ენგურში დაკარგულები - რისთვის ჩამოვიდნენ ტყუპი გოგონები საქართველოში

ენგურში დაკარგულები - რისთვის ჩამოვიდნენ ტყუპი გოგონები საქართველოში

"ამბობდნენ, ბაბუ ისე არ ცხონდება თუ ქართული მიწა არ დავაყარეთო, ბაბუა დაასაფლავეს და მესამე დღეს თავადაც საქართველოში დაიღუპნენ", - იხსენებს სოფელ ჭუბერში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ახლობელი სოფიკო ლომია.

რამდენიმე დღის წინ სვანეთში, სოფელ ჭუბერში მომხდარი ავარიის შედეგად ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა. 24 წლის ტყუპი დის, მათი დედის და ბიძის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

24 წლის ტყუპი და - თათია და ნათია სახოკიები რუსეთში დაბადებული ქართველები არიან. ქართულად წერდნენ და მშობლიურ ენაზე თავისუფლად საუბრობდნენ. მოსკოვში სამედიცინოზე სწავლობდნენ.

საქართველოში რამდენიმე დღის წინ ბაბუის ანდერძის აღსასრულებლად ჩამოვიდნენ. გარდაცვლილი სამშობლოში, სენაკში დაკრძალეს, მესამე დღეს კი მესტიაში მეორე ბაბუის სანახავად წავიდნენ. სვანეთში, სოფელ ჭუბერში მომხდარი ავარიის შედეგად კი ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა. თათია და ნათია დედასთან ერთად მდინარემ წაიღო. მათთან ერთად ამ დრომდე დაკარგულია მათი ბიძა, რომელიც საჭესთან იჯდა.

"ბაბუის გარდაცვალების შემდეგ თავი მოიკლეს, საქართველოში გვინდა დავასაფლავოთო. ამბობდნენ, ბაბუას ანდერძი და თხოვნაა, ჩემს მიწაზე დამასაფლავეთო. ბაბუასთან ერთად არიან გაზრდილები. ზუსტად მახსოვს მათი სიტყვები, ბაბუ ისე არ ცხონდება თუ ქართული მიწა არ დავაყარეთო. უნდა გენახათ, როგორი ტრადიციებით დაასაფლავეს. ამბობდნენ, რომ მოსკოვში ქართულ ტრადიციებს კიდევ უფრო მეტად ვიცავთო. ბაბუის ორმოცზე ისევ აპირებდნენ ჩამოსვლას. ფიქრობდნენ, რომ ბაბუის საქართველოში დასაფლავების შემდეგ უფრო მეტი კავშირი ექნებოდათ საქართველოსთან და ხშირად ჩამოვიდოდნენ. დედაც და ბავშვებიც რუსეთის მოქალაქეები არიან. რუსეთში ცხოვრობდნენ, მაგრამ ორმაგი მოქალაქეობის მიღება უნდოდათ", - ამბობს ”ამბები.გე”-სთან საუბარში გარდაცვლილთა ახლობელი სოფიკო ლომია.

ისინი საქართველოში ბოლოს 6 წლის წინ იყვნენ. 

"მონატრებულები იყვნენ აქაურობას. დაკრძალვიდან  მესამე დღეს ბავშვებს სენაკში სიძემ ჩამოაკითხა სვანეთიდან და ბაბუის სანახავად წავიდნენ. ეს ტრაგედიაც გზაში მოხდა. ვერცერთი დაღუპულის ცხედარი ჯერ ვერ იპოვეს. არც მანქანა ჩანს სადმე. მოსკოვიდან სიძე ჩამოვიდა. ახლა აქ არის შემთხვევის ადგილზე. აქვეა გამზრდელი ბებია, რომელიც თავს იკლავდა, ხან მანქანას შეუვარდა, ხან ჭაში ჩავარდა სცადა. ასეთი უბედურება დატრიალდა. რა გითხრათ, არ ვიცი", - ამბობს დაღუპულთა ოჯახის ახლობელი.

მისი თქმით, ამ დროისთვის ნაპოვნია მხოლოდ უმნიშვნელო ნივთები და მანქანის საბურავი, თუმცა ზუსტად ისიც უცნობია, საბურავი მათ მანქანას ეკუთვნოდა თუ არა.

დაკარგულთა ძებნაში დღეს დილიდან სპეც-ტექნიკა ჩაერთო. მობილიზებულია კატარღები და ნავები, სვანეთში თბილისიდან და ბათუმიდან მყვინთავებიც ჩავიდნენ.

ნათია და თათია დედასთან ერთად რუსეთში დაბრუნებას 21 ივლისს აპირებდნენ.

მინდია აფციაური

იხილეთ ვიდეო: სამაშველო ოპერაცია მდინარე ენგურზე - მაშველები ოთხ დაკარგულს ეძებენ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია