რეპორტაჟი ნაგვის ქალაქიდან - "ერთი წუთით გავაჩერე მანქანა, რომ მოვბრუნდი, კაპოტზე ბანანის ქერქი დამხვდა"

რეპორტაჟი ნაგვის ქალაქიდან - "ერთი წუთით გავაჩერე მანქანა, რომ მოვბრუნდი, კაპოტზე ბანანის ქერქი დამხვდა"

"თბილისი - სისუფთავის ქალაქი" - ერთ დროს ეს სლოგანი პოპულარული იყო. თუმცა, არა შეჯდა მწყერი ხესაო - კარგი იქნებოდა, ჩვენს ქალაქში სისუფთავის მოყვარული საზოგადოებაც რომ ცხოვრობდეს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ქუჩები დღეში ორჯერ იწმინდება, საშველი მაინც არ არის.

ყოველ ნაბიჯზე ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც გარემოს აბინძურებენ - უცერემონიოდ ყრიან შუა ქუჩაში საჭმლის ნარჩენებს, სანაგვე ურნამდე მისვლას ნაგვის შორიდან სროლას ამჯობინებენ, ან კიდევ, "მე მიყვარს თბილისის" სტიკერმიკრული მანქანებიდან დაუფიქრებლად ისვრიან სიგარეტის ნამწვებსა და ლუდის ბოთლებს.

ამ კატეგორიის ადამიანთა აღმოჩენამდე, სახლიდან სამსახურამდე გზა ქუჩების თვალიერებაში გავატარე. პირველად ბაგებში, კორპუსებთან დაყრილმა თუ ჩამოყრილმა საყოფაცხოვრებო ნაგავმა აღმაშფოთა. გასაკვირია - კორპუსის ბინადრებს არ აწუხებთ, მათი შვილები ამ ნაგვით სავსე ეზოში რომ თამაშობენ? სანამ ფოტოს ვიღებდი, გაფუჭებულმა ხაჭომ ცხვირწინ ჩამიქროლა და მივხვდი, ნათელ საქართველოში ჯერ კიდევ ბნელა.

ვეჭვობ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის სანაგვე ურნის მნიშვნელობა. სკვერებში ხშირად შეხვდებით ნაგვით გარშემორტყმულ ცარიელ ურნებს. თითქოს ყველა გმობს ქუჩებში გამეფებულ ანტისანიტარიას, მაგრამ ნაგავი მაინც ჰაერში დაფრინავს.

ალბათ, ყველას შეუმჩნევია ავტობუსის გაჩერებაზე თუ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებთან თოვლივით მოფენილი ბილეთები და ჩეკები. მიუხედავად იმისა, რომ სანაგვე ყუთები იქვე დგას, საზოგადოება ნაგვის ქუჩაში დაყრას ამჯობინებს.

რთული მდგომარეობაა ავტოსადგომებზეც. როგორც ჩანს, დამბინძურებლისთვის ასეთი ტერიტორია მისწრებაა - ვერავინ ხედავს და ნაგავსაც თამამად ყრის.

- ერთი კვირის წინ ყაზბეგის ქუჩაზე, შიდა ეზოში ერთი წუთით გავაჩერე მანქანა. რომ მოვბრუნდი, კაპოტზე ბანანის ქერქი დამხვდა. არ ვიცი, როგორ შეიძლება ასეთი უკულტურობა. ყველაფერს სახელმწიფო ხომ ვერ დაარეგულირებს, ხალხს უნდა ახსოვდეს საკუთარი მოვალეობა. თუ მოვალეობები არ ახსოვს, ის მაინც უნდა იცოდეს, რომ ნაგავი მანქანაზე არ დაყაროს, - ამბობს თბილისის მცხოვრები ნინო ბერიძე.

ნაგავი მანქანაზე მეც ბევრჯერ შემინიშნავს, აი, პრესის ჯიხურის თავზე აურაცხელი ნაგვის ნახვამ კი უზომოდ გამაკვირვა. როგორც ჩანს, მიწისზედა გადასასვლელზე გადამსვლელ-გადმომსვლელი ყოველგვარ ნარჩენს პირდაპირ ამ ჯიხურის თავზე ათავსებს. ჯიხურის გამყიდველი ამბობს, რომ ამ პროცესის გაკონტროლებას ვერ ახერხებს.

- მესმის ხოლმე ბრახაბრუხი, მაგრამ ყოველ წუთს ჯიხურიდან ხომ ვერ გამოვალ, ამიტომ დავიღალე და დავანებე თავი. არ ვიცი, ამ ხალხს რა ეშველება, ზრდასრულ ადამიანებს თავიდან ხომ ვერ აღზრდი. სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში სისუფთავის დაცვის, ქუჩების, ბუნების მოვლის კულტურა არ არსებობს".

ვაგზლის მოედანზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს შევხვდი. ვკითხე, დღეში რამდენჯერ უწევს ტერიტორიის დასუფთავება, რომ სიბინძურე არ იგრძნობოდეს, რაზეც გაბრაზებულმა მომიგო: "ამ ხალხის ხელში შეუძლებელია სისუფთავის შენარჩუნება! სანაგვემდე მისვლა ეზარებათ, ყველაფერს ძირს ყრიან. რომ არ მიჭირდეს, 500 ლარად ნამდვილად არ მიღირს ამდენი შრომა, დღეში სამჯერ ვგვი ამხელა ტერიტორიას და უკან რომ მოვიხედავ, უკვე დაბინძურებულია".

ადმინისტრაციულ სამართალ­დარღვევათა კოდექსით, დასუფ­თავების წესების დარღვევა ქვე­ითად მოსიარულისთვის 50-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, იურიდიული პირი კი 500 ლარით ჯარიმდება, თუმცა, მკაცრი კონტროლი ამ წესების დამრღვევებზე არ ხორციელდება.

გარემოს დაცვის სამინისტროში ამ პრობლემის მოსაგვარებლად უკვე მუშაობენ. პრესსამსახურის განცხადებით, 2011 წელს გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციები შეეკვეცა და გარემოზე ზედამხედველობის სამსახურიც გაუქმდა.

"სამინისტროში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, გარემოს ზედამხედველობის სამსახური ისევ ამოქმედდება და არა მარტო თბილისს, მთელ საქართველოს გააკონტროლებს. გარემოს დამბინძურებლების წინააღმდეგ შესაბამისი ზომები იქნება მიღებული", - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

მაკა ქობალია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია