ბავშვზე ძალადობის ფაქტის დამალვა დაისჯება

ბავშვზე ძალადობის ფაქტის დამალვა დაისჯება

ოჯახში ბავშვზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესაბამისი ორგანოებისთვის მიწოდება შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეს კანონით დასჯად ქმედებად იქცეს. ამას "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი და მასთან დაკავშირებული სხვა გამომდინარე კანონპროექტები ითვალისწინებს.

"ეს ვალდებულება შეეხება სამედიცინო დაწესებულებებს, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს, სამართალდამცავ ორგანოებს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს და მათი უფლებამოსილ თანამშრომლებს. ასევე, ეს ვალდებულება კანონით ეკისრებათ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებში ჩართულ სხვა შესაბამის დაწესებულებებსა და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს. თუ ამ დაწესებულების თანამშრომლებმა შეიტყვეს, რომ არსებობს ბავშვებზე ძალადობის ფაქტები, ისინი ვალდებულები არიან, აცნობონ შესაბამის სამსახურებს", - აცხადებს "ალიასთან" საუბარში კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორი დეპუტატი გუგული მაღრაძე.

კანონპროექტის თანახმად, ბავშვებზე ძალადობის შესახებ შეტყობინება სოციალურ სამსახურებს უნდა მიეწოდოთ, რომლებიც ოჯახურ ძალადობაზე მუშაობენ და ასევე პოლიციას. რაც შეეხება ცალკეულ პირებს, ვინც შეიტყობს ძალადობაზე ინფორმაციას, მეზობელი იქნება ეს, მეგობარი თუ უბრალოდ რიგითი გამვლელი, მათ არ ენიჭებათ ვალდებულება კანონით.

"ასეთ პირებს, არ ენიჭებათ ვალდებულება კანონით. თუმცა, ბუნებრივია, კარგი იქნება, თუ ისინიც შეატყობინებენ შესაბამის სამსახურებს მსგავსი ფაქტების შესახებ", - აცხადებს გუგული მაღრაძე.

კანონპროექტის მიხედვით, შესაბამისი სამსახურების თანამშრომელი, რომელმაც იცის, რომ ბავშვზე ძალადობა ხდება და არ ჩააყენებს პოლიციას საქმის კურსში, ჯარიმდება პირველ ჯერზე 50 ლარით, ხოლო მეორედ - 100 ლარით.

კანონპროექტი უკვე გადაიგზავნა განათლების, იუსტიციისა და შს სამინისტროებში და შესაბამისი პროცედურებიც გაიარა. მის დამტკიცებას ავტორები საშემოდგომო სესიებზე ვარაუდობენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია