დავალიანება აქვთ. ჩვენთან, სოფელში არჩევნების შემდეგ, ენერგოკომპანიიდან გადასახადებზე რომ მოვიდნენ, შუქი გაუთიშეს. 18 000 ლარი დავალიანება აქვთო. 24 საათი პროჟექტორები გადანათებული იყო და კი იქნებოდა დავალიანება. მერე დაცვის ბიჭებმა მთხოვეს, შენგან გადავიყვანთო შუქსო, მაგრამ უარი ვუთხარი.

მათთან ხმაური არასდროს ყოფილა. ოჯახი რომ მოდიოდა, მაშინ სრული სიწყნარე იყო. გარდა ვანო მერაბიშვილის, მისი მეუღლის და სიდედრისა, სოსო თოფურიძე და ახალაიები სტუმრობდნენ აგარაკს. ერთხელ მაგიდა ზღვაში ჩადგეს და ისაუზმეს. ხანდახან კატერებით მოდიოდნენ. ზაფხულობით, როცა მერაბიშვილის ოჯახი აქეთ იყო, სკუტერების ბიზნესი ვარდებოდა. არ გვქონდა უფლება სკუტერების გაქირავების".

მალხაზ ფარსენაძე, ოჯახის ახლობელი: "სამმართველოდან მოვიდნენ და ოჯახის ახლობლებს გადმოგვაბარეს აგარაკი. აღრიცხეს ყველაფერი, რაც მათი ნივთები იყო წაიღეს, ფარდებიც კი ჩამოხსნეს. აღარ დაგვხვდა კონდინციონერები, სარეცხის მანქანები, რაც 2009 წელს ჩამოგვართვეს იმის 10%, მათ შორის, საუნაც გატანილია. ზურაბ ლობჟანიძე აპირებს დავას მანამ, სანამ არ აუნაზღაურებენ ზარალს. ელექტრო ენერგიის დავალიანება 13 500 ლარის ფარგლებშია. არის ბუნებრივი აირის დავალიანებაც, თუმცა რამდენია ჯერ არ ვიცი".

ლობჟანიძეების აგარაკის ელექტროენერგიის დავალიანების გასარკვევად "ენერგო-პრო ჯორჯიას" დავუკავშირდით, თუმცა როგორც კომპანიის პრესსამსახურში განაცხადეს, ინფორმაციას მხოლოდ ოჯახის წევრებს მიაწვდიდნენ. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ გადაიხდის კვარიათის აგარაკზე ვანო მერაბიშვილის ელექტროენერგიის დავალიანებას.

ბიზნესმენ ზურაბ ლობჟანიძეს პოლიცია დოკუმენტების გაყალბებაში სდებდა ბრალს, რის გამოც ის ოჯახთან ერთად საქართველოდან შვეიცარიაში საცხოვრებლად 2003 წელს წავიდა.

ნინო ხოზრევანიძე

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"