რა სირთულეები ექმნებათ აზერბაიჯანელ სტუდენტებს ქართულ ენაზე სწავლისას

რა სირთულეები ექმნებათ აზერბაიჯანელ სტუდენტებს ქართულ ენაზე სწავლისას

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, არაქართულენოვან აბიტურიენტებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, საშუალება ეძლევათ, ეროვნულ გამოცდებზე დადგენილი ზღვარის გადალახვის შემდეგ, სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელონ. უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე კი, მათთვის ერთწლიანი მოსამზადებელი კურსის გავლა აუცილებელია, რაც ხშირ შემთხვევაში, არ არის საკმარისი.

არაქართულენოვანი სტუდენტები ბოლნისიდან და მარნეულიდან ამჟამად იმ მიზეზებს ასახელებენ, რის გამოც სახელმწიფო ენას ვერ ფლობენ.

ჩინარა ნაბიევა:

- ვერ წარმოვიდგენდი, თუ საქართველოში უმაღლეს სასწავლებელში ვისწავლიდი. სკოლის დირექტორმა გვითხრა, რომ არსებობდა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ერთი წელი უნივერსიტეტში ქართული ენის შესასწავლად მოსამზადებელ კურსს გავივლიდი და ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, სტუდენტი გავხდებოდი. სკოლა ისე დავამთავრე, რომ ქართული საერთოდ არ ვიცოდი. სურვილი მაქვს, საქმიანობა საქართველოში გავაგრძელო, ამისთვის კი განათლების მიღება აუცილებელია. მშობლებს ძალიან უხარიათ ჩემი წარმატება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სოფელში მარტონი დარჩნენ (მე სასწავლებლად თბილისში წამოვედი, ჩემი ძმა კი ჯარშია).

სოლმაზ გამბაროვა:

- განათლება ყველამ უნდა მიიღოს, ამიტომაც ვეცადე, ყველაფერი გამეკეთებინა იმისთვის, რომ უნივერსიტეტში მოვხვედრილიყავი. ახლა ჩემი ძმა ემზადება, მოსამზადებელი კურსის გავლა უნდა, მასაც სურს, სწავლა უნივერსიტეტში გააგრძელოს.

ფარიზ ბაირამოვი:

- საქართველოში ვცხოვრობთ, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ. სირცხვილია, რომ ქართული ენა არ ვიცოდეთ. ამასთან, ჩემთვის განათლების მიღებაც მთავარია და უნივერსიტეტში ამიტომაც ჩავაბარე. ისტორიულ ფაკულტეტზე სრული დაფინანსებით ვსწავლობ.

- რა არის იმის მიზეზი, რომ საქართველოში ცხოვრობთ და ქართული ენა არ იცით?

ჩინარა:

- ჩემს სოფელში ქართველები არ ცხოვრობენ, შესაბამისად, არ გვქონდა მათთან ურთიერთობა არც ჩვენ და არც ჩვენს მშობლებს. ჩემთვის უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარება რთული აღმოჩნდა. როცა მოსამზადებელ კურსზე მოვედი, ქართული ენა საერთოდ არ ვიცოდი და ათვისებაც გამიჭირდა. ლექტორები და მასწავლებლები ცდილობდნენ, რაც შეიძლება ადვილი ხერხებით ესწავლებინათ. მიუხედავად ამისა, ეს საკმარისი არ იყო და დამატებით, პედაგოგთან ვემზადებოდი. ერთი წლის შემდეგ, პრობლემები დავძლიე და ენა ავითვისე.

- სკოლაში ქართულ ენას არ გასწავლიდნენ?

სოლმაზი:

- ვსწავლობდით, მაგრამ ცუდად. კვირაში მხოლოდ 2 საათი გვიტარდებოდა. ამიტომაც იყო, რომ უნივერსიტეტში ჩაბარებისას ქართულად მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვიცოდი - "გამარჯობა", "ნახვამდის".

ჩინარა:

- საერთოდ, ჩვენს სოფლებში სწავლების დონე ძალიან დაბალი იყო. ისე, ახლა სიტუაცია შედარებით გამოსწორდა. მასწავლებლები და ბავშვები გააქტიურდნენ. ჩვენს დროს გაკვეთილები ხშირად ცდებოდა. იცით ალბათ პროექტი - "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის". ქართველები ჩადიან, ერთი წლის განმავლობაში იქაურ ოჯახებში ცხოვრობენ და მოსწავლეებს ენის სწავლაში ეხმარებიან. ამ პროექტის დამსახურება იყო ის, რომ შარშან ჩვენს სოფლელ ახალგაზრდებს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, ჩვენთან შედარებით, ნაკლებად გაუჭირდათ.

- თავიდან ალბათ რთული იყო კომუნიკაციის დამყარება ჯგუფელებთან და პედაგოგებთან.

- რთული იყო, მით უმეტეს, პირველ წელს. მათ ჩვენს აზრებს ვერ ვაგებინებდით. არ მესმოდა, ლექტორი რა საკითხის შესახებ ლაპარაკობდა. ახლა მეორე კურსზე ვარ, მაგრამ მაინც მიჭირს...

- როგორ ახერხებთ საგნების ჩაბარებას?

ფარიზი:

- თუ ქართველმა სტუდენტმა ამა თუ იმ საკითხის შესწავლას 1 საათი უნდა მოანდომოს, მე ამისთვის 4 საათი მჭიდება. ახლა მეორე კურსზე ვარ, გარკვეული ცოდნა დავაგროვე და სწავლის პროცესი შედარებით მიადვილდება.

ჩინარა:

- ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობ. განსაკუთრებით გამიჭირდა ძველი ტექსტების შესწავლა. მაგალითად, ქართველები "შუშანიკის წამებას" სკოლაში სწავლობენ. ჩვენ კი თანამედროვე ქართული ენაც არ ვიცოდით და შეუძლებლად გვეჩვენებოდა ამ ყველაფრის ათვისება. არის საგნები, რომლებიც ვერ ჩავაბარე და თავიდან უნდა ვისწავლო. ჩასაბარებელ საკითხებს ანუ ბილეთებს ლექსიკონის დახმარებით ვამზადებთ. ისე, ქართული ენის გრამატიკა უფრო მიადვილდება, ლიტერატურის სწავლა კი მიჭირს...

სოლმაზი:

- ახლა ჩვენს სოფელში მეორე კლასიდან ასწავლიან ქართულ ენას, ჩვენ კი დამამთავრებელ კლასებში დაგვაწყებინეს მისი შესწავლა და ახლა ამის მიზეზია სწორედ ის, რომ ასე ვწვალობთ. ქართული ენის გრამატიკას საერთოდ ვერ ვიგებ. ლიტერატურას უფრო ვსწავლობ. არის საგნები, რომლებიც დარჩენილი მაქვს, რადგან ვერ ჩავაბარე. მომდევნო წელს, შევეცდები თავიდან ჩავაბარო.

- თბილისში გიწევთ ცხოვრება. თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

ჩინარა:

- უნივერსიტეტში კარგი და მეგობრული ბავშვები არიან, მაგრამ თავისუფალი დრო თითქმის არ გვაქვს. ძალიან რთულია, სწავლა და გართობა ერთმანეთს შეუთავსო.

ფარიზი:

- სწავლის გარდა, მეგობრებთან ერთად, ფეხბურთს ვთამაშობ, ქალაქში ვსეირნობ. თბილისში კარგი მეგობრები შევიძინე.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ? სად გინდათ მუშაობა?

- მუშაობის გაგრძელება აზერბაიჯანულ-ქართულ ურთიერთობებზე მინდა. ამ ორ ერს საუკუნეების მეგობრობა აკავშირებს და მინდა, ეს საკითხი კარგად შევისწავლო. აღნიშნულ თემაზე არსებობს მასალები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის არ არის საკმარისი. ამ საქმეში მეც შემიძლია წვლილი შევიტანო.

ჩინარა:

- თარჯიმნობას ვაპირებ. მინდა, ქართულიდან აზერბაიჯანულ ენაზე მასალები ვთარგმნო. თურქულიც ვიცი და მუშაობაში ესეც დამეხმარება. მიღებული ცოდნა მინდა, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების მეგობრობას მოვახმარო.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია