პატარძალი სკოლის მერხზე - ”ქმართან დაწოლას, თოჯინებთან ერთად დაძინება მერჩივნა”

პატარძალი სკოლის მერხზე - ”ქმართან დაწოლას, თოჯინებთან ერთად დაძინება მერჩივნა”

გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად, 15-19 წლის ასაკის 16 მილიონი გოგონა აჩენს ბავშვს. ეს საკითხი განსაკუთრებით პრობლემატურია საქართველოსთვის, რადგან ამ ასაკის ყოველი 1000 გოგონადან საშუალოდ, 39 მშობიარობს, რეგიონებში (უფრო მეტად - კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში) ასაკობრივი ზღვარი კიდევ უფრო დაბალია (განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში), მაგრამ მათი ოფიციალური აღრიცხვა ვერ ხდება. სპეციალისტები ნაადრევ ქორწინებას უარყოფითად აფასებენ, რადგან ვიცით, რომ გარკვეულ ასაკამდე, მოზარდი ფიზიკურ და გონებრივ ზრდა-განვითარებას აგრძელებს და ნაადრევი ორსულობა გოგონების ჯანმრთელობისათვის არასასურველია.

საქართველოს კანონმდებლობით, ქორწინება 16 წლამდე მოზარდებს შორის აკრძალულია. არიან ადამიანები, ვინც 13-14 წლის ასაკში დაოჯახების სურვილს ცუდი სოციალური მდგომარეობით ამართლებენ. როგორც სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ნაადრევი ქორწინების ციფრი შეიძლება, იმის მიხედვითაც განისაზღვროს, თუ რამდენი მოზარდი ვერ ამთავრებს საჯარო სკოლას წლის განმავლობაში, ასეთი კი დაახლოებით 7300 მოზარდია, სწავლის შეწყვეტის ძირითად მიზეზად კი ქორწინებას ან ნაადრევ ასაკში მშობიარობას ასახელებენ.

ომბუდსმენის თქმით, ნაადრევი გათხოვება ქალზე ძალადობად უნდა აღიქმებოდეს. ხშირია შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვანი გოგონები, ჯერ კიდევ ბავშვები, ასაკით გაცილებით უფროს მამაკაცებზე თხოვდებიან და შესაბამისად, შვილის გაჩენაც ადრეულ ასაკში უწევთ. ნაადრევი მშობიარობა, სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში ქალის სიკვდილითაც კი მთავრდება. როგორც ცნობილია, აბორტების მაჩვენებელი და მკვდრად შობადობა ამ ასაკში ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე - ზრდასრულ ადამიანებში. როგორც გაეროს დასკვნაშია აღნიშნული, მოზარდებში შობადობის მაჩვენებელი საქართველოში განსაკუთრებით მაღალი და შემაშფოთებელია.

თეკლა ჭანტურია, 16 წლის:

-  10 წლის ვიყავი, როცა დათუნა გავიცანი. ერთმანეთი მოგვეწონა და მალევე შეყვარებულებიც გავხდით. მართალია, ხშირად ვჩხუბობდით, მაგრამ მაინც ერთად ვიყავით. დაქორწინებას არ ვაპირებდით, მაგრამ მოხდა ისეთი რაღაც, რამაც ასეთი გადაწყვეტილების მიღებისკენ გვიბიძგა: ორსულად ვიყავი და ეს ამბავი გვიან გავიგე. როცა ამის შესახებ შეყვარებულს ვუთხარი, მიპასუხა, - ჩემი ცოლი უნდა გახდეო. 14 წლის ვიყავი და გათხოვებაზე არც ვფიქრობდი. მეგონა, საოჯახო საქმეებს ვერასდროს გავაკეთებდი, რადგან ელემენტარულად, მანამდე საჭმელიც არასდროს მომიმზადებია. მას შემდეგ, რაც გავთხოვდი, ვზრუნავ საკუთარ თავზე, ქმარზე, შვილზე. სახლში ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჩემი შვილი ისეთი მოუსვენარია, ორი წუთითაც ვერ ვიცლი იმისთვის, რომ მტვერი გადავწმინდო. თავიდან ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება, ბავშვიც ბუნებრივ კვებაზე მყავდა, მთელი ღამე ჭიჭყინებდა და დილით ადრე ადგომა მიწევდა. მოკლედ, სკოლაში გათიშული მივდიოდი. ჰოდა, ერთხელ გაკვეთილებზე (მაშინ მეათე კლასში ვიყავი) ჩამეძინა კიდეც. ზოგი მასწავლებელი ამას არ იმჩნევდა, მაგრამ ყოველთვის მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვინც ამის გამო პრეტენზიას გამოთქვამს. ძიძა კი მყავდა, მაგრამ ის 10-დან 3 საათამდე გახლდათ ჩემს პატარასთან და შესაბამისად, პირველ გაკვეთილზე, რომელიც 9 საათზე იწყება, მისვლას ვერ ვახერხებდი. ცალკე სწავლის პრობლემა შემექმნა: რასაც გაკვეთილზე მოვისმენდი, მეორე დღეს პედაგოგს იმას ვაბარებდი, სახლში კი წიგნის წასაკითხად ვერ ვიცლიდი. ის კი არა, ზოგჯერ ჭამის თავიც არ მქონდა და მშიერი ვიძინებდი. ახლაც ამ მდგომარეობაში ვარ, ვერაფრის კეთებას ვერ ვასწრებ. ბავშვი თუ დაიძინებს, ისე მალე ეღვიძება, რომ თვალის მოტყუებას ძლივს ვასწრებ. დედას და ბებიაჩემს კი შეეჩვია, მაგრამ ორივე მუშაობს და ვერ მეხმარებიან. დათუნას დედა პირველ თვეში მეხმარებოდა, მაგრამ მერე საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ.

-  მეთერთმეტე კლასში გადახვედი. სწავლას აგრძელებ, არა?

-  შარშან სკოლა გამოვიცვალე. მიჭირდა სასწავლებელში სიარული მთელი ღამის ნათევს და ეს ყველაფერი ჩემს ნერვებზეც უარყოფითად მოქმედებდა, სულ ცუდ ხასიათზე, დაძაბული ვიყავი. ახლა კი მგონია, რომ ახალი სასწავლო წლიდან ყველაფერს უკეთ გავუმკლავდები.

-  გათხოვილ და ბავშვიან მოსწავლეს პედაგოგები როგორ გექცევიან?

-  პედაგოგების უმეტესობა ხელს მიწყობდა, რამდენიმე მათგანი კი ისე მექცეოდა, რომ ვხვდებოდი, არ მოსწონდათ, ჩემნაირი მოსწავლე რომ ჰყავდათ... ახლა ბავშვი ბუნებრივ კვებაზე აღარ მყავს, ძიძაც უფრო დიდი ხნით დარჩება მასთან და ეს ჩემთვის დიდი შეღავათი იქნება, მეცადინეობასაც მოვასწრებ.

-  საბჭოთა კავშირში შენნაირი მოსწავლეებისთვის საღამოს სკოლები არსებობდა. როგორ ფიქრობ, ახლაც რომ იყოს მსგავსი სასწავლებელი, შენთვის უკეთესი იქნებოდა?

-  როგორც ვიცი, საღამოს სკოლაში სწავლა 6 საათიდან იწყებოდა. ჩემთვის კი ეს საუკეთესო გამოსავალი ნამდვილად ვერ იქნებოდა. არ ვფიქრობ, რომ მოსწავლე, რომელსაც უკვე მეუღლე და შვილი ჰყავს, მეგობრებს უნდა მოსწყდეს და სხვა, სპეციალურ სკოლაში გადავიდეს. ბოლოს და ბოლოს, მეც ხომ ისეთივე ადამიანი ვარ, როგორიც შენ? უბრალოდ, იმისთვის, რომ ყველაფერი მოვასწრო, ცოტაოდენი ხელშეწყობა მჭირდება.

-  ხომ არ ნანობ, ნაადრევად რომ გათხოვდი?

-  არაფერს ვნანობ. დრო უკან რომ დაბრუნდეს, ჩემს ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი. თუმცა, გამოგიტყდებით, ოჯახური ცხოვრება იმაზე ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. მიხარია, რომ ამდენი სირთულის გადალახვა შევძელი. ამ ერთ წელიწადში იმდენი რამ ვისწავლე, რომ საკუთარი თავის ძალიან მიკვირს. ვისწავლე ბავშვის და ქმრის მოვლა, საკუთარ თავზე ზრუნვა, შევძელი სახლის მოწესრიგება და საჭმლის მომზადება.

-  რა არის ასეთ ასაკში ოჯახის შექმნის ყველაზე დიდი პლუსი და მინუსი?

-  ყველაზე დიდი პლუსი არის ის, რომ მყავს შვილი, მინუსი კი - თავისუფლების დაკარგვა. ზედმეტად თავისუფალი ვიყავი, მაგრამ ახლა ასეთი აღარ ვარ. სხვათა შორის, ეს ამბავი აღარ მაწუხებს. ქმართან ერთად, ქუჩაში 24 საათის განმავლობაში, დიდი სიამოვნებით ვივლიდი, მაგრამ ამაში ბავშვი მიშლის ხელს. ვფიქრობ, ადამიანმა ცხოვრებაში ყველაფერი უნდა ნახო და გამოცადო. უნდა იცოდე რა არის გართობა, სიხარული, მეგობრისგან თუ შეყვარებულისგან მიყენებული ტკივილიც და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გათხოვდე. ჩემთვის ოჯახის შექმნა ნამდვილად, ნაადრევი იყო, მაგრამ არაფერს ვნანობ იმიტომ, რომ დღეს ბედნიერი ვარ.

ელენე სტურუა, 19 წლის:

-  სკოლა დავამთავრე, მაგრამ იმის გამო, რომ ნაადრევად გავთხოვდი, უნივერსიტეტში ჩასაბარებლად და სწავლის გასაგრძელებლად ვერ მოვიცალე. ახლა 5 თვის ორსული ვარ და გოგონას ველოდები. ჩემი ქმარი, გიორგი 22 წლისაა. ერთმანეთი, რაც უნდა გასაკვირი იყოს, მაღაზიაში გავიცანით. მაშინ ვაკეში ვცხოვრობდი. ჩემს სახლთან ახლოს პატარა მარკეტი იყო. ერთ დღეს, როცა იქ მეგობართან ერთად შევედი და გამყიდველს სიგარეტი ვთხოვე, იქვე მდგარმა ბიჭმა მითხრა, - გოგონი, ფილტვებს რატომ იფუჭებო? და სულ სხვა სიგარეტის ყიდვა მირჩია. უხეშად ვუპასუხე, მაგრამ მაღაზიიდან გამოსვლისთანავე მივხვდი, რომ ის ბიჭი ძალიან მომეწონა. ამის შემდეგ მაღაზიაში ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით, ვესალმებოდით, დროთა განმავლობაში კი ჩვენი სალამი დათბა, უკვე ლოყებიც გვიწითლდებოდა, ღამღამობით ერთმანეთზე ვფიქრობდით. ასე რომ, როცა უკვე სხვაგან შევხვდით, ჩვენი ურთიერთობა და სიყვარული თითქმის ჩამოყალიბებული იყო. ყოველდღე დავდიოდით "მაკდონალდსში", კინოში, ზოოპარკში... ერთმანეთს ძალიან შევეჩვიეთ და როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩებოდით, ორივეს ისტერიკული ტირილი გვეწყებოდა, უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით... საბოლოოდ, ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ. რამდენჯერმე მოვინდომეთ გაპარვა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, ამ ნაბიჯის გადადგმას ვერ ვბედავდი. ერთ მშვენიერ დღეს კი, როცა გაპარვა ისევ შემომთავაზა და თანხმობა ვუთხარი, აღარ დამიჯერა, ისევ მატყუებო... ამჯერად გავბედე, გავიპარეთ და ჩემს დეიდაშვილთან წავედით, რომელმაც ეს ამბავი ოჯახს შეატყობინა და საბოლოოდ, ჩანაფიქრიც ჩაგვეშალა. მერე მამაჩემთან მივედით და ავუხსენით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. თავიდან ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, მაგრამ როცა მიხვდა, ერთმანეთი გვიყვარდა, გვითხრა: "მაკოცეთ ახლა ორივემ და გაეთრიეთ აქედანო"... ხარაგაულში წავედით ხუთი დღით, ქორწილი კი ორი თვის შემდეგ გადავიხადეთ. მხოლოდ ოჯახის წევრები და მეგობრები დავპატიჟეთ, მერე კი საქორწინო მოგზაურობაში დუბაიში გავფრინდით...

-  ახლა რა გეგმები გაქვს? სწავლის გაგრძელებას აპირებ?

-  ამჟამად იტალიაში ვარ, კერძოდ - ქალაქ მოტოლაში. იტალიურ ენას ვსწავლობ და ფოტოხელოვნებას ვეუფლები, მომავალში თეატრალურ უნივერსიტეტში, სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლას ვაპირებ.

-  შენი აზრით, ზოგადად, რის გამო ქმნიან ოჯახს ნაადრევ ასაკში?

-  მგონია, რომ ასეთ ასაკში გათხოვება ბავშვური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა. ვფიქრობ, თუ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ, სულ რამდენიმე წამით ყველა და ყველაფერი უნდა დაივიწყონ და გულს მიენდონ. გულია მთავარი! სიტყვა "გათხოვება" ბანალურად მეჩვენება. ჩვენ უბრალოდ, ერთად ვცხოვრობთ და ერთად მივდივართ დასახული მიზნისკენ... თუ მეუღლეები ერთმანეთის აზრს პატივს სცემენ, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, აუცილებლად მყარი ოჯახი ექნებათ. ყველას ვურჩევ, თუ სიყვარული ეწვევათ, უკან არაფრის გამო არ დაიხიონ.

ნანიკო, 24 წლის:

-  სოფელში ვცხოვრობ. ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ ბიჭებისკენ არც ვიხედებოდი. სამაგიეროდ, ჩემი მშობლები ფიქრობდნენ, რომ შეიძლებოდა, ვინმეს შევეცდინე, მოვეტყუებინე და სადმე სოფელში გავთხოვილიყავი. არ უნდოდათ, სიღარიბეში მეცხოვრა და ამიტომაც, 15 წლის ასაკში, თბილისში გამათხოვეს. ჩემი მომავალი მეუღლე ჩემზე 10 წლით უფროსი, დასაქმებული და შეძლებული ოჯახის შვილი გახლდათ. ჰოდა, როცა მაჭანკალი კარს მოგვადგა, იფიქრეს, რომ ასეთი კარგი ვარიანტი აღარ გამომიჩნდებოდა და უცხო ადამიანს ისე ჩააბარეს ჩემი თავი, რომ მე არაფერი მკითხეს... სათამაშოებზე, თოჯინებზე გადარეული ბავშვი ვიყავი. "ბარბები" ისე მიზიდავდა, რომ ამის გამო, სწავლისთვისაც ვერ ვიცლიდი. ჰოდა, გათხოვების შემდეგ აღარ ვიცოდი, რა უნდა მექნა, როგორ უნდა მეცხოვრა. რაღაც პერიოდის შემდეგ, როცა ქმარსაც გავუშინაურდი და მისი ოჯახის წევრებსაც, ისევ "ბარბებით" თამაშმა გამიტაცა. სამსახურიდან შინ დაბრუნებულ ქმარზე არ ვფიქრობდი, მასთან დაწოლას, თოჯინებთან ერთად დაძინება მერჩივნა. ჰოდა, ამის გამო, გათხოვებიდან დაახლოებით 1 წლის შემდეგ, ქმარმა განქორწინება მომთხოვა... ახლა ვფიქრობ, რომ მშობლებმა მომავალი დამინგრიეს და თავს უბედურ ადამიანად მივიჩნევ, ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამაში დედ-მამას ვადანაშაულებ. გათხოვების შემდეგ, ცხადია, სკოლაშიც აღარ მივლია და ახლა პროფესიაც არ მაქვს, რომ ვიმუშაო, რაღაცით დავკავდე. რა ვქნა, უკვე გავიზარდე, დიდი გოგო ვარ და თოჯინებით თამაში აღარ მაკმაყოფილებს...

მაია შუბითიძე, მასწავლებელი:

-  ვერ განსაზღვრავ, ვის როდის ეწვევა გრძნობა და როდის მიიღებს ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას. როგორც წესი, იმ გოგონების აკადემიური მოსწრება, რომლებიც შედარებით ადრე თხოვდებიან, ბავშვიც ჰყავთ და ამავე დროს სკოლაში უწევთ სიარული, რა თქმა უნდა, გაცილებით დაბალია, ვიდრე ნებისმიერი სხვა მოსწავლის. შესაძლებელია, იყოს ძალიან უნარიანი და ნიჭიერი ახალგაზრდა, მაგრამ ოჯახი მისთვის ხელის შემშლელი იქნება. მასწავლებლები ცდილობენ, შეღავათი გაუწიონ ასეთ მოსწავლეებს, მაგრამ ახალგაზრდაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული და იმაზეც, თუ რამდენად უწყობენ სწავლაში ხელს ოჯახის წევრები. მგონია, რომ მრავალი წლის წინანდელი გამოცდილება, როცა საღამოს სკოლები არსებობდა, ასეთი მოსწავლეებისთვის ბევრად ხელსაყრელი იყო. მართალია, განათლების დონე მაღალი იქაც არ გახლდათ, ეს ფორმალური სისტემა იყო, მაგრამ ადამიანი სკოლას ამთავრებდა, ატესტატს იღებდა და შემდეგ წყვეტდა, სწავლა უნდა გაეგრძელებინა თუ - არა. საღამოს სკოლა კარგი იყო იმ მხრივ, რომ ადამიანი მთელ დღეს ოჯახს, შვილს უთმობდა, საღამოს კი, როცა ოჯახის სხვა წევრები შინ ბრუნდებოდნენ, შეეძლოთ, განათლებაზეც ეზრუნათ...

-  თქვენი აზრით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად განათლების სამინისტრომ რა უნდა გააკეთოს ან რა სახის ხელშეწყობა უნდა განახორციელოს დაოჯახებული მოსწავლეების მიმართ?

-  უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ქადაგებას თუ მივაქცევთ ყურადღებას და მის სიტყვებს დავესესხებით, ერი უნდა გამრავლდეს! სპეციალურად იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც ოჯახი შექმნეს და დედები გახდნენ, განათლების სამინისტრომ ლიბერალური სისტემა უნდა შექმნას და მისცეს მათ საშუალება, მიიღონ სრული საშუალო განათლება. არ შეიძლება, დედა სწავლაზე იყოს ორიენტირებული იმის შიშით, რომ ატესტატს ვერ აიღებს და შვილი ბედის ანაბარად, უყურადღებოდ დატოვოს. დაოჯახებული მოსწავლეები თანატოლებს არ უნდა მოსწყდნენ.

სასკოლო ასაკში ქორწინების შესახებ, თბილისის 83-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სასწავლო-აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილე - ქალბატონი ლია ჯანგულაშვილი გვესაუბრება.

-  ქალბატონო ლია, რა გავლენას ახდენს მოზარდზე ის ფაქტი, როდესაც მის კლასში დაოჯახებული მოსწავლეც არის?

-  ადრე, კანონის მიხედვით, დაოჯახებულ გოგონას თუ ვაჟს სკოლაში სიარულის უფლება აღარ ჰქონდა. უკვე რამდენიმე წელია, რაც ეს კანონი შეიცვალა და დასაშვებია, რომ მერხთან ფეხმძიმე მოსწავლეც იჯდეს. პირადად მე, ეს მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. შარშან ჩემი ერთი მოსწავლე, მეთორმეტეკლასელი გოგონა გათხოვდა. სწავლა არ მიუტოვებია, სკოლაში ფეხმძიმეც დადიოდა. ამის გამო დისკომფორტს არა მხოლოდ სხვა მოსწავლეები, არამედ თვითონაც განიცდიდა, უხერხულ მდგომარეობაში იყო. თავიდან, გაკვეთილის მსვლელობის დროსაც გარკვეული ყურადღება მისკენ გვქონდა, მერე კი ამას შეეჩვია თვალიც და გონებაც... ვფიქრობ, ნაადრევი ქორწინება არასასურველია, მაგრამ თუ ბავშვები მაინც დაქორწინდებიან, სკოლაში აღარ უნდა იარონ.

-  ალბათ ასეთ მოსწავლეებს მეცადინეობაში ეშლებათ ხელი, არა?

-  რა თქმა უნდა! თუმცა ამ მხრივ, მოსწავლეები ისედაც სუსტები არიან. 20 წელია, სკოლაში ვმუშაობ და თუ ადრე კლასში მოსწავლეთა ნახევარი წარმატებული მოსწრების იყო, ახლა 30-ბავშვიან აუდიტორიაში, სამი ბავშვი თუ იქნება ისეთი, რომელსაც სწავლა ნამდვილად უნდა.

-  დაოჯახებული მოსწავლეები გაკვეთილს ხშირად აცდენენ?

-  გაცდენებზე გარკვეული პროცენტული რაოდენობა დასაშვებია და ცდილობენ, ზღვარს არ გასცდნენ. არის მოსწავლეთა კატეგორია, რომლებიც დაოჯახების შემდეგ სკოლაში აღარ მოდიან, მხოლოდ 9 კლასის ატესტატს ითხოვენ და საშუალო განათლების ატესტატის გარეშე რჩებიან. ერთი კურიოზული შემთხვევა გვქონდა: მოსწავლე ბიჭი დაოჯახდა და ვინაიდან ხშირად აცდენდა, ჩვენმა პედაგოგმა მის ოჯახში დარეკა; ტელეფონს ამ ბიჭის მეუღლემ უპასუხა, ამიტომ მასწავლებელმა დაუბარა, - დედამთილს გადაეცი, რომ შენი ქმარი დღეს სკოლაში არ მოსულაო. ამ ამბავს დღემდე ისე ვყვებით, როგორც ანეკდოტს. მე მგონია, რომ სხვა ბავშვებზე მეტად, თავად დაოჯახებულ მოსწავლეებს ექმნებათ დისკომფორტი, ქალს - უფრო მეტად, რადგან ფეხმძიმობას თავისებური სიმპტომები ახლავს და ზოგს უგუნებობა აწუხებს, ზოგს წამოწოლა უნდება, კლასში და მერხთან კი ამის საშუალება, რა თქმა უნდა, არ არის.

-  როგორ უნდა დაარეგულიროს კანონმა ეს საკითხი?

-  კანონი ნაადრევ ქორწინებას ვერ აკრძალავს, მაგრამ კარგი იქნება, თუ რაღაც შეიცვლება და გათხოვილ ქალს მოსწავლე აღარ ერქმევა. სასურველია, რომ ასეთმა მოსწავლეებმა საჯარო სკოლაში კი არა, ვთქვათ, კოლეჯში მიიღონ განათლება.

-  თქვენი აზრით, რომელია ოჯახის შესაქმენლად საუკეთესო ასაკი?

-  ჩემი აზრით, ოჯახი 21-დან 32 წლამდე ასაკის ახალგაზრდებმა უნდა შექმნან. მართალია, ამბობენ, ნაადრევი ყველაფერი კარგია, სიკვდილის გარდაო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს...

ეკა აბაშიძე

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია