რომელია თბილისის ყველაზე ხანძარსაშიში უბნები

რომელია თბილისის ყველაზე ხანძარსაშიში უბნები

ცნობილ გამონათქვამს თუ დავუჯერებთ, ადამიანმა ყველა უბედურების მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძიოს, თუმცა, არსებობს უბედურება, რომელსაც ვერ შეაჩერებ, მოულოდნელად, დაუკითხავად მოდის და ყველაფერს ანადგურებს... ამგვარ უბედურებას მიეკუთვნება ხანძარი, რომელიც ყოველწლიურად უამრავი ტრაგედიის მიზეზი ხდება. გამონაკლისს ამ მხრივ არც თბილისი წარმოადგენს.

რა იწვევს ხანძარს და როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან ეს უბედურება? - ამ კითხვებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს, მამუკა ყირიმელს მივმართეთ:

- ხანძრის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს, თუმცა მათგან მთავარი მაინც უყურადღებობა და დაუდევრობაა. ხშირად არ იცავენ უსაფრთხოების ნორმებს, როგორც დაწესებულებებში, ასევე საცხოვრებელ ბინებში. ძალზე ხშირად ხანძრის მიზეზი გაუმართავი ელექტროგაყვანილობა და ელექტროხელსაწყოებია. იგივე შეიძლება ითქვას ბუნებრივ აირზეც.

- თუ არის თბილისში უბნები, სადაც ხანძარი უფრო ხშირია?

- ყველაზე ხშირად ხანძარი ძველ დასახლებებში, ე.წ. იტალიურ ეზოებში ხდება, სადაც ძირითადად ხის სახლებია. ეს მასალა უკვე გამომშრალია და ნაპერწკალიც საკმარისია, რომ ცეცხლი მოედოს და შორ მანძილზე გავრცელდეს. კორპუსებში, რომლებიც ძირითადად ქვისაგან არის ნაშენები, ხანძარი უფრო ნაკლებად ვრცელდება. განსაკუთრებით ხშირი იყო ხანძრები დაახლოებით 15-20 წლის წინ, როცა დენი არ იყო და ხალხი გასათბობად ე.წ. კერასინკებს და სხვა გაუმართავ მოწყობილობებს იყენებდა.

- ალბათ ძალიან მძიმე სამუშაო რეჟიმი გაქვთ...

- 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, დაძაბული სამუშაო გვაქვს, ნებისმიერ წამს შეიძლება გამოგვიძახონ და ფსიქოლოგიურად სულ მოლოდინში ვართ. შედარებით მშვიდი დღეებიც გვაქვს, მაგრამ ზოგჯერ მთელი ქალაქის მასშტაბით საშუალოდ 15-20 გამოძახებაც გვაქვს ხოლმე. ყველა შემთხვევა ერთნაირი სიმძიმისა არ არის, მაგრამ თავის დროზე რომ არ მივიდეთ, სულ უმნიშვნელო ცეცხლიც კი სერიოზულ ხანძრად გადაიქცევა და ფართო მასშტაბს მიიღებს. ამიტომ ერთი ჯგუფი ყოველთვის მორიგეობს. ძალიან რთული პროფესია გვაქვს,P მეხანძრემ პირველ რიგში ადამიანის გადარჩენაზე უნდა იზრუნოს, მაგრამ სულიერად და ფიზიკურადაც ძლიერი უნდა იყო, ექსტრემალურ სიტუაციაში რომ არ დაიბნე, საკუთარი თავის გადარჩენაც შეძლო და სხვებისაც.მე რიგით მეხანძრედ ვმუშაობდი და კარგად ვიცი, ეს რა დატვირთვაა. ყველაზე რთულ მდგომარეობაში მაშინ ვარდები, როცა ადამიანი იღუპება. არ მავიწყდება ხანძარი, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ, თეატრალური ინსტიტუტის გვერდით მოხდა: იტალიური ეზო იყო და ცეცხლი ძალიან სწრაფად გავრცელდა. ამ ხანძრის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, თუმცა საბედნიეროდ, სახლში მყოფი პატარა ბავშვი გადარჩა. იყო საშიშროება, რომ ცეცხლი თეატრალური ინსტიტუტის შენობაზეც გადასულიყო. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, უფრო მეტი ადამიანი დაშავდებოდა და დაიღუპებოდა.

- თქვენ თუ გადაგირჩენიათ ვინმე?

- ჩვენს ბიჭებს ათეულობით ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენიათ. სტატისტიკაც გვაქვს: 2011 წელს მაგალითად, ჩვენმა სამსახურმა 140 ადამიანი გადაარჩინა, 2012-ში კი - 93. მსგავსი ფაქტი ჩემს ცხოვრებაშიც მოხდა: 1995 თუ 1996 წელი იყო, მაშინ ოცმეთაურად ვმუშაობდი მთაწმინდის რაიონში, ცეცხლმოდებულ სახლში ორი ბავშვი იყო ჩარჩენილი და ის ბავშვები გამოვიყვანეთ. მარტო მე კი არა, მაშინ მთელმა ჩვენმა ჯგუფმა იყოჩაღა, ამიტომ ის დღე ძალიან კარგად მახსენდება. ზოგჯერ თვითონ მეხანძრეებიც იღუპებიან. დაახლოებით 15 წლის წინ ხანძრის დროს დაიღუპა დედაქალაქის შტაბის უფროსი გოგი მანველიძე. თბილისის ომის დროს დაგვეღუპა სერგო ბაიდაშვილი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებდა და ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. ასევე დაიღუპა საბურთალოს რაიონის ოცმეთაური გელა ჩანადირი. ძალიან მძიმე პროფესია გვაქვს და ამ საქმეში მთელი გული და სული თუ არ ჩადე, ვერ იმუშავებ, რადგან მსგავს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას ყველა ვერ უძლებს.

- ცრემლი და სიხარული ძმები არიანო, - ნათქვამია. კური­ო­ზული გამოძახებები თუ გქონიათ?

- როგორ არა, ყოფილა შემთხვევა, როცა ერთ კორპუსში მწვადებს წვავდნენ, მეორე კორპუსიდან ვიღაცას იქ ხანძარი ჰგონებია და გამოვუძახებივართ. ჩვენც დაფეთებულები მივსულვართ, მაგრამ იქ კარგი, მამაპაპური ლხინი დაგვხვედრია. ერთი ქუჩიდან გამოგვიძახეს - მე-10 ნომერ სახლში ხანძარიაო, სასწრაფოდ გავიდა ჯგუფი, ეძებეს ჩვენმა ბიჭებმა და იქ ვერანაირი ხანძრის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს. თურმე იქ მცხოვრებს ნათესავმა ჭიშკარი აჩუქა, რომელსაც 10 ნომრის ნაცვლად 17 ეწერა და ამის გამო დავაგვიანეთ. როგორც გითხარით, ხანძრის მიზეზი უფრო ხშირად დაუდევრობა და დაბნეულობაა, ზოგჯერ არაფერი ისეთი არ ხდება, მაგრამ ადამიანი იბნევა, ვერ ახერხებს ცეცხლის ჩაქრობას და ისიც ვრცელდება, განსაკუთრებით ტყის მასივებში. ამიტომ ყველა უნდა გაფრთხილდეს, ტყეში არ შეიძლება ჩაუმქრალი სიგარეტის გადაგდება, მაგრამ მაინც აგდებენ. სწორედ ასე ჩნდება ზაფხულობით ხანძარი. ხანძარი ჩნდება მაშინაც, როცა ცეცხლს დაანთებენ და ნაკვერჩხლებს ტოვებენ, არადა, სულ უბრალო ამბავია - ცეცხლს მიწა უნდა დააყარო, ან წყლით ჩააქრო. ზაფხული მოდის და თუ მოსახლეობა ამ წესებს დაიცავს, ჩვენც ნაკლები საქმე გვექნება, ტყის მასივიც გადარჩება და ათეულობით ადამიანის სიცოცხლეც.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

AMBEBI.GE

აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს - როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში

როგორ დააზიანა ხანძარმა რუსთავის ავტობაზრობა - ფოტოები ადგილიდან

"დაგანგრევთ ყველას, ლიბერალებო" - მეუფე სტეფანე