მოგზაურობა ვენეციაში და იტალიელი ტურისტი, რომელიც თბილისელ ”სატრფოს” ეძებს

მოგზაურობა ვენეციაში და იტალიელი ტურისტი, რომელიც თბილისელ ”სატრფოს” ეძებს

ვენეცია ნამდვილი საოცრებაა და თავად უნდა შეიგრძნო ის ემოცია, რომელიც ამ წყალში მოტივტივე ქალაქის ხილვისას გეუფლება, - სხვისი მონაყოლი და ფოტოებით ნანახი რეალურთან შედარებით არაფერია...

რამდენიმე კვირის წინ საშუალება მომეცა, საკუთარი თვალით მეხილა წმინდა მარკოზის ტაძარი, მომელოცა მისი საფლავი, გამესეირნა გონდოლით და შემეგრძნო იტალიის ეს მშვენიერი ქალაქი.

"ექსკურსიამძღოლობა" ჩემი ძმის ძველმა ნაცნობმა - ჯანკარლო ბრუჯინიმ გაგვიწია, რომელიც რკინიგზის სადგურში დაგვხვდა. ორდღიან ექსკურსიაში სასტუმროც შედიოდა, მაგრამ სინიორ ჯანკარლომ ჯავშანი გაგვაუქმებინა და საკუთარ სახლში მიგვიპატიჟა, რაც არა მარტო იტალიაში, არამედ ევროპაშიც იშვიათი შემთხვევაა...

ვენეციისა და კუნძულ მურანოს ღირსშესანიშნაობათა დათვალიერების შემდეგ, ჯანკარლოს სახლში მივედით.

კარი მისმა მეუღლემ - ლაურამ გაგვიღო და სუფრაც იტალიური დელიკატესებით გაიშალა.

სენიორ ჯანკარლოსა და სინიორა ლაურას შვილები არ ჰყავთ და მათი ერთადერთი საზრუნავი - კატა ლუჩიაა, რომლის სახელი "სხივს" ნიშნავს. 14 წლის კატა-სხივმა სტუმრებს ალმაცერად გადმოგვხედა და დიასახლისის კალთას შეაფარა თავი.

საოცარი ისიც აღმოჩნდა, რომ ჯანკარლომ თამადობა ითხოვა.

- იტალიაში თამადობა თუ იცოდით, პირველად გავიგე.

- საქართველოში 44 წლის წინ ვიყავი და იქ ვნახე თამადა. ძალიან მომეწონა ეს ტრადიცია და ჩემს ოჯახში დავნერგე. ალბათ თბილისში უკვე ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა. თვალყურს ვადევნებ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ვიცი, ახლა მთავრობაც ახალი გყავთ. ჯერ ეკონომიკურად გიჭირთ. გინდათ, ევროპულ ქვეყნებს შეუერთდეთ, მაგრამ პრობლემა ბევრი გაქვთ. მინდა, ამ ჭიქით საქართველოს, ქართველებსა და თქვენ, ჩემს სტუმრებს გაგიმარჯოთ!

- ქართული სუფრის ადათ-წესები კარგად დაგიმახსოვრებიათ.

- რატომაც არა?! ჩემთვის ძვირფასია ეს ქვეყანა. თხოვნა მაქვს - თბილისში ერთი პიროვნება მომაძებნინეთ.

- ვის ეძებთ? იქ ვინმე გაიცანით და ურთიერთობების აღდგენა გსურთ?

- ამ ჭიქით მინდა, მარია ვადღეგრძელო. როდესაც თბილისში ვიყავი, იქ გავიცანი. შემიყვარდა და დღესაც მიყვარს. იქნებ მომაძებნინოთ მარია...

- 44 წელია, ქართველი მარია გიყვართ და ეძებთ?!. მერე, სინიორა ლაურა რას იტყვის?

სინიორა ლაურა:

- ცოლად რომ მივყვებოდი, მაშინაც ვიცოდი, რომ ვიღაც ქართველი მარია უყვარდა. ვიფიქრე, გაუვლის და მარტო მე ვეყვარები-მეთქი (იცინის), მაგრამ ალბათ ძალიან შეაყვარა ქართველმა სინიორამ თავი. უყვარს და უყვარდეს - ამის გამო სახლიდან არ გავაგდებ. კარგი კაცია და თუ შეძლო მარიას გარეშე, ჩემთან, კიდევ მოითმენს ქართველი შეყვარებულის გარეშე.

- სინიორ ჯანკარლო, სად გაიცანით მარია?

- თბილისის ცენტრში პატარა სკვერია. იქ შადრევანია, სადაც რუსი პოეტის, პუშკინის ძეგლი ალბათ ახლაც დგას. ამ სკვერთან საკონდიტრო იყო. მართალია, ტკბილეული არ მიყვარდა, მაგრამ იქ მარია მუშაობდა გამყიდვლად და მისი ხათრით, გავლა-გამოვლაზე ვყიდულობდი ნამცხვრებს და ვსვამდი ტკბილ, გაზიან წყალს. მოკლედ, საოცარი ქალი იყო ეს მარია, ძალიან ლამაზი და შემიყვარდა.

- როგორ აუხსენით სიყვარული? თქვენ ქართული არ იცით, მარიას იტალიური არ ეცოდინებოდა...

- იმდენჯერ შევდიოდი მის სანახავად, რომ მიხვდა. თან, სულ თვალებში ვუყურებდი. საჩუქარიც მივუძღვენი!.. სიყვარულის ენა ყველამ იცის... იტალიაში წამოსვლამდე პაემანზე დავიბარე. სამსახური რომ დაამთავრა, რუსთაველის გამზირზე გავისეირნეთ და ავტობუსის გაჩერებამდე მივაცილე.

- თბილისში რატომ იყავით?

- მაშინაც ვიყავი და ახლაც პროფკავშირის აქტივისტი ვარ. პროფკავშირული ხაზით, ტურისტული საგზურით ვიყავი ჩასული.

- მარიას გვარი არ იცით?

- ვიცოდი, მაგრამ დამავიწყდა... ჩემი თხოვნაა, მომაძებნინოთ მარია. შეიძლება, ის გათხოვილია და ალბათ შვილიშვილებიც ეყოლება, რადგან ბევრი დროა გასული ჩვენი გაცნობიდან, მაგრამ მე მაინც მინდა მისი ნახვა. მის გამო თბილისში ჩამოვალ, მის ოჯახსაც გავიცნობ - იმედია, მისი ქმარი არ გაბრაზდება. მათ ოჯახში როგორც მეგობარი და კარგი სტუმარი მივალ...

ჯანკარლო 69 წლისაა. ასაკის მიუხედავად, თავს მხნედ გრძნობს და 4 მსხვილი ორგანიზაციის პროფკავშირული გაერთიანების ხელმძღვანელია. ნაკლებად სავარაუდოა, მაშინდელ ლენინის მოედანზე მდებარე საკონდიტროს პერსონალს მარია რქმეოდა, მისი სახელი სავარაუდოდ - მარინა, მარი ან მარიამი იქნება. ალბათ ახსოვს კიდეც, იტალიელ ტურისტთან პაემანი და ავტობუსების გაჩერებამდე მიცილება და თუ ჩვენს მკითხველებს შორის აღმოჩნდება, კარგი იქნება, გამოგვეხმაუროს. ჯანკარლომ მისთვის საჩუქარიც გამომატანა - ღვთისმშობლის კულონი, რომელიც ადრესატს "გზის" რედაქციაში დაელოდება.

გიორგი ბერიძე

ჟურნალი "გზა"

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია