"ცენტრ პოინტის" ბედს კიდევ რამდენიმე სამშენებლო კომპანია გაიზიარებს - ახალ ბინებზე მოთხოვნა შემცირდა

"ცენტრ პოინტის" ბედს კიდევ რამდენიმე სამშენებლო კომპანია გაიზიარებს - ახალ ბინებზე მოთხოვნა შემცირდა

"ცენტრ პოინტის" ბედი, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანიამ გაიზიაროს. გენპროკურატურაში აცხადებენ, რომ კომპანიების მიერ დაზარალებულების მხრიდან უწყებაში არაერთი განცხადებაა შესული, რაზეც გამოძიებაც უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ჯერჯერობით კომპანიების დასახელებისგან გენპროკურატურაში თავს იკავებენ.

სამშენებლო სფეროს ექსპერტები თვლიან, რომ "ცენტრ პოინტის" პრობლემა ბაზარზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს, იურისტები კი საპირისპიროზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ ახალი ბრალდებულების გამოჩენის შემდეგ, ქვეყანა იპოთეკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს.

გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე თვის წინათ სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტი ჯგუფის" თაღლითური სქემა გაშიფრა და კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაზარალებული ამხანაგობა "თაბუკაშვილი-88"-ის წევრების საჩივრის საფუძველზე დაიწყო და კომპანიის დამფუძნებლებს რუსუდან კერვალიშვილს, მაია რჩეულიშვილს და ივანე ცაგურიას ბრალი წაუყენა. სამივე მათგანი დააკავეს, თუმცა "ცენტრ პოინტი ჯგუფის" დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი პროკურატურამ დაკავებიდან მალევე გაათავისუფლა, მოგვიანებით კი ცაგურიაც სასამართლო დარბაზიდან გამოუშვეს. სამივე ბრალდებულთან პროკურატურამ საპროცესო გარიგება გააფორმა და გამოძიებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ, არასაპატიმრო ფორმა - თავდებობა გამოიყენა.

ამით პროკურატურამ თაღლითური სქემის ნაწილი გაშიფრა, როცა "ცენტრ პოინტი ჯგუფის" დამფუძნებლებმა წინასწარ შეთანხმებულად სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემით, სამართალსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს. პროკურატურა ბრალდებულებს მშენებლობისთვის მოზიდული 27 380 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში თანხის თაღლითური გზით მითვისებას ედავება, თუმცა ხსენებულ საქმეზე გამოძიება აქტიურ ფაზაშია. როგორც არჩილ კბილაშვილის უწყებაში აცხადებენ, არ არის გამორიცხული, "ცენტრ პოინტი ჯგუფის" სისხლის სამართლის საქმეში ახალი გარემოებები და ბრალდებულებიც კი გამოჩნდნენ.

რა შედეგი მოჰყვება გამოძიებას და გაიზიარებს თუ არა კიდევ რომელიმე კომპანია "ცენტრ პოინტის" ბედს, მომავალში გაირკვევა. დარგის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სამშენებლო დეველოპერულ ბაზარზე "ცენტრ პოინტის" სკანდალის შედეგი უკვე სახეზეა, რასაც ახალაშენებულ ბინებზე მოთხოვნის შემცირება მოწმობს.

სამშენებლო სფეროს ექსპერტები თვლიან, რომ "ცენტრ პოინტის" პრობლემა ბაზარზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს, იურისტები კი საპირისპიროზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ ახალი ბრალდებულების გამოჩენის შემდეგ, ქვეყანა იპოთეკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს.

იურისტ ლევან ალაფიშვილის თქმით, "ცენტრ პოინტის" ფაქტორმა გავლენა სამშენებლო ბაზარზე უკვე მოახდინა და ციფრებში ეს ნათლად ჩანს. აგვისტოს მონაცემები, რომელიც ახალაშენებული ბინების გაყიდვებს ასახავს, "ცენტრ პოინტთან" დაკაშვირებული სკანდალის შედეგია. ალაფიშვილი ფიქრობს, რომ აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში სახელმწიფოს საკმაოდ ფრთხილი და ძალიან დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.

"სამშენებლო ბაზარზე ბევრი კომპანიის ბრალეულობა გამოიკვეთება. თუმცა, ჯერჯერობით დადასტურებული მხოლოდ "ცენტრ პოინტის" საქმეა. ამ პროცესების თვალსაჩინო შედეგია ის, რომ ახალაშენებულ ბინებზე მოთხოვნა შემცირდა. არსებული მონაცემებით, აგვისტოში, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნამ 10,4%-ით იკლო. ეს ფაქტი გადამწყვეტი არაა, მაგრამ სამშენებლო ბაზარზე არსებული არასახარბიელო მდგომარეობის ერთ-ერთი დამახასიათებელი კომპონენტია.

წინა წლებში პატარ-პატარა დეველოპერული კომპანიების მიმართ ანალოგიური სამართლებრივი პროცედურები წარმოებდა. დიდ კომპანიებთან მიმართებაში, რომლებიც ბანკებთან არიან დაკავშირებულნი, საქმე უფრო საფრთხილოა", - აცხადებს ალაფიშვილი. მისი თქმით, თავისი წილი პასუხისმგებლობა, კანონმდებლობის სრულყოფილებასთან დაკავშირებით, აქვს ყოფილ ხელისუფლებასაც. თუმცა, კანონმდებლობა ახალი ხელისუფლების პირობებშიც იგივე რჩება.

"კანონმდებლობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს. რაც ახლა ხდება სამშენებლო ბიზნესში, გარკვეულწილად, განაპირობა მომხმარებელმა, რომელიც უძრავი ქონების შეძენისას უფრო ფრთხილი გახდა. ვფიქრობ, 2014 წლის ამ დროს შესაძლებლობა გვექნება, დადებით ტენდენციებზე ვისაუბროთ, თუმცა მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების მიმართ დაწყებული გამოძიება მხოლოდ გამოძიების საქმე არ უნდა იყოს. თუ ეს საქმეები გამოძიების იმედად დარჩა და არა სახელმწიფო ზრუნვის საგნად, მაშინ პრობლემები გარდაუვალია. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამერიკაში იპოთეკური კრიზისის დროს ითქვა, რომ დეფოლტამდე არც თუ ისე შორი გზა დაგვრჩაო, ჩვენნაირი ქვეყნისათვის კი, დამერწმუნეთ, ეს გზა კიდევ უფრო დამოკლდება", - აცხადებს ალაფიშვილი.

საწინააღმდეგო მოსაზრებისაა ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე, რომლის თქმითაც, გამოძიების მიმდინარეობა და სკანდალური სქემის გახმაურება სამშენებლო ბიზნესში არსებულ სიტუაციას უფრო მოაწესრიგებს.

"ადრე კომპანიები თუ ჰაერს ყიდდნენ, დღეს შეეცდებიან, რომ უფრო პროგნოზირებადები გახდნენ და ჰაერის ნაცვლად, რეალური ფართი გაყიდონ. ჩემი აზრით, "ცენტრ პოინტის" სკანდალი ამ ბიზნესში არსებულ სიტუაციას უფრო მოაწესრიგებს, ვიდრე უარყოფით გავლენას მოახდენს", - ამბობს ვარდოსანიძე.

ანალოგიური პოზიცია აქვს ექსპერტს სამშენებლო საკითხებში მერაბ ჩხენკელს, რომელიც თვლის, რომ "ცენტრ პოინტის" სკანდალი მთლიანად სამშენებლო ბიზნესზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს.

"თუ მშენებელი კომპანია პატიოსანი სქემებით მუშაობს, ცხადია, მას ვერავინ ვერაფერში დასდებს ბრალს. საერთოდაც, ვთვლი, რომ ის სკანდალი, რაც "ცენტრ პოინტის" წინააღმდეგ აგორდა, სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს", - აცხადებს ჩხენკელი.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია