ყველასგან მიტოვებული მარტოხელა დედის ტრაგედია

ყველასგან მიტოვებული მარტოხელა დედის ტრაგედია

"იმ ეტლით დაჰყავთ ხოლმე ბავშვი ეზოში და რახან აქ არ არის, ალბათ სახლშია, - მეუბნება ჩემი თანამგზავრი და დაფლეთილ, ეტლის მსგავს რაღაცას მაჩვენებს... უკიდურესად უნდა უჭირდეს ადამიანს, რომ ბავშვი იქ ჩასვას, ვფიქრობ და ჩაბნელებულ დერეფანს მივუყვები... ოთახში შესულს იმაზე მძიმე სურათი მხვდება, ვიდრე წარმომედგინა, - 13 წლის არის ჩემი კობა... კახექსია და ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმა აქვს... ვიცი, ვერ განიკურნება, მაგრამ მინდა, რაც შემიძლია, ყველაფერი გავუკეთო, თუმცა ხელმოკლეობის გამო, ვერაფერს ვუკეთებ..." - ამბობს მარტოხელა დედა, ქეთევან სვანიძე და ბიჭუნას გამხდარ ხელებს ეფერება... ახალგაზრდა დედას ყველა უბედურება ერთდროულად დაატყდა თავს: მშობლები აღარ ჰყავს, აღარც მეუღლე და ავადმყოფ ბავშვს მარტო უვლის...

- მარტო ვცხოვრობთ მე და კობა. მშობლები წლების წინ გარდამეცვალა. აღარც მეუღლე მყავს... 13 წლის არის ჩემი ბიჭი, ვერ დაიჯერებთ, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, ასეთი ბავშვის შემყურეს არასდროს არავინ შემიწუხებია. ჩემით მოვედი აქამდე. გული მტკივა, რომ ვერაფერს ვუკეთებ... ცერებრალური დამბლა აქვს და ოთხივე კიდურის პარეზი. მითხრეს, სამშობიარო ტრავმააო. პრობლემები ორსულობისას დამეწყო. კობას დამბლის ძალიან მძიმე ფორმა აქვს. ბოლო რამდენიმე თვეა, რაც თავის დაჭერა დაიწყო, აქამდე უვარდებოდა ან მხარზე ჰქონდა ჩამოდებული. კახექსიურია ანუ წონაში ვერ იმატებს. ამ ბოლო დროს ოდნავ, ერთი-ორი კილო მოიმატა. ორჯერ პანკრეატიტი გადაიტანა. ერთხელ კინაღამ მომიკვდა... ორჯერ მენჯ-ბარძაყზე ოპერაცია გავუკეთეთ, ახლა ხელებზეც სჭირდება, რადგან დაჭიმულობა მატულობს და შეიძლება, სახსარი ჩაიკეტოს.

- ალბათ მუდმივი მკურნალობაა საჭირო...

- დიახ, მუდმივად ექიმის მეთვალყურეობა და მკურნალობაა საჭირო. ჯანდაცვის სამინისტრო სამკურნალო თანხის ნაწილს მირიცხავს. ერთი კურსის თანხა უკვე გადარიცხულია, თერაპიის სახლში გადის მკურნალობას, მაგრამ ღამე იქ რომ დავრჩეთ, თანხა უნდა გადავიხადოთ, რისი საშუალებაც არ მაქვს. ეტლიც არ მაქვს, რომ ვატარო და ხელით დამყავს... მართალია, ტანით პატარაა, გამხდარიც არის, მაგრამ მაინც მძიმეა. მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.

- ალბათ არ მუშაობთ, არა?

- კი, ვმუშაობ, მაგრამ ქირას ვიხდი. ბინა დიდი ხნის წინ დავკარგე და მას შემდეგ ხან სამადლოდ ვცხოვრობთ, ხან - ქირით. ვის არ მივმართე თხოვნით, თავშესაფარი მოეცათ, მაგრამ ჯერჯერობით სასიკეთო არაფერია... ხელფასიდან მხოლოდ 100 ლარი მრჩება და თვიდან თვემდე როგორღაც, საკვებში, წამლებსა და სხვა ხარჯებში ვანაწილებ... მარტო პამპერსს უნდა თვეში 100 ლარზე მეტი. კობა ყველაფერს ვერ ჭამს, ღეჭვა უჭირს, მხოლოდ მაწონს, იოგურტს, ფაფებსა და ასეთ რაღაცებს ვაჭმევ... რამდენიმე დღეა, დავალიანების გამო დენი გამითიშეს - 750 ლარამდე დაგვიგროვდა. ბუნებრივი გაზი არ გვაქვს და საჭმელსაც კი დენზე ვამზადებ. ვეღარც ბანკიდან ავიღებ სესხს: რაც აღებული მაქვს, იმას ვერ ვფარავ. ბავშვისთვის დამჭირდა და იმიტომ გამოვიტანე... ძალიან დამეხმარა ორგანიზაცია "ქვიშის საათი", რისთვისაც მადლიერი ვარ მისი, მაგრამ მუდმივად სხვას ხომ ვერ მიადგები?..

- ვმუშაობო, მითხარით; ბავშვს ამ დროს ვის უტოვებთ?

- ვერავის... ბავშვის დამტოვებელი არავინ მყავს და სამსახურში ხელით დამყავს. ადრე მეზობელს ვუტოვებდი და რაღაც თანხას ვუხდიდი, მაგრამ ახლა იმ მცირედის გადახდის საშუალებაც არ მაქვს. თან, ადრე რამდენჯერმე კრუნჩხვაში ჩამივარდა და მეშინია. ენცეფალოგრამა რომ გადავუღეთ, მითხრეს, საშიში აღარ არისო, მაგრამ მაინც დავშინდი. ამიტომ, თუ სადმე წასვლა დამჭირდა, ბავშვი თან მიმყავს. რა ვქნა, სახლში ვერ დავტოვებ, ყოველ წუთს ყურადღება სჭირდება. არც დღის ცენტრში დაიტოვეს: მინდოდა, სანამ სამსახურში ვიყავი, იქ ყოფილიყო. ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები კი ჰყავთ, მაგრამ კობას ძალიან მძიმე ფორმა აქვს; ჭამასა და მეტყველებას ვინ ჩივის - ვერ ჯდება და თავსაც ვერ ატრიალებს დამოუკიდებლად. ამ ბოლო დროს დაიწყო - ჩემს დანახვაზე რაღაც ხმებს გამოსცემს, უხარია... გლდანი-ნაძალადევის რაიონის დეპუტატს ვთხოვე დახმარება, მის მოადგილეს ვესაუბრე და ვნახოთ, რა იქნება. კომუნალური გადასახადები მაინც რომ დამიფარონ, კიდევ რაღაცას ვიზამ... სოციალურად დაუცველის სტატუსი მაქვს, მაგრამ ვაუჩერს ჯერ მაინც არ მაძლევენ.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"

(გამოდის ხუთშაბათობით)

ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ მსგავსი პრობლემის შესახებ ადრეც დაგვიწერია. ჩვენს სურვილს, დავხმარებოდით ასეთ ადამიანებს, უშედეგოდ არასდროს ჩაუვლია. მკითხველების გულისხმიერებისა და თანადგომის იმედით, ამჯერადაც ვაქვეყნებთ პატარა კობას ანგარიშის ნომრებს:

საქართველოს ბანკი: GE67BG0000000598981200

მიმღების დასახელება: სვანიძე კობა

ტელ: 555 600 520; 571 103 406; 599 250 457;

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია