გიორგი მოსიძე - ჩვენი მიზანია, ნებისმიერი რაიონის ბოლო, საზღვრისპირა სოფელში ჩავიდეთ და ინტელექტის ზეიმი მოვაწყოთ

გიორგი მოსიძე - ჩვენი მიზანია,  ნებისმიერი რაიონის ბოლო, საზღვრისპირა სოფელში ჩავიდეთ და ინტელექტის ზეიმი მოვაწყოთ

11 მაისს საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ინტელექტუალური პროექტის - "ინტელექტის დღე 2013" ფინალური რაუნდი ჩატარდა. ამ დღეს 72 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ერთმანეთს ინტელექტუალურ თამაშში - "რა? სად? როდის?" შეეჯიბრა და სასკოლო ნაკრებებს შორის ქვეყნის ჩემპიონი გამოავლინა. ფინალს წინ უძღვოდა დაძაბული შესარჩევი ეტაპი, რომელიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში ერთდროულად გაიმართა. პროექტის ხელმძღვანელი გიორგი მოსიძე ინტელექტუალური შეჯიბრების განვლილ გზასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება:

- 2012 წელს საქართველოში პირველად ჩატარდა "ინტელექტის დღე". პროექტში მონაწილე ყველა სკოლამ გამართა შიდა ტურნირი, მის საფუძველზე სკოლის ის ნაკრებები გამოვლინდა, რომლებიც მონაწილეობდნენ პროექტის პირველ ეტაპზე... წელს "ინტელექტის დღე" შარშანდელთან შედარებით უფრო მასშტაბური გამოგვივიდა; პროექტი შედგებოდა ორი ეტაპისგან. პირველი ეტაპი ასეთი იყო: 13 აპრილს, 14 საათზე, ერთდროულად საქართველოს 71 სათამაშო მოედანზე ერთსა და იმავე შეკითხვებზე უნდა გაეცათ პასუხი ყველა სკოლის ნაკრების მონაწილეებს. მაგალითად, მესტიის ერთ-ერთ სკოლაში შეიკრიბა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ყველა ნაკრები, დასხდნენ და ერთდროულად დაიწყეს თამაში. ასევე მოხდა საქართველოს დანარჩენ რაიონებსა და ქალაქებში.

- რამდენი შეკითხვა იყო?

- პირველ ეტაპზე 24 შეკითხვა იყო და ვინც ყველაზე მეტი სწორი პასუხი დააგროვა, ის გახდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამარჯვებული. ყველა სათამაშო მოედანზე ცნობილი ტელესახეები იყვნენ წამყვანებად ანუ 71 ცნობილი მოაზროვნე ჩავიდა იმ მუნიციპალიტეტში, რომელიც მას ხვდა წილად და კონვერტით ჩაიტანა 24 შეკითხვა, რომელიც იქ ზუსტად 14 საათზე გაიხსნა. ასე გამოვლინდა 59 მუნიციპალიტეტის გამარჯვებული, 4 თვითმმართველი ქალაქის (ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი) ჩემპიონი, თბილისის 7 სათამაშო მოედნის ცენტრი, პლუს არასრულწლოვანთა კოლონია.

- ბატონო გიორგი, მუდმივად გვესმის, რომ ახალგაზრდებში, განსაკუთრებით სკოლის ასაკის მოზარდებში განათლების დონე საკმაოდ დაბალიაო. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- არა, კატეგორიულად არ ვეთანხმები, ეს ტყულია. ძალიან კარგი შედეგი გვქონდა. პროექტში 10 ათასზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა და კიდევ უფრო მეტი მოვიდა მათ საყურებლად და საგულშემატკივროდ. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ კითხვისა და ზოგადად, წიგნის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. ამ პროექტში ერთდროულად 1300-მდე საჯარო და კერძო სკოლა მონაწილეობდა და განათლების საერთო დონის განსაზღვრაც გახდა შესაძლებელი.

- ამ მასშტაბისა და ასეთი ტიპის თამაში საქართველოში პირველად ჩატარდა, ხომ?

- არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც არ მოიპოვება პრეცედენტი... ქართველი მოზარდების უწიგნურობას თუნდაც იმის გამო ვერ დავეთანხმები, რომ ინტელექტკლუბის მიმართ ინტერესი დიდია. ბევრ მუნიციპალიტეტში გაიმარჯვეს არა რაიონული ცენტრების, არამედ სოფლების სკოლების გუნდებმა. ასე მოხდა, მაგალითად, თელავის, ჩხოროწყუს, ვანის, სამტრედიის, ქობულეთის, ადიგენის, მესტიის მუნიციპალიტეტებში.

- არასრულწლოვანთა კოლონიაში როგორი სურათი დაგხვდათ?

- საკმაო ენთუზიაზმი. სხვათა შორის, იქ თამაში ელიტარული ტელეკლუბის მოაზროვნემ, არჩილ მაჭავარიანმა ჩაატარა.

- შესარჩევი ეტაპის საბოლოო შედეგები როგორ გადანაწილდა?

- როგორც უკვე ვთქვი, 13 აპრილს გამოვლინდა 70 ჩემპიონი (59 მუნიციპალიტეტი, 4 თვითმმართველი ქალაქი და თბილისის 7 რაიონი). მათ დაემატათ საქართველოს მასშტაბით საუკეთესო მეორეადგილოსანი კომაროვის სკოლის ნაკრები და საქართველოს თავდაცვის აკადემიის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გუნდი.

- მოდი, ახლა პროექტის მეორე ანუ ფინალურ ეტაპზე ვისაუბროთ...

- 11 მაისს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასმა" უმასპინძლა რესპუბლიკურ ფინალს, 72 უძლიერესი გუნდი მონაწილეობდა. საბოლოოდ, პენალტების სერიაში საქართველოს ჩემპიონი გახდა ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლა. ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა კერძო სკოლის, "ოპიზას" გუნდმა (ისანი-სამგორის რაიონი); თბილისის კერძო სკოლა - "ევროპული სკოლა" მესამე ადგილზე გავიდა.

- რა პრიზები მიიღეს გამარჯვებულებმა?

- საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ჩემპიონები ქინდლებით (ელექტრონული წიგნებით) დაასაჩუქრა. გარდა ამისა, ყველა პრიზიორმა და სამხარეო ჩემპიონმა საჩუქრად მიიღო გამომცემლობა "პალიტრა ლ"-ის მიერ გამოცემული წიგნები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პირველ ივნისს, ზაფხულის სერიის პირველ ტელეგადაცემაში მოხდება საქართველოს ჩემპიონი გუნდის დაჯილდოება პირდაპირ ეთერში.

- აღნიშნეთ, რომ პროექტი გრძელდება და ყოველწლიურად ჩატარდება...

- დიახ, თუ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი დაფინანსება იქნება, მომავალ წელს უფრო მასშტაბური გვინდა გავხადოთ ეს პროექტი. დიდი ქალაქებისგან განსხვავებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პროექტი დაინერგოს რაიონებში, იქ, სადაც ახალგაზრდებს ინტელექტუალური აქტივობისა და ასეთი ტიპის კლუბურ თამაშებში მონაწილეობის ნაკლები შესაძლებლობა აქვთ. ეს წაადგება მათ თვითრეალიზაციასაც. ამიტომ, ჩვენი მიზანია, საქართველოს ნებისმიერი რაიონის ბოლო, საზღვრისპირა სოფელში ჩავიდეთ, სადაც მთელი წლის განმავლობაში არაფერი ხდება და ინტელექტის ზეიმი მოვაწყოთ. საქართველოს ყველა სკოლის მოსწავლემ უნდა შეძლოს საყვარელ თამაშში მონაწილეობა. ტელეგადაცემებში ძალიან ბევრი წერილბი მოგვდის და მათგან უმეტესი, სწორედ იმ შორეული სოფლებიდანაა და აქედან ვასკვნი, რომ ინტერესი ძალიან დიდია. განსაკუთრებით მახსოვს, მესტიის სოფელ ლენჯერის სკოლის აქტიურობა. ახალქალაქის რაიონის სოფელ კოთელიდან მოსული წერილიც ბევრია; სხვათა შორის, ორივე მათგანმა რაიონული ჩემპიონატები მოიგო.

- პროექტის მხარდამჭერები ვინ არიან?

- საკმაოდ ბევრი და ძლიერი მხარდაჭერი გვყავს, რისთვისაც უღრმესი მადლობა მათ. განსაკუთრებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, პირადად ლევან ყიფიანსა და ზურაბ აზმაიფარაშვილს; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პირადად გიორგი მარგველაშვილსა და ალუდა გოგლიჩიძეს; მათ გარეშე ამდენი სკოლის დარაზმვას ვერ შევძლებდით. ინფორმაცია პროექტის შესახებ მათი მეშვეობით გავრცელდა... ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს, ნუგზარ კანდელაკსა და ვახტანგ ასანიძეს; ამ უნიკალური პროექტის პარტნიორები არიან გამომცემლობა "პალიტრა L" და "IDS ბორჯომი საქართველო". მადლობა, ასევე, საქართველოს კლუბის - "რა? სად? როდის?" ცნობილ ტელესახეებსა და აქტივისტებს, რომლებმაც მისიონერული ფუნქცია იკისრეს, ანუ ყველამ ცალ-ცალკე და ერთად, ორგანიზებულად იმუშავა და შედეგად - მართლაც ძალზე საინტერესო და უნიკალური პროექტი მივიღეთ. თავდაუზოგავად იმუშავა პროექტის მთავარმა რედაქტორმა, ლაშა კილაძემ, რომელმაც 75-კითხვიანი მარათონი მოამზადა...

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია