დაანგრევენ თუ არა რიყის უსახურ თეატრის შენობას

დაანგრევენ თუ არა რიყის უსახურ თეატრის შენობას

ხელისუფლებამ რიყის განვითარების გეგმის, კერძოდ კი მუსიკისა და დრამის თეატრის მშენებლობის დაფინანსება შეწყვიტა. შესაბამისად, როგორც თბილისის განვითარების ფონდში აცხადებენ, შეჩერდა თეატრის მშენებლობაც. გაგრძელდება თუ არა მშენებლობა და აპირებს თუ არა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის განვითარების ფონდი ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონსულტაციების გამართვას, ჯერჯერობით უცნობია. ფონდში ამაზე კომენტარს არ აკეთებენ.

რიყეზე მუსიკისა და დრამის თეატრის მშენებლობის პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. როგორც თბილისის განვითარების ფონდში განაცხადეს, ამის მიზეზი ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფინანსების შეწყვეტა გახდა. მათი ცნობით, პროექტზე ამ დროისთვის 75 მილიონი ლარია დახარჯული, თუმცა შენობის შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დამატებითი თანხა კიდევ სჭირდება. თეატრი 500-მდე მაყურებელზეა გათვლილი, თუმცა როდის განახლდება მშენებლობა, ფონდში კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ.

როგორც ცნობილია, რიყეზე ე.წ. "ტრუბების", ანუ მუსიკისა და დრამის თეატრის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო. შენობის პროექტი იტალიელ არქიტექტორ მასიმილიანო ფუქსასს ეკუთვნის, რომელიც პირადად იმყოფებოდა თბილისში, რათა პროექტი რიყის განაშენიანების გეგმაში სრულყოფილად ჩამჯდარიყო.

მშენებლობის დაწყებისთანავე გამოითქვა ვარაუდი, რომ თეატრის შენობა 2012 წელს დასრულდებოდა, მისი გახსნა იმავე წლის აპრილში იგეგმებოდა. თუმცა, ეს ყველაფერი დროში გაიწელა, დღეს კი მისი მშენებლობა საერთოდ შეჩერდა.

თბილისის მერიამ რიყის, როგორც ქალაქის ძველი, ისტორიული ნაწილის კომპლექსური განვითარებისა და განაშენიანების კონცეფციაზე მუშაობა 2009 წელს დაიწყო. პროგრამა რამდენიმე მასშტაბურ პროექტს მოიცავდა, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი რიყის პარკის ლანდშაფტური არქიტექტურისა და მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა იყო.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რიყის განაშენიანებასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა. განსაკუთრებულ ყურადღებას კი მუსიკისა და დრამის თეატრის შენობა იმსახურებდა. პრემიერი, რომელსაც შენობის დიზაინი არ მოსწონდა, მის შესაძლო დემონტაჟზე საუბრობდა, პრეზიდენტი კი შენობის შესაძლო ნგრევას აკრიტიკებდა და თალიბანიზაციაზე საუბრობდა.

ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს პრემიერმა აღნიშნული შენობა "ზარბაზნის პირს" შეადარა და განაცხადა, რომ იგი დედაქალაქის იერს არ შეესაბამება. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისი მშენებლობის საკითხში სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, მათ შორის, უცხოელი სპეციალისტები ჩაერთვებიან და ამის შემდეგ გადაწყდება, ეს პროექტი შეჩერდება თუ დასრულდება.

"თუ შეჩერება მოხდება, კარგი იქნება, თუ ჩაერთვებიან სპეციალისტები, არქიტექტორები, ვისაც ხელეწიფება, ვინც იცის, დიზაინერი იქნება, ხელოვანი თუ მხატვარი. მოვახერხებთ გამოკითხვას, კიდევ ჩამოვიყვანთ უცხოელ სპეციალისტებს.

ნახავენ და თუ დასამთავრებელია, დავასრულებთ. თუ სიმახინჯეა და მოსაშორებელია, სჯობს, ადრე მოვაშოროთ. მე იგივე დამოკიდებულება მაქვს პრინციპში. რაც არ არის გასაკეთებელი, არ უნდა გაკეთდეს", - განაცხადა მაშინ ივანიშვილმა.

არადა, თეატრის მშენებლობის იდეა თავად ივანიშვილს ეკუთვნოდა. ეს პრემიერმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც აღიარა. "ის უნდა იყოს ჭურჭელი - გრაფინებია თითქოს ქვიშაზე დაყრილი. ამის ნახაზები მე ნანახი მაქვს და მინდოდა მანდ მუსკომედიის თეატრის აშენება, მაგრამ როდესაც ვნახე, რომ არქიტექტორი პროპორციებში იტყუებოდა, შევუთვალე, რომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება, მაგრამ თქვენი ლიდერი არ ჩერდება, ვერაფრით შევაჩერეთ და მივიღეთ ხიდზე უარესი", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია