რომელია ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქმიანობა საქართველოში

რომელია ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქმიანობა საქართველოში

საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 662 ათას ადამიანს შეადგენს, აქედან 2/5-ზე მეტი სახელმწიფო-საბიუჯეტო სექტორში მუშაობს. ამასთან, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მნიშვნელოვნად მაღალია სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურება, ის მხოლოდ საფინანსო სექტორში დასაქმებულთა ხელფასს ჩამოუვარდება.

არადა, ექსპერტები თვლიან, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში (ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ამაზე პრეტენზია ნამდვილად აქვს), საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა დაქირავებით დასაქმებულთა 1/5 არ უნდა აღემატებოდეს. ასევე, მათი შრომითი ანაზღაურება კერძო სექტორში დასაქმებულთა ხელფასზე ბევრად მეტი არ უნდა იყოს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2012 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულად ითვლება 1 724 000 ადამიანი, აქედან თვითდასაქმებულია 1 054 000, დაქირავებით დასაქმებული კი - 662,2 ათასი ადამიანი. დაქირავებით დასაქმებულებიდან სახელმწიფო საბიუჯეტო სტრუქტურაში კი დაახლოებით 300 ათასი ადამიანი, დაახლოებით, 45% მუშაობს.

რაც შეეხება შრომით ანაზღაურებას. სახელმწიფო მმართველობაში ხელფასი, საშუალოდ, 1 188,5 ლარს შეადგენს, რაც ოდნავ დაბალია საფინანსო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო საბიუჯეტო უწყებებში, იქ, სადაც ეკონომიკური დოვლათი არ იქმნება, დასაქმებულთა წილიც მაღალია და ხელფასებიც.

ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე ამბობს, რომ საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობაში საბიუჯეტო სექტორში მომუშავეთა წილი საკმაოდ მაღალია და ის აუცილებლად უნდა შემცირდეს.

"საბიუჯეტო ორგანიზაციებში დაქირავებით დასაქმებულთა დაახლოებით 45% მუშაობს. ეს საკმაოდ დიდი ციფრია და მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში კარგი სიტუაცია ნამდვილად არ არის. არსებული მონაცემების მიხედვით, ძირითადი დამსაქმებელი მაინც სახელმწიფოა.

დაქირავებულთა ძირითადი ნაწილი ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს, რომელიც მოქალაქეების გადასახადებით ივსება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში დასაქმების სტრუქტურა საკმაოდ ასიმეტრიულია.

ძნელია იმის თქმა, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს დასაქმებული საბიუჯეტო სექტორში, მაგრამ ის, რომ არასაბიუჯეტო სექტორში გაცილებით მეტი უნდა იყოს დასაქმებული, ეს ცხადზე ცხადია. რაც უფრო ნაკლებია საბიუჯეტო დასაქმების ხვედრითი წონა, მით უკეთესია", - აცხადებს კაპანაძე.

ის რომ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთა ხელფასები კერძო სექტორში დაქირავებულთა ხელფასებზე მაღალია, მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკის სიმპტომები არ შეინიშნება.

"საშუალო ხელფასი სახელმწიფო მართვის სექტორში გაცილებით მაღალია, ვიდრე ისეთ სექტორში, სადაც წესით ხელფასი უფრო მაღალი უნდა იყოს. ყველაზე დიდი ხელფასი არის ბანკებში და სახელმწიფო მართვის სტრუქტურაში. გამოდის, რომ ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვთ იქ, სადაც რეალურად არაფერი კეთდება. ბანკები მომსახურების სფეროს განეკუთვნებიან, სახელმწიფო სტრუქტურები კი ადმინსტრაციულ სექტორს.

ასეთი უთანაბრობა არა მგონია კარგი შედეგის მომტანი იყოს. არ ვამბობ, რომ საბიუჯეტო სექტორში მომუშავეს უნდა შეუმცირდეს ხელფასი, ამის მომხრე არ ვარ. უფრო კარგი იქნება, რომ სხვა სექტორებში დასაქმებულებს გაეზარდოს ანაზღაურება და ეს კატასტროფული სხვაობაც შემცირდეს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ნოდარ კაპანაძემ.

ის, რომ სახელმწიფო-საბიუჯეტო სტრუქტურებში დასაქმებულთა რაოდენობა ძალიან დიდია, ექსპერტი სოსო არჩვაძეც აღიარებს. მისი თქმით, ეს მაჩვენებელი დაქირავებით დასაქმებულთა 2/5-ს აღემატება.

"ჩვენთან დაქირავებით სულ 662 ათასი ადამიანია დასაქმებული. აქედან სახელმწიფო სტრუქტურაში დაახლოებით 300 ათასი ადამიანი მუშაობს, რაც დიდი მაჩვენებელია. ასეთი წილობრივი გადანაწილება კი დამოკიდებულია ქვეყნის სტრუქტურაზე და იმაზე, თუ რამდენად არის იმ ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკა განვითარებული.

25 წლის წინ ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში იყო დასაქმებული და ხელფასს იღებდა 2,2 მლნ ადამიანი. ახლა ეს ციფრი არის 300 ათასი, რაც საბაზრო ეკონომიკის პირობებში ნამდვილად მაღალი მაჩვენებელია. რაც უფრო მცირეა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობაში საბიუჯეტო სექტორის წილი, მით უკეთესია.

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ აღარ მოხდეს საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა, პირიქით, დაიწყოს თანდათანობით შემცირება. აუცილებელია, რომ 2/5 დავიდეს 1/5-მდე. ამის პარალელურად კი უნდა გაიზარდოს, კერძო სექტორში დასაქმებულების რაოდენობა.

სახელმწიფო სექტორში დასაქმებულები დაკავებულნი არიან უკვე შექმნილი დოვლათის გადანაწილებაში. დოვლათი კი იქმნება კერძო სექტორში. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ კერძო სექტორში უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს, რათა დამატებითი დოვლათი შეიქმნას", - ამბობს არჩვაძე.

აქვე ექსპერტი განვითარებული ქვეყნების გამოცდილებაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოსგან განსხვავებით, ყველა განვითარებულ ქვეყანაში კერძო სექტორში ხელფასი ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე სახელმწიფო სტრუქტურაში.

"სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბოლო წლებში აღემატება კერძო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს, არადა პირიქით უნდა იყოს. ნორმალური ეკონომიკის პირობებში და კლასიკური საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაში სახელმწიფო სექტორში დასაქმების ინტერესი ისაა, რომ პირს გარანტირებული სოციალური პირობები და ხელფასი ექნება. კერძო სექტორში მეტია რისკი, მაგრამ შემოსავალიც უფრო მეტია.

საქართველოში კი პირიქით ხდება. ჩვენთან საჯარო მოხელეების ხელფასი საგრძნობლად აღემატება კერძო სექტორში დასაქმებულების ანაზღაურებას. გამოდის, რომ ამ მხრივ ჩვენთან ორმაგი პრივილეგიები აქვთ. ერთი მხრივ - მაღალი ხელფასი და მეორე მხრივ - სოციალური დაცულობა. ამიტომ ადამიანები ცდილობენ, რომ საჯარო სამსახურში დასაქმდნენ", - დასძინა სოსო არჩვაძემ.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია