ბაკურ გულუა ჟიული შარტავასა და მამია ალასანიას დახვრეტის სკანდალურ ფაქტს ახმაურებს

ბაკურ გულუა ჟიული შარტავასა და მამია ალასანიას დახვრეტის სკანდალურ ფაქტს ახმაურებს

სოხუმის დაცემის დღე - 27 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაღუპვის დღეცაა. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის გარდაცვალებიდან 20 წლის თავზე, მასთან უკანასკნელ შეხვედრასა და მისი ცხედრის გადმოსვენების დეტალებს იხსენებს ყოფილი ვიცე-პრემიერი და სოფლის მეურნეობის ექსმინისტრი ბაკურ გულუა. 27 სექტემბერი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეაო, - ამბობს გულუა და იმასაც გვიმხელს, რომ გული წყდება - ჟიული შარტავას გარდაცვალებიდან 20 წლის თავზე, მის საფლავზე ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ გავა.

- არასოდეს მითქვამს, რომ ომის მონაწილე ვარ, რადგან იარაღი ხელში არ ამიღია, თუმცა სოხუმში ხშირად ვიყავი. სამწუხაროდ, იქ ვიყავი იმ დრამატულ დღეებშიც. სოხუმი აქტიურად რომ იბომბებოდა, რეზო სალუქვაძემ, სოხუმის ფიზიკოტექნიკური ინსტიტუტის დირექტორმა მთხოვა, ცოტა ბენზინს თუ გამომიყოფთ, თავდაცვის მიზნით, ჭურვებსა და ქვემეხებს დავამზადებთო. მეომრები გვთხოვდნენ, იქნებ ცოლ-შვილი გაარიდოთ აქაურობას ნავსადგურში მდგომ მეთევზეების გემითო. შევარდნაძესთან დავრეკე. არც კი იცოდა, რომ სოხუმში ვიყავი. მითხრა, ჟიული შარტავა სხდომას ატარებს, მოდი და გამოგიყოფთ ბენზინსო. რას ვიფიქრებდი, რომ ეს ჩემი და ჟიულის ბოლო შეხვედრა იქნებოდა. მივედი, რაღაც ინციდენტი მოხდა და ხმაურზე გამოვიდა ჟიული. დამინახა თუ არა, გადამეხვია.

- მთავრობის სხდომის წინ რა ინციდენტი მოხდა?

- გენო ადამია დაუპირისპირდა ერთ გენერალს, ვინც იაქტიურა ქართული ჯარის განიარაღების საქმეში. უთხრა, ხომ გეუბნებოდით, ომი დაიწყება და ხელცარიელები დავრჩებითო და გაიწია მასზე, მაგრამ გია ყარყარაშვილმა შეუშალა ხელი. დეტალებს აღარ დავაკონკრეტებ... სწორედ ამ ხმაურზე გამოვიდა შარტავა. ერთმა კორესპონდენტმა ფოტოების გადაღება დაიწყო. ჟიულიმ ჯერ დაუშალა. მერე თქვა, ბაკურთან დიდი ხანია სურათი არ გადამიღია, მოდი, გადაგვიღეთო... მივმართავ იმ კორესპონდენტს, თუ ომს გადაურჩა და აქვს ფირი, დამავალებს, თუ მომაწვდის. ეს იქნება ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მატიანე... იმ დღეს დავცილდით ერთმანეთს მე და ჟიული შარტავა. სალუქვაძისთვის 4 ტონა ბენზინი გამოყვეს. ნავსადგურისკენ გავემართე. უშიშროების მინისტრმა შევარდნაძის თხოვნა გადმომცა, ოჩამჩირეში ჩადით და თან გაიგეთ, რა ვითარებააო. ნავსადგურში მოველაპარაკე გემის კაპიტანს, მექანიკოსს. უშიშროების წარმომადგენლებმა საწვავი ჩაგვისხეს. შუქურას ზონასთან მოიყვანეს დაჭრილები, მოხუცები, ქალები და ბავშვები. ოთხად ოთხი ბიჭი ვიახლე ერთი ავტომატით.

ყურეში გავედით თუ არა, მტერმა დაბომბვა დაგვიწყო, გემზე პანიკა ატყდა. ჭურვები ახლომახლო ცვიოდა. თან, საშინელების მოწმენი გავხდით - სოჭიდან სამგზავრო თვითმფრინავი მოფრინავდა. გუდაუთიდან მომავალმა კატერმა რაკეტა ესროლა და ჩვენ თვალწინ, პირდაპირ ყურეში ჩამოაგდო. დაახლოებით, 27 კაცი დაიღუპა. უმრავლესობა ჟურნალისტი იყო...

ჩვენ კი, ეტყობა, რეზო სალუქვაძე "გამოგვეხმაურა" - ჰაერში შემხვედრი ჭურვები გაუშვეს და გავაღწიეთ. ოჩამჩირეში ღამის პირველის ნახევარზე ჩავედით. იმის გახსენებაც არ მინდა, იქ რა სურათი ვნახე... ეს 22 სექტემბერს მოხდა. 27-ში კი, უკვე თბილისში ვიყავი.

- და 27 სექტემბერს მოკლული ჟიული შარტავას ცხედრის გადმოსასვენებლად შევარდნაძის დავალებით, სოხუმში როდის გაბრუნდით?

- 28-ში გავფრინდი სოხუმში. ჟიულის ძმის - სოსოს თხოვნით, შევქმენი ჯგუფი, რომელიც ძირითადად მგეობრებით, ნათესავებით დავაკომპლექტე. ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა ცხედრის დასახსნელად. თუ ამას ახლა ვერ მოვახერხებდით, ვეღარასოდეს შევძლებდით. ადლერში ჩავფრინდით. გაგიმხელთ, სამი საწოლი გვქონდა წაღებული - ჟუილი შარტავას, მამია ალასანიასა და პირადი მცველის - ქათამაძის ცხედრები ერთად უნდა გადმოგვესვენებინა. ადლერის აეროპორტში ვნახეთ რუსეთის სპეცსამსახურის პოლკოვნიკი შუიკოვი. საქმის კურსში ვარ, რისთვის ჩამოხვედითო, მითხრა, მაგრამ აჭიანურებს აფხაზური მხარე ცხედრის გადმოცემას, ისიც კი ვერ გავიგეთ, რა პირობებში დაიღუპა ჟიული შარტავაო. ლოდინში დაგვაღამდა. მოთმინების ფიალა ამევსო და პროტესტი გამოვხატე.

გამიყვანა გვერდით შიუკოვმა და მითხრა: "თქვენ მე არ მიცნობთ, სამმხრივ მოლაპარაკებაზე რუსულ მხარეს ვხელმძღვანელობდი. ჟიულის მეგობარი ვარ. ჟიული ერთადერთი კაცია, ვინც მათ არ უნდა მოეკლათ, რადგან ის მხოლოდ ქართული მხარის კი არა, აფხაზების ინტერესებსაც ყოველთვის იცავდა. ახლა პირადად ველაპარაკე არძინბას. რაღაცას ეშმაკობს. მითხრა, ვერ ვიპოვეთო ცხედარი". გავმწარდი. მან უცებ სადღაც დარეკა და რუსულად დაიწყო გინება. ბოლოს იყვირა, მოსკოვიდან სპეცრაზმს გამოვიძახებ და იქ სამი კი არა, ძალიან ბევრი გვამი იქნებაო. დაფრთხნენ, ეტყობა და 2 საათში ჰაერში ვერტმფრენიც გამოჩნდა - ჟიული შარტავას ცხედარი გადმოგვცეს.

- ცხედარი რა მდგომარეობაში იყო?

- ექსპერტიზა ჰქონდა ჩატარებული. ეტყობა, დაბანეს, მოაწესრიგეს და ტანსაცმელიც ჩააცვეს. მაინც მიაქციეს ყურადღება და დაიცვეს აფხაზური წესები. ვერტმფრენი დაეშვა თუ არა, შუიკოვმა მთხოვა, დავხედავო. ერთი ფოთელი კაცი იყო, ახლობელი. ვუთხარი, თვითმფრინავში რამე არ ჩადოს, ყურადღება მიაქციე-მეთქი. უკანა ბნელ სალონში შევიდა ფოთელი და ცოტა ხანში ატირებული დაბრუნდა. მითხრა, დაიჩოქა შუიკოვმა ჟიულის ცხედრის წინ, მკერდზე აკოცა და მოუბოდიშა, ვერ შევძელი შენი დაცვაო... მაშინ მივხვდი, რატომ არ გამიჩნდა ამ ადამიანთან ბრძოლის სურვილი.

- ალასანიასა და ქათამაძის ცხედრები რატომ არ გადმოგცეს?

- შუიკოვს ვკითხე ამის შესახებ. მითხრეს, მაგათ ვერ ვცნობთ, აქ ძალიან ბევრი ცხედარია, ამოცნობა ვერ მოვახერხეთ და სხვა დროს გადმოგცემთო, მიპასუხა. მაშინვე ვთქვი, ესე იგი, ეს არასდროს მოხდება-მეთქი. სხვა არჩევანი არ გვქონდა, გადმოვასვენეთ ჟიული შარტავა და გამოვფრინდით. გადმოვუფრინეთ აფხაზეთს, ვუყურებდი ალმოდებულ სოხუმს და საშინელი განცდა მეუფლებოდა. აეროპორტში ჩამოვფრინდით თუ არა, ვთქვი, ჟიული შარტავას ტანსაცმელი მოიტანეთ, მისი ოჯახის წევრებისთვის გულისდაკოდვა იქნება, უცხო ტანსაცმელში თუ ნახავენ-მეთქი.

ვიტყვი პირდაპირ - ჟიული სოხუმის მოედანზე არ დაუხვრეტიათ. ჟიული შარტავა ცოცხალი, საღ-სალამათი მიიყვანეს უშიშროებაში 27 სექტემბერს, საღამოს. იყო დაცული და გადარჩენილი. გადაიყვანეს გუდაუთაში, რომ მეორე დილით ადლერიდან გამოფრენილიყო. აი, სწორედ იმ გზაზე დაახვედრეს ხალხი.

- ცნობილია, რომ მამია ალასანიამ ჟიული შარტავა ბოლო წუთამდე არ მიატოვა და ისინი ერთად დახვრიტეს. თქვენი ინფორმაციით, ისინი სიკვდილის დროს ერთად არ იყვნენ?

- ფაქტია, როცა ვიკითხე მამია ალასანიას ცხედრის შესახებ, მითხრეს, რომ მისი ამოცნობა ვერ მოხერხდა. სად იყო მაშინ ალასანია როცა ჟიული გუდაუთისკენ წაიყვანეს, არ ვიცი. მოხდა ისე, რომ ცხოვრებამ შემახვედრა ბორის პასტუხოვთან. ვუთხარი, როგორ ვერ შეძელი ერთი ადამიანის სიცოცხლის დაცვა, როცა ის გადარჩა იქ ქაოსს-თქო. ეს საუბარი არ იყო სასიამოვნო. რა უნდა ეპასუხა? დარწმუნებული არ ვარ, რომ მან შეგნებულად რაღაც გააკეთა, მაგრამ მისი ხელით აღასრულეს. სხვათა შორის, იყო ზარი თბილისში, რომ ჟიული გადარჩენილია, ადლერიდან გამოაფრენენო. სოსო შარტავა მოვარდა, ლამის დამიჩოქა, ვიცი შენი კავშირები, ჩადი და ძმა ჩამომიყვანე, მომიკლავენო. წინათგრძნობა ჰქონდა. ეს ძალიან მძიმე დღეები იყო. რა მოხდა? რატომ დარჩა ჟიული სოხუმში? როგორ აღმოჩნდა იმ ვითარებაში? რა მოგვცა მისმა გმირულად დაღუპვამ? ჟიული შარტავამ შეწირა საქართველოს თავი, მაგრამ... მისი ოქროს პოტენციალი დააკლდა ქვეყანას. დღეს კიდევ იქნებოდა ქვეყნის სამსახურში და უამრავ კეთილშობილურ საქმესაც გააკეთებდა... და ასეთი რამდენი ადამიანი დავკარგეთ. აი, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, საომარი მოქმედებების დაწყებას ვეწინააღმდეგებოდი.

- ამის შესახებ პირადად შევარდნაძეს უთხარით?

- დიახ. როცა გავიგე, რომ გადაწყდა აფხაზეთის სახელმწიფო საბჭოზე აფხაზეთში ე.წ. სამხედრო ფორმირების შეყვანა, მაშინდელი შს მინისტრის, რომან გვენცაძის დახმარებით, მივედი შევარდნაძესთან. ვუთხარი, რას აკეთებ, ჯარით იქ შესვლა აფხაზეთის დაკარგვას ნიშნავს-მეთქი. შევარდნაძე დაიბნა. პირდაპირ ვუთხარი, ეს იქნება თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა-მეთქი. მომასმენინა ავთანდილ იოსელიანსა და თენგიზ კიტოვანთან საუბარი. დამანახა, ბორბალი უკვე ამოძრავებულია, გადაწყვეტილება მიღებულია, დაგაგვიანდა მოსვლაო... მერეც ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ ისე ნუ გამოვიყვანთ, თითქოს სულ ჩვენ ვცდებოდით - სასტიკი მტერი გვყავდა. უბრალოდ, უნდა გვეფიქრა, რომ მასთან საომარ ვითარებაში ჩაბმა, კარგი შედეგით არ დასრულდებოდა.

- ამის შესახებ სახელმწიფო მეთაური წინასწარ გაგიფრთხილებიათ. სოხუმის დაცემის შემდეგაც ესაუბრეთ შევარდნაძეს მის "ყველაზე დიდ შეცდომაზე"?

- ჟიული შარტავა გადმოვასვენეთ თუ არა, შევარდნაძეს შევხვდი. ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა ჩვენს შორის, მაგრამ ამაზე სხვა დროს...

- ეს გაუთვლელი შეცდომა იყო თუ "გაყიდული ომი", როგორც ხშირად უწოდებენ?

- ძალიან კარგია, რომ ეს კითხვა დამისვით. ამბობენ იმასაც, რომ შევარდნაძემ უღალატა ქვეყანას, სააკაშვილმაც უღალატა... და რა არის ამ ღალატის საფასური? რბილად რომ ვთქვათ, ასე უპატივცემულოდ თავიდან მოცილება შეიძლება აწყობდეს პირველ პირს? რა მიიღეს მათ საჩუქრად ღალატის შედეგად? ჩვენ მოღალატეები გვყავდა ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. როცა ისინი ერთიანდებოდნენ, უსუსური აღმოვჩნდებოდით ხოლმე. სამწუხაროდ, საქართველო ამ დღეშია აზროვნებისა და არა უძლურების გამო. აფხაზეთის ომამდეც და შემდეგაც, არავინ დასვა მარტივი კითხვა - აფხაზეთში წესრიგი რომ დაგვემყარებინა და იქ დავმსხდარიყავით, შევინარჩუნებდით ამ მდგომარეობას? რუსეთი ხომ არ მოგვასვენებდა და მაინც გააკეთებდა იმას, რაც მიზნად ჰქონდა.

- რუსეთის მიზნები დღესაც უცვლელია. რა ნაბიჯები უნდა გადადგას დღევანდელმა ხელისუფლებამ?

- 20 წელი დასჭირდა იმ შეგნების ჩამოყალიბებას, რომ რუსეთს არ უნდა ებრძოლო ძალით. დიპლომატიით, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით უნდა მოვახერხოთ ურთიერთობის დარეგულირება. ეს ერთადერთი გზაა, ოღონდ - საქართველომ კვლავ უნდა შეიძინოს თავისი უნიკალური ფუნქცია კავკასიაში. და კიდევ - არავის ეგონოს, რომ აფხაზეთში დასაყრდენი არ გვაქვს. შეიძლება, პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ აფხაზეთში, არის ის გონიერი მოსახლეობა, ვინც ჩვენი დასაყრდენია. ისინი ისევე აზროვნებენ, როგორც ჩვენ და აფხაზეთის შემომტკიცების იმედი მანამ დარჩება, სანამ ეს ხალხი ცოცხალია. ყველას გასგონად მინდა ვთქვა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის - ყველაზე მეტი ძალა ამ ქვეყანაზე არის აზროვნება და გონება. მხოლოდ ეს თუ გადაგვარჩენს. ამას ქადაგებს სწორედ ჩვენი პატრიარქი. სამწუხაროდ, ძალიან ცოტას ესმის, რას გულისხმობს უწმინდესი, მაგრამ მთავარია მათ ესმოდეთ, ვინც ქვეყანას მართავს.

ნინო ლურსმანაშვილი

გაზეთი "ვერსია"

ასევე იხილეთ: ირაკლი ალასანიამ პირად ტრაგედიაზე "პალიტრის" ეთერში ისაუბრა