რას ნანობს ყველაზე მეტად კახი კალაძე

რას ნანობს ყველაზე მეტად კახი კალაძე

"ამბები.გე" გთავაზობთ  ენრეგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის ინტერვიუს, რომელიც უკრაინულმა სპორტულმა გაზეთმა КОМАНДА-მა გამოაქვეყნა. (ინტერვიუ გამოქვეყნებულია 2013 წელს). საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი განვლილ სპორტულ კარიერას იხსენებს.

- ჯერ კიდევ გამოუცდელი და მოკრძალებული ახალგაზრდა იყავით, როცა ვალერი ლობანოვსკის მიწვევით კიევის დასაპყრობად ჩამოხვედით. ცოტა ხნის წინ კი უკვე ფეხბურთს გამოეთხოვეთ. კმაყოფილი ხართ თქვენი განვლილი საფეხბურთო კარიერით?

- ახლა, როცა უკან ვიხედები, იმ თითქმის 20-წლიანი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, შემიძლია ვთქვა, რომ უკმაყოფილების მიზეზი არ მაქვს. ფეხბურთი ისეთი სპორტია, სადაც ყოველთვის შეგიძლია მეტის მიღწევა. ყოველთვის ვცდილობდი წინსვლას და მივაღწიე კიდეც იმას, რომ ჩემი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ვარ. გამოვდიოდი გრანდებში, "მილანთან" ერთად მოგებული მაქვს დიდი ტიტულები, ვმონაწილეობდი მაღალი დონის ტურნირებზე და ამით ძალიან ამაყი ვარ. დღემდე არ დამავიწყდება ჩემპიონთა ლიგის ფინალში "იუვენტუსთან" თამაში, რომლის ყველა დეტალი მახსოვს. ასეთი დაუვიწყარი მატჩები ბევრი მაქვს...

- რის ან ვის გარეშე ვერ იქნებოდით ის, ვინც ახლა ხართ?

- ვფიქრობ, ვერაფერს მივაღწევდი ფეხბურთის, სპორტის, შრომისმოყვარეობის სიყვარულისა და წარმატების გარეშე. გარდა ამისა, ყოველთვის მეხმარებოდა ჩემი ოჯახისა და თანამემამულეების სიყვარული.

- კარიერის განმავლობაში ბევრ სახელიან მწვრთნელთან მოგიწიათ მუშაობა. რომელმა დაგიტოვათ წარუშლელი კვალი?

- მადლიერებით ვიხსენებ ყველას, მათ შორის იმათაც, ვინც ჯერ კიდევ ბავშვობაში მასწავლიდა ფეხბურთის თამაშს. პირველი საბაზისო ცოდნა, რომელიც მერე განვავითარე, თბილისის "დინამოსა" და, რა თქმა უნდა, კიევში მომცეს. განსაკუთრებული მწვრთნელი და მასწავლებელი, ამ სიტყვის სრული გაგებით, ჩემთვის ვალერი ლობანოვსკი იყო. მასთან მუშაობისას იმ დონეს მივაღწიე, რომელმაც "მილანში" გადასვლის საშუალება მომცა. იქ კი საინტერესო იყო ფათიჰ თერიმთან და კარლო ანჩელოტისთან მუშაობა.

- როგორ მიიპყარით ვალერი ლობანოვსკის ყურადღება, სად შეგნიშნათ?

- როგორც მახოვს, ლობანოვსკის ჩემი კიევში მიწვევა საქართველოს ნაკრებში იტალიის წინააღმდეგ ჩემმა თამაშმა გადააწყვეტინა. იტალიასთან ის თამაში ფრედ - 0:0 დავასრულეთ. მატჩიდან რამდენიმე ხანში კიევის "დინამოში" ჩემი ტრანსფერი განხორციელდა.

- რას ნიშნავს თქვენთვის გამოსამშვიდობებელი მატჩი, რთული იყო ასეთი ღონისძიების ორგანიზება?

- პირველ რიგში, ჩემთვის ეს მეგობრების, ყოფილი პარტნიორების, მეტოქეებისა და მწვრთნელების ნახვის შესაძლებლობაა, რომლებთან ერთადაც ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე. გარდა ამისა, ეს იმ საქმისთვის პატივის მიგებაა, რომელსაც ვემსახურე. და ბოლოს, გულშემატკივრის წინაშე ვალდებულებაა - დიდი ხანია მინდოდა, თბილისში ასეთი რანგის დღესასწაულის მოწყობა. რთული იყო თუ არა მალდინისა და კანავაროს დონის ფეხბურთელების საქართველოში ჩამოყვანა? - არა, რადგან ეს ბიჭები ჩემი მეგობრები არიან და მაშინვე დათანხმდნენ მოწვევას.

- რატომ ვერ მოხერხდა გამოსათხოვარი მატჩის გამართვა შარშან, როცა ოფიციალურად დაასრულეთ სპორტული კარიერა?

- თავდაპირველად, მატჩის გამართვას 2012 წლის სექტემბერში ვგეგმავდით. მაგრამ როგორც გახსოვთ, საქართველო საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა, მე კი ოპოზიციურ პარტიაში ვიყავი. როგორც პოლიტიკურ ოპონენტს, ცენტრალურ სტადიონამდე "მისასვლელი გზა" გადამიკეტეს. სწორედ მაშინ შევპირდი ჩემს გულშემატკივრებს, რომ ჩვენ ჯერ არჩევნებში გავიმარჯვებდით, მერე კი გაზაფხულზე ფეხბურთიდან ჩემს გამოსაშვიდობებელ მატჩს გავმართავდი. ამ გადაწყვეტილებას კიდევ ერთი პლუსი აღმოაჩნდა - მოედანზე ჩემთან ერთად იყო ჩემი მეგობარი გიორგი დემეტრაძე, რომელიც პატიმრობიდან ამ ზამთარს გათავისუფლდა.

- ვიცით, რომ წინა ხელისუფლება მხოლოდ სტადიონზე მატჩის გამართვაში კი არ გზღუდავდათ, არამედ მათ დააყადაღეს თქვენი საბანკო ანგარიშები, ქონება. მიუხედავად ამისა, არ გქონდათ იმედგაცრუება, არ გაგიჩნდათ იტალიაში დაბრუნების სურვილი?

- მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გამოვედი სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, საქართველოში ჩემს ბიზნესს მართლაც სერიოზული პრობლემები შეექმნა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემთვის ეს არ გამხდარა გაჩერებისა და ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის შეჩერების მიზეზი. საკუთარ ძალებში იმანაც დამარწმუნა, რომ მსგავსი პრობლემები საქართველოში ათასობით ადამიანს ჰქონდა, რომელთაც ჩვენი კოალიციის იწამეს და არ დაკარგეს იმედი, რომ შევძლებდით მათი მომავლის შეცვლას. ჩემი ხალხის ეს რწმენა, ეს სიყვარული მამხნევებს და ამ კავშირს ვერანაირი ფული და წართმეული ბიზნესი ვერ გაწყვეტს.

- რა უფრო რთული გამოდგა - არჩევნებში გამარჯვება თუ მინისტრობა, როცა ამის არანაირი გამოცდილება არ გქონდათ?

- ამის შედარება არ შეიძლება. ერთი და და მეორეც რთულია, თუმცა საინტერესო. ბავშვობიდან შეჩვეული ვარ მიზნების დასახვასა და მათ განხორციელებას, როგორც სპორტში, ისე სამუშაოსა და პოლიტიკაში.

- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ხართ, ახერხებთ თუა რა სპორტული ფორმის შენარჩუნებას?

- იმ ნახევარი წლის განმავლობაში, რაც მინისტრთა კაბინეტში ვარ, იყო დღეები და კვირები, როცა არათუ ვარჯიშს, გამოძინებასაც ვერ ვახერხებდი. რა თქმა უნდა, ვცდილობ მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაშს, დავდივარ სავარჯიშო დარბაზში, თუმცა ამას ან დილით ადრე ვახერხებ, ან ძალიან გვიან, როცა ნორმალურ ადამიანებს სძინავთ.

- გარდა იმისა, რომ მაღალანაზღაურებადი მოხელე ხართ, ორი ბიჭუნას მამაც ხართ. ახერხებთ თუ არა მათთვის დროის გამონახვას?

- ჩემი ოჯახი ჩემთვის უმთავრესია. თუ ვინმე ამბობს, რომ მას დრო არ ჰყოფნის საყვარელი ადამიანისთვის, ბავშვების აღზრდისთვის, მაშინ ყველაფერს, რასაც ის აკეთებს, აზრი არა აქვს.

- ფეხბურთელობისას ჩემპიონთა ლიგისა და სხვა მნიშვნელოვანი ჯილდოების მოგებაზე ოცნებობდით. ახლა რა მიზნები გაქვთ?

- ახლა იმაზე ვოცნებობ, რომ ქართული ოცნება ახდეს.

- რას ნანობთ?

- ერთადერთი სინანული, რომელიც ჩემს საფეხბურთო კარიერას უკავშირდება, ისაა, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირებზე ვერ ვითამაშე. და რა თქმა უნდა, 2009 წელს ერთ მატჩში საკუთარ კარში გატანილ ორ გოლზე.

- რა პროექტები გაქვთ?

- ვცდილობ, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს დავეხმარო. ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე მინდოდა თბილისში სპორტული სკოლის შექმნა, თუმცა მერიასთან მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა, ადგილი არ გამომიყვეს მშენებლობისთვის. თუმცა, მაინც მაქვს იმედი, რომ ჩემსას გავიტან. მაქვს ახალი პროექტიც - მინდა ორი სპორტული სკოლა გავხსნა ჩემს მშობლიურ სამტრედიაში. არ გამოვრიცხავ, ეს სკოლა უფასო იყოს.

- რატომ გახდით პოლიტიკოსი?

- სპორტში ყველაფერი მოვიგე. როგორც ფეხბურთელმა, ამოვწურე საკუთარი შესაძლებლობები. თავიდანვე ვუთხარი საკუთარ თავს, რომ მწვრთნელის კარიერა საჩემო არ იყო. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკაში წასვლას, ამისკენ გასულ წლებში ჩემს ქვეყნებში შექმნილმა სიტუაციამ მიბიძგა. როცა თბილისში დავბრუნდი და ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ გუნდში მიმიწვია, ბევრი რამ გადავაფასე სააკაშვილის ქმედებებში. ერთ-ერთი გადაცემის პირდაპირ ეთერში მე მას კრიტიკული შეკითხვა დავუსვი, რომელზეც მას არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა.

მომზადებულია КОМАНДА-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია