დედა, რომელიც მუმიას უვლის

დედა, რომელიც მუმიას უვლის

სამეგრელოს მიცვალებულის დატირების, გასვენებისა და პატივისცემის განსაკუთრებული ტრადიცია ოდითგანვე ჰქონდა. მართალია, ახლა მხოლოდ გადმონაშთებია შემორჩენილი, მაგრამ ჯერ კიდევ შეგვიძლია, არსებულ ტრადიციებზე ბევრი ვისაუბროთ. ჩვენამდე მოღწეული ცნობების მიხედვით, ქართველი კაცი ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა როგორც გარდაცვლილის ხსოვნის, ისე მთელი საზოგადოების წინაშე. სამეგრელოში ეს პასუხისმგებლობა განსაკუთრებით შესამჩნევი და თვალში საცემია.

ქალაქ ზუგდიდში გზად მიმავალს საკმაოდ ბევრი სასაფლაოს გავლამ მომიწია, ყველა მათგანმა იმდენად დიდი ყურადღება მიიქცია, რომ ბავშვობაში საფლავების მიმართ გაჩენილი შიში გადამავიწყა და ამ განსაკუთრებულად მოვლილი თუ მორთულ-მოკაზმული საფლავებისთვის ფოტოს გადაღების სურვილი გამიჩნდა.

აქ თითქმის ყველა საფლავი გადახურულია, ბევრი მთლიანად დახურული, რამდენიმე მათგანს კარზე ბოქლომიც ადევს. ერთ-ერთ მათგანში ახალგაზრდა ქალის სილუეტი დამხვდა, საფლავის ჭერი ეკლესიის გუმბათივით მოეხატათ და ჭაღიც ამშვენებდა. როგორც მივხვდი, საფლავზე ანთებული შუქი ჩვეულებრივი მოვლენაა. თურმე, ზოგიერთ გარდაცვლილს ოჯახის წევრები შეღამებისთანავე შუქს უნთებენ, სიბნელეში რომ არ იყოს.

სასაფლაოზე გარდაცვლილთა ნაქანდაკარი სილუეტების სიმრავლეც შეიმჩნეოდა. ზოგი მათგანი იმ დამახასიათებელ პოზაში გამოეძერწათ, როგორიც ხშირად ახსოვთ ოჯახის წევრებს. გასაოცარია ისიც, რომ თითქმის ყველა საფლავზე ნახავთ ნივთებს, რომელიც მიცვალებულს ეკუთვნოდა ან გარდაცვალების შემდეგ აჩუქეს.

ერთ-ერთ საფლავზე მაგიდა და სამი სკამი იდგა, იმიტომ რომ მშობლებთან ერთად დასაფლავებული იყო ახალგაზრდა ვაჟი, რომელიც თბილისში სასწავლებლად ჩამოსული, ავტოავარიაში დაიღუპა. აქვეა მისი წიგნების კარადაც.

თურმე, სასაფლაოზე უამრავი ტელევიზორიც იყო, მაგრამ გაძარცვის გამო მსგავსი ნივთების მიტანას უკვე ერიდებიან.

ემოციურად მძიმეა, პატარების საფლავებზე მათი ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და საყვარელი თოჯინების ნახვა. დათრგუნვილს, აქაურობის დატოვების სურვილი გამიჩნდა. გზად მომტირალ თეთრწვერა მოხუცს წავაწყდი, გულმა არ მომითმინა და მისი მწუხარების გასაზიარებლად სახლივით მოწყობილი საფლავის კარში შევაბიჯე, რომელიც მთლიანად მეტალოპლასტმასით იყო აშენებული. იქვე კუთხეში პატარა კარადაც განეთავსებინათ, რომელშიც ყველა საჭირო ნივთი ეწყო.

- სამი წელია, შვილი დამეღუპა და მას შემდეგ მასთან ერთად ვარ, ხშირად აქ მძინავს. მის გარდა არავინ მყავდა და ისიც დავკარგე. ყოველ დილით მისთვის ჩვენი ეზოს ჭის წყალი მომაქვს და ჭიქით ვუდებ საფლავზე, რადგან ჩვენი ჭის წყალი ძალიან უყვარდა. მე უკვე იმისთვის ვცხოვრობ, რომ მის საფლავს მივხედო, სხვა საზრუნავი აღარ მაქვს, - გამიზიარა გულის დარდი არმაზ სამელიამ.

რამდენიმე ადგილას თვალი მოვკარი საფლავის ქვებს, რომელზეც არც ფოტო იყო და არც წარწერა. ამის შესახებ გვერდით საფლავზე მოფუსფუსე ქალბატონს ვკითხე: თურმე ქალბატონი, რომლისთვისაც ეს ქვა გაემზადებინათ, ჯერ ცოცხალი ყოფილა. ქმარ-შვილის გარდაცვალების შემდეგ, მათ გვერდით საკუთარი ადგილიც მოუნიშნავს და მოთმინებით ელოდება აღსასრულს.

სასაფლაოს კარი გამოვიხურე და გზა იმ სოფლისკენ გავაგრძელე, სადაც ნათესავები მეგულებოდნენ. ნანახით დამძიმებული ვცდილობდი, ცუდზე აღარ მეფიქრა. ისევ ინტერესით ვათვალიერებდი ტრადიციებით დახუნძლულ მეგრულ სოფლებს, პატარა ოდებს დიდი სახლების გვერდით და კოხტა ეზოებს. მეღიმებოდა... ერთ-ერთი სახლის კართან ასვეტილი საფლავის ქვას მოვკარი თვალი და სახეზე ღიმილი შემეყინა, ნანახში დასარწმუნებლად ტაქსის მძღოლს უკან დაბრუნება ვთხოვე... ამ სახლში წლების წინ დედას ერთადერთი შვილი მოუკლეს. შესვლა გადავწყვიტე, საფლავის ქვაზე შვილის ფეხებთან ძაძებში შემოსილი დაჩოქილი დედა იყო გამოსახული.

ქალბატონმა ინეზამ გაღიმებულმა შემიპატიჟა შინ. სახლში გარდაცვლილის ნივთები და ფოტოები გამოეფინათ. იქვე იყო ტელევიზორი და დივიდი, რომ მსურველებს კობას დასაფლავების ცერემონია ენახა.

- ჩემი შვილის სანახავად მოსული სტუმრები სიხარულს მანიჭებენ, ძალა მემატება, როცა ვხედავ, ის ახსოვთ, - მითხრა და ღიმილი ცრემლად ექცა. შვილის გარდაცვალების გახსენება გაუჭირდა, ამიტომ დეტალებზე გარდაცვლილის დეიდა, ეთერ ჟვანია მესაუბრა:

- კობა მოსკოვში უკრაინელებმა შემთხვევით მოკლეს. თურმე ვიღაც თეთრმერსედესიან კაცს მისდევდნენ, კობასაც თეთრი "მერსედესი" ჰყავდა და შემთხვევით ესროლეს. 25 აპრილს გარდაიცვალა და 17 მაისს დავასაფლავეთ - ვერ ვიმეტებდით მიწისთვის. მამამისის გვერდით მივუჩინეთ ადგილი. ჩემი დისთვის ერთადერთი შვილის სიკვდილი ძალიან მძიმე გადასატანი აღმოჩნდა და მთელ დღეებს საფლავზე ატარებდა. ღამე სახლიდან გაიპარებოდა და საფლავზე ვპოულობდით, ამიტომ 9 თვის მერე გადავწყვიტეთ, კობა ჩვენი სახლის გვერდით, ეზოში დაგვესაფლავებინა. ორსართულიანი სახლი ავუშენეთ. 19 წელია უკვე, ამ სახლშია დამარხული. აქ რასაც ხედავთ, მეგობრებისა და ნათესავების საჩუქრებია, რომლებიც კობას სიკვდილის მერე მოართვეს. ჩემმა შვილმა გარდაცვალების შემდეგ კობას მანქანა აჩუქა, რომელიც ამ წლების განმავლობაში სოფელს ემსახურება, თუ ვინმეს ცოლი მოჰყავს ან რაიმე გაჭირვება აქვს. მადლობელი ვართ მეზობლების, რომ არ დაგვიშალეს, სახლში დაგვესაფლავებინა მიცვალებული. პირიქით, მეზობლის ბავშვებსაც არ ეშინიათ. მოდიან, ჩართავენ კობას მაგნიტოფონს და ცეკვავენ კიდეც.

მანქანაში გაოგნებული ჩავჯექი, ხმას არ ვიღებდი, სიჩუმე ისევ მძღოლმა დაარღვია და კიდევ უფრო გასაოცარ ამბავს მომიყვა: - სოფელ ბაშში 18 წლის წინ გარდაცვლილი ბიჭი დღემდე არ ჰყავთ დამარხულიო. ადამიანურ შიშს ჟურნალისტურმა ინტერესმა სძლია და ზემოხსენებული სოფლისკენ გავემართე. სახლის კარი გარდაცვლილის მამამ გამიღო. მისი შვილით დაინტერესების გამო მადლობაც გადამიხადა, სასაფლაოსკენ კი დედა გამიძღვა. იქ მისულს, ვენახშემოვლებული პატარა სახლი დამხვდა. დედამ, ციური კვარაცხელიამ საფლავის კარი გააღო და საუბარი შვილის სიკვდილის მიზეზით დაიწყო:

"ჯონი 22 წლის იყო, როცა გარდაიცვალა, წამლის ზედმეტი დოზა მიიღო და კომაში ჩავარდა. 8 თვე საავადმყოფოში გავატარეთ, მაგრამ ვერაფრით ვუშველეთ. მეუღლე და 2 წლის გოგო დარჩა. ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, რომ არ უნდა დაგვესაფლავებინა. ამბობდა, შვილმა ხომ უნდა ნახოს, როგორი მამა ჰყავდაო. მე წინააღმდეგი ვიყავი, ვეუბნებოდი, - მიწას მივაბაროთ-მეთქი, მაგრამ ვერ დავარწმუნე. თვითონ ვერ ამოდის საფლავზე, რომ ნახოს, ჩვენი შვილი ახლა როგორია. ალბათ მაშინვე ინფარქტს მიიღებს, მე კი 18 წელია, ეს ჯვარი ზურგზე ამკიდა. უკვე მოვხუცდი, 64 წლის ვარ, ვერ ვახერხებ ყოველდღე ამოსვლას და ამასაც განვიცდი.

პირველი 4 წელი ბალზამით ვინახავდით, მერე დამესიზმრა, რომ სპირტით შემენახა ჯონი. მას შემდეგ საკუთარი მეთოდით ვუვლი ჩემს მკვდარ შვილს. 10 წლის განმავლობაში ყოველდღე აქ ვიყავი, დღეც და ღამეც, ყოველ კვირას ტანსაცმელს ვუცვლიდი. დაბადების დღეებს ვუხდიდით და ამ დღისთვის განსაკუთრებულ ტანსაცმელს ვაცმევდი. ახლა უკვე მიჭირს ამ ყველაფრის კეთება. მისი შვილი 20 წლისაა და ისიც ამოდის ხოლმე, არ აქვს მკვდრის შიში, პირიქით, ამაყობს, რომ ასეთი კარგი მამა ჰყავდა.

მინდოდა, შვილი თავის დროზე მიწისთვის მიმებარებინა, მაგრამ ახლა, როცა 18 წელი ასე ვუვლი, როგორ მივაბარო მიწას? არ მემეტება ჩემი ჯონი მიწისთვის", - მითხრა ქალბატონმა ციურიმ.

ის დღე ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის, ნანახითა და მოსმენილით შეძრულს შეკითხვა დამებადა, - რატომ იღებენ ადამიანები მსგავს გადაწყვეტილებებს? ამ კითხვაზე პასუხი რთული გასაცემია, თუმცა თავად შვილმკვდარმა დედებმა ჩემთან საუბარში აღნიშნეს, რომ როგორც მშობლებს, როგორც დედებს, აქვთ გამართლება, თუნდაც მათი გადაწყვეტილება მცდარი და მიუღებელი იყოს.

ხათუნა იოსელიანი, ეთნოლოგი:

- რეპორტაჟში აღწერილი ამბები სამეგრელოსთვის განსაკუთრებითაა დამახასიათებელი. საქართველოს ვერც ერთ კუთხეში ვერ ნახავთ ამგვარად მოწყობილ სასაფლაოებს - გადახურულს და ზედმეტად მოპირკეთებულს. მართალია, ყველა თავისებურად ცდილობს საფლავის მოვლას, მაგრამ გავიხსენოთ, მაგალითად, ვაჟა ფშაველას სასაფლაო, რომელსაც მხოლოდ ერთი პატარა ქვა ადევს და მისი დანაბარების თანახმად, ზედ ია ყვავის. ყველაზე მთავარი ისაა, რომ იმ ყველაფერს, რაც სამეგრელოში ხდება, ქრისტიანობასთან არანაირი კავშირი არა აქვს და ვერც წარმართობას დავარქმევთ, რადგან წარმართობა ძალიან დიდი ხნის წინ იყო და მისი გადმონაშთიც ვერ იქნება. ეს უბრალოდ ადგილობრივი კულტურის გარკვეულწილად სახეშეცვლილი, დამახინჯებული ფორმაა. ამას არც რომელიმე რელიგიასთან აქვს კავშირი, მით უმეტეს, ქრისტიანობასთან და ფაქტია, ყოფა-ცხოვრებისთვისაც მეტისმეტად მძიმეა.

- როდიდან გვხვდება სამეგრელოში მსგავსი საფლავები და თქვენი აზრით, რამ განსაზღვრა მათი ასეთი იერსახე?

- საფლავების მორთვა-მოკაზმვამ ასეთი გამძაფრებული სახე ძირითადად, კომუნისტების დროიდან მიიღო. მოგეხსენებათ, სამეგრელო კოლხეთის ძირითადი ნაწილია და შესაძლოა, არის რაღაც უძველესი ფესვების ნარჩენი. დაკრძალვის წესები სამეგრელოსა და კოლხეთის დაბლობზე ყოველთვის ტრადიციული, ორიგინალური იყო, ამას რელიგიურ-მისტიკური დატვირთვა ჰქონდა. მაგალითად, მამაკაცებს ტყავში გახვეულს ჰკიდებდნენ ხეზე, ქალებს კი მიწაში მარხავდნენ. ამის მითოლოგიური და აზრობრივი საფუძველი იყო ის, რომ დედაკაცი, როგორც მიწა, ისე განიხილებოდა, ამიტომ მიწას ჰბარდებოდა, ხოლო მამაკაცი ზეციური არსება იყო, მისი მიწაში დაფვლა არ შეიძლებოდა და ხეზე ამიტომ ჰკიდებდნენ. ქვევრში დამარხვის წესიც არსებობდა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ბევრი ასეთი მასალაა აღმოჩენილი. ეს მხოლოდ სამეგრელოსთვის არ იყო დამახასიათებელი, მაგრამ ძირითადად, იქ ხდებოდა. ამას ბიო-გეოგრაფიული პირობებიც განაპირობებდა, მაგრამ ძირითადად, მითოლოგიური საფუძვლები აქვს. როგორც ჩანს, დამარხვის ასეთი წესები და რიტუალები, მაინც უფრო ელინისტურ სამყაროსთან კავშირის შედეგია.

- რას გვეტყვით დასაფლავებასთან დაკავშირებულ მეგრულ სხვა ტრადიციებზე, მათ შორის, თანამედროვეზე?

- როდესაც კომუნისტების დროს რელიგიური მსახურება, საფლავების ქრისტიანული წესით მოვლა, ტაძარში სიარული იკრძალებოდა, მიცვალებულისადმი ყურადღება ასეთი არაქრისტიანული ფორმით გამოიხატა. ხალხი ცდილობდა, მიცვალებულის პატივსაცემად, სხვადასხვაგვარი რამ მოეფიქრებინა. ეს დღესაცაა შემორჩენილი და კონკრეტული საფუძველი არ აქვს. მაგალითად, ადრე, ასეთი ტრადიციაც არსებობდა, რომელიც უმეტესწილად აფხაზებისთვის იყო დამახასიათებელი. სადაც გარდაცვლილი იკრძალებოდა, განსაკუთრებით, თუ ის ახალგაზრდა იყო, სულის მოსახსენიებლად იქ საჭმელს, ღვინოს, თივას ან სხვა რამეს ტოვებდნენ. მგზავრი რომ გაივლიდა, რაიმეს აიღებდა და სულს "მიუვიდოდა". ეს ნაწილობრივ სამეგრელოშიც იყო გავრცელებული.

- თქვენ თუ გაქვთ ნანახი მსგავსი საფლავები?

- კი, როგორ არა, იქ ხშირად ვყოფილვარ და მსგავსი საფლავიც ბევრი მინახავს. მაგალითად, ღამით რომ ნათურები ანთია და ა.შ. უზარმაზარი საფლავის ქვებია, ორივე მხარეს გამოსახული სურათებით, გადახურული და ა.შ. სასახლეებს უფრო ჰგავს, ვიდრე საფლავებს. შემიძლია გურიის ერთი მაგალითი გავიხსენო: ჩემს ერთ-ერთ ლექტორს პანაშვიდზე, კიბის ბოლოში გარდაცვლილის სურათი დახვდა, რომელიც დაიძრა და სტუმარს წინ გაუძღვა - მავთულით ჰქონიათ დამაგრებული, ვიღაც იჯდა, ატრიალებდა და მიცვალებულის სურათი მას ხელგაშლილი "მიაცილებდა". მოკლედ, ეს დიდი ტკივილის გამოხატვისა და მიცვალებულზე ზრუნვის დამახინჯებული ფორმებია, რომელსაც რელიგიასა და კულტურასთან არავითარი კავშირი არა აქვს.

- ასეთი რამ აღმოსავლეთ საქართველოში თუ გვხვდება?

- არა, აღმოსავლეთ საქართველოში გარეგნულად ასეთი პომპეზური ფორმებით არ გამოხატავენ ტრაგედიას.

- ალბათ გსმენიათ, სოფელ რუისზე, სადაც ამბობენ, რომ საფლავებზე სხვადასხვა სახის წარწერებია, თუ ვინ როგორ გარდაიცვალა და ა.შ. თუ არის თქვენთვის ცნობილი, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

- სიმართლე გითხრათ, ეს წარწერები, მაგალითად, - მოკლულია თოხით, ბარით და ა.შ. მე ნამდვილად არ მინახავს, გადმოცემით ვიცი, მაგრამ თუნდაც ასე იყოს, ეს უბრალოდ ხასიათის გამოვლინებაა, უფრო იუმორშია გატარებული და ეს ეთნოფსიქოლოგიური განსხვავებაა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის.

- სვანეთში თუ გვხვდება სამეგრელოს მსგავსი საფლავები?

- არა, იქ ვერ ნახავთ ისეთ "პომპეზურ" საფლავებს. სუფთა, მოვლილი, უბრალო საფლავებია, მათზე სახლებს არ აშენებენ, სულ 1-2 გადახურული საფლავი მინახავს, ისიც ახალგაზრდა ბიჭების. ადამიანის ნეშტი აუცილებლად მიწად უნდა იქცეს. მზის სხივი, წყალი და თოვლი უნდა დასდიოდეს ზედ. ქრისტიანული კულტურის ნაწილი აკლდამა, ბალზამირება და მუმიფიცირება, მოგეხსენებათ, არ არის. ეს ყველაფერი ქრისტიანულ იდეოლოგიას ეწინააღმდეგება.

- სამეგრელოში მიცვალებულის დატირებაც სხვანაირად იციან, ხომ ასეა?

- მძაფრი ტირილი ადრე მთელი საქართველოსთვის იყო დამახასიათებელი, ახლა ნაწილობრივაა შემორჩენილი სამეგრელოში, გურიასა და სვანეთში. სხვათა შორის, მთიულეთშიც, ზოგადად, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში. "ხმით ნატირლები", შეიძლება ითქვას, პოეზიის ნიმუშებია. მასში ყველაფერი იყო გადმოცემული, არა მხოლოდ გარდაცვლილი ადამიანის, არამედ მთელი გვარის, სოფლის, თემის ისტორია და ამბები. ეს სულ სხვა ფენომენია, კულტურის ნაწილია.

მამა ელიზბარ ოდიშვილი, დეკანოზი (ქვაშვეთის ეკლესია):

- ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და მიცვალებულს პატივი ისე უნდა მივაგოთ, როგორც ჩვენმა დიდმა წინაპრებმა გვასწავლეს. მოგეხსენებათ, ერთი სწავლება იქიდან მოდის, რომ როდესაც უფალი ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე ჯვარს აცვეს, დაასაფლავეს და საფლავს ლოდი მიადვეს - დაიფლა, აღდგა მესამესა დღესა და ამაღლდა ზეცად. ამ დაფვლამ, აღდგომამ და ამაღლებამ გვასწავლა უკვე, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა დასაფლავდეს მესამესა დღესა, საფლავი მოძღვრის მიერ უნდა იკურთხოს და ზედ ჯვარი აღიმართოს, სადაც იქნება წარწერა, რომ აქ განისვენებს მონა ან მხევალი ღვთისა. საფლავი ძალიან უბრალოდ უნდა გაკეთდეს. დაუშვებელია, როცა იგი ზემოდანაა გადახურული, მიწას ღვთის ნამი უნდა ხვდებოდეს - წვიმა, თოვლი. "მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც". ადამიანის ნეშტს უნდა ვაცადოთ, რომ მიწად მიიქცეს, ამიტომ არ არის გამართლებული არც მისი დაწვა, არც "მავზოლეუმებში" შენახვა. ზოგი მიცვალებულს თაფლში, სპირტში ინახავს, რაც მიუღებელია.

- აღვნიშნოთ, თუ რა ზიანი ადგება მიცვალებულის სულს ასეთ შემთხვევაში.

- ასეთი ქმედებებით მიცვალებულის სულს ვტანჯავთ, ვაწვალებთ, არ ვაძლევთ ნებას, რომ მიწად მიიქცეს. სული უკვდავია, საზვერეები გაიარა, ზეცაში წავიდა და თავისი ადგილი უნდა დაიმკვიდროს, მაგრამ როდესაც სული უყურებს, თუ რა მდგომარეობაშია მისი ნეშტი, მიწად არაა მიქცეული, წვალობს და ბობოქრობს. ამიტომ, თუ გვინდა, რომ ის მიცვალებული ცხონდეს, რაც ამქვეყნად სიკეთის, ქველმოქმედების კეთება ვერ მოახერხა, ვერ ილოცა ისე, როგორც საჭირო იყო, ვერ ეზიარა, ეკლესიურად ვერ იცხოვრა, ეს მისმა ახლობლებმა უნდა გააკეთონ. ვთქვათ, რომელიმე ტაძარი დაანგრია, მივიდნენ და აღადგინონ, თუ უნდათ, რომ ის მიცვალებული ცხონდეს. სპირტსა და თაფლში შენახვით არავინ ცხონდება. ყველა ადამიანი, გარდაცვალების შემდეგ, ეკლესიური წესით უნდა დასაფლავდეს. როგორც ნათლობა ან ჯვრისწერაა, ისევეა გარდაცვალება ერთ-ერთი საიდუმლო, რომლისთვისაც ყველა ადამიანი უნდა ემზადებოდეს. პატარა რომ ვიყავი, ბებიაჩემიც კი იმას გვასწავლიდა, ჩემი ტანსაცმელი აქ ჰკიდია სუფთად და ამ ქვეყნიდან რომ წავალ, ესენი ჩამაცვითო. იმასაც ამბობდა, ნეტავ, მუხის სასახლეში არ ჩამასვენონ, რომ მიწამ მალე მიმიღოსო, ის კი არა, რომ მიწამ შემინახოსო. ამიტომ, მინდა ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მოვუწოდო, რომ ყველაფერი ეკლესიური წესის მიხედვით გააკეთონ. თუ თავიანთ მიცვალებულს პატივს სცემენ, არ არის საჭირო დიდი სუფრების გაშლა, ბევრი ადამიანის მოწვევა, მისი 10-15 დღით შენახვა და ა.შ. რა დღეც უნდა იყოს, მესამე დღეს უნდა დასაფლავდეს. ეს ქართველებს გვაქვს წესად, რომ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს არ ვასაფლავებთ, თორემ ქრისტიანულად ესეც შესაძლებელია, თუ მესამე დღე უწევს. მთავარი წესის აგება და ტაძარში წირვა-ლოცვის ჩატარებაა, ოჯახის წევრები უნდა ეზიარონ, რომ მოინანიონ, სინანულში ჩაცვივდნენ. როდესაც მარხვის პერიოდია, ქელეხში სამარხვო სუფრა უნდა იყოს. მიცვალებულს ბევრი ტანსაცმელი არ უნდა გაატანონ. თუ ავადმყოფი იყო, სამოსს წვავენ, მაგრამ თუ ჯანსაღი იყო, ყველამ უნდა გაინაწილოს, უფრო მადლია, ვიდრე მიწაში ჩაყოლება.

- რამდენად დიდი ცოდვაა თვითონ იმ ადამიანებისთვის მიცვალებულის ასე წვალება?

- რა თქმა უნდა, ცოდვაა, არ უნდა გაჯიუტდეს ადამიანი და არ უნდა იძახოს, არ დავასაფლავებო. კომუნისტების დროს, ერთი ასეთი შემთხვევა მქონდა: სამეგრელოში, მიცვალებული თითქმის ერთი თვის განმავლობაში პროკურატურის წინ ესვენათ, მაგრამ როდესაც იმ ადამიანებს ვთხოვე, ავუხსენი, თუ რატომ არ შეიძლებოდა ასე მოქცევა, რომ იმ გარდაცვლილისთვის, თავიანთივე წინსვლისა და გამრავლებისთვის ჯობდა, რომ დროულად დაესაფლავებინათ, დამიჯერეს და დაასაფლავეს. ამისათვის მადლობას ვწირავ მათ, ჩემი ხმა კი არ შეისმინეს, არამედ უფლის, თავიანთი მიცვალებული რომ არ ეწვალებინათ. სტალინსა და ლენინზე ამბობდნენ ხოლმე, იმდენი ცოდვა ჩაიდინეს, მიწა არ იღებსო. არ მესმის, რატომ უნდა მაგალითად, დედას, რომ თავისი შვილი მიწამ არ მიიღოს? რა ცოდვა ჩაიდინა იმ ბავშვმა ასეთი, რომ ასე ვაწვალოთ? ბუნების კანონი ირღვევა. აღსანიშნავია, რომ მიცვალებულს ბალზამირება არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაუტარონ, არც სპეციალურ მაცივრიან სასახლეში შეინახონ. სამ დღემდე ნეშტი ჩვეულებრივად ინახება.

- გამართლებულია მიცვალებულის საკუთარი სახლის ეზოში დაკრძალვა?

- ეს რაიმე პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ადამიანმა ის ნაწილი აკურთხებინა და ყველაფერი წესის მიხედვით გააკეთა. სხვათა შორის, უცხოეთში, საფლავებში ფულს 10-20 წლის განმავლობაში იხდიან და თუ ვერ გადაიხადეს, მიცვალებულის ძვლებს იღებენ და წვავენ ან პატრონს უბრუნებენ. ჩვენთან ასე არ არის და არც უნდა იყოს, მაგრამ როგორც ვუყურებ, შემოიღეს ის, რომ ადამიანებს ძალიან პატარა სასაფლაოებს აძლევენ და იმის ადგილი აღარ რჩება, თუნდაც პატარა მცენარე დაირგოს. თითო საფლავზე თითო ხე რომ დარგონ, წარმოიდგინეთ, რამხელა გამწვანება იქნებოდა. ამისათვის აუცილებლად უნდა მოვუწოდოთ სასაფლაოების მეპატრონეებს, რომ ჭირისუფლებს იმდენი ადგილი მაინც გამოუყონ, იქ თითო ხე დაირგოს და ყველას მოსთხოვონ კიდეც. 6-კაციან სასაფლაოზე 3 ხე რომ დარგონ, რამხელა მადლი იქნება?

- რას იტყვით იმ ფაქტზე, როდესაც ცოცხალი ადამიანები საფლავის ქვებსა და ადგილს წინასწარ იმზადებენ?

- სამების ტაძარში ერთი ქალბატონი მსახურობდა, ქალიშვილი გარდაეცვალა, ცხენიდან გადმოვარდა... სასაფლაოსთვის ძალიან დიდი, მარმარილოს ქვა გაამზადა, მაგრამ ვინაიდან ფული თვითონ არ ჰქონდა, რამდენიმე ადამიანისგან ისესხა. გავიდა დრო და 9 აპრილის დროს, თვითონაც დაიღუპა... აბა, ახლა მითხარით, იმ ქალის სული როგორ ცხონდება, აქ რომ ვალები დატოვა? ვინ დაუბრუნებს კუთვნილ თანხას იმ გაჭირვებულ ოჯახებს? ქვას ხომ არ აიღებენ და შუაზე გაიყოფენ? რაც შეგიძლია, მიცვალებულს ის უნდა გაუკეთო, მისავალი სწორედ ის არის. არ უნდა უყურო იმას, სხვამ როგორი ქვა დაადო, თუ შენზე მეტი შესაძლებლობა აქვს. ჯობია, შესაძლებლობების ფარგლებში რაც გაქვს, თუნდაც მცირედი გაუკეთო, ვიდრე ნასესხები ფულით - ძვირფასი საკურთხი. არ მიუვა.

მაკა ქობალია

იხილეთ ვიდეო

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია