"შეცდენილი შვილები" - ქართულ-აფხაზური ომი 21 წლის გადასახედიდან

"შეცდენილი შვილები" - ქართულ-აფხაზური ომი 21 წლის გადასახედიდან

"არ მინდოდა ჩემი სახლის დატოვება, მაგრამ შვილებმა წამომიყვანეს, მოგკლავენო!.." - ტიროდა მოხუცი ქალი და თვალებს უცნაურად იწმენდდა... მაშინ პატარა ვიყავი და გვიან მივხვდი, უსინათლო იყო. "ჩვენთან იცხოვრებს ცოტა ხანს, ხომ მოუვლი?" - ჩუმად მკითხა დედამ. გამიკვირდა. რადგან თავადაც დედა მივლიდა. მაინც დავუქნიე თავი და ჩემთვის გავიფიქრე, მარტო როგორ უნდა დარჩენილიყო, ის ხომ ვერ ხედავს-მეთქი (ის მოხუცი რამდენიმე წელს ჩვენთან ცხოვრობდა, "ბებიას" ვეძახდი)?!. სახლში უამრავი ადამიანი ირეოდა. ხელში დიდი ჩანთები ეჭირათ და ტიროდნენ... მათგან ზოგს ვიცნობდი, სოხუმელი ნათესავები იყვნენ. ზაფხულის არდადეგები ზღვასთან, თოლიებთან და სოხუმის უგემრიელეს ნაყინთან ასოცირდებოდა... "მალე დავბრუნდებით... ცოტა ხანში ჩაწყნარდება ყველაფერი..." - ამბობდნენ ისინი. რამდენიმე დღეში ყველა მეზობლის სახლი, ქუჩა, სკოლა, ბაღი და გარშემო არსებული შენობები უცნობი ადამიანებით გაივსო. გამუდმებით მესმოდა, - აფხაზეთი, ლტოლვილები, ომი, დაკარგულები, დაბრუნება... ასე შემორჩა ჩემს მეხსიერებას აფხაზეთის ომი...

მას შემდეგ 21 მძიმე წელი გავიდა. ზოგი დაკარგულ და დამწვარ სახლ-კარზე ტიროდა, რომელსაც მთელი ცხოვრება შეალია, უფრო მეტი კი - ოჯახის წევრების, ნათესავებისა და ახლობლების სიცოცხლეს... 90-იანი წლების ქართულ-აფხაზურ ომს ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 1800-ზე მეტი (მათ შორის 900-ზე მეტი - სამხედრო პირი) დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება...

"ჯავშანტრანსპორტიორში მჯდარა, რომელიც ტამიშთან აფეთქდა... მაგრამ ჩემი ძმა ნამდვილად იჯდა თუ არა იქ, არავინ იცის. იმედი ხომ ბოლოს კვდება?!" - ამბობს აფხაზეთში, ტამიშთან გმირულად დაღუპული, შს სპეცდანიშნულების ასეულ "ღამურას" მეთაურის, კაპიტან ვახტანგ შანავას და, რომელიც 21 წელია, ძმას ამაოდ ელოდება... მის ბედს უამრავი ოჯახი იზიარებს, მათ შორის - უგზო-უკვლოდ დაკარგული მშვიდობიანი ადამიანების ოჯახის წევრებიც... სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის იმიტომაც, რომ მაშინ ჩამოყალიბებული სახელმწიფო არ გვქონდა, მათი მოძიება მხოლოდ საზოგადოებრივი ინიციატივებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხდებოდა.

აფხაზეთში დაკარგულ შვილს საკუთარი ძალებით ეძებდა ნინელი ანდრიაძეც. მაშინ სამხედრო ტყვეებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სპეციალური სახელმწიფოს კომისიაც არ არსებობდა. არადა, დედები ომში დაკარგული ბიჭების ცხედრებს ეძებდნენ, შვილების საფლავები მაინც რომ ჰქონოდათ...

ასე შეიქმნა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ფონდი "მოლოდინი". მისმა ხელმძღვანელმა ნინელი ანდრიაძემ ომში დაკარგული შვილის შესახებ დღემდე ვერაფერი გაარკვია. არადა, დაკარგული მეომრების მოსაძიებლად, თანამშრომლებთან ერთად აფხაზეთშიც გადადიოდა და კონფლიქტის ზონაში დასაფლავებული არაერთი ქართველი სამხედროს ცხედარი დაუბრუნა ოჯახს...

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ თბილისში არსებობს დიდი მნიშვნელობის პატარა მუზეუმი, რომელიც მთელი საქართველოს უახლეს ისტორიას იტევს. იქ ნახავთ როგორც ქართველი, ისე აფხაზი უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების ფოტოებს, რომელთაც შვილმკვდარი დედა "შეცდენილ შვილებად" მიიჩნევს...

ფონდის შენობის ეზოში საძმო სასაფლაოც არის, სადაც ტერიტორიული მთლიანობისთვის გმირულად დაცემული ბიჭები განისვენებენ...

ნინელი ანდრიაძე, ფონდ "მოლოდინის" დამფუძნებელი:

- ჩემი შვილი, კოტე ანდრიაძე გაგრაში იბრძოდა. ბოლოს მისმა მეგობრებმა - დათო ბეჟაშვილმა და გელა დოლიძემ ნახეს. გია ყარყარაშვილი ალყაში ყოფილა და მის გასათავისუფლებლად წასულა. არ წახვიდე, ვერ გადაარჩენ, თავად უფრო იოლად იპოვის გამოსავალსო, უთქვამთ, მაგრამ არ დაუჯერა... იმ დროს მომხდარა აფეთქება. გელამ მძიმე კონტუზია მიიღო და არაფერი ახსოვს, მისი ძმა კი დაიღუპა. კოტეზე არავინ არაფერი იცის, ვერც ცოცხალი ვიპოვე და ვერც მკვდარს მივაგენი. თუმცა, ბედნიერი ვიქნებოდი, იმ ომში მხოლოდ ჩემი შვილი დაკარგულიყო უგზო-უკვლოდ... ჩემსავით უამრავი დედა ეძებდა დაკარგულ შვილს. ბევრი წვალების შემდეგ, სადაზვერვო დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელის, ავთანდილ იოსელიანის დახმარებით, ძმათა სასაფლაოსთვის ფართობი გამოგვიყვეს. შემდეგ, ნაკუწ-ნაკუწ მოვაგროვეთ ყველაფერი, რასაც ახლა მუზეუმში ხედავთ: - მეომრების შესახებ ფოტომასალა, ისტორიები, ნივთები, ძველი, გაცრეცილი მასალებიდან ვიღებდით ფოტოებს და "ფოტოშოპით" ვამუშავებდით. ცხონებული გივი მიზანდარი გვეხმარებოდა, რომელიც თავადაც იყო ომში და დიდი ფოტომასალაც ჰქონდა. მეომრების ნივთებთან ერთად, მათი ლექსები და ჩანაწერებიც მოვაგროვეთ. მათი ოჯახების წევრებმა მოგვაწოდეს და ბროშურებად გამოვეცით. დიდი მასალა გვაქვს და წიგნის გამოცემასაც ვაპირებთ. "წითელი ჯვრის" დახმარებით, მთელი საქართველო შემოვიარეთ და უგზო-უკვლოდ დაკარგული ბიჭების ანკეტებიც შევადგინეთ... 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ბიჭებზე გამოიცა წიგნი, ავღანეთში დაცემულ გმირებსაც მიუძღვნეს, მაგრამ 90-იან წლებში დაღუპულები ჯერ არავის გახსენებია, არადა, ისინიც ჩვენი ქვეყნის შვილები იყვნენ.

- აფხაზ მეომრებზე საუბრობდით, "შეცდენილ შვილებზე..."

- დიახ, მაშინ, 90-იან წლებში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სახელმწიფო კომისია ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული, როდესაც აფხაზებს - რუსლან ქიშმარიას, ედიკა ემიზადეს, გენა ბარციცს, ოთარ კაკალიას, სერგეი ცარგუშს ენგურის ხიდზე ვხვდებოდით. თავიდან ინფორმაციის მოძიება, ყველაფერი პირადი საუბრების დონეზე ხდებოდა. შემდეგ აფხაზეთშიც ჩამოყალიბდა სახელმწიფო კომისია, რომელსაც ოთარ კაკალია ხელმძღვანელობდა. ქართულ მხარეს კი - ავთანდილ იოსელიანი. სამხედროების გარდა, აფხაზებს მშვიდობიანი მოქალაქეების პოვნაშიც დავეხმარეთ; ოთხი ფსიქიკურად დაავადებული აფხაზი გადავეცით, რომლებიც ომამდე ხონის ფსიქიატრიულში იწვნენ. მათ ოჯახებს დაავადებულები დაღუპულები ეგონათ... ასევე იყო დედა და ორი შვილი, რომელთაც ერთმანეთი 14 წელი არ ენახათ. დედა აფხაზეთში ცხოვრობდა და უთხრეს, შენი შვილები აფეთქდნენ, იგივე უთხრეს შვილებს დედაზე. ბავშვები ხონში, მამიდასთან იზრდებოდნენ. იქ ვნახე ბავშვები, რომლებმაც მთხოვეს, იქნებ ჩვენს დედაზეც გაიგოთ რამეო... ცოტა ხანში, სოხუმელ აფხაზებთთან შეხვედრისას ვკითხე, - მანანა შუშანიაზე თუ იცით რამე-მეთქი? - გაგიგებთო, - და ორ კვირაში დამირეკეს, - ცოცხალია, სოხუმში ცხოვრობსო, - და დედა-შვილის შეხვედრის ორგანიზებაშიც დაგვეხმარნენ. მართლაც საოცარი შეხვედრა იყო.

- დაღუპული სამხედროების ცხედრების მოძიება ალბათ იოლი არ იყო...

- ძნელი იყო. იმ სამხედრო ნაწილებში დავდიოდით, სადაც მსახურობდნენ. მათ შესახებ თანამებრძოლებს ვეკითხებოდით. ძნელი იყო აფხაზი მეომრების ოჯახებთან მუშაობა. შეხვედრებს აფხაზური მხრიდან ოთარ ცარგუში და ოთარ კაკალია უკეთებდნენ ორგანიზებას. პირველად ოჩამჩირის საქალაქო ბიბლიოთეკაში შევხვდით ერთმანეთს. ცარგუში მაშინ აფხაზეთის უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო, კაკალია - მთავრობის წარმომადგენელი. აფხაზი დედები, როგორც მოსალოდნელი იყო, აგრესიულად შეგვხვდნენ. ერთ-ერთ ქალბატონს ვუთხარი, - იმ უაზრო ომში მეც დავკარგე შვილი, მაგრამ მტრად მაინც არ მიგიჩნევთ, არც თქვენს შვილს მივიჩნევ მტრად-მეთქი. გაოცებულმა შემომხედა, მაგრამ არაფერი მითხრა... როდესაც აფხაზი ბიჭების უკვდავსაყოფად ალბომები გავაკეთე, მათი ფოტოებითა და ანკეტებითურთ, აფხაზ დედებსაც გადავუგზავნე... იყო განუხორციელებული მოლაპარაკებებიც, მაგალითად, ერთმა აფხაზმა ქალმა გვითხრა, - ჩემი შვილის საფლავის ადგილსამყოფელი შოთა კვირაიამ იცისო. არაერთხელ ვცადეთ, მაგრამ კვირაია ისე გარდაიცვალა, არაფერი გვითხრა... დღემდე ნაწყენია დაკარგული აფხაზი მეომრის დედა - გიული კიჩბა, მის შვილზეც ვერაფერი გავიგეთ, თუმცა ბევრი ვეცადეთ. მხოლოდ ის ვიცით, რომ აფხაზეთში "მწვანე სახლთან" იყვნენ და შეიძლებოდა, ის ბიჭი იქ ყოფილიყო დასაფლავებული, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. აფხაზურ მხარეს 139 მეომარი ჰყავდა უგზო-უკვლოდ დაკარგული, მათგან ბევრი გადავეცით...

- დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ურთიერთობა ძნელი არ იყო? აფხაზურ მხარეს ვგულისხმობ...

- მათთან ურთიერთობა არ გვქონდა, აფხაზურ კომისიას ეშინოდა. ფრთხილობდნენ და მეომრების ოჯახის წევრებს არ გვახვედრებდნენ. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც მადლობას ადგილობრივი გაზეთის ფურცლებიდან გვიხდიდნენ და აფხაზეთში დასასვენებლად გვეპატიჟებოდნენ, მაგალითად - ლარისა არძინბა და დიმიტრი კოგბა, რომლებსაც შვილის საფლავები ვაპოვნინეთ... მებრძოლთა ცხედრების გადაცემა რთული პროცესი იყო. ის მეომრები, ვინც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ, აფხაზეთში მოგვყვებოდნენ და იმ ადგილებს გვიჩვენებდნენ, სადაც დაღუპული მეომრები დაასაფლავეს. მაგალითად, პოლკოვნიკი დათო ჩუბინიძე ტამიშში ჩავიყვანეთ და ძმები ცკუებისა და ბიძაშვილების - კვაცბების საფლავები გვაჩვენა. გარდა ამისა, ქართულმა მხარემ ხომ იცოდა დახვრეტილების სია. ვალერი ცკუა აფხაზურ დესანტს ხელმძღვანელობდა და ქართულ მხარეს დაესხა თავს. კვაცბები დაზვერვაზე მუშაობდნენ და სამჯერ დაიჭირეს ქართველებმა; სამჯერვე გაუშვეს, მაგრამ ბოლოს დახვრიტეს და გზის პირას დაასაფლავეს... გვამის იდენტიფიკაცია მშობლების ჩარევით ხდება, ისინი ცნობენ თავიანთ შვილებს... ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ახლა ვმუშაობთ აფხაზი დეპუტატის ინფორმაციაზე, რომელმაც ერთ-ერთ დაღესტნურ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გაგრაში თავისი ხელით დაასაფლავა ექვსი ქართველი ბიჭი: მიკვირს, რატომ არ ჩამოდიან ქართველები მათი ცხედრებისთვისო, - ამბობს ის და ჰყვება, როგორ შემოარტყეს ალყა ქართველებს და დახოცეს. აგუძერის საავადმყოფოდანაც უნდა გადმოვასვენოთ ქართველი ბიჭები, რომლებიც იქ დაჭრილები მიიყვანეს, შემდეგ კი დაიღუპნენ. აფხაზი ლუდა სალია და მისი თანამშრომელი ცოლ-ქმარი ჰყვებიან, რომ მაშინ აგუძერის საავადმყოფოში მუშაობდნენ და მათ დაასაფლავეს ქართველი ბიჭები...

- მუშაობის დროს ალბათ აქამდე უცნობი, არაერთი ამბავი მოისმინეთ...

- ზურაბ კოპალიანის ამბავს მინდა მოგიყვეთ, რომელიც ვახტანგ მუკბანიანის ბატალიონში მსახურობდა. გუმისთის ხიდთან გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა, ხიდს იქით აფხაზები იდგნენ, აქეთ - ქართველები. ორმხრივი სროლების დროს ერთი ბიჭი, გვარად შამბა დაიღუპა. როდესაც ბრძოლები დასრულდა, იმ ადგილას მამამისი მივიდა, რომელიც შვილს ეძებდა. კარგა ხნის ძებნის შემდეგ, მდინარის ნაპირზე იპოვა თურმე მისი ცხედარი. 60 წელს გადაცილებული კაცი ყოფილა, მაგრამ პირველი მძიმე წუთების გადატანის შემდეგ, ხელში აუყვანია დაღუპული შვილი და გუმისთის ხიდისკენ ბარბაცით წასულა. ეს დაუნახავს ზურა კოპალიანს, მისულა, მოხუცისთვის თავისი ავტომატი გადაუცია და შვილის ცხედარი გამოურთმევია. ასე მისულან გუმისთის ხიდამდე, იქ, სადაც აფხაზები იდგნენ. მოხუცი აფხაზი ის ადამიანი იყო, რომელმაც იმწუთას გაიგო, რომ მისი შვილი ცოცხალი აღარ იყო და შეიძლებოდა, იმ კაცის ტყვიით იყო დაღუპული, ვისი იარაღიც ხელში ეჭირა, მაგრამ აზრადაც არ მოსვლია მისი მოკვლა. როდესაც ზურას მეომრის ცხედარი მიწაზე დაუსვენებია, მოხუც აფხაზს ის გულში ჩაუკრავს და უთქვამს, - შვილო, თუ ამ ომს გადაურჩი, ჩათვალე, რომ ჩემი შვილი ხარ, დღეს დაღუპული შვილის მაგიერიო...

მსგავსი შემთხვევები იყო აფხაზური მხრიდანაც. როდესაც ჩემს შვილს ვეძებდი, ყველგან დავდიოდი და რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვნახე დაჭრილი ქართველი, ნონიკაშვილი. მან მიამბო, - ბრძოლები რომ დასრულდა, დაჭრილი ვიყავი, ვგრძნობდი, რომ გონებას ვკარგავდიო; ვიღაც აფხაზმა მეომარმა მიპოვა და თავისი ხელით მიმიყვანა საავადმყოფოში, სადაც დენი არ იყო და აფხაზმა ექიმებმა ოპერაცია ლამპის შუქზე გამიკეთეს და გადამარჩინესო... მერე ის ბიჭი "წითელმა ჯვარმა" ჩამოიყვანა თბილისში. ამიტომაც ვუწოდებ მათ "ჩვენს შეცდენილ შვილებს"... მე დედა ვარ, ჩემი შვილი იქ დავკარგე და მისი საფლავიც არ მაქვს, მაგრამ ასეთი ამბების შემდეგ, აფხაზებს მაინც ვეღარ ვუწოდებ მტრებს...

ლალი პაპასკირი

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?