ილია მეორე – საქართველოს წინსვლა გარდაუვალია

ილია მეორე – საქართველოს წინსვლა გარდაუვალია

დღეს არის ბედნიერი დღე მთელი საქართველოსთვის, რადგან ჩვენ ვდღესასწაულობთ ეროვნულ დღესასწაულს – ჩვენს სახელმწიფოებრიობას, - ამის შესახებ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მართალია საქართველო ძნელად მიდის პროგრესისკენ, თუმცა, მისი წინსვლა გარდაუვალია.

"მთელს საქართველოს, ხელისუფლებას, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ყველას გილოცავთ ამ დიდი ეროვნულ დღესასწაულს", – ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

როგორც უწმინდესმა აღნიშნა, საქართველო ბედნიერია იმით, რომ კორფუს მიტროპოლიტმა წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილი ჩამოაბრძანა, როგორც "ნიშანი ქვეყნის წინსვლისა და წმინდანის დიდი დახმარებისა".

"ღვთის განგებით და წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ლოცვა-კურთხევით ჩემი ინტრონიზაცია შედგა იმ დღესასწაულზე, როდესაც ჩვენ წმინდა სპირიდონის ხსენების დღეს ვზეიმობთ – 25 დეკემბერი, 1977 წელი. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ წმინდა სპირიდონი იქნებოდა საქართველოს და ჩვენი ეკლესიის მფარველი და წინამძღვარი", - ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორემ ქართველი ერის სახელით მადლობა გადაუხადა კორფუს მიტროპოლიტ ნექტარიოსსა და კორფუს მერს და მართლმადიდებლობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის ისინი საქართველოს საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდოთი – წმინდა ნინოს ოქროს ორდენით დააჯილდოვა.

მიტროპოლიტმა ნექტარიოსმა საქართველოს პატრიარქს მრავალი წელი სიცოცხლე და საქართველოს ეკლესიის სადარაჯოზე მყარად დგომა უსურვა და უსახსოვრა წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხატი, ასევე, მისი წიგნები და ფოტოების კრებული წმინდანის ცხოვრების შესახებ.

საკვირაო ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ტრადიციულად რამდენიმე გვარი დალოცა. დღესვე, "სახალხო კრების" ინიციატივით, სამების საპატრიარქო ტაძარში ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ 2011 წლის 26 მაისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვილი გადაიხადა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია