ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მდგარი თბილისი კვლავ იჩეხება

ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მდგარი თბილისი კვლავ იჩეხება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად დაახლოებით

2 მლნ ადამიანი იღუპება. ჯერ კიდევ 2003 წელს ბრიტანული კომპანიის კვლევების შედეგად, თბილისი ევროპაში ყველაზე დაბინძურებულ დედაქალაქად აღიარეს. ჰაერის დაბინძურებაში 90% მანქანების წილია. საქართველოს მასშტაბით თბილისში ტრანსპორტის 40% მოძრაობს. საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილი მანქანების უმრავლესობას არ აქვს სპეციალური ფილტრი, რომელიც მავნე გამონაბოლქვს მინიმუმამდე ამცირებს. ასეთი მანქანა 15-ჯერ მეტი რაოდენობით მავნე ნივთიერებას აფრქვევს. თბილისში, ქალაქის მოცულობის მიხედვით, 11 საწვავის შემმოწმებელი პუნქტი უნდა იყოს, თუმცა მხოლოდ 2-ია.

ყველა მხარე მხოლოდ ერთ საკითხზე თანხმდება - თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა, მაგრამ სავალალოა პრობლემის განხორციელების პროცესი - იმის ნაცვლად, რომ ახალი რეკრეაციული ზონები იქმნებოდეს და არსებული ფართოვდებოდეს, "ურბანული განვითარების" მოტივით ათასწლოვანი ხეები კვლავ იჩეხება...

ამ მიზეზით გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები გარემოს დაცვის მინისტრის, ხათუნა გოგალაძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. გარემოს დაცვის საკითხების ექსპერტის, ლაშა ჩხარტიშვილის აზრით, გარემოს დაცვის პოლიტიკა საქართველოში არაფრით განსხვავდება წინა ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკისაგან, ხათუნა გოგალაძე ვერ ახერხებს დაიცვას თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება - იცხოვროს ჯანმრთელ გარემოში.

ლაშა ჩხარტიშვილი, გარემოს დაცვის საკითხების ექსპერტი, უფლებადამცველი:

- თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა, რაც პირველ რიგში, ჰაერის დაბინძურებითაა გამოწვეული. ასეთ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნარგავების არსებობას, დაცვას და მათ მიერ დაკავებული ტერიტორიების მასშტაბების გაზრდას. მიხეილ სააკაშვილი, ხელისუფლებაში მოსვლამდე, მეტად აქტიურობდა ამ მიმართულებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი

გიგი უგულავასა და სხვებთან ერთად დიდი ფულის მიღება დაიწყო ჩვენი საარსებო გარემოსა და ჯანმრთელობის ხარჯზე. მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კიდევ უფრო ფართო მასშტაბი მიიღო ხეების მოჭრის ნებართვების უკანონო გაცემამ. ჯერ კიდევ 2002 წელს სააკაშვილის ოპოზიციაში ყოფნის დროს იყო მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც ბაღების, პარკების, სპორტულ-სათამაშო მოედნებისა და სკვერების გასხვისება აკრძალული იყო, ასევე - ამ ტერიტორიებზე ხეების გაჩეხა. არავის უგია პასუხი ამ კანონის მრავალგზის დარღვევისთვის და არც ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები სთხოვენ ვინმეს ამისთვის პასუხს.

- თუ შეიძლება, რამდენიმე კონკრეტული მაგალითი რომ გვითხრათ...

- ფაქტი ძალიან ბევრია. საბურთალოზე, გუდვილის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახევარსაუკუნოვანი ფიჭვები გაიჩეხა რამდენიმე თვის წინ. ერთხელ შევაჩერეთ, მაგრამ რადგან სამართალდამცავებმა მათ პასუხი არ მოსთხოვეს, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს - მშენებლობაც განახორციელეს. ამ ადგილის მოპირდაპირე მხარეს გაიჩეხა ასევე ნახევარი საუკუნის ფიჭვნარი. იგივე მოხდა მეცხრე საავადმყოფოსა და ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიებზე, გაიჩეხა 57-ე სკოლის უკანა ეზო, გაიჩეხა და ლუდის ბარი გაიხსნა 58-ე სკოლის ეზოში. ასათიანის ქუჩა, წავკისი-კოჯრის ტყეები, ჩამონათვალი ძალზე ბევრია... იმასაც გეტყვით, რომ ერთ-ერთი მშენებლობის დროს დამაპატიმრეს კიდეც უკანონოდ - ეს საქართველოში პირველი პრეცედენტი იყო.

- თბილისის მერის განცხადებით, ხეები არ იჩეხება, არამედ მათი გადარგვა ხდება...

- კუს ტბის ტერიტორია ერთ-ერთი უკანასკნელი სადავო ტერიტორიაა, ამიტომ, აქ განსხვავებული ტაქტიკა გამოიყენეს - არა მოჭრაზე, არამედ გადარგვაზე გასცეს ნებართვა. კონკრეტულ ხეს კონკრეტულ სივრცეში აქვს თავისი დანიშნულება. თითოეული ხის დაცვა გვმართებს, მით უმეტეს - მრავალწლიანი ხეების. ხეების დიდი ნაწილი, გადარგვისას, ფაქტობრივად, დაღუპვისთვისაა განწირული. ამ დანაშაულის ტვირთი უკვე ახალ ხელისუფლებასაც აწევს. რამდენიმე დღის წინ კანცელარიასთან გავმართეთ გამაფრთხილებელი აქცია და პრემიერ-მინისტრს მოვთხოვეთ, დაავალდებულოს ხათუნა გოგალაძე და მთავარი პროკურორი, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა. პროკურორმა პასუხი უნდა მოსთხოვოს ქართველი ხალხის ეკოციდისთვის კონკრეტულ პირებს. ტელევიზიით, ჩემი საავტორო გადაცემების სერიის საშუალებით (რომელიც თანაწამყვანებთან ერთად მიმყავდა), რამდენჯერმე მოვუწოდე გარემოს დაცვის მინისტრს, რომ თბილისისა და სხვა ქალაქების ეკოლოგიური გარემოს დაცვა ყოფილიყო არა მხოლოდ თვითმმართველობის, არამედ გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციაში, რაც მან არ განახორციელა. საქართველოს მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი თბილისში ცხოვრობს და გარემოს დაცვის მინისტრი ვალდებულია, დაიცვას ის და მისი ჯანმრთელობა. ჩვენ მოვითხოვთ, ჩამოყალიბდეს ქალაქ თბილისის გარემოს დაცვის კომიტეტი, რომელიც დაექვემდებარება როგორც თვითმმართველობას, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს.

- ამ ინიციატივას ვინმე თუ გამოეხმაურა?

- მხოლოდ გუგული მაღრაძე და გია ცაგარეიშვილი გამოეხმაურნენ. კონკრეტულ შედეგებს ათი თვის განმავლობაში ვერ მივაღწიეთ. დღეს ხათუნა გოგალაძის პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში დგას. მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს, დაინტერესდეს ამ მიმართულებით პროკურატურისა და გარემოს დაცვის სამინისტროს საქმიანობით. ასევე მოვითხოვთ მორატორიუმი გამოცხადდეს ახალი ნებართვების გაცემაზე, რადგან ახლაც გაიცემა ნებართვები ხეების გაჩეხაზე. თბილისი არის განსაკუთრებული შემთხვევა, რადგან აქ მაღალია მიწის ნაკვეთების ფასი, მოხელეებს მეტი ინტერესი აქვთ და კორუფციის მხრივ ბევრად მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე მცირე ქალაქებში. მორატორიუმს ჯერჯერობით სამინისტრომ არ დაუჭირა მხარი.

- რომელიმე თქვენი რეკომენდაცია თუ გაითვალისწინა გარემოს დაცვის სამინისტრომ?

- კომისიაც კი არ შეუქმნიათ. არა მარტო სამინისტროს, არამედ მთლიანად, მოქმედი მთავრობის დიდ ნაწილს ბოლო პერიოდში ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დასაბუთებული რეკომენდაციების იგნორირება დასჩემდათ. საკუთარ საარჩევნო პროგრამას არ სცემენ პატივს, არ ასრულებენ, ატყუებენ ამომრჩევლებს, დანაშაულზე არ რეაგირებენ. რჩება შთაბეჭდილება, რომ მოქალაქეების უფლება - ვიცხოვროთ ჯანმრთელ და უსაფრთხო გარემოში - იყიდება ფულზე. გარემოს დაცვის მინისტრი გარემოს დაცვით უნდა იყოს დაკავებული და არა ინვესტიციებით, მით უმეტეს, თუ ეს ჯანმრთელობისთვის საშიშია.

ნიკოლოზ მჟავანაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე:

- გარემოს დაცვის სამინისტროში იგივე პოლიტიკა ხორციელდება, რაც გოგა ხაჩიძის დროს იყო. ხაჩიძე ამბობდა, არ გვეხება სარეკრეაციო ზონები და ამ საკითხზე ჩვენ ნუ მოგვიკითხავთო. იმავეს ამბობს ხათუნა გოგალაძე. ამისთვის შევცვალეთ მინისტრი?! ჩვენი მოთხოვნაა, სარეკრეაციო ზონების სტატუსის მოხსნაში ჩართული იყოს გარემოს დაცვის სამინისტრო. თუ არ იქნება საკანონმდებლო ინიციატივები, მაშინ უნდა შეიცვალოს მინისტრი. მერია როგორც უნდა, ისე ახორციელებს ცვლილებებს. როცა ხედავ, რომ შენი უწყების ჩართულობის გარეშე გარემოს დაცვის პოლიტიკას არასწორად წარმართავ, ამაზე რეაგირება არ უნდა მოახდინო?! გარემოს დაცვის პოლიტიკა სამინისტრომ უნდა განსაზღვროს. გოგალაძე აღიარებს, რომ პრობლემა სერიოზულია, მაგრამ არაფერს აკეთებს, ეს კი დანაშაულებრივი გულგრილობაა. ყველა დიდი პარკი განადგურდა ფაქტობრივად. მაგალითისთვის მხოლოდ ვაკის პარკი და "მზიური" კმარა. ჩვენ ახალი სარეკრეაციო ზონების შენებისთვის მოვუწოდებთ და ისინი იმასაც ანგრევენ, რაც არის. ახალი მინისტრით მივიღეთ "ხაჩიძე 2". ბატონ ბიძინა ივანიშვილს ძალიან უყვარს ბუნება, აქვს დიდი წვლილი გარემოს დაცვის მიმართულებით და მოვუწოდებ მოიკითხოს, რა ხდება გარემოს დაცვის სამინისტროში და რას აკეთებს თავად მინისტრი.

ხათუნა გოგალაძე, გარემოს დაცვის მინისტრი:

- თბილისის მოსახლეობა შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე მოუწესრიგებელი და დაგეგმვას მოკლებული მშენებლობების გამო დედაქალაქის გამწვანებული ზონები სამშენებლო ზონებად იქცა. სამწუხარო რეალობაა, რომ თბილისის ურბანული განვითარება ხშირად მწვანე ზონების შემცირების ხარჯზე ხდება. ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ადგილი 5.6 კვმ-ს შეადგენს თბილისში, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება როგორც 80-იანი წლების მონაცემებს, ასევე არსებული კანონმდებლობით დადგენილ ნორმას. ბოლო პერიოდში მოსახლეობამ ბევრჯერ მოგვმართა მწვანე ზონების შემცირებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების თხოვნით. გარემოს დაცვის სამინისტრო დაინტერესებულია, ურბანული განვითარების დაგეგმვისას სათანადო ყურადღება მიექცეს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მივმართავთ თბილისის მერიას, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას განიხილონ ყველა ალტერნატიული ვარიანტი და გადაწყვეტილება მიიღონ მწვანე საფრის შენარჩუნების თვალსაზრისით, მისაღები პროექტების სასარგებლოდ. ურბანული განვითარების გეგმებში ასახული უნდა იყოს დამატებითი მწვანე ზონების განვითარების საკითხიც. გადაწყვეტილების მიღება მოხდეს დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობით, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში. სამინისტრო მზადაა, ითანამშრომლოს მერიასთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

გიგი უგულავა, თბილისის მერი:

- კუს ტბის ტერიტორიაზე ბავშვთა მოსასვენებელი ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებთან არაფრის მომცემი დავის ნაცვლად განვმარტავ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს ხეების გაჩეხა, ხდება მხოლოდ ბუჩქოვანი ნარგავების გადარგვა და პროექტის დასრულების შემდეგ მოხდება ტერიტორიის დამატებითი ნარგავებით გამწვანება. კუს ტბის მიმდებარედ არსებული 2 500 კვმ მიწის ნაკვეთი სარეკრეაციო ზონა 2011 წელს, აუქციონის წესით, 650.000 ლარად შპს "ემ ჯგუფი ინფო"-ზე გასხვისდა, რომელსაც შემდეგ შპს "კოლორიტი" ჩაენაცვლა. ინვესტორი ვალდებულია, ამ ტერიტორიაზე მოაწყოს ბავშვთა გასართობი და საოჯახო ტიპის მოსასვენებელი რეკრეაციული ზონა. ასევე გაარემონტოს ე.წ. "ციყვების ატრაქციონი" და უზრუნველყოს ტერიტორიის შემდგომი მოვლა-პატრონობა. შესაბამისად, ეს პროექტი ხორციელდება კანონის სრული დაცვით, არსებული გარემოსთვის ზიანის მიუყენებლად, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქს შეემატება კიდევ ერთი კეთილმოწყობილი რეკრეაციული ზონა.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია