ზაფხულის სეზონი ბაკურიანში

ზაფხულის სეზონი ბაკურიანში

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ნებისმიერი ადამიანი იმაზე იწყებს ფიქრს, სად გაატაროს შვებულება. რასაკვირველია, არც მე ვარ გამონაკლისი. ჩემი აზრით, ყველა სეზონის საუკეთესო კურორტზე - ბაკურიანში გამგზავრება დავგეგმე... ინტერნეტის დახმარებით მოვძებნე საოჯახო სასტუმრო (ფასი 40-დან 120 ლარამდე მერყეობს), დავჯავშნე და რამდენიმე დღეში, მეგობართან და ბავშვებთან ერთად, გეზი ბაკურიანისკენ ავიღე.

სხვათა შორის, ამ კურორტზე არაერთხელ ვყოფილვარ და ძალიანაც მომწონს, მაგრამ მისი დაარსების ისტორიით არასოდეს დავინტერესებულვარ. ადგილზე ჩასულმა კი, ფოიეში მყოფი სხვა დამსვენებლების საუბრიდან შევიტყვე, რომ თურმე ბაკურიანის პირველი მოსახლეები უკრაინელები ყოფილან. XVIII საუკუნეში, სამშობლოდან გამოქცეულ უკრაინელებს ამ დაბაში ასახლებდნენ.

მოგვიანებით იქ ქართველებიც დამკვიდრდნენ. გაქართველებული, მაგრამ უკრაინული გვარის მქონე ადგილობრივი კი ბაკურიანში დღესაც მრავლადაა.

ზამთრის სეზონისგან განსხვავებით, ზაფხულში კურორტზე ძირითადად, მცირეწლოვანი ბავშვები და მათი მშობლები ისვენებენ. შესაბამისად, ნებისმიერი სასტუმროსა თუ სახლიდან მთელი დღის განმავლობაში მათი ჟრიამული ისმის... განსაკუთრებული ხმაური საუზმის, სადილისა თუ ვახშმის დროსაა. ზოგი იმის გამო ტირის, რომ წვნიანი არ უნდა, ზოგს ჩახოხბილი მოეწონა და დამატებას ითხოვს, ვიღაცას წყალი მოსწყურდა, მაგრამ დედა ემუქრება, - თუ ბოლომდე არ შეჭამ, წყალს ვერ ეღირსებიო, - და ა.შ. სასადილო ოთახში შესვლიდან 15-20 წუთში კი ბავშვები ეზოში გარბიან, იქ ნანატრი სიჩუმე ისადგურებს და ამ დროს მშობლებს საშუალება ეძლევათ, მშვიდად მიირთვან.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ თუ დასვენება გსურს, სულაც არ არის საჭირო, შენი შვილის ძიძაც თან წაიყვანო და მას ორმაგი ხელფასი გადაუხადო: სასტუმროში დაბინავებისთანავე, დიასახლისი თავად შემოგთავაზებს, - ხომ არ გჭირდება ძიძა, რომლის მომსახურების საფასურიც 10 დღეში 100 ლარს შეადგენსო? ძიძები, რასაკვირველია, ადგილობრივი მცხოვრებლები ან ოჯახის უმუშევარი ნათესავები არიან. მე და ჩემმა მეგობარმა ძიძის მომსახურებაზე უარი ვთქვით და სადილის შემდეგ გასეირნება გადავწყვიტეთ, დიასახლისმა კი მოგვაძახა, - ამირანას პარკში გირჩევთ გასეირნებასო, - მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია და გეზი ცენტრალური პარკისკენ ავიღეთ.

მთელ ქუჩაზე, გასაყიდად, სათამაშოები და ათასი წვრილმანია გამოფენილი. სავაჭრო სექციებს გავცდით და პარკისკენ გადავუხვიეთ. უეცრად ჩვენი ყურადღება ბავშვის ქვითინმა მიიქცია. დედას ატირებული შვილისთვის ხელი ჩაეკიდა და სადღაც მიჰყავდა. პატარა ტირილს უმატებდა. ისე გულსაკლავად კვნესოდა, მეგობარს სინანულით გადავულაპარაკე, - განა ისეთი რა უნდა ამ ბავშვს, რომ დედამისმა ყიდვა ვერ შეძლო-მეთქი?!. არ ვიცი, მტირალა ბავშვის მშობელმა ჩემი ნათქვამი გაიგონა თუ ნერვებმა უმტყუნა, შვილისკენ მიბრუნდა და მთელი ხმით დაუყვირა: - ნუ გადამრიე, როგორ გიყიდო ყანწი და ჩიბუხიო?! - მერე ხელი ჩაავლო და იქვე მდგარ ეტლში ჩასვა, თვითონაც გვერდით მიუჯდა და სასეირნოდ წაიყვანა. გაოცებულმა გავაყოლე თვალი და მერე სიცილი ამიტყდა... თუმცა, უნდა გაგიმხილოთ: ჩემს შვილს ასეთი უცნაური ნივთების ყიდვა რომ მოეთხოვა, აუცილებლად ვუყიდდი - დავინტერესდებოდი, რაში გამოიყენებდა...

პარკში ბავშვებისთვის უამრავი გასართობია. ქირავდება საბავშვო მანქანები, მოტოციკლები, კვადროციკლები, ცხენები და თქვენ წარმოიდგინეთ, ეტლებიც კი. თუ მცირეწლოვანი შვილი გყავს და რატომღაც მისი ეტლი შინ დაგრჩება, სანერვიულო არაფერია: პარკში ნებისმიერი ფერისა და სტილისას შეარჩევ და იქირავებ.

იყიდება უამრავი სათამაშო. არის რამდენიმე ატრაქციონიც... ჩემი ყურადღება ბავშვების მომცრო ჯგუფმა მიიპყრო. ისინი პატარა მაგიდას შემოსხდომოდნენ (მშობლებიც თავზე ადგნენ) და სერიოზული სახეებით რაღაცას აკეთებდნენ. ორი ახალგაზრდა გოგონა თეთრი თაბაშირისგან დამზადებულ, სხვადასხვა ფორმისა და ზომის ყულაბებს ყიდდა. ბავშვები მათთვის სასურველ ყულაბას აირჩევდნენ, მერე საკუთარი გემოვნებით შეღებავდნენ, საბოლოო პროდუქტს კი მშობელი, 3 ლარის საფასურად, იძენდა და ბავშვს სამახსოვროდ, მისივე ხელით გაფერადებული ყულაბა რჩებოდა. პატარების საქმიანობაში მშობლებიც იყვნენ აქტიურად ჩაბმული - შვილებს კარნახობდნენ, ცხვირი ყვითლად გააფერადე, კაბა - ლურჯადო... მერე ერთ-ერთ დედას შვილის უნიჭობაზე ნერვები მოეშალა, - ამხელა გოგომ გაფერადება არ იციო! - აღშფოთდა, მუჯლუგუნიც უთავაზა, სკამიდან წამოაგდო, მისი ადგილი თავად დაიკავა და ყულაბის გაფერადება გულმოდგინედ დაიწყო...

იქვე ახლოს, დედას შვილი ეხვეწებოდა, ცხენზე დამსვიო. დედამ იქვე მყოფი ცხენოსნებისკენ გასწია. ერთ-ერთი მათგანი წინ შემოეგება და, - აბა, ვის უნდა ზოროზე "კატაობაო"? - წამოიძახა. ქალბატონმა ცხვირი აიბზუა და უკმეხად უთხრა, - ჯერ რომ დაგებანა ეგ შენი ზორო, კარგი იქნებოდა; ვერ ხედავ, ბუზები როგორ ეხვევიანო?! - შედარებით სუფთა ცხენი შეარჩია და შვილი ზედ შესვა. მისმა მეგობარმაც იგივე გაიმეორა. მერე პატარა კვიცი დაინახეს. ქალბატონებმა გადაწყვიტეს, მცირეწლოვანი შვილები კვიცით გაესეირნებინათ. ჯერ ერთმა დასვა. ამასობაში მათ კიდევ ერთი ცხენოსანი მიუახლოვდა. "სუფთა ცხენების მოყვარულმა" დედამ იკითხა:

- 9 თვის ბავშვი რომ დავსვა ცხენზე, ამისთვისაც 3 ლარი უნდა გადავიხადო?

- ქალბატონო, მაგ ბავშვს ჩემს ცხენზე არ დავსვამ! - კატეგორიული ტონით მიუგო მხედარმა.

- ვითომ რატომ? - გაიოცა ქალბატონმა.

- რატომ და ახლა ცხენზე რომ დავსვა, ბავშვი ლაპარაკს ვეღარ ისწავლის, - გაეცინა დედას.

- ტყუილად იცინი, - გაბრაზდა მამაკაცი. - ჩემი შვილიშვილი დავსვი, მასეთი პატარა; ახლა 3 წლის ხდება და საერთოდ ვერ ლაპარაკობს. მაშინ მეც ვამბობდი, ცრურწმენების არ მჯერა-მეთქი, მაგრამ ნეტავ დამეჯერებინა. მას შემდეგ რომელმა ბავშვმაც ლაპარაკი არ იცის, ჩემს ცხენზე აღარ ვსვამ. რატომ დავიდო სხვისი ცოდვა?!

ქალი კვლავაც უნდოდ უსმენდა და მის ნათქვამზე ეცინებოდა.

ამასობაში ქალს მეგობარი და კვიცზე ამხედრებული ერთი წლის ბავშვი მიუახლოვდნენ. გახალისებულმა, მეგობარს დაუძახა, - დავიღუპეთ, ნინო, ჩამოსვი დემეტრე ცხენიდან, თორემ ლაპარაკს ვეღარ ისწავლისო, - თან გულიანად გადაიკისკისა. ცხენის პატრონი ქალის დაცინვამ გააბრაზა: - შენ იცინე და რომ გეყოლება ეგ ბავშვი მუნჯი, მერე ნახეო, - მიაძახა და წავიდა...

პარკის ბოლომდე რომ მივედით, დავინახეთ - დიდი ტერიტორია მაღალი გალავნით იყო შემოღობილი და იქ უამრავი ადამიანი ტრიალებდა. ბავშვთა გასართობი ცენტრი აღმოჩნდა. ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის არაერთი სახეობის გასართობი იყო. მშობელმა რომ არ მოიწყინოს, იქვე მდებარე კაფეში შეუძლია მოიკალათოს და თან შვილს ადევნოს თვალყური, თან ყავა მიირთვას. იმის შესაძლებლობაც აქვს, შეზლონგზე წამოწვეს და გაირუჯოს. მართალია, ცენტრში შესვლის მსურველმა 3 ლარი უნდა გადაიხადოს, სამაგიეროდ, მსურველს შესაძლებლობა აქვს, იქ მთელი დღე გაატაროს. თითქმის ყველა დამსვენებელი ასეც იქცეოდა. უნდა აღვნიშნო: მართლაც, ყველაზე კომფორტული დასასვენებელი ადგილი აღმოჩნდა როგორც ჩემი შვილებისთვის, ასევე - ჩემთვისაც. იქაც არაერთმა დამსვენებელმა ახსენა "ამირანას პარკი". ცნობისმოყვარეობამ წამძლია და მეორე დღეს მის მოსანახულებლადაც გავემართე.

კითხვა-კითხვით მივაგენი. საკმაოდ დიდი ტყე გალავნითაა გარშემორტყმული; ჭიშკარიც ძალზე ორიგინალური მეჩვენა - უამრავი თხილამური მიწაშია ჩარჭობილი და ზედ კარია ჩამოკიდებული. კარზე კი დიდი და საინტერესო აბრაა: "ღორების საყურადღებოდ! (ადამიანებისთვისაც)

1. ღორი ყრის ნარჩენებს, ადამიანი - არა.

2. ღორი გორაობს ნაგავში, ადამიანი - არა.

3. ღორი ღორია, ადამიანი ღორი არაა. ღორო, დაყარე ნაგავი და შიგ გაგორდი.

ადამიანო... ა-აა, შენ ღორი არა ხარ, უკაცრავად".

ჭიშკარზე კიდევ ერთი ასეთი წარწერაა: "მოსპეთ ბუნება?! მოსპეთ ამირანი".

ტყეში შესულებს წინ დიდი მდელო გადაგვეშალა, სადაც ორიოდე საბავშვო ატრაქციონი იყო. ამირანას პარკში მართლაც უამრავი ადამიანი ისვენებდა. ყველას ბალახზე საფენი დაეგო და ზედ დამსხდარიყვნენ. ბავშვები ჟრიამულით დარბოდნენ მთელ ტყეში. უნდა აღვნიშნო, რომ პარკში შესვლა უფასოა, ამიტომ ნებისმიერი დამსვენებლისთვის ხელმისაწვდომი და სასიამოვნოა.

ერთ-ერთ ხესთან მოვკალათდით. ამ დროს მკაცრი გარეგნობის ქალბატონი დამადგა თავს და გამაფრთხილა, - ბავშვებს ყურადღება მიაქციე, ნაგავი არ დაყარონ, გასასვლელში ურნები დგას და იქ ჩაყარეთო. დავპირდი, - აუცილებლად ასე მოვიქცევი-მეთქი. - ყველა მასე ამბობს, მაგრამ ბავშვს პამპერსს რომ გამოუცვლიან, ადგილზე ტოვებენ, სხვა უამრავ სისაძაგლესაც ყრიან, ამიტომ, იძულებული ვარ, ყველა სათითაოდ გავაფრთხილო, არ მინდა, ნაგავში ვიჯდეო. - აქ მუშაობთ-მეთქი? - ვკითხე. - კი არ ვმუშაობ, ვისვენებ, მაგრამ ნაგავში დასვენება არ მსიამოვნებსო, - მიპასუხა უხეშად და მოშორებით მსხდომი დამსვენებლებისკენ გადაინაცვლა.

ამირანას მოძებნა გადავწყვიტე. ხომ უნდა გამერკვია, რატომ ერქვა პარკს ვინმე ამირანას სახელი?! დამსვენებლებმა მითხრეს, - დაელოდე, შემოვლაზეა ტყეში და დაბრუნდებაო.

ბატონი ამირანი ძალზე ხუმარა და საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა. მასთან ვრცელ ინტერვიუს "გზის" მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ...

პარკიდან რომ გამოვდიოდი, ჭიშკარზე კიდევ ერთი წარწერა შევნიშნე: "ჰაა... დაყარე ნაგავი? არა? - გაიხარე! დაყარე? ჰოო?.. შე მართლა ღორო!"

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია