მუზეუმის მოჩვენება

მუზეუმის მოჩვენება

თბილისში, კარგარეთელის ქუჩაზე მდებარე მუსიკის, კინოს, თეატრისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში არაერთხელ შეუნიშნავთ მოჩვენება, რომელიც მუზეუმის აივანზე სავსემთვარეობისას გამოდის. თვითმხილველების მტკიცებით, ეს თავად ტარიელ დადიანის მეუღლის, აგრაფინა ჯაფარიძის აჩრდილია, რომლის სილამაზე და მამულიშვილობა საქვეყნოდ იყო ცნობილი.

1895 წელს აშენებულ ამ ნაგებობაზე უამრავი ლეგენდა დადის. შენობას "ერთი ღამის სასახლეს" უწოდებენ. აქ ცხოვრობდა აგრაფინა ჯაფარიძე, რომელიც გერმანელმა პრინცმა კონსტანტინე ოლდენბურგმა პირველად თეატრის სცენაზე ნახა, სპექტაკლ "ვეფხისტყაოსანში" აგრაფინა ჯაფარიძე ნესტან-დარეჯანის როლს თამაშობდა. პრინცი ჯაფარიძის ქალის სილამაზემ დაატყვევა, მაგრამ აგრაფინა იმხანად უკვე დაოჯახებული იყო თავად დადიანზე... ციხე-დარბაზის ტიპის ნაგებობას აქვს ღია ტერასა, ქვის მოაჯირებიანი კიბე, გუმბათს პრინცის საგვარეულო გერბი ამშვენებს, რომელზეც ფრთიანი ცხენია გამოსახული (ამ სიმბოლოს მაგიური დამცავი ძალა ჰქონია), საათი კი ისეთ განწყობას ქმნის, თითქოს აქ დრო გაჩერდა. მუზეუმის თანამშრომლები და ახლომახლო მცხოვრებნი ამბობენ, რომ აქ ხშირად ისმის სიმღერის და ბავშვების სიცილის ხმაც.

ხატია წერეთელი: ამ ისტორიის შესახებ ბევრი რამ მსმენია ბებიისგან. ეს სახლი მე-19 საუკუნეში სომეხი ვაჭრისთვის აუშენებია იმ დროისთვის გამოჩენილ უცხოელ არქიტექტორ პაულ შტერნის, მაგრამ სომეხ ვაჭარს ამ სასახლეში ერთ დღესაც არ უცხოვრია. გერმანელ პრინცს თავად ტარიელ დადიანის მეუღლე აგრაფინა ჯაფარიძე ისე მოსწონებია, რომ მასთან ერთი ღამის გატარების სანაცვლოდ დადიანისთვის მილიონი ოქრო შეუთავაზებია. მილიონი ოქრო დიდძალი თანხაა და თავადიც დასთანხმებია ამ შემოთავაზებას. პრინცთან გატარებული ერთი ღამის შემდეგ კი აგრაფინა ჯაფარიძეს ქმარი მიუტოვებია და მას შემდეგ გრაფინია ზარნიკაუდ მოიხსენიებოდა. ხალხს ამ ამბავზე ლექსიც შეუთხზავს - "გრაფინია კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო." პრინცს აგრაფინა თავდავიწყებამდე შეჰყვარებია და უკითხავს, რით შევძლებ შენი გულის მოგებასო, თავადის ქალს ულამაზეს სასახლეში ცხოვრება მოუსურვებია და სწორედ აქ დასახლებულან. მათ ოთხი შვილი შესძენიათ, რომელთაგან ერთ-ერთი, როგორც გადმოცემით ვიცი, სახელოვანი ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის ბებია იყო. როდესაც საქართველოში რუსის ჯარი შემოვიდა, აგრაფინა ჯაფარიძემ, რომელსაც ძალინ უყვარდა საქართველო, ქვეყნის დატოვებაზე უარი თქვა. მისი მეუღლე და შვილები კი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდნენ. ოლდენბურგი მუდამ უგზავნიდა საყვარელ ქალს წერილებს, სთხოვდა საფრანგეთში ჩასულიყო, მაგრამ ეს წერილები ადრესატამდე ვერ აღწევდა... აგრაფინა ჯაფარიძეს სული მარტოობაში აღმოხდა. სასახლიდან გასახლებული, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა, ხანდახან ლუკმაპურიც კი ენატრებოდა. ამბობენ, რომ ხშირად ტრიალებდა იმ სასახლის სიახლოვეს, სადაც წლების განმავლობაში პრინცთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა. სიკვდილის ბოლო დღეების გატარება აგრაფინა ჯაფარიძეს საყვარელი სასახლის ეზოში მოუსურვებია, ერთი კვირა უცხოვრია და იქვე გარდაცვლილა, მეზობლებს კუკიის სასაფლაოზე დაუსაფლავებიათ.

- ხატია, ამბობენ, რომ აქ ხშირად ხედავენ ლანდებს...

- მეც ვარ ამის მომსწრე. მუზეუმის აივანზე თეთრებში გამოწყობილი ქალის აჩრდილი თავადაც მინახავს. რამდენიმე წლის წინ გამაჯანსაღებელ ცენტრში ვმუშაობდი, ზუსტად მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს. ხშირად მიწევდა შუა ღამემდე მუშაობა და სწორედ იქიდან შევნიშნე პირველად აჩრდილი. მაშინ მუზეუმს რესტავრაცია არ ჰქონდა გაკეთებული, პირველ სართულზე ჩავდიოდი, დავინახე, რომ აივანზე იდგა თეთრებში ჩაცმული, თეთრთმიანი ქალი, რომელიც მთვარეს უყურებდა. ეს მოჩვენება ძირითადად სავსემთვარეობის დროს გამოდის, ღამის სამ საათზე, როცა ირგვლივ სამარისებური სიჩუმეა. ფანჯრიდანაც დამინახავს, როგორ მიდი-მოდის შენობაში. ამბობენ, რომ ეს აგრაფინა ჯაფარიძის ლანდია. საკუთარი თვალით რომ არ მქონდეს ნანახი, ამას არასდროს დავიჯერებდი.

თიკო სიდამონიძე (ადგილობრივი მცხოვრები): აგრაფინა ჯაფარიძის ლანდი რამდენჯერმე შემინიშნავს მუზეუმის შენობაში. ერთხელ მე და ჩემმა მეგობარმა დაცვის წევრებსაც კი ვთხოვეთ ღამით მუზეუმში შევეშვით. წარმოიდგინეთ, უკაცრიელ შენობაში გარკვევით გვესმოდა ნაბიჯების ხმა. თითქოს ვიღაც კიბეებზე ადი-ჩამოდიოდა. მუზეუმში უამრავი ხელოვნების ნიმუშია დაცული. გახსოვთ, ალბათ, რამდენიმე წლის წინ საცავიდან უნიკალური ნივთები რომ მოიპარეს. დაცვის ბიჭებს კარგად ვიცნობთ და მათ გვითხრეს, მუზეუმიდან ხმაური კი შემოგვესმა, მაგრამ იმიტომ არ მივაქციეთ ყურადღება, გვეგონა, ისევ ლანდი ხმაურობდაო. როგორც ჩანს, ქალი, რომელიც ამ სასახლეში ბედნიერად ცხოვრობდა, ჰყავდა საყვარელი ოჯახი, ჰქონდა ფული, ძვირფასი სასახლე, აქაურობას ვერ შორდება, ახლა მისი აჩრდილი დასტრიალებს აქაურობას...

ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია