კომაში მყოფ ჯაბა ბოჯგუას მგრძნობელობა უბრუნდება

კომაში მყოფ ჯაბა ბოჯგუას მგრძნობელობა უბრუნდება

5 წელი გავიდა მას მერე, რაც მომღერალი ჯაბა ბოჯგუა კომაში მყოფი შინ საწოლმიჯაჭვული წევს. მას თავის ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება აქვს. პაციენტი ზონდირებულ კვებაზე ჰყავთ. ექიმების პროგნოზით, მას აქამდე არ უნდა ეცოცხლა. ჯაბას დედა, მანანა გვასალია ამბობს, რომ მის შვილის მდგომარეობა არა თუ გაუარესდა, ბოლო პერიოდია, ავადმყოფმა მეტი სასიცოცხლო ნიშანი შეიძინა.

მანანა გვასალია:

- ბოლო ერთი კვირაა, ჯაბას მგრძნობელობა 100%-ით მოემატა. რომ ველაპარაკები, ამბებს ვუყვები, მისმენს, თვალს მიჩერებს. თითქოს რაღაცის თქმაც უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს. ბებია საკვებს რომ აძლევს, პირს უცებ უღებს, რაც ადრე შეუძლებელი იყო. ადრე ნემსის გაკეთებისას 3 კაცი თუ ძლივს ვაკავებდით, ახლა ეს აღარ გვჭირდება. მის სიმღერას ვურთავ ხოლმე და რომ ისმენს, ფერი ეცვლება.

5 წელია წევს და მას ნაწოლები არ გასჩენია, რადგანაც ყოველ 2 საათში ერთხელ, საწოლში ვაბრუნებთ, მაგრამ თუ 2 საათს ოდნავ გადავაცილე, ბრაზობს, რასაც პირის მოძრაობით გამოხატავს. რაკი ამდენი ხანია, ამ ურთულეს ყოფასა და მდგომარეობას გაუძლო, ექიმის რჩევით, ხანდახან წამოვაჯენ ხოლმე, ეს მისთვის აუცილებელია. ამისთვის კი საჭიროა სპეციალური ორთოპედიული საწოლი, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს, რომლის შეძენა ჩვენ არ შეგვიძლია. ახლა მინდა, ჯანმრთელობის სამინისტროს, ან რომელიმე სადაზღვევო ორგანიზაციას თხოვნით მივმართო, იქნებ აღნიშნული საწოლი შეგვიძინონ. არადა, საწოლი მართლაც სჭირდება, რომ რაღაც პატარა შეღავათი იგრძნოს. ან იქნებ ვინმე გულისხმიერი ადამიანი აღმოჩნდეს და დაგვეხმაროს. მოკლედ, ჩემი შვილი შეიძლება ითქვას, რომ ძვირად ღირებული ავადმყოფია...

- ჯაბა ინვალიდობის ჯგუფი ხომ აქვს?

- კი, I ჯგუფის ინვალიდია.

- მითხარით, რომ ზონდირებულ კვებაზე გყავთ. ძირითადად რა საკვებს აძლევთ?

- საკვებიდან ყველაფერს ვაძლევ, რაც საერთოდ უყვარდა და რისი დაბლენდერებაც შესაძლებელია. საკვებს 4 საათში ერთხელ ვაწვდით, ხან მე და ხან - ბებია.

- როგორც ვიცი, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობთ.

- კი, ნაქირავებში ვართ. თუკი რამ გაგვაჩნდა, ყველაფერი გავყიდეთ და ამით მოვიყვანეთ ჯაბა აქამდე, ანუ ყველაფერი მას მოვახმარეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაცოცხლოთ და ყველანაირად ხელი შევუწყოთ. ამისთვის მე და ბებიამისი ყველაფერს ვაკეთებთ. მადლობა კეთილ ადამიანებს, ვინც ხანდახან გვეხმარება.

- თუკი ოჯახში ვერც თქვენ და ვერც ბებია (პენსიონერია) ვერ მუშაობთ, ბინის ქირას როგორ იხდით?

- ქირის ნაწილს მერია გვიხდის, თანხის ნაწილს კი ბებიის პენსიით ვფარავთ. მე ვიმუშავებდი, მაგრამ ისეთი პაციენტია, მისი მიტოვება შეუძლებელია, მუდმივ ყურადღებას საჭიროებს... ხანდახან ბებო გარეთ რომ გადის, ეცოდებათ და როგორც გაჭირვებულ ადამიანს და როგორც ჯაბას ბებიას, ფულს ჩუქნიან, ხან ეკლესიის შემოწირულობებით ვარსებობთ. ხომ გეუბნებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვაცოცხლოთ, რადგანაც ექიმის თქმით, ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლებელია მან "გამოიღვიძოს".

- რას გულისხმობთ?

- ანუ ყველაფერი მომენტალურად აღდგეს, კომიდან გამოვიდეს.

- ეს შესაძლებელია?

- რაკი აქამდე მოვიდა და რაღაც სასიცოცხლო ნიშნებიც შეინიშნება, რატომღაც მგონია, რომ ის კომიდან გამოვა. თან, იმ სიზმრის იმედი მაქვს, რომელიც 5 წლის წინ მისმა მეგობარმა ნახა.

- იქნებ უფრო კონკრეტულად მითხრათ, რას გულისხმობთ?

- როდესაც ჯაბა თავიდან რეანიმაციაში მოხვდა, მისმა მეგობარმა მამა სოგრატი მოუყვანა. მამაო 40 წუთის განმავლობაში რეანიმაციაში მასთან იყო, რომ გამოვიდა, გვითხრა: ჯაბა ჩვენსკენ არისო. იმ საღამოსვე იმ მეგობარს, რომელმაც მამა სოგრატი მოუყვანა, დაესიზმრა: სახლში ვიყავი, ჯაბა საწოლზე იწვა, მე მის ფეხებთან მიჯექი და ჯაბამ უცებ რიცხვი 7 წამოიძახაო. რაკი იმის მერე ყველაფერი ისე წავიდა, რომ ის ცოცხალია, რატომღაც მგონია, რომ 7 წლის თავზე, ის კომიდან უნდა გამოვიდეს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სემეკის წევრი მაია მელიქიძე ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონულ ასოციაციას (ERRA) უხელმძღვანელებს

წონის მატება, ქცევის დარღვევა, ძილის პრობლემები - ენდოკრინოლოგი განმარტავს, რა ცვლილებები ვლინდება ბავშვებში პანდემიის შემდეგ

კორონავირუსი დაუდასტურდა თსუ-ს სტუდენტს, რომელიც ბაგების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს