საქართველოში ყოველი მესამე ნარკომანია

საქართველოში ყოველი მესამე ნარკომანია

სტატისტიკის თანახმად, საქართველოში დაახლოებით 45 ათასი ნარკოდამოკიდებული მოქალაქე ცხოვრობს (იგულისხმება ნარკოტიკების მხოლოდ ინტრავენურად (ინექციურად) რეგულარული მომხმარებლები). სპეციალისტები ამბობენ, რომ რეალურად საქართველოში მარიხუანას, "ბიოს" და სხვა შედარებით მსუბუქი ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა რაოდენობა ზემოთ მოყვანილ რიცხვს რამდენჯერმე აღემატება.

კვლევა, რომელიც გლობალური ფონდის დაფინანსებით კომპანია "ბემონმა" ორი წლის წინ ჩაატარა, უკანასკნელია, რომელმაც ამ მიმართულებით კონკრეტული მაჩვენებლები დააფიქსირა, შესაბამისად სპეციალისტებს დღეს არსებულ რეალობაზე საუბარი უჭირთ.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ნარკომანიასთან ბრძოლა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია და 2014 წლის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, ამ მიმართულებით პროგრამების რაოდენობაც გაიზრდება.

"რეზონანსთან" საუბრისას დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის "ალტერნატივა ჯორჯიას" დირექტორი, ექიმი-ნარკოლოგი, დავით ოთიაშვილი ამბობს, რომ სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად 3 წლის ნარკოსტრატეგიის სამოქმედო გეგმა უკვე შეიმუშავეს და ამ პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, ვითარება ეტაპობრივად უკეთესობისკენ შეიცვლება.

"საქართველოში და ევროპულ ქვეყნებში არსებულ სიტუაციას თუ შევადარებთ, ვნახავთ რომ პრობლემურ მომხმარებელთა რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე ჩვენთან სამჯერ მაღალია, ხოლო წლების განმავლობაში ჩვენთან სიტუაცია იმ ფაქტმაც დაამძიმა, რომ ე.წ. ტრადიციული ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა შეიზღუდა, რამაც მომხმარებელთა კუსტარულ ნარკოტიკზე გადასვლა გამოიწვია.

"ეს ნარკოტიკები გაცილებით საშიშია როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური თვალსაზრისით. შესაბამისად მთავრობის როლი მათ დახმარებაში უზარმაზარია. დღევანდელი დაფინანსებით მკურნალობა მხოლოდ 5%-თვის არის ხელმისაწვდომი. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ადგილები წინასწარ არის დაკავებული და ხშირ შემთხვევაში პაციენტებს რიგში დგომა თვეების მანძილზე უწევთ", - აცხადებს ოთიაშვილი.

წამალდამოკიდებულთა მკურნალობის ხარჯები პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ექიმი-ნარკოლოგები განმარტავენ, რომ რაციონალური დეტოკსიკაცია, რომელიც 1 თვემდე გრძელდება, დაახლოებით 2000-2500 ლარამდე ჯდება. თუმცა გარდა ამისა, არსებობს ჩანაცვლებით, ე.წ. მეტადონით მკურნალობა, რომელიც თვეში 220 ლარი ჯდება, ხანგრძლივობა კი პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე, 2 თვიდან 2 წლამდე მერყეობს.

"სულ ახლახან მოხდა ჩვენს მიერ შემუშავებული პროგრამის სამოქმედო გეგმის გაწერა და თუკი მთავრობა ამ გეგმის დაფინანსებას აპირებს, მისასალმებელია. არსებულ პროგრამაში გათვალისწინებულია სერვისების გაორმაგება როგორც რაოდენობრივად, ასევე გეოგრაფიულად, გარდა ამისა შემოტანილია ახალი სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვა, მომსახურე მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლება და მსგავსი ღონისძიებები. ვერ ვიტყვით რომ ცოდნა და კვლაიფიკაცია ჩვენი სპეციალისტებისა დაბალია, თუმცა რეგიონებში არსებული ცენტრების შემთხვევაში კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროება ნამდვილად დგას", - ამბობს ოთიაშვილი.

ნარკოლოგი აქცენტს კანონმდებლობაზეც აკეთებს, აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედი კანონი მხოლოდ დასჯაზეა მორგებული და რეალურად შედეგს არ იძლევა.

"ყველაზე მწვავე და სერიოზული პრობლემა ნარკოტიკის შესახებ საქართველოს კანონმდებლობას ეხება. ეს არის ყველაზე უვარგისი კანონმდებლობა პოსტსაბჭოთა და მთლიანად ევროპისა თუ აზიის ქვეყნებში. მოქმედი კანონი მხოლოდ დასჯაზეა მორგებული, რასაც ჩემი და ბევრი სხვა სპეციალისტის აზრით, არანაირი დადებითი შედეგი არ მოჰყვება. ეს არათუ ეხმარება ამ ადამიანებს, არამედ მხოლოდ ზიანი მოაქვს მათთვის", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის "ალტერნატივა ჯორჯიას" დირექტორმა დავით ოთიაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას დაფინანსების გაზრდის შესახებ პოზიტიურად აფასებს ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი ლევან ბარამიძე და ამბობს, რომ გაზრდილი დაფინანსების წყალობით მკურნალობას სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით, გაცილებით მეტი ბენეფიციარი შეძლებს.

"რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ამ მიმართულებით სხვადასხვა ტიპის დაფინანსება სადღაც 6 მილიონ 780 ათასს ლარამდე გაიზარდა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს არსებული პროგრამების გადახედვა, რათა ის ბენეფიციარების მომსახურეობაზე უკეთ იყოს მორგებული. ამ დროისთვის ჩემთვის უცნობია საბოლოო საბიუჯეტო პროგრამა, რის მიხედვითაც ზუსტად გაიწერება, რამდენი პაციენტით გაიზრდება მომსახურეობა.

"ორიოდე წლის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში 45 ათასამდე პრობლემური წამალდამოკიდებულია, დღეს მაჩვენებლის გაზრდაზე ან შემცირებაზე საუბარი რთულია, რადგანაც ამ თემაზე კვლევა ძალიან ძვირი ჯდება და ჩემი ინფორმაციით, ახალი არც არაფერი ჩატარებულა. ასევე ძალიან პრობლემურია სიკვდილიანობის მაჩვენებელის განსაზღვრაც, რადგანაც უშუალოდ სიკვდილი ნარკოტიკით იშვიათად ფიქსირდება, ეს ხდება მხოლოდ ზედმეტი დოზირების ან სხვა პათოლოგიის შემთხვევაში, ამიტომ ამას სხვანაირი მეთოდით კვლევა სჭირდება", - უთხრა "რეზონანსს" ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან ბარამიძემ.

ნარკომანია ქრონიკული დაავადების სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნარკოტიკული ნივთიერებების სისტემატური მოხმარებითაა გამოწვეული. იგი, ფიზიკური მიმდინარეობის თვალსაზრისით, რამდენიმე ეტაპად მიმდინარე სინდრომის არსებობით ხასიათდება.

ქართულ ბაზარზე ძირითადად გვხვდება სუბოტექსი, ჰეროინი, მეტადონი, ასევე ხშირად გამოიყენება ე.წ. ჯეფი და პერვინტინი, რომელიც "ვინტის" სახელწოდებითაა ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოქალაქე პირველ ჯერზე ადმინისტრაციული წესით 500 ლარით ისჯება, ერთი წლის მანძილზე გამეორების შემთხვევაში კი მოქმედებს სისხლის სამართლის 273-ე მუხლი, რომელიც მოქალაქის 1 წლით თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას (საშუალოდ 2000 ლარს) ითვალისწინებს.

თათია ჩაფიჩაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია