პირველი ქართველი წყვილი, რომელმაც საქორწინო კონტრაქტი გააფორმა

პირველი ქართველი წყვილი, რომელმაც საქორწინო კონტრაქტი გააფორმა

ახალგაზრდა წყვილის - გივი ყირიმელისა და მარიამ გინტურის ქორწინებაში უჩვეულო არაფერია, - ერთმანეთი შეუყვარდათ და ოჯახიც შექმნეს, მაგრამ იმით არიან გამორჩეულები, რომ ერთად ყოფნა საქორწინო კონტრაქტით გაამყარეს და ამ მხრივ, საქართველოში პირველები აღმოჩდნენ.

ნანა ქადაგიშვილი, ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენელი კი გვიხსნის, თუ რას წარმოადგენს თავისთავად საქორწინო კონტრაქტი:

- საქართველოში საქორწინო კონტრაქტი მხოლოდ ქონებრივ ვალდებულებას განსაზღვრავს, და ამით განსხვავდება უცხოეთში დადებული კონტრაქტისგან. ეს არის ქონებრივი ვალდებულებები და ქონებრივი უფლებები. სხვა რამ ჩვენთან კონტრაქტში არ იდება. მისი გაფორმება შეიძლება ქორწინების განმავლობაში და ქორწინებამდე შეძენილ ქონებაზეც. იქვე ისიც არის განსაზღვრული, თუ განქორწინების შემთხვევაში, ქონება როგორ გაიყოფა.

- ქონების გაყოფა როგორ ხდება?

- ყველაფერი მოლაპარაკების შედეგად კეთდება, როგორც მოილაპარაკებენ და რაზეც შეთანხმდებიან, ქონება ისე განაწილდება. ქონების ღირებულება 60 ლარზე ზემოთ უნდა იყოს, თანაბრად რომ გაინაწილონ. თუ თანახმები იქნებიან, მათ კონტრაქტის გაუქმების უფლებაც აქვთ.

- ხშირია ქართველ წყვილებში კონტრაქტით ქორწინება?

- ქართველ წყვილებში სტატისტიკა ამ მიმართულებით იმატებს.

გივი ყირიმელი, "აიტის" სპეციალიტი, 23 წლის:

- მე და მარიამი დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობდით ერთმანეთს და წელს, მაისში ვიქორწინეთ.

- კონტრაქტით ქორწინება რატომ გადაწყვიტეთ?

- მარიამი პროფესიით იურისტია და ამასთან, ასე შევთანხმდით, რაშიც ორიგინალური არაფერია გარდა იმისა, რომ ამ საქმეში პირველები აღმოვჩნდით. სიმართლე გითხრათ, ხელშეკრულებაში უცნაური არაფერი წერია, რომ ქართულ მენტალიტეტს ეწინააღმდეგებოდეს. უბრალოდ, კონტრაქტში ქონებრივი უპირატესობებია განსაზღვრული.

- უპირატესობა ვის აქვს: თქვენ თუ თქვენს მეუღლეს?

- ჩვენ შემთხვევაში 50/50-ზეა...

- ქართველებს სიტყვები - ქორწინება კონტრაქტით, ცოტა აფრთხობთ... მაგრამ როგორც თქვენ ამბობთ, მასში სახიფათო და უცნაური არაფერია...

- კონტრაქტი, ხელშეკრულება ასეთი სიტყვები ზოგადად ქართველებს აფრთხობთ. ფიქრობენ, რადგან კონტრაქტი ჰქვია, ე.ი. ცუდ რაღაცას ნიშნავს. არადა, ასე ნამდვილად არა არის. ხომ გითხარით, ყველაფერი 50/50-ზეა განაწილებული, რომ არც ერთი მხარე დარჩეს უკმაყოფილო.

- ცხოვრობთ ბინაში, რომელიც თქვენ გეკუთვნით თუ თქვენს მეუღლეს?

- ბინა ჩემია, ჩემს სახელზე ფიქსირდება. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თუკი რაიმე მოხდა, ჩვენ შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტები ამოქმედდება...

- კიდევ რას გავალებთ ხელშეკრულება?

- წყლის მოტანა, გადახდების გადახდა და რაღაც ასეთი, მასში არ არის შესული (ღიმილით ამბობს)... როგორც აღვნიშნე, ის მხოლოდ ქონებრივ უპირატესობაზეა ორიენტირებული.

- ჯვარი თუ დაიწერეთ?

- როგორ არა. სხვათა შორის, ჯერ ჯვარი დავიწერეთ, ქორწილიც იყო და ხელშეკრულება ბოლოს გავაფორმეთ.

- ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მიიღეთ?

- ჩემი აზრით, აქ ბევრი საფიქრალი არაფერია, რადგან ოფიციალურად აკეთებ ყველაფერს, იმას ნამდვილად არ ნიშნავს, რომ შენი მეუღლე ან არ გიყვარს, ან დაშორებას აპირებთ. ქართველები ვისზე ნაკლებები ვართ,  ბოლო-ბოლო ბილ გეიტსს აქვს გაფორმებული საქორწინო კონტრაქტი...

- გივი, ორივეს ცოტა იშვიათი გვარები კი გაქვთ. რას იტყვი ამაზე?

- ჰო, რა ვიცი. წარმოშობით მთიულები ვართ...

- მერე მთის ტრადიციას ხომ არ ეწინააღმდგება ეს ყველაფერი?

- არა და ეს არც არავის საქმე არ არის!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია